ტეხასის შტატსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დიდი ხანია, არსებობს დავა იმის თაობაზე, მექსიკასთან არსებული საზღვრის მონაკვეთებს თუ ვინ და რა საშუალებებით გააკონტროლებს და ეს საკითხი ვის იურისდიქციაშია. ჯო ბაიდენმა გაპრეზიდენტებიდან მალევე სასაზღვრო კედლის მშენებლობა შეაჩერა და დეპორტაციის პაუზა გამოაცხადა, ასევე შეაჩერა წესი, რომელიც ავალდებულებს მიგრანტებს, დაელოდონ სასამართლო თარიღებს მექსიკაში, რითაც ტრამპისდროინდელი აშშ-ის საიმიგრაციო პოლიტიკა მკაფიოდ შეცვალა. შედეგად, საზღვარი რეკორდულად ბევრმა არალეგალმა მიგრანტმა გადალახა. მხოლოდ 2023 წლის დეკემბრის თვეში აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ 225 000-ზე მეტი მიგრანტი დაფიქსირდა, რაც 2000 წლიდან დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. ბაიდენის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ გაზრდილ მიგრაციაზე საპასუხოდ სასაზღვრო კედლები ეფექტური საშუალებაა. ამის საპასუხოდ ტეხასის შტატის რესპუბლიკელი გუბერნატორი მიგრაციის გაზრდილ ნაკადებს ხელოვნური ბარიერების აგებით პასუხობს, რაც შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის უთანხმოებას წარმოშობს.
მოვლენები დიდი ხანია მწიფდება, 2023 წლის ოქტომბერში ტეხასის შტატის გენერალურმა პროკურორმა ბაიდენის ადმინისტრაციას მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე აღმართული მავთულხლართების სავარაუდო გაჭრის ფაქტზე უჩივლა. სარჩელში ნათქვამი იყო, რომ ტეხასის მავთულხლართის გაჭრით ფედერალურმა მთავრობამ არამხოლოდ არალეგალურად გაანადგურა შტატის ქონება, არამედ შეაფერხა შტატის სასაზღვრო უსაფრთხოების ზომები და დააზიანა ტეხასის შესაძლებლობა, ეფექტურად შეეჩერებინა მის ტერიტორიაზე არალეგალური შესვლა. ტეხასის გენერალური პროკურორი აცხადებდა, რომ „ტეხასს არალეგალ უცხოელთა შესვლის თავიდან ასაცილებლად სასაზღვრო ბარიერების აგების სუვერენული უფლება აქვს“. ამასთანავე, ის ბაიდენის ღია სასაზღვრო პოლიტიკას აკრიტიკებდა. მისი განცხადებით, აგენტები ფიზიკურად ჭრიდნენ მავთულს და ეხმარებოდნენ უცხოელებს მათ შტატში შემოსვლაში. „ტეხასის კონცერტინის მავთულის გაჭრით ფედერალურმა მთავრობამ არა მხოლოდ უკანონოდ გაანადგურა ტეხასის შტატის საკუთრებაში არსებული ქონება; მან ასევე შეაფერხა შტატის საზღვრის უსაფრთხოების მცდელობები, დატოვა ხარვეზები ტეხასის სასაზღვრო ბარიერებში და დააზიანა ტეხასის შესაძლებლობა, ეფექტურად აღკვეთოს უკანონო შესვლა თავის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია სარჩელში.
ამის საპირისპიროდ, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებით, სასაზღვრო პოლიციის აგენტებს ზოგადად ფედერალური კანონმდებლობით ჰქონდათ ვალდებულება, რომ სამართალწარმოებისთვის აეყვანათ ის ადამიანები, რომლებმაც ნებართვის გარეშე გადაკვეთეს აშშ-ის სახელმწიფო საზღვარი და ასევე აკისრიათ მოვალეობა, იმოქმედონ ისეთი პირობების არსებობისას, რომლებიც საფრთხეს უქმნის მათ სამუშაო ძალას ან მიგრანტებს. მაგალითად, სასაზღვრო პოლიციის აგენტებს მოუხდათ, რამდენჯერმე გაეჭრათ მავთულხლართები სამედიცინო გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის გამო.
დაპირისპირება ფედერალურ და შტატის მთავრობას შორის განსაკუთრებით გამძაფრდა 2024 წლის 10 იანვარს, როდესაც ტეხასის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეზღუდეს აშშ-ის სასაზღვრო პოლიციის აგენტები Shelby Park-სა და Eagle Pass-ის 2.5 მილიან მონაკვეთზე შესვლისგან. კერძოდ, შეზღუდეს სასაზღვრო პატრულის მიერ მობილური სათვალთვალო კამერების აღჭურვილობის განთავსება Shelby Park-ის მონაკვეთზე. ამ პერიოდისთვის მავთულხლართებისა და ღობეების აღმართვის გარდა, ასევე შეიზღუდა ფედერალურ აგენტების წვდომა მიმდებარე ყურეში არსებულ კალაპოტსა და ხიდზე, რომელსაც ფედერალური აგენტები მიგრანტების მოსაცდელ ტერიტორიად იყენებდნენ. ამ მონაკვეთზე 12 იანვარს საზღვრის კვეთისას მდინარეში დედა და ორი ბავშვი დაიხრჩო, რამაც შტატისა და ფედერალური მთავრობის დონეზე არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო გაამწვავა.
აშშ-ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე (Solicitor General) ელიზაბეტ პრელოგარი უზენაეს სასამართლოში 15 იანვარს გაგზავნილ განაცხადში წერდა, რომ „შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა შეიძლება მომხდარიყო, სასაზღვრო პატრულს ამ ტერიტორიაზე ადრინდელი წვდომა რომ ჰქონდა - მათ შორის მისი სათვალთვალო სატვირთო მანქანებით, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგში დამხმარე საშუალებებს წარმოადგენდნენ“, თუმცა „ყოველ შემთხვევაში, სასაზღვრო პატრულს ექნებოდა შესაძლებლობა, გადაედგა ნებისმიერი შესაძლო ნაბიჯი თავისი მოვალეობების შესასრულებლად და დახმარებოდა მექსიკის მთავრობაში მყოფ კოლეგებს სამაშველო მისიის შესრულებაში. ტეხასმა ეს შეუძლებელი გახადა“.
2024 წლის 12 იანვარს იუსტიციის სამინისტრომ უზენაეს სასამართლოში წარადგინა განაცხადი, რომელიც ტეხასს საზღვრის გარკვეულ ნაწილებზე სასაზღვრო პატრულის წვდომის დაბლოკვაში ადანაშაულებდა და სასამართლოს აღნიშნულ საქმეში ჩარევას სთხოვდა.
22 იანვარს უზენაესმა სასამართლომ, 5-ით 4-ის წინააღმდეგ ნება დართო სასაზღვრო პატრულის თანამშრომლებს ტეხასში აშშ-მექსიკის საზღვარზე დამონტაჟებული მავთულის დაბრკოლებები მოეხსნა. ეს გადაწყვეტილება ფედერალურ და შტატის მთავრობას შორის არსებულ დაპირისპირებაში ბაიდენის ადმინისტრაციის გამარჯვებად გამოცხადდა. ამერიკის შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მიესალმა გადაწყვეტილებას, მისმა პრესსპიკერმა კი განაცხადა, რომ მათ „შეუძლიათ აღასრულონ კანონები და მართონ ისინი უსაფრთხოდ, ჰუმანურად და მოწესრიგებულად“. თუმცა ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტმა უკან დახევაზე უარი განაცხადა და ფედერალური აგენტები საზღვარზე კვლავ არ დაუშვა. მისი განცხადებით, ტეხასის მავთულხლართები საზღვრის უკანონო კვეთის ეფექტური შემაკავებელია. ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნული იყო, რომ ის საზღვრის დასაცავად ტეხასის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას განახორციელებდა და ბაიდენის ადმინისტრაციას მათი ქონების განადგურების შესაძლებლობას არ მისცემდა. 24 იანვარს საკუთარ X ანგარიშზე გრეგ აბოტმა ასევე დაწერა, რომ ისინი არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად მავთულხლართების განთავსებას გააგრძელებდნენ.
29 იანვრისთვის 26 სხვა შტატის გენერალურმა პროკურორმა ხელი მოაწერა ტეხასის შტატის გუბერნატორის, გრეგორ აბოტის მხარდამჭერ წერილს, ისინი მხარს უჭერენ ტეხასის გუბერნატორისა და გენერალური პროკურორის მცდელობებს, დაიცვან საზღვარი.
ტეხასელმა დემოკრატმა კონგრესმენებმა კი ბაიდენისადმი მოწოდება გაავრცელეს, რომელშიც ისინი გუბერნატორ აბოტის მიერ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ტეხასის ეროვნული გვარდიის ფედერალიზაციას ემხრობოდნენ.
ტეხასის შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის საზღვრის კონტროლის საკითხზე არსებული დავა სოციალურ ქსელში მცდარი გზავნილების გავრცელების ხელშემწყობი გახდა. მომხმარებელთა ნაწილის მიხედვით, გრეგ აბოტმა ფედერალურ მთავრობასთან პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზადების შესახებ განაცხადა. ვრცელდება მტკიცებებიც, რომლის მიხედვით, გუბერნატორმა ომი გამოაცხადა (იხილეთ ბმული 1, 2, 3). ტეხასის შტატსა და აშშ-ის ფედერალურ მთავრობას შორის სასაზღვრო კონტროლის საკითხზე არსებული დაპირისპირება სოციალური ქსელის მომხმარებლებში ასევე წარმოშობს სპეკულაციებს აშშ-ში შესაძლო სამოქალაქო ომის შესახებ (იხილეთ ბმული 1). სინამდვილეში, მიუხედავად იმისა, რომ მიგრანტთა პრობლემისა და მასთან გამკლავების საკითხებზე შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის მწვავე ინტერესთა კონფლიქტი მართლაც არსებობს, მსგავსი განცხადება გუბერნატორს არ გაუკეთებია.
სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცებების მიხედვით:
• შეერთებული შტატების ბევრ რაიონში ადამიანებმა დაიწყეს იარაღის, საბრძოლო მასალის, საკვების და პირველადი დახმარების მარაგების შეგროვება, შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში.
• ამავდროულად, ტეხასის გუბერნატორი გრეგ ებოტი [აცხადებს] „ჩვენ ვემზადებით ფედერალურ მთავრობასთან პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტისთვის“.
• ამასთანავე, შტატის გუბერნატორმა ომი გამოაცხადა.
• ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოქალაქო ომი მწიფდება.
მტკიცებები გრეგ აბოტის მიერ ფედერალურ მთავრობასთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზაობის გამოცხადების შესახებ
სინამდვილეში, გუბერნატორ გრეგ აბოტს მსგავსი რამ არ განუცხადებია და ყალბი მტკიცებების გავრცელება ნაწილობრივ ტაკერ კარლსონის მიერ საკუთარ ტვიტერ ანგარიშზე გუბერნატორთან ჩაწერილი ინტერვიუს დასათაურებამ გამოიწვია. „ინდოეთიდან ინტერვიუში გუბერნატორი გრეგ აბოტი ამბობს, რომ ათმა სხვა შტატმა გაგზავნა ეროვნული გვარდია ტეხასის საზღვარზე და სხვებიც მიჰყვებიან ამ ქმედებას. აბოტი ამბობს, რომ ის „მომზადებულია“ ფედერალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტისთვის“.
თუმცა ამ დასათაურებაშიც კი არ არის აღნიშნული, სოციალური ქსელების ქართულენოვან სეგმენტში გავრცელებული მტკიცება, რომ ტეხასის გუბერნატორი ფედერალურ მთავრობასთან შეიარაღებული კონფლიქტისთვის ემზადება (ტელეწამყვანის ტვიტში წერია, რომ აბოტის განცხადებით ის „მზადაა კონფლიქტისთვის“ ფედერალურ ხელისუფლებასთან). თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ ტაკერ კარლსონის პოსტში რომ ეწეროს, ეს არასწორი იქნებოდა, რადგან ინტერვიუში გრეგ აბოტი არა შეიარაღებული კონფლიქტისთვის მზაობას, არამედ ბარიერების აღმართვისა და შედეგად არალეგალური მიგრაციის შეჩერების მზაობას გამოხატავს.
CARLSON: But in the next year, are you concerned about any kind of conflict between state forces
— whether state employees or National Guard — and federal forces?
ტაკერ კარლსონი: „მაგრამ მომავალ წელს, ფიქრობთ რაიმე სახის კონფლიქტზე შტატის ძალებს
- იქნება ეს შტატის მომსახურეები, თუ ეროვნული გვარდია - და ფედერალურ ძალებს შორის?“
ABBOTT: So Tucker, all we can do is be as prepared as possible, deploy as many people as possible,
do as much as possible to put up more border barriers, and deny illegal entry.
And our head is down. We’re working hard regardless of what the Biden administration is doing.
გრეგ აბოტი: „ტაკერ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ არის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებული,
განვათავსოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი, გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი სასაზღვრო ბარიერების
აღსამართად და უკანონო შემოდინების შესაჩერებლად. [...] ჩვენ ბევრს ვმუშაობთ,
მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებს ბაიდენის ადმინისტრაცია.“
შეიარაღებული კონფლიქტის შესაძლებლობა გრეგ აბოტს არც ინტერვიუს სხვა მონაკვეთებში უხსენებია და ყველა შემთხვევაში ის ბარიერების აღმართვის და მიგრანტთა უკანონო შემოდინების წინააღმდეგ მის მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯების გასაგრძელებლად აცხადებდა მზაობას.
ტაკერ კარლსონთან 26 იანვარს გამართულ ინტერვიუში გრეგ აბოტმა კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნება მას თუ ბაიდენის ადმინისტრაცია ტეხასის შტატის ეროვნული გვარდიის ფედერალიზებაზე გააკეთებს განცხადებას, აღნიშნა, რომ მისთვის ეს წარმოუდგენელი და სულელური სვლაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი ტეხასის გუბერნატორმა მზაობა გამოთქვა იმისა, რომ ზუსტად ის პოლიტიკა გაეგრძელებინათ, რასაც გასული თვის მანძილზე აკეთებდნენ - ბარიერების აღმართვა, რომელიც რთულია გადასალახად. „ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს თავს დაგვესხას ამის გამო, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას. ჩვენ გავაგრძელებთ ზუსტად იმას, რასაც ვაკეთებთ ტეხასის შტატში უკანონო შესვლის აკრძალვის გასაფართოებლად“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, შეუძლია, თუ - არა მას წარმოიდგინოს ისეთი სცენარი, რომელშიც ის შტატის შეიარაღებულ მოხელეებს განალაგებს საზღვარზე ტეხასის ეროვნული გვარდიის ნაცვლად, შტატის გუბერნატორმა განაცხადა, რომ მათ შტატის სხვა შეიარაღებული დასაქმებულები საზღვარზე უკვე ჰყავდათ. გუბერნატორის განცხადებით, „ეს არის ტეხასის საჯარო უსაფრთხოების დეპარტამენტი და სხვა კანონაღმსრულებელი ძალები. ისევე როგორც სხვა შტატების ეროვნული გვარდიები“ [...] „მე მოვაწერე ხელი ახალ კანონს ტეხასის შტატში, რომელიც 5 მარტიდან ამოქმედდება, რომელიც ავტორიზებას მისცემს კანონაღმსრულებელ ნებისმიერ ოფიცერს, რომ დააკავოს ნებისმიერი ვინც საზღვარს უკანონოდ კვეთს“.
მანვე აღნიშნა, რომ ტეხასში შეჭრა [იგულისხმება ემიგრანტების მხრიდან] განხორციელდა და აშშ-ის კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე პრეზიდენტისგან შტატის დასაცავად მხარდაჭერა მოითხოვა. აბოტის თქმით, რადგან მან ადმინისტრაციისგან უარი მიიღო, ეს მას აძლევს უფლებას, გამოაცხადოს შეჭრა კონსტიტუციის 1-ელი მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, რათა უზრუნველყოს, რომ ტეხასი შეძლებს, გამოიყენოს მათ არსენალში არსებული ყველა ინსტრუმენტი შტატის დასაცავად.
გრეგ აბოტის მიერ ტერმინ შეჭრის/შემოსევის გამოყენება
გრეგ აბოტის მიერ ტერმინ „შეჭრის/შემოსევის“ (invasion) გამოყენება ასევე ქმნის სპეკულაციის საბაბს, თითქოს ტეხასის შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის შეიარაღებული დაპირისპირებისა და ომის საფრთხე არსებობს. სინამდვილეში, შეჭრა/შემოსევა მიემართება არა ფედერალურ მთავრობას, არამედ მიგრანტებს. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 16 ნოემბერს გრეგ აბოტმა გამოსცა დოკუმენტი, სადაც პრეზიდენტ ბაიდენს მიმართა და აღნიშნა, რომ „აშშ-ის კონსტიტუციამ რატიფიცირება შტატების მიმართ მე-4 თავის მე-4 პუნქტში განსაზღვრული იმ დაპირების გაცემით მოიპოვა, რომ ფედერალური მთავრობა შტატებს შეჭრისგან დაიცავდა“. ტეხასის გუბერნატორმა ბაიდენი ამ დაპირების უარყოფაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ფედერალური მთავრობის მარცხმა მას პირველი თავის მე-10 პუნქტის მე-3 მუხლის გამოყენება აიძულა, რაც ტეხასის შტატს საშუალებას აძლევს, დაიცვას საკუთარი ტერიტორიები მექსიკელი ნარკო კარტელების შემოჭრისგან.
ამდენად, გრეგ აბოტის მიერ ტერმინ „შეჭრის“ გამოყენება, გულისხმობს არა შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის რაიმე სახის დაპყრობის შესაძლებლობას, არამედ ტეხასის შტატსა და მექსიკას შორის არსებული საზღვრიდან არალეგალი მიგრანტების უკანონო შემოჭრას.
აღსანიშნავია, რომ გუბერნატორმა გრეგ აბოტმა 2024 წლის 24 იანვარსაც გამოაქვეყნა მსგავსი შინაარსის განცხადება, რომელშიც მან კვლავ მოიხმო კონსტიტუციის მე-4 თავის, მე-4 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს, რომ ფედერალურმა მთავრობამ უნდა დაიცვას ყოველი შტატი შეჭრის (invasion) წინააღმდეგ და პირველი თავის მე-10 პუნქტის მე-3 პირობა, რომელიც თავიანთი საზღვრების დასაცავად შტატების სუვერენულ ინტერესებს აღიარებს.
მტკიცებები ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლო სამოქალაქო ომის დაწყების შესახებ
ტეხასსა და ფედერალურ მთავრობას შორის არსებული დაპირისპირება სამოქალაქო ომს სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეადარეს. მტკიცებები რწმუნებას თითქოს იმის გამო იძენს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში სამოქალაქო ომის გამოცდილება მართლაც არსებობს, რა დროსაც ტეხასი სხვა ათ შტატთან ერთად აშშ-ს გამოეყო, ჩამოაყალიბა ამერიკის შტატების კონფედერაცია და აშშ-ის ფედერალურ მთავრობას (იუნიონს) დაუპირისპირდა.
ფაქტების გადამმოწმებელმა ამერიკულმა ორგანიზაცია Politifact-მა საკითხის შესახებ სტატია მოამზადა და დარგის ექსპერტებს ესაუბრა.
ექსპერტების განცხადებით, აშშ-ის კონსტიტუციით ადგილობრივ და შტატის ხელისუფლებებს შეუძლიათ, აირჩიონ, ითანამშრომლებენ, თუ - არა ფედერალურ მთავრობასთან ფედერალური კანონების აღსრულების პროცესში, თუმცა მათ არ შეუძლიათ ფედერალური მთავრობის შეჩერება კანონების აღსრულებისას. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შტატებსა და ფედერალური მთავრობას შორის იმიგრაციის პოლიტიკის აღსრულების საკითხზე უთანხმოება აქამდეც არსებობდა - რაც მათ მიერ იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შემცირებით გამოიხატებოდა - ტეხასის მიერ აშშ-ს სასაზღვრო პატრულის საზღვრის ნაწილის წვდომის დაბლოკვა მართლაც „უპრეცედენტოა“. ეს გამოიხატება იმაში, რომ არცერთ ერთეულს ფედერალური იმიგრაციის სამსახურის საკუთარ ტერიტორიაზე დაშვება ტეხასის მსგავსად არ დაუშლია.
თუმცა, მათივე განცხადებით, ზოგადად ფედერალურ მთავრობასა და შტატებს შორის დავების არსებობა უჩვეულო არაა და ამჟამინდელი სიტუაცია მოსალოდნელი სამოქალაქო ომის ნიშნებს არ ატარებს.
სესილი ზანდერის, ტეხასის ქალთა უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის განცხადებით, ფედერალურ მთავრობასა და შტატის ჯარებს შორის ურთიერთობა მე-19 საუკუნესთან შედარებით, ახლა ბევრად უფრო მოწესრიგებულია. მაგალითად, 1861 წლისგან განსხვავებით, როცა ტეხასი ფედერალური მთავრობის სუვერენულობას არ აღიარებდა, ამჟამად ის ფედერაციის წევრია, ამდენად, ბაიდენს გუბერნატორის უფლებამოსილების გაუქმების ან და ტეხასის ეროვნული გვარდიის ფედერალიზების შესაძლებლობა აქვს. ამ მიზეზით, პროფესორის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაციის სამოქალაქო ომთან შედარება არასრულყოფილია.
ტეხასის A&M უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორის ლორიენ ფუტის განცხადებით, „ფედერალიზმის [თანმხლები] კონფლიქტები აშშ-ის მე-19 და მე-20 საუკუნის ყველა ნაწილშია ჩაშენებული“.
საბოლოო ჯამში, ექსპერტთა რწმენით ტეხასის საზღვართან დაკავშირებული დაპირისპირება ადგილობრივ კრიზისთან, მასშტაბურ პოლიტიკურ კონფლიქტთან ან ისეთ ძალადობასთან ახლოსაც კი არ არის, რამაც წარსულში სამოქალაქო ომი გამოიწვია. ამიტომ ისინი ტეხასსა და ფედერალურ მთავრობას შორის არსებული დავის სასამართლო დარბაზს მიღმა გასვლას არ ელიან.
ამდენად, გავრცელებული მტკიცებების საპირისპიროდ, ტეხასის შტატსა და ფედერალურ მთავრობას შორის მექსიკასთან არსებული საზღვრის საკითხზე არსებული უთანხმოების მიუხედავად, გუბერნატორ გრეგ აბოტს ფედერალურ მთავრობასთან არც შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაზე მზაობა გამოუცხადებია და არც - ომი. ამასთანავე, ექსპერტთა შეფასებით, ამჟამინდელი დაპირისპირება შტატსა და ფედერალურ ხელისუფლებას შორის სამოქალაქო ომის განმეორების ნიშნებს ნაკლებად შეიცავს.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.