სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის თანახმად „1993 წელს საქართველოში ჩამოსულმა რუსთმოძულე ბჟეზინსკიმ თქვა, რომ საქართველო ვერასდროს გახდებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი“. რეალურად, გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ბჟეზინსკის მიერ მსგავსი განცხადების გაკეთება არ დასტურდება.
ყალბი ციტატები, რომლებსაც ამერიკელ დიპლომატებსა თუ სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსებს მიაწერენ, სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1, 2, 3).
ზბიგნევ ბჟეზინსკი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში (1977-1981) ამერიკის პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მრჩეველი იყო. ბჟეზინსკის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომებსა და ტელევიზიებთან მიცემულ ინტერვიუებში ნათლად იკვეთება მისი მხარდამჭერი პოზიციები საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან მიმართებით.
2013 წელს CNN-თან ერთ-ერთ ინტერვიუში ბჟეზინსკი ხაზს უსვამს საქართველოს უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ მდებარეობას და აცხადებს, რომ ის მომხრე იყო საქართველოს მინიჭებოდა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), რაც სამომავლოდ ქვეყანას ალიანსის წევრობისათვის მომზადებაში დაეხმარებოდა.
გარდა ამისა, ბჟეზინსკის საქართველოსადმი მხარდამჭერი რიტორიკა იკვეთება ამერიკული ჟურნალის „Foreign Policy“ 2012 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში (სახელწოდებით, „გეოპოლიტიკურად გადაშენების პირას მყოფი 8 სახეობა“/“8 Geopolitically Endangered Species”). ბჟეზინსკის შეფასებით, მზარდი რუსული იმპერიალიზმის ფონზე, საქართველო დასავლეთისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ავტორი სტატიაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები 1991 წლიდან მოყოლებული საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, რაც ქვეყნისადმი მილიარდობით დოლარის ფინანსური მხარდაჭერის გაწევით გამოიხატა. იგი მიიჩნევს, რომ ამერიკის გავლენის შემცირება, ერთი მხრივ, საქართველოს, როგორც პატარა კავკასიურ სახელმწიფოს, რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაუცველს დატოვებს, ხოლო, მეორე მხრივ, რუსეთის დომინირება სამხრეთის ენერგეტიკულ დერეფანზე ევროპის სტაბილურობას გამოწვევების წინაშე დააყენებს. ბჟეზინსკის შეფასებით, საქართველოში დასავლური მხარდაჭერის შემცირება რუსული იმპერიული გავლენის ზრდაზე პირდაპირ აისახება, რაც მისთვის ცალსახად მიუღებელია. იგი სტატიაში წერს: „ამერიკის გავლენის შემცირება ახალ საზღვრებს დაუწესებს აშშ-ს შესაძლებლობებს და თავისთავად აღძრავს რუსეთის სურვილს დაიბრუნოს თავისი ძველი გავლენის სფერო“.
ბჟეზინსკის საქართველოსადმი აქტიური მხარდაჭერის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ მან საქართველოში რუსეთის შეჭრა შეაფასა, როგორც დასტური იმისა, რომ რომ ჯორჯ ბუშის რვაწლიანი მმართველობამ პუტინის რეჟიმის რეალური სახე ვერ ცნო. იგი პუტინს სტალინისა და ჰიტლერის პოლიტიკური კურსის გამგრძელებლად მიიჩნევს, ხოლო საქართველოს რეგიონულ როლს სატრანზიტო გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესად აფასებდა.
2008 წელს Time Magazine-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ბჟეზინსკი ამბობს იმასაც, რომ ენერგორესურსებზე წვდომის თვალსაზრისით დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა დასავლეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ბჟეზინსკის რუსეთთან დამოკიდებულებას, იგი რუსეთს საერთაშორისო წესრიგის მნიშვნელოვან აქტორად მიიჩნევდა და მასთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეც უსაუბრია. ამავდროულად, როგორც მისი ზემოაღნიშნული გამოსვლებიდან ჩანს, ის მოსკოვის აგრესიულ ქმედებებს მკაცრად გმობდა.
ამგვარად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომელიც ბზეჟინსკის მიაწერს განცხადებას, თითქოს მან 1993 წელს თქვა, რომ საქართველო ვერასდროს გახდებოდა ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ყალბია.
რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში მცდარად იყო მითითებული, რომ ბჟეზინსკის 1993 წელს საქართველოში ვიზიტი არ ფიქსირდებოდა.
---------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.