სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1; 2; 3), უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ციტატას აქვეყნებს: „რუსებს შორის თავს რუსად ვთვლი, ამერიკელებს შორის - ამერიკელად... - და უკრაინელებს შორის? - და უკრაინელებს შორის მე ებრაელი ვარ“. სინამდვილეში, ციტატა გამოგონილია, ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
ამასთან, პოსტს არ ახლავს წყარო, რაც ციტატის ნამდვილობაში დაგვარწმუნებდა. პოსტთან ერთად მხოლოდ ზელენსკის ფოტოა გამოქვეყნებული, რომელიც 2023 წელს უკრაინის პრეზიდენტის გაეროში გამოსვლის ვიდეოდანაა ამოჭრილი. თუმცა გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ ზელენსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია, მათ შორის არც გაეროში გამოსვლისას.
ღია წყაროებში და სანდო მედიასაშუალებების ვებ-გვერდებზე, არც თავად ზელენსკის ოფიციალურ გვერდებზე Facebook-სა და X-ში (ყოფილი Twitter) უკრაინის პრეზიდენტის აღნიშნული ციტატა არ იძებნება.
ამგვარად, ნონა შარაბიძის მიერ გავრცელებული ციტატა გამოგონილია. ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.
საგულისხმოა, რომ ნონა შარაბიძეს ვოლოდიმირ ზელენსკის ყალბი ციტატები ადრეც გაუვრცელებია (ბმული 1; ბმული 2).
-------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.