სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), მორიგ დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტის თანახმად, „ვიქტორ ორბანი ევროსაბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი შარლ მიშელის ნაცვლად დროებით გახდება“. რეალურად, გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და ევროპული საბჭოს მომავალი პრეზიდენტის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. უნგრეთის პრეზიდენტი ამ თანამდებობას დროებით იმ შემთხვევაში შეითავსებს, თუ 1-ელ ივლისამდე შარლ მიშელის შემცვლელს ვერ შეარჩევენ.
ევროპული საბჭო ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა, რომელიც ევროკავშირის წევრთა ლიდერებს ევროკავშირის პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად აერთიანებს. ევროპული საბჭოს მთავარ მოვალეობებში ევროკავშირის ზოგადი პოლიტიკური მიმართულებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა და ეკონომიკური, სოციალური და საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ რეკომენდაციების დამუშავებაა. ევროპული საბჭოს შეხვედრები წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ ტარდება, თუმცა მნიშვნელოვანი პრობლემების შესახებ მითითებების გასაკეთებლად შესაძლებელია დამატებითი შეხვედრებიც.
ევროპული საბჭო აერთიანებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან მთავრობების ლიდერებს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომლის როლსაც ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) მე-15 მუხლი განსაზღვრავს. მას ირჩევს ევროპული საბჭო კვალიფიციური უმრავლესობით და იგი აირჩევა 2,5 წლის ვადით, რომლის განახლებაც შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არ შეიძლება, რომ ამავე დროს ეროვნული მთავრობის პრეზიდენტიც იყოს. პრეზიდენტის მთავარ მოვალეობას სხდომების თავმჯდომარეობა, საბჭოში ერთიანობისა და კონსენსუსის ხელშეწყობა, ევროპარლამენტში ანგარიშების წარდგენა და ევროკავშირის ლიდერებთან ურთიერთობების წარმოება წარმოადგენს.
ევროპული საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტი შარლ მიშელია, რომელიც მოვალეობის შესრულებას პირველი ვადით 2019 წლის 1-ელ დეკემბერს შეუდგა. 2022 წლის 24 მარტს კი იგი ხელახლა აირჩიეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შესახებ განსაზღვრული წესების მიხედვით, შარლ მიშელი თანამდებობას ოფიციალურად მიმდინარე წლის ნოემბერში დატოვებდა, რომ არა მისი გეგმები. კერძოდ, ბელგიურ გაზეთ De Standaard-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადების მიხედვით, იგი გეგმავს 2024 წლის ივნისში ევროკავშირის საპარლამენტო (ევროპარლამენტის) არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ბელგიის რეფორმატორთა მოძრაობის (The Reformist Movement) მთავარი კანდიდატი იქნება, რაც განაპირობებს მის მიერ დაკისრებული მოვალეობის შესრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას.
მისი გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ ევროპელ ლიდერებს დაჩქარებულად მოუწევთ, შეთანხმდნენ მიშელის მემკვიდრის ვინაობაზე და ივლისამდე დანიშნონ ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი დროებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თანამდებობასაც შეითავსებს.
უფრო კონკრეტულად, 1958 წლიდან დღემდე ევროკავშირში არსებობს სისტემა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ყოველ 6 თვეში ერთხელ ხდება როტაცია და ის წევრი-სახელმწიფო, რომელიც ევროპის კავშირის საბჭოს (არაფორმალურად მინისტრთა საბჭო) თავმჯდომარის სტატუსს ატარებს, ითავსებს თავმჯდომარის ფუნქციებს. მიმდინარე პერიოდში ე.წ. „ტრიოს“, რომელიც აღნიშნულ მოვალეობას ასრულებს, წარმოადგენს ესპანეთი (2023 წლის ივლისი-დეკემბერი), ბელგია (2024 წლის იანვარი-ივნისი) და უნგრეთი (2024 წლის ივლისი-დეკემბერი). გარდა ამისა, ევროკავშირის ხელშეკრულებების მიხედვით, პრეზიდენტის არარსებობის პერიოდში, ქვეყანას, რომელსაც საბჭოს 6-თვიანი როტაციული თავმჯდომარის სტატუსი უკავია, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პასუხისმგებლობა ენიჭება. სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ მემკვიდრის სასწრაფო წესით არჩევის გარეშე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი შესაძლოა საბჭოს პრეზიდენტი გახდეს, რადგან უნგრეთი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სწორედ ამ დროს იქნება.
ამგვარად, ვიქტორ ორბანი შარლ მიშელის ნაცვლად ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი დროებით იმ შემთხვევაში გახდება, თუ საბჭო სხვა კანდიდატზე 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ვერ შეთანხმდება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.