სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბავი „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), ინფორმაციას ავრცელებს. ავტორის მტკიცებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, კლიმატის ცვლილებებში, ევროპელი ფერმერების წინაშე არსებული პრობლემების შექმნასა და მათ „კუთხეში მიმწყვდევაში“ რუსეთი დაადანაშაულა.რეალურად, ევროკომისიის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია და მისი ნათქვამის დამახინჯება მოხდა.

2024 წლის 6 თებერვალს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს ევროსაბჭოს შეხვედრების დასკვნები გააცნო. ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვის შესავალი ნაწილი უკრაინის დაფინანსების შესახებ საუბარს დაუთმო და პარლამენტს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან გარე საზღვრების დაცვისა და არალეგალური მიგრაციის, სტიქიურ უბედურებებთან, ჰუმანიტარულ კრიზისებთან ბრძოლის საქმეში მრავალწლიანი ბიუჯეტის გადახედვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკომისიის პრეზიდენტმა ფერმერთა მასობრივი პროტესტის შესახებ საუბარს დაუთმო, რომელნიც შესაძლოა, „თავს კუთხეში მიმწყვდეულადაც გრძნობდნენ“. მან აღნიშნა, რომ ფერმერები ის ადამიანები არიან, რომლებიც კლიმატის ცვლილებების უარყოფით შედეგებს პირველი გრძნობენ. თუმცა, მას კლიმატის ცვლილების გამოწვევის მიზეზზე ამ ნაწილში არ უსაუბრია. შესაბამისად, აღნიშნულში არც რუსეთი დაუდანაშაულებია.

ამის შემდეგ, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა ისიც, რომ ფერმერები გრძნობენ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გავლენასაც, რამდენადაც ომმა ინფლაცია, სასუქისა და საწვავის ღირებულების ზრდა გამოიწვია. პრობლემებზე საუბრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, „ფერმერები მუშაობენ, რათა აწარმოონ ხარისხიანი საკვები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად მივირთმევთ, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი შრომის დაფასება, მათ მიმართ მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატვა“.

President von der Leyen:“Farmers are the first in line feeling the effects of climate change. Droughts and floods have destroyed their harvests and threatened livestock. Farmers are feeling the impact of the Russian war. Inflation, the rising cost of energy and fertilisers. Nevertheless, they work hard every day, to produce the quality food we eat. For this, I think we owe them appreciation and thanks and respect.

პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი:ფერმერები პირველ რიგში გრძნობენ კლიმატის ცვლილების შედეგებს. გვალვამ და წყალდიდობამ გაანადგურა მათი მოსავალი და საფრთხე შეუქმნა პირუტყვს. ფერმერები გრძნობენ რუსეთის ომის გავლენას. ინფლაცია, საწვავისა და სასუქების მზარდი ღირებულება. მიუხედავად ამისა, ისინი ყოველდღიურად მუშაობენ იმისთვის, რომ აწარმოონ ხარისხიანი საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ. ამისთვის, ვფიქრობ, ჩვენ მათი დაფასება, მადლიერება და პატივისცემა გვმართებს“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ესმის, ფერმერებს სოფლის მეურნეობისა და საკუთარი მომავალი აწუხებთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მომავალში მოგების შესანარჩუნებლად, სოფლის მეურნეობა წარმოების უფრო მდგრად მოდელზე გადავიდეს. იგი ხაზს უსვამს, რომ ფერმერები მოსმენას იმსახურებენ და იმედს იტოვებს, სოფლის მეურნეობის ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ფერმერები მართვით პოზიციებს აქტიურად დაიკავებენ.

ამდენად, ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი ახსენა, თუმცა, არა კლიმატის ცვლილებების გამოწვევის, არამედ ფერმერებზე დამატებითი წნეხის შექმნის კონტექსტში, რაც ომის შედეგად გაძვირებულ სასუქში, საწვავსა და ინფლაციაში გამოიხატება.

სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ევროკავშირში სოფლის მეურნეობის მომავლის შესახებ სტრატეგიული დიალოგის (Strategic Dialogue on the Future of Agriculture in the European Union) დაწყების მნიშვნელობაზე. დასასრულს კი აღნიშნა, რომ მომავალი თვეები გამოწვევებით იქნება სავსე, თუმცა აგრო-სასურსათო სექტორში არსებულ გამოწვევებთან საბრძოლველად უნდა შეძლონ ერთმანეთის მოსმენა, გრძელვადიანი პერსპექტივის შემუშავება და პრობლემების გადასაწყვეტად ერთობლივი ძალისხმევის გაღება.

გამოსვლის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მისი განცხადების სახეცვლილი ვერსიის ვირუსული გავრცელება მოჰყვა (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5). სხვადასხვა პლატფორმაზე ინტერნეტ-მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა კლიმატის ცვლილებებში რუსეთი დაადანაშაულა, თუმცა ცხადია, სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა რუსეთი მხოლოდ ერთხელ ახსენა, ისიც უკრაინაში წარმოებული ომის შედეგად საწვავისა და სასუქის ფასის ზრდის კონტექსტში.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მტკიცება ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.