სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Gvan Ca“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), „მთავარი არხის“ რეპორტაჟიდან ფოტოანაბეჭდს ავრცელებს (დაარქივებული ბმული). პოსტის ავტორის მიხედვით, „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი რეალურად მოგონილია და სომხეთში დაფიქსირებული შემთხვევებზეც პანიკის ასაწევად გამოიყენება.

რეალურად, „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი (West Nile Virus) ფლავივირუსების გვარის წარმომადგენელია და ადამიანებს ძირითადად ინფიცირებული კოღოების ნაკბენით გადაეცემა. ინფექციისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა - აფეთქება ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე. ვირუსი პირველად ადამიანში უგანდაში 1937 წელს დაფიქსირდა.

„დასავლეთ ნილოსის“ ვირუსის ძირითადი გადამტანებია Culex pipens (სარდაფის კოღო) და Culex mimeticus. Culex pipens-ის კოღოები წარმოადგენენ ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ექტოპარაზიტებს. ვირუსი ასევე შეიძლება გადაეცეს სხვა ინფიცირებულ ცხოველებთან, მათ სისხლთან ან სხვა ქსოვილებთან კონტაქტით. ადამიანის ინფექციების ძალიან მცირე ნაწილი ორგანოთა გადანერგვის, სისხლის გადასხმისა და დედის რძის გზით მოხდა. დაფიქსირდა ტრანსპლაცენტური (დედიდან შვილზე) WNV-ის გადაცემის შემთხვევაც. ინფიცირებულთა დაახლოებით 80% რაიმე სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა, ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დაავადება და ფატალურადაც დასრულდეს. კერძოდ, ინფიცირებული 5-დან 1 ადამიანს უვითარდება ცხელება და სხვა სიმპტომები. 150 ინფიცირებულიდან დაახლოებით 1-ს უვითარდება სერიოზული, ზოგჯერ ფატალური დაავადება.

ადამიანებში პროფილაქტიკური ვაქცინები ან მედიკამენტები „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსის სამკურნალოდ არ არსებობს.

„დასავლეთ ნილოსის“ ვირუსის ყველაზე ბევრი შემთხვევა აქამდე საბერძნეთში, ისრაელში, რუმინეთში, რუსეთსა და აშშ-ში დაფიქსირებულა. ასე მაგალითად, საბერძნეთში „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი პირველად 2010 წელს დაფიქსირდა, ჯამში 262 შემთხვევიდან 35 ადამიანი დაიღუპა. ისრაელში კი ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა რიცხვი მიმდინარე წელს პიკს აღწევს. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 870 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 64 ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება სომხეთის შემთხვევას, სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, სტეპან ატოიანმა 21 აგვისტოს ქვეყანაში „დასავლეთ ნილოსის“ ცხელების პირველ აფეთქებასთან დაკავშირებით განაცხადა და აღნიშნა, რომ ცხელებით ქვეყანაში ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. 24 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში 75 შემთხვევა ფიქსირდება.

ამდენად, მცდარია მტკიცება, რომ „დასავლეთ ნილოსის“ ვირუსი გამოგონილია. მისი არაერთი, მათ შორის ფატალური, შემთხვევა დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ სომხეთშიც მიმდინარე ზაფხულს ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა საკმაოდ მაღალია.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.