Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მტკიცება, რომლის მიხედვით, ტეხასის შტატის კანონმდებლებმა შეერთებული შტატებისგან გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. თეთრმა სახლმა კი პენტაგონს სეპარატიზმთან სასტიკი მეთოდებით გამკლავება დაავალა, რის ფარგლებშიც სამხედრო ოპერაციები დაიწყეს.

„ახალი ამბები, ტეხასი გამოეყოფა აშშ-ს და იღებს ოქროს. ტეხასის კანონმდებლებმა მაინც მიიღეს საბედისწერო გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებს გამოეყონ და ეს ყველაფერი ახსნეს მათი ყველა სხვა შტატთან ერთად ჩაუძირველობის სურვილით, ბაიდენის გუნდის სიგიჟის გამო. ამის საპასუხოდ, თეთრმა სახლმა უკვე დაავალა პენტაგონს, რომ სეპარატისტებთან ყველაზე სასტიკი გზით გაუმკლავდეს, რათა სხვამ არ ისარგებლოს მათი მაგალითით. ამ მიზნით სამხედროებმა უკვე დაიწყეს სამხედრო ოპერაციები»

Zа Россию ❤ რაც არ უნდა სასტიკი გზები გამოიყენონ, შტატების რღვევის პროცესი უკვე დაწყებულია და მორჩა!.. ესეც ასე, მივესალმებით შტატების დაშლას“!, - ვკითხულობთ პოსტში.

ცნობისთვის, Facebook-ანგარიში ნონა შარაბიძე პრორუსულ და ანტიდასავლურ დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებული მასალები: ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9).

აღსანიშნავია, რომ პოსტი რუსულენოვანი ანგარიშის TikTok-ვიდეოს ეკრანის ანაბეჭდს ე.წ. „სქრინს“ ეფუძნება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სოციალური ქსელის ქართულენოვან სეგმენტში აღნიშნული დეზინფორმაციული მტკიცება რუსულენოვანი წყაროებიდან გავრცელდა. იხილეთ TikTok პლატფორმაზე რუსულენოვანი მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეო (ბმული 1, 2). აღსანიშნავია ისიც, რომ დასახელებული სქრინი ერთ-ერთმა TikTok ანგარიშმა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში გაავრცელა ანუ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე 2024 წლის იანვარში საზღვრის კონტროლის საკითხზე ტეხასის შტატისა და აშშ-ის ფედერალურ მთავრობას შორის დავა პიკს მიაღწევდა. კიდევ უფრო ადრე, 2023 წლის 28 ივლისს იგივე ფოტოს შესახებ ყაზახურმა Facebook-გვერდმა დაწერა. პოსტში აღნიშნული იყო, რომ სქრინის საშუალებით დეზინფორმაცია ზიარდებოდა.

სინამდვილეში, მსგავსი გადაწყვეტილება ტეხასის კანონმდებლებს არ მიუღიათ და ტეხასის გამოყოფა ამერიკის შეერთებული შტატებიდან არ დაწყებულა. ამის შესახებ ინფორმაცია არც სანდო მედიასაშუალებით ან ოფიციალური წყაროებით გავრცელებულა, რაც უცნაური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ისეთი მასშტაბის საერთაშორისო მოვლენა, როგორც აშშ-სგან ერთ-ერთი შტატის გამოყოფაა, რეალურად მოხდებოდა.

აღსანიშნავია, რომ ტეხასის შტატის ფედერაციიდან გამოყოფის შესაძლებლობაზე საუბარი და შესაბამისად, დეზინფორმაციის გავრცელება, ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის - ნიკი ჰეილის, კომენტარს მოჰყვა. მან პოდკასტში „Breakfast Club“ ამერიკელ რადიოწამყვანის კითხვაზე, გამოიყენებდა, თუ - არა ძალას ტეხასის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზღვრის საკითხთან დაკავშირებით ფედერაციისგან გამოყოფას შეეცდებოდნენ, განაცხადა, რომ „თუ ტეხასი გადაწყვეტს, რომ მათ სურთ ეს [ფედერაციიდან გამოყოფა], მათ შეუძლიათ ამის გაკეთება. თუ მთელი შტატი ამბობს - ჩვენ აღარ გვინდა ვიყოთ ამერიკის ნაწილი, ეს მათი გადაწყვეტილებაა“.

ნიკი ჰეილის კომენტარი ეხმიანებოდა 2013 წლის ინტერვიუში მის მიერვე დაფიქსირებულ პოზიციას, რომ მისი შეხედულებით, კონსტიტუცია შტატებს დანარჩენი ქვეყნისგან გამოყოფის უფლებას აძლევდა.

თუმცა პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ტეხასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები მალევე განმარტა და განაცხადა, რომ ნათქვამი უფრო მეტად მიმართული იყო პრეზიდენტ ბაიდენსა და არალეგალ მიგრანტთა კრიზისზე, ვიდრე იმაზე, ტეხასელები ნამდვილად ეცდებოდნენ, თუ - არა კავშირის დატოვებას.

ის განმარტებით განცხადებაში ასევე შეეხო კონსტიტუციას და თქვა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, ტეხასელებს ფედერაციის დატოვების უფლება არ აქვთ. „ეს ყველაფერი გამოყოფის შესახებ არაა, არავინ აპირებს ამის გაკეთებას. ეს ის არ არის, რაზეც ხალხი საუბრობს. ისინი საუბრობენ იმაზე, თუ რატომ არ არის პრეზიდენტი იქ ტეხასელების დასაცავად“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ტეხასს ფედერაციისგან გამოყოფა მართლაც რომ სურდეს, ეს შეუძლებელი იქნებოდა, რადგან უზენაესი სასამართლოს 1869 წლის გადაწყვეტილებით, შტატებს ცალმხრივი სეცესიის კონსტიტუციური უფლება არ გააჩნიათ.

ამის მიუხედავად, ტეხასში პერიოდულად აქტუალურობას იძენს მითი იმის შესახებ, თითქოს ტეხასს ფედერაციის დატოვება ნამდვილად შეუძლია. მაგალითად, 2022 წელს ტეხასის რესპუბლიკურმა პარტიამ გააჟღერა მოთხოვნა რეფერენდუმის შესახებ, რომელზეც უნდა გადაწყვეტილიყო, უნდა დაეტოვებინა, თუ - არა შტატს კავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ტეხასის შესაძლო დამოუკიდებლობის შესახებ 2009 წელს მაშინდელმა გუბერნატორმა რიკ პერიმაც იხუმრა.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ტეხასს, ისევე როგორც სხვა ნებისმიერ შტატს, ამერიკის შეერთებული შტატებისგან გამოყოფა არ შეუძლია. ამ ნორმის დამკვიდრება კი აშშ-ის სამოქალაქო ომმა განაპირობა. ისტორია სეცესიის ლეგალურობა/არალეგალურობის შესახებ 1861 წელთან მიდის, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მონობასთან დაკავშირებული საკითხების გარშემო დაპირისპირებამ მოიცვა, რა დროსაც ტეხასმა მხარი კავშირიდან გამოყოფას დაუჭირა და სხვა რამდენიმე შტატთან ერთად კონფედერაციის ფარგლებში ფედერალურ მთავრობას (იუნიონს) დაუპირისპირდა. თუმცა 1865 წელს კონფედერაციის დამარცხების შემდეგ 1870 წელს ტეხასი კავშირში ოფიციალურად ხელახლა გააერთიანეს. კონფედერატებზე იუნიონის გამარჯვებამ კი განსაზღვრა და დაამკვიდრა, რომ შტატების ფედერაციიდან გამოყოფა ლეგალური არ არის.

აღსანიშნავია, რომ 1870 წლამდეც კი, მანამ სანამ ტეხასი ოფიციალურად კიდევ ერთხელ შეუერთდებოდა ფედერაციას, აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ 1869 წლის საქმეში Texas v. White გამოაცხადა, რომ სეცესია არასოდეს ყოფილა ლეგალური და რომ აჯანყების დროსაც კი ტეხასი აშშ-ის შტატს წარმოადგენდა.

საქმეში აღნიშნულია, რომ „კონვენციის მიერ მიღებული და ტეხასის მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ რატიფიცირებული სეცესიის განკარგულება და საკანონმდებლო ორგანოს ყველა აქტი, რომელიც განზრახული იყო ამ განკარგულების მოქმედებაში მოსაყვანად, იყო აბსოლუტურად ბათილი. ისინი იყვნენ კანონით სრულიად უმოქმედო. შტატის, როგორც კავშირის წევრის და შტატის ყოველი მოქალაქის, როგორც შეერთებული შტატების მოქალაქის ვალდებულებები, [1861 წლიდან ტეხასის შტატის კონფედერაციასთან გაერთიანებისა და სამოქალაქო ომის მიმდინარეობის დროსაც] დარჩა სრულყოფილი და შეუფერხებელი“.

1869 წლის საქმეში ასევე აღნიშნულია, რომ „როდესაც ტეხასი გახდა შეერთებული შტატებიდან ერთ-ერთი, იგი შევიდა განუყოფელ კავშირში. სამუდამო კავშირის ყველა ვალდებულება და რესპუბლიკური ხელისუფლების ყველა გარანტია ერთბაშად დაეკისრა შტატს. აქტი, რომელმაც დაასრულა მისი მიღება კავშირში, იყო რაღაც უფრო მეტი, ვიდრე სახელშეკრულებო აქტი; ეს იყო ახალი წევრის შეყვანა პოლიტიკურ ორგანოში და ეს იყო საბოლოო. კავშირი ტეხასსა და სხვა შტატებს შორის იყო ისეთივე სრული, მარადიული და განუყოფელი, როგორც კავშირი თავდაპირველ შტატებს შორის“.

რაც შეეხება მტკიცების მეორე ნაწილს, თითქოს თეთრი სახლის განკარგულებით, პენტაგონს ტეხასის დასჯა დაევალა და ამის ფარგლებში ტეხასის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყეს, ასევე ყალბია. მსგავსი ინფორმაცია ოფიციალურ წყაროებში არ დასტურდება.

ცნობისთვის, ტეხასის შტატის გარშემო დეზინფორმაციული ტალღის წარმოება შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის მექსიკასთან არსებული საზღვრის კონტროლის საკითხზე წარმოშობილმა დავამ გამოიწვია. როგორც შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის არსებული დავის, ისე ამ საკითხზე გავრცელებული დეზინფორმაციული გზავნილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.