სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „მსოფლიო ამბები“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ზელენსკიმ საეკლესიო საბჭოს წევრებთან ერთად განიხილა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას“ (იხილეთ დაარქივებული პოსტი).

მსგავსი შინაარსის პოსტები Facebook-ის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს. სრული კონტექსტის გარეშე ინფორმაციის აღნიშნული სახით გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინაში ზელენსკიმ ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესიის ან მართლმადიდებლობის აკრძალვას დაუჭირა მხარი.

2024 წლის 16 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მართლაც შეხვდა საეკლესიო საბჭოს, რათა განეხილა კანონპროექტი, რომელიც ზღუდავდა რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის აქტივობებს. შეხვედრის შესახებ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა: „მე ვესაუბრე საეკლესიო და რელიგიური ორგანიზაციების საბჭოს წევრებს და მადლობელი ვარ მათი მხარდაჭერისთვის უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. უმაღლეს რადას კანონპროექტი წარედგინა; მას რეალურად შეუძლია იმის გარანტირება, რომ მოსკოვის მხრიდან უკრაინის ეკლესიის მანიპულირება არ მოხდება. ამ კანონპროექტმა უნდა იმუშაოს და ხელი შეუწყოს უკრაინის ერთიანობას, ჩვენს ნამდვილ სულიერ ერთობას“.

საუბარია კანონპროექტზე „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“ (N8371), რომელიც უკრაინის მთავრობამ ვერხოვნა რადაში 2023 წლის იანვარში წარადგინა. უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტს მხარი პირველი მოსმენით 2023 წლის 19 ოქტომბერს დაუჭირა. მაშინაც სოციალურ ქსელში მასშტაბურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის რადაში პირველი მოსმენით მხარი მართლმადიდებლური ეკლესიის და მართლმადიდებლობის აკრძალვას დაუჭირეს. „ფაქტ-მეტრმა“ ეს მტკიცება გადაამოწმა (იხილეთ სტატია).

კანონპროექტის საბოლოო ვერსიის შესავალ სიტყვაში აღნიშნულია, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად ვერხოვნა რადა ამ კანონს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიისა და ამ აგრესიისადმი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერის გათვალისწინებით იღებს და აღნიშნავს, რომ რუსული მართლმადიდებლური ეკლესიისა და მისი დაქვემდებარებული ორგანიზაციების მრავალრიცხოვანი არალეგალური ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე წარმოადგენს საფრთხეს ეროვნული და საჯარო უსაფრთხოებისთვისა და უკრაინის მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებებისთვის.

ამ ვერსიის მეორე მუხლში, აღნიშნულია, რომ კანონი იმ უცხოური რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს, რომლებიც:

1) არიან იმ სახელმწიფოში, რომელმაც აღიარებულად განახორციელა, ან ახორციელებს შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის ან/და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე,

2) პირდაპირ თუ ირიბად (მათ შორის, მმართველების ან სხვა მმართველი ორგანოების საჯარო გამოსვლების საშუალებით) მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას;

აქვე განმარტებულია, რომ ის უცხოური რელიგიური ორგანიზაციები, რომლებიც მდებარეობენ იმ სახელმწიფოში, რომელმაც აღიარებულად განახორციელა, ან ახორციელებს შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის ან/და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მოიცავს იმ რელიგიურ ორგანიზაციებსაც (მათ შორის რელიგიურ ადმინისტრაციებს, ასოციაციებს, ცენტრებს), რომელთა მართვის ცენტრი (მენეჯმენტი) მდებარეობს უკრაინის გარეთ შესაბამის აგრესორ სახელმწიფოში.

ეს ჩანაწერი კანონპროექტის ძირითად სამიზნედ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქცევს.

2024 წლის 20 აგვისტოს უკრაინის პარლამენტმა კანონპროექტს საბოლოო მოსმენით დაუჭირა მხარი.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ მართლმადიდებლური ეკლესია ან მართლმადიდებლობა აკრძალა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლამდე უკრაინაში 3 მართლმადიდებლური ეკლესია არსებობდა. ესენია კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (Українська Православна Церква Київський Патріархат (УПЦ-КП), მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (Українська Православна Церква Московський Патріархат (УПЦ - МП) და უკრაინული ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია (Українська Автокефальна Православна Церква (УАПЦ).

2018 წლის 15 დეკემბერს კიევის წმინდა სოფიას ტაძარში გამართულ კრებაზე სინოდმა უკრაინის გაერთიანებული დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნა გამოაცხადა და მასში კიევის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (УПЦ-КП) და უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ეკლესია (УАПЦ) გაერთიანდა. სინოდს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულმა უკრაინულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ (УПЦ-МП) ბოიკოტი გამოუცხადა. გაერთიანებულ ეკლესიას უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (Православна Церква України - ПЦУ) ეწოდა და მის წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა 2019 წლის 5 იანვარს გამოსცა ტომოსი, რომელმაც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას (ПЦУ) რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან ავტოკეფალია მიანიჭა, რამაც დაასრულა 330 წლიანი ეპოქა, რომლის განმავლობაშიც უკრაინის ეკლესიაზე რელიგიურ კონტროლს რუსეთი ახორციელებდა.

ამდენად, უკრაინაში ამჟამად ორი ძირითადი მართლმადიდებლური ეკლესიაა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია (ПЦУ) და მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებულ] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (УПЦ - МП).

2022 ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ უკრაინელების უმეტესობა (54%) თავს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას (Православна Церква України - ПЦУ) უკავშირებს, მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებულ] უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან (УПЦ - МП) კი მხოლოდ - 4%. მოსახლეობის 14% უბრალოდ მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის თავს.

2024 წლის აპრილში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით კი რესპონდენტთა 82% უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ენდობოდა. ნდობას კი მხოლოდ 8% აფიქსირებდა.

აღსანიშნავია, რომ მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია (УПЦ - МП) ფორმალურად არ აღიარებს მოსკოვის საპატრიარქოზე დამოკიდებულება. კერძოდ, 2022 წლის 27 მაისს რუსეთის მიერ უკრაინაზე ამავე წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისა და მოსკოვის საპატრიარქოს მიერ ამ აქტის მხარდაჭერის გამო ეპისკოპოსებმა მოსკოვისგან ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. თუმცა აქვე ხაზი გაუსვეს იმას, რომ ეს ნაბიჯი არ წარმოადგენს მოსკოვთან ფორმალური კავშირების გაწყვეტას. კერძოდ, მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის (УПЦ – МП) სინოდალური საინფორმაციო და საგანმანათლებლო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა კლიმენტიმ, განაცხადა, რომ ეკლესიას თითქმის 30 წლიანი დამოუკიდებლობისა და თვითმმართველი სტატუსი აქვს და არ წყვეტს ურთიერთობებს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. მისივე განცხადებით, „საბჭომ მხოლოდ ხაზი გაუსვა [ამ სტატუსს] კიდევ ერთხელ... და ჩვენ ვაგრძელებთ სულიერი ერთობის შენარჩუნებას არა მხოლოდ რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, არამედ სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებთანაც“.

მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებულ] უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიის (УПЦ - МП) რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირებზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ხშირად იტყობინება. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2024 წლის მასამდე პერიოდში, „რადიო თავისუფლების“ ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა დაახლოებით 70-მდე სისხლის სამართლის საქმე მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის (УПЦ - МП) წარმომადგენლების წინააღმდეგ, რომელთაგან 16 მიტროპოლიტებს უკავშირდებოდა. ხოლო გამოვლენილ დანაშაულებს შორის არის ღალატისა და კოლაბორაციონიზმის 20 ფაქტი. ეკლესიის ცალკეულ სასულიერო პირებს რუსული პროპაგანდის გავრცელებასა და რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაშიც ადანაშაულებენ.

როგორც ზემოთ აღნიშნულია, „რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის სფეროში კონსტიტუციური წესრიგის დაცვის შესახებ“ კანონის (N8371), მიზანი სწორედ ისეთი რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვაა, რომლებიც რუსეთთან არიან კავშირში, უფრო კონკრეტულად კი ისეთი რელიგიური ორგანიზაციების, რომელთა მმართველობის ცენტრიც უკრაინის გარეთ ისეთ სახელმწიფოში მდებარეობს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებულ აგრესიას ახორციელებს.

მიუხედავად 2022 წლის 27 მაისს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოცხადებული დამოუკიდებლობისა, 2023 წლის იანვარში უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა რელიგიური გამოკვლევის დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ „უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის [მოსკოვის საპატრიარქო] ადმინისტრაციული წესდების ახალი ვერსიის მიღებამ და საბჭოს დადგენილებამ არ გამოიწვია [მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიების საეკლესიო-კანონიკური კავშირის შეწყვეტა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიასთან. უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსი - როგორც რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სტრუქტურული ქვედანაყოფის, რომელიც სარგებლობს დამოუკიდებლობის გარკვეული უფლებებით, თუმცა არ შეადგენს ავტოკეფალიურ ეკლესიას - უცვლელი რჩება“.

კანონპროექტს საბოლოო მოსმენაზე მხარი დაუჭირა 265 კანონმდებელმა. კანონი გამოქვეყნებიდან 30 დღეში შევა ძალაში. ამ მოცემულობით მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია კანონის მოქმედების სივრცეში ექცევა და მიიჩნევა, რომ კანონი სწორედ მასზე იმოქმედებს. თუმცა, მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებულ] უკრაინულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ცხრა თვე ექნება იმისათვის, რომ რუსულ ეკლესიასთან კავშირები ბოლომდე გაწყვიტოს.

ამდენად, კანონით უკრაინაში შეიძლება აიკრძალოს არა მართლმადიდებლური ეკლესია ზოგადად, ან მართლმადიდებლობა, არამედ მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს და წარმოადგენს საფრთხეს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ამასთანავე, მოსკოვის საპატრიარქოს [დაქვემდებარებული] უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინაში მოქმედი ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია არაა. 2022 წლის მონაცემებით უკრაინის მოსახლეობის 52% თავს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას (Православна Церква України - ПЦУ) უკავშირებს. ამდენად იმ მტკიცების სრული კონტექსტის გარეშე გავრცელება რომ „ზელენსკიმ (...) განიხილა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას“ მანიპულირებას წარმოადგენს და შეცდომაში შემყვანია.

---------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5663 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია