სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3) ამჯერად უკრაინის ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს ციტატას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, „მას შემდეგ, რაც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი დასრულდება, უკრაინა ღაზას სექტორის აღდგენაში ჩაერთვება“. „ეს არა მხოლოდ ეკონომიკის სტიმულია, არამედ ჩვენი ვალიც. ამერიკამ აღადგინა ევროპა, უკრაინა იზრუნებს ახლო აღმოსავლეთზე. ამაში ჩვენ ამერიკელებს ვგავართ, ერთი ისტორიული მისია გვაქვს - შექმნა“, - ვკითხულობთ პოსტში. სინამდვილეში, ციტატა გაყალბებულია და უკრაინის ეკონომიკის მინისტრს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
პირველ რიგში, უკრაინის ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებული იდენტური ან შინაარსობრივად მიმსგავსებული განცხადება სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე არ იძებნება. იგი მხოლოდ რამდენიმე რუსულ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული (1; 2), რომლებსაც წყაროდ ტელეგრამ არხები აქვთ მითითებული (1; 2). თავად ტელეგრამ არხები კი წყაროს საერთოდ არ უთითებენ, ამიტომ სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად ან როდის გააკეთა მინისტრმა ასეთი განცხადება - არ გვაქვს. ინფორმაცია არც მინისტრის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე იძებნება.
გარდა ამისა, ფოტოს მარჯვენა ზედა კუთხეში ვხედავთ წარწერას „Отряд боевых ведьм”, გადამოწმების შედეგად აღნიშნული გვერდი რუსულ სოციალურ ქსელში VK-ზე აღმოვაჩინეთ, რომელიც, პოსტების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, გასართობი და სატირული ჟანრის მასალებს აქვეყნებს, მათ შორისაა ეს კონკრეტული ფოტოც.
ამგვარად, მტკიცება, თითქოს უკრაინის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ღაზას აღდგენაში ჩაერთვება, ყალბია.
----------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.