„ადმინისტრაციული ორგანოს“ მიერ გამოცემული ე.წ. სახელისუფლებო აქტები სასამართლო განხილვას არ ექვემდებარება. სწორედ ამგვარი აქტია საქართველოს პრეზიდენტის ის განკარგულება, რომლითაც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი დანიშნა. პრეზიდენტი აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს კონსტიტუციურ და არა ადმინისტრაციულ ორგანოს. პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისას, ფართო დისკრეციით სარგებლობს და წვლილი შეაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებაში. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო ხელისუფლების ჩარევის შესაძლებლობის დაშვება პირდაპირ შეეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლებას გაუჩნდებოდა შესაძლებლობა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაენიშნა იმაზე მეტი წევრი, ვიდრე ეს თავად კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

ანალიზი:

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის საერთო სასამართლოების სისტემის ორგანო, რომელიც საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით იქმნება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში 4 წლის ვადით განწესებული 14 წევრი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე შედიან. საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები („მოსამართლე წევრები“) შეადგენენ, ხოლო, დანარჩენი 6 „არამოსამართლე წევრიდან“ ხუთს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ნიშნავს, ხოლო, ერთს კი, საქართველოს პრეზიდენტი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. ეს უფლებამოსილება ერთ-ერთია პრეზიდენტის იმ უფლებამოსილებათა შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერას - ე.წ. „კონტრასიგნაციას“, არ საჭიროებს.

ამრიგად, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების სრული უფლებამოსილებით აღჭურავს, თუმცა საინტერესოა, რით ხელმძღვანელობს/იბოჭება პრეზიდენტი უფლებამოსილების განხორციელებისას.

საქართველოს პრეზიდენტი ამ უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კონსტიტუციითა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით ხელმძღვანელობს. აღნიშნულს თავად საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის მე-4 ნაწილი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ორგანული კანონით“.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის ან წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევებში. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ წევრს, თამარ ღვამიჩავას, უფლებამოსილება 2024 წლის 22 ივლისს ეწურებოდა, შესაბამისად, პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 1 კვირისა, კონკურსის საფუძველზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი უნდა შეერჩია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გამოაცხადა. კანონის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონკურსის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ ვებგვერდზე და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მეშვეობით აქვეყნებს. საერთო სასამართლოების შესახებ კანონში დეტალურად არის გაწერილი კრიტერიუმები, რომლებსაც საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს.

პრეზიდენტმა კანდიდატთა შესარჩევად სპეციალური კომისია შექმნა. კანონის მიხედვით, კომისიის შექმნის პირდაპირი ვალდებულება პრეზიდენტს არ აქვს, თუმცა, როგორც თავად კომისიის წევრებმა განმარტეს, პრეზიდენტმა კანდიდატთა შერჩევის ეს გზა გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ნდობისთვის უზრუნველყოფის მიზნით შეარჩია. კომისიამ კანდიდატები წინასწარ შემუშავებული და გასაჯაროებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

კომისიამ კონკურსში მონაწილე 5 კანდიდატიდან[1] რეკომენდაცია ორ კანდიდატს - გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს, გაუწია. სალომე ზურაბიშვილმა კი მათგან მხარი კახა წიქარიშვილს დაუჭირა და 2024 წლის 15 ივლისის განკარგულებით, წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა.

2024 წლის 22 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო კონკურსის ერთ-ერთი მონაწილის მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის მიმართ. მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, პრეზიდენტის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა) მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამართალწარმოების დასრულებამდე შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედება. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა.

მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა კაკოჩაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ვარკვევთ საჩივრის ავტორის პრეტენზიებს წარმართულ პროცედურასთან დაკავშირებით. მისი ძირითადი კრიტიკა კომისიის მიკერძოებულობას, პროცესის თავად პრეზიდენტისვე განსაზღვრული წესებისა და „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის“ დანაწესების დარღვევით წარმართვას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ოპოზიციასა თუ სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის ყოფილმა წევრებმა აღნიშნეს, რომ მოსამართლემ უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციის 52-ე მუხლით გარანტირებულ საქართველოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. მათი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აგრეთვე უგულებელყო ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (მე-3 მუხლი) დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე. აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.

თავად მოსარჩელე თვლის, რომ იმის მიუხედავად, თუ ვინ არის დამნიშნავი სუბიექტი, ნებისმიერი კონკურსი ცალსახად და უალტერნატივოდ ექვემდებარება გასაჩივრებას და სასამართლო კონტროლის შესაძლებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ აზრს დაკარგავდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრთან მიმართებით არსებული კანონისმიერი ჩანაწერის არსებობა - პრეზიდენტის მიერ კონკურსის ჩატარების სავალდებულოობის შესახებ.

წარმოდგენილი საკითხის გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია, დავადგინოთ, რამდენად არის შესაძლებელი პრეზიდენტის იმ აქტზე სასამართლო კონტროლის განხორციელება, რომლითაც მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრი დანიშნა.

სასამართლოსთვის მიმართვის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპროცესო უფლებაა. ხოლო, სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პირს უშუალოდ ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ მისი უფლებების დარღვევისას სასამართლოში მიმართვის შესაძლებლობას ანიჭებს, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსშია გათვალისწინებული. კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი, შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. მუხლი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ ადმინისტრაციული დავების შინაარსს არ განსაზღვრავს, რადგან ადმინისტრაციულ დავათა არეალი ძალიან მრავალფეროვანია.

უმჯობესია, თავიდანვე აღინიშნოს, რომ მატერიალური გაგებით „ადმინისტრაციული ორგანოს“ მიერ განხორციელებული ყველა საქმიანობა ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ არ ექცევა. ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ აქტებს შორის განასხვავებენ საჯარო ხელისუფლების გამოყენების აქტებს (სახელისუფლებო აქტები) და ისეთ აქტებს, რომლებიც ამ ელემენტს არ მოიცავს (მმართველობითი აქტები). პირველები არ ექვემდებარებიან სასამართლო განხილვას, ხოლო მეორე კატეგორიის აქტები სასამართლოს ქვემდებარეა. [2]

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ივლისის განჩინების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის დანიშვნა ადმინისტრაციული სამართლის რეგულირების ქვეშ არ ექცეოდა. მათ საფუძვლად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლი მიუთითეს, რომლის მიხედვითაც, კოდექსის მოქმედება საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე არ ვრცელდება. თუმცა, განკარგულების კანონიერების ადმინისტრაციული წესით შემოწმების შესაძლებლობის არ არსებობა a priori საქმის ადმინისტრაციულ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის არ არსებობას არ გულისხმობს. განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების და შემდგომ, სასამართლოს მიერ საჩივრის განხილვის პერსპექტივის დადგენისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა საპროცესო კანონმდებლობას და უზენაესი სასამართლოს მიერ მისი განმარტების შედეგად დამკვიდრებულ პრაქტიკას აქვს.

ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.05.03 წლის განჩინება [3] , რომელშიც სასამართლომ მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ შეუძლებელია ადმინისტრაციული აქტის კანონიერების დადგენა მისი გამოცემის სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი, პრეზიდენტის ის აქტი გახლდათ, რომლითაც მან საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილება გამოიყენა და პარლამენტის რიგგარეშე სესია დანიშნა.

საკასაციო პალატამ განმარტა, რომ რიგგარეშე სესიების და სხდომების მოწვევის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, სხვა კონსტიტუციური უფლებამოსილების მსგავსად (მაგ. კანონის ხელმოწერა, გამოქვეყნება და სხვ.), საქართველოს პრეზიდენტი არ ეწევა მმართველობით საქმიანობას, ადმინისტრირებას, რის გამოც იგი არ ექცევა ადმინისტრაციული სამართლის მოწესრიგების სფეროში. ზემოაღნიშნულთან ერთად, პალატამ მიუთითა, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებს რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ განკარგულების მიზანშეწონილობაზე, რადგან მიზანშეწონილობის შემოწმების დაშვება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევას და ერთი ხელისუფლების მხრიდან მეორის საქმიანობაში ჩარევას გამოიწვევდა. [4]

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, იმის დასადგენად, შესაძლებელია, თუ - არა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის აქტზე სასამართლო კონტროლის განხორციელება, მაშასადამე, იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად არის სასამართლო უფლებამოსილი შეამოწმოს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და ბათილად ცნოს იგი, გააუქმოს მისი ძალაში შესვლიდან წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები, საკუთარ თავზე აიღოს ახალი აქტის გამოცემა მოსარჩელის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშვნის შესახებ და აუკრძალოს პრეზიდენტს ახალი კონკურსის ჩატარება, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რა სახის აქტია ის. ასევე, რა ფუნქციას ასრულებს პრეზიდენტი მისი გამოცემისას და რამდენად იქნებოდა სასამართლოს მიერ აქტის სამართალშესაბამისობის დადგენა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წევრის დანიშვნისას საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს კონსტიტუციით და ორგანული კანონით, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტის ძალაუფლება კონსტიტუციიდან მომდინარეა და იგი ამ ფუნქციის განხორციელებისას წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს და არა ადმინისტრაციულ ორგანოს. ნათელია, აქტის პოლიტიკური ბუნებაც, რომელიც მკაფიოდ ირეკლავს პრეზიდენტის მიერ სახელისუფლებო (არა ადმინისტრაციული) ფუნქციის განხორციელებას. პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებისას, ფართო დისკრეციით სარგებლობს და წვლილი შეაქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებაში. ამ გადაწყვეტილებაში სასამართლო ხელისუფლების ჩარევის შესაძლებლობის დაშვება პირდაპირ შეეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს, რადგან, ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლებას გაუჩნდებოდა შესაძლებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაენიშნა იმაზე მეტი წევრი, ვიდრე ეს თავად კონსტიტუციითაა განსაზღვრული.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელის ძირითადი პრეტენზია პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიას უკავშირდება. ამგვარი ,,კომისიები“, ძირითადად, ბრძანებულების სახით მტკიცდება, ბრძანებულება კი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების შემზღუდავ დოკუმენტად არ განიხილება. ამრიგად, რომც დავუშვათ, რომ პრეზიდენტმა კანდიდატი მის მიერვე დადგენილი წესების დარღვევით შეარჩია, ეს გასაჩივრებული განკარგულების გაუქმების საფუძველი არ შეიძლება გახდეს (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2000 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება/განჩინება ¹3ა/ად-74-კ ).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სასამართლო ხელისუფლება არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს პრეზიდენტის იმ აქტის კანონშესაბამისობა, რომლის საფუძველიც კონსტიტუციაშია და რომლის გამოცემისას პრეზიდენტი არა ადმინისტრაციულ, არამედ კონსტიტუციურ ორგანოს წარმოადგენს. საქმის განმხილველი მოსამართლისთვის უზენაესი სასამართლოს აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა საკმარისი უნდა ყოფილიყო სარჩელის დასაშვებობის საკითხის ნეგატიურად გადაწყვეტისთვის.

[1]გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე; დიმიტრი გაბუნია - პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი; მანუჩარ კაკოჩაშვილი - ადვოკატი. მას ერთხელ უკვე სურდა ამ თანამდებობის დაკავება, თუმცა პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა; კახა წიქარიშვილი - დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფის წევრი; თამარ ალფაიძე - სეუ-ს პროფესორი

[2]კოპალეიშვილი მ., სხირტლაძე ნ., ქარდავა ე., ტურავა პ., ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის სახელმძღვანელო გვ. 34

[3]საქმე 3გ-ად-440-კს-03

[4]იხ. 2 - გვ. 80


მსგავსი სიახლეები

5589 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია