TikTok-ი 2016 წელს შექმნილი პლატფორმაა, რომელსაც მსოფლიოში 1,677 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ყოველთვიურად TikTok-ის აქტიური მომხმარებლების რიცხვი 1,2 მილიარდზე მეტს შეადგენს, რითაც უდიდესი სოციალური მედიის პლატფორმების რეიტინგში მე-6 ადგილს იკავებს.

წყარო: statista.com

გლობალურად პლატფორმამ განსაკუთრებული პოპულარობა პანდემიის პერიოდში, 2020 წლიდან, მოიპოვა და უმეტესად, გასართობი მიზნით გამოიყენებოდა. თუმცა მომხმარებლების ზრდასთან ერთად, TikTok-ზე გამოჩნდნენ ტრადიციული მედიასაშუალებები, პოლიტიკური ჯგუფები, სხვადასხვა გავლენიანი ანგარიშები (ე.წ. ინფლუენსერები), რამაც TikTok-ი ინფორმაციის გავრცელებისა და მიღების მნიშვნელოვან პლატფორმადაც აქცია, ისევე როგორც ეს წარსულში სხვა სოციალური მედიის პლატფორმების შემთხვევაში მოხდა. Reuters Institute-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, 6 კონტინენტზე შესწავლილი 46 ბაზრის მონაცემების მიხედვით, TikTok-ი 18-24 წლის ახალგაზრდების 44%-ს წვდება. ამ ასაკობრივი კატეგორიის 20% პლატფორმას, მათ შორის, ახალი ამბებისთვის იყენებს.

TikTok-ი ჩინური კომპანიის ByteDance-ის მიერ 2016 წელს შეიქმნა. მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით დასავლეთში არსებული შიშის გამო, მიმდინარე წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპასა და კანადაში გაძლიერდა ძალისხმევა, რათა სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ზე წვდომა შეეზღუდათ.

მონაცემთა უსაფრთხოების საკითხის გარდა, პოპულარობის ზრდასთან ერთად TikTok-ზე დეზინფორმაციის გავრცელების საფრთხე შეიქმნა. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ტანდონის ინჟინერიის სკოლისა და Global Witness-ის ერთობლივი ექსპერიმენტული კვლევის მიხედვით, აშშ-ში 2022 წლის შუალედური არჩევნების კონტექსტში TikTok-ზე ტესტირების პროცესში გაშვებული დეზინფორმაციული პოსტების 90% პლატფორმამ დაუშვა. მართალია, პლატფორმა კრძალავს პოლიტიკურ რეკლამებს, მაგრამ ექსპერიმენტის ფარგლებში დაუშვა ისეთი რეკლამებიც, რომლებიც შეიცავდა არჩევნებზე დეზინფორმაციას, მაგალითად, არასწორ დღეს, მოუწოდებდა ხალხს ორჯერ ხმის მიცემისკენ და სხვ.

საქართველოში TikTok-ის მომხმარებლების ზუსტი რაოდენობა, უცნობია, თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში TikTok-ი Facebook-თან, YouTube-თან და Instagram-თან ერთად ყველაზე ხშირად გამოყენებულ პლატფორმად სახელდება.

წყარო: Zinc Network, 2023 წლის 8 მაისი

TikTok-ზე მავნე აქტორების გამოჩენაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2022 წელს გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში TikTok-ზე პოლიტიკური მიზნებით საინფორმაციო მანიპულაციებსა და მასში ჩართულ აქტორებზე წერდა. „სამართლიანი არჩევნების თანახმად, პოლიტიკური კამპანიების წარმოების მიზნით, ტიკტოკის არხები საქართველოში 2020 წლიდან გამოჩნდნენ, თუმცა განსაკუთრებით გააქტიურდნენ 2021 წელს.

TikTok პლატფორმაზე მზარდია იმ ანგარიშების რაოდენობა, რომლებიც პოლიტიკური მიზნით დეზინფორმაციულ, დისკრედიტაციულ ან სხვა მხრივ, მანიპულაციურ მასალას ათავსებენ და ამით მომხმარებლებში მათთვის სასურველი განწყობების შექმნას ცდილობენ. ანგარიში მიზნად ისახავს საზოგადოებას გააცნოს TikTok პლატფორმაზე არსებული საინფორმაციო გამოწვევები და მოქალაქეებს მიაწოდოს ინფორმაცია იმ არხებზე, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირებას ცდილობენ. აღნიშნული მიმოხილვა ასევე განკუთვნილია დეზინფორმაციის საკითხებზე და საქართველოში საზოგადოებრივ მედეგობის გაძლიერებაზე ორიენტირებული სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიის, აკადემიის, პოლიტიკური ჯგუფების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობებისათვის.

მეთოდოლოგია

კვლევის პროცესში TikTok-ზე პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყაროების სიის შესადგენად საწყის მასალად გამოყენებული იქნა „ფაქტ-მეტრის“ მონიტორინგის სია. სიის გავრცობა „თოვლის გუნდის“ მსგავსი პრინციპით მოხდა. კერძოდ, ხელით (manual) მონიტორინგის პროცესში ანალიტიკოსებმა გამოიყენეს სხვადასხვა გზა, რათა არსებულ წყაროებზე დაყრდნობით გაეფართოებინათ საინფორმაციო მანიპულაციის გამავრცელებელი არხების სია, მათ შორის ე.წ. ჰეშთეგებით ძიება, Facebook-ზე უკვე არსებული გვერდების მსგავსი ან იდენტური TikTok არხების მოძიება და ა.შ. აღნიშნულ კვლევას მოცემული გზით შეგროვებული TikTok-ზე პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელი წყაროების სია დაედო საფუძვლად.

გარდა აღნიშნული ანგარიშისა, წყაროების სია ღირებული ინფორმაციაა შემდგომი კვლევების ჩასატარებლად - მისი გამოქვეყნება, მათ შორის, მიზნად ისახავს აღნიშნული საკითხით მკვლევრების დაინტერესების გაზრდას და შემდგომი კვლევების ჩატარების გამარტივებას. თუმცა ავტომატიზაციის (მონიტორინგის ხელსაწყოს) გარეშე, ზემოხსენებული მეთოდების გამოყენებით, შედგენილი წყაროების სია შესაძლოა, სრულად არ მოიცავდეს TikTok-ის ქართულ სივრცეში პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამავრცელებელ წყაროებს და ისინი, შესაძლოა, გაცილებით მეტი იყოს. ამავე კონტექსტში აღსანიშნავია, რომ TikTok-ზე (ისევე როგორც სხვა სოციალური მედიის პლატფორმებზე) ახალი პროპაგანდისტული წყაროების შექმნა რთული პროცედურა არაა და ისინი შესაძლოა, სიის შედგენის შემდგომაც შექმნილიყო. ანგარიში მოიცავს 2023 წლის სექტემბერი-ნოემბრის განხორციელებულ მონიტორინგს.

შედგენილ სიაზე დაყრდნობით განხორციელდა 1) ღია წყაროებზე დაყრდნობით სამაგიდო კვლევის ფარგლებში მათთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, 2) დამონიტონიტორინგებული არხების დაჯგუფება კატეგორიებად და 3) გარდა თვისობრივი ინფორმაციისა, მონიტორინგის პროცესში რაოდენობრივი მონაცემების სახით შეგროვდა წყაროების მიერ გავრცელებული მასალის მაქსიმალური ნახვების რაოდენობები.

ძირითადი მიგნებები:

  • TikTok-ი საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაცის გავრცელების კუთხით აქტიურად გამოიყენება. მიმდინარე ანგარიშში წარმოდგენილია საინფორმაციო მანიპულაციების გამავრცელებელი 5 ძირითადი კატეგორია: ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ჯგუფები, სხვა პრორუსული ჯგუფები, ოპოზიციის, მთავრობის მადისკრედიტირებელი არხები, შეთქმულების თეორიის გამავრცელებელი არხები.
  • Meta-ს მიერ სხვადასხვა დროს Facebook-ზე არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის ან საზოგადოების სახელმძღვანელო სხვა წესების დარღვევის გამო წაშლილი ან სხვაგვარად შეზღუდული გვერდები თავისუფლად მოქმედებენ TikTok პლატფორმაზე.
  • გვერდები, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ Facebook-ზე, ასევე გამოირჩევიან მასალისა და შინაარსის კოორდინირებით TikTok-ზე.
  • პრორუსული ჯგუფების ძირითადი ნაწილი „ალტ-ინფოს“ მასალებს აქვეყნებს.
  • ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხებისგან განსხვავებით, ანტისახელისუფლებო არხების კოორდინირებული მოქმედება არ შეინიშნება.

კატეგორია 1: ჯგუფ „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერი არხები

„ალტ-ინფო“, რომელიც ღიად ანტიდასავლური და პრორუსული ორგანიზაციაა, 2019 წლის 28 იანვარს - შპს „ალტ-ინფოდ“, ხოლო ორგანიზაციად ა(ა)იპ „ალტერნატივა საქართველოსთვის“, 2019 წლის 30 იანვარს დარეგისტრირდა. „ალტ-ინფო“ ინტერნეტსივრცეში 2017 წლიდან არსებობს. თავდაპირველად „ალტ-ინფოს“ მასალა ვებგვერდის საშუალებით ვრცელდებოდა (ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციულ მასალებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1, 2, 3).

მოგვიანებით, მათ სოციალურ ქსელებში, მათ შორის Facebook-სა და YouTube-ზე დაიწყეს გადაცემების გამოქვეყნება. 2020 წლის ოქტომბერში Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული გვერდები არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამო დაბლოკა, რის შემდეგაც მას Meta-ს პლატფორმებზე საქმიანობა აეკრძალა. თუმცა, დღემდე, მათი წაშლის შემდეგ ახალი ანგარიშები იქმნება და მასალა Facebook-ზე კვლავ ვრცელდება, მაგალითად, მოცემული ანგარიშის გამოქვეყნების მომენტში, Facebook-ზე მოქმედებს სახელით „Alt-info ალტ-ინფო“. 2021 წლის სექტემბერში „ალტ-ინფომ“ სატელევიზიო მაუწყებლობის ლიცენზიაც მიიღო. Meta-ს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, მათ სხვადასხვა პლატფორმის, მათ შორის ტელეგრამისა და VK-ს აქტიურად გამოყენება დაიწყეს.

დღეისთვის, „ალტ-ინფო“ პოლიტიკური პარტიის სახითაცაა წარმოდგენილი. კერძოდ, 2021 წლის 20 ნოემბერს დაფუძნდა პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“, 2022 წლის აპრილში სახელწოდებაში ცვლილება მოხდა და „კონსერვატიული პარტია/ალტ-ინფო“ დაერქვა. პარტიის ხელთ არსებული საკომუნიკაციო არხები აქტიურად გამოიყენება როგორც პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციის გასავრცელებლად, ასევე, ძალადობრივი აქციების დასაორგანიზებლად (ბმული 1, 2, 3, 4).

2023 წლის 25 სექტემბერს „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერებმა „ანტი-მაიდანის“ მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადეს. მათი თქმით, მოძრაობა მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით თანამოაზრეების მობილიზებას, რათა ქვეყანამ „უკრაინის ბედი“ არ გაიზიაროს. მოძრაობის შექმნას წინ უსწრებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომლის მიხედვითაც, გარკვეულ ჯგუფები ქვეყანაში დესტაბილიზაციას და უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელებას გეგმავენ.

„ალტ-ინფო“ აქტიურად მოქმედებს TikTok პლატფორმაზეც. მისი ნარატივებისა და სიუჟეტების გავრცელების მიზნით შექმნილია რამდენიმე TikTok არხი , მათ შორის Altinfo2, alt_info.konservatori, Altinfo. აღნიშნულ TikTok არხებზე „ალტ-ინფოს“ ტელევიზიის გადაცემებიდან ამოჭრილი მონაკვეთები ვრცელდება. მათ მიერ გავრცელებული გზავნილებით ცდილობენ მოსახლეობაში შიშის დათესვას, რაც გამოიხატება “მეორე ფრონტის” შესახებ კონსპირაციებსა და “ანტი-მაიდანის” მოძრაობაში გაერთიანების მოწოდებებში.

აღნიშნული გვერდების მიერ გავრცელებულ ანტიდასავლურ და პრორუსულ გზავნილებში ჭარბობს მასალა, სადაც რუსეთთან თანამშრომლობისა და ალიანსის აუცილებლობაზეა მოწოდებები. გვერდები, ამავდროულად, აქტიურად ავრცელებენ ანტიუკრაინული შინაარსის ვიდეოებსაც(1, 2, 3). მაგალითად ერთ-ერთ ვიდეოში „ალტ-ინფოს“ სიუჟეტია წარმოდგენილი, ვიდეოს კომენტარის სახით შემდეგი ტექსტი აქვს დართული: „ამ ომში ყველაზე საწყალი უკრაინელი ჯარისკაცია, რადგან ტრანსგენდერული ცივილიზაციის გამო აომებენ“.

გარდა „ალტ-ინფოს“ სახელით მოქმედი არხებისა, TikTok-ზე ვხვდებით სხვა მომხმარებლებს, რომლებიც ალტ-ინფოს მასალას აქტიურად ავრცელებენ. მაგალითად, teojavelidze7, როგორც TikTok-ზე, ასევე Facebook-ზე, „ალტ-ინფოს“ სიუჟეტებსა და ე.წ. „ანტიმაიდნის“ მოძრაობის მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებს. ანგარიში ასევე ჩართულია სამოქალაქო აქტივისტების და ჟურნალისტების მადისკრედიტირებელ კამპანიაში.

TikTok და Facebook პლატფორმებზე აგრეთვე აქტიურობს ზურაბ ზუკაკიშვილი, რომელიც „ალტ-ინფოს“ აქტიური მხარდამჭერია. აღნიშნული ანგარიში 2023 წლის „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის კონტექსტშიც აქტიურობდა და მათ შორის TikTok-ზეც ჰომოფობიური და სიძულვილის ენით გამორჩეულ მასალას აქვეყნებდა. მაგალითად, ერთ-ერთ ასეთ TikTok-ვიდეოში ის 8 ივლისის აქციასთან დაკავშირებით აცხადებს: „ლიბერასტებო ხო გეუბნებოდით, რომ ამოვალთ და ევროპელობას წაგართმევთო, ხო წაგართვით ახლა. თუ პ###### ფესტივალს ვერ ატარებთ, რა გინდათ ევროპაში, თქვენ დაკარგეთ ევროპა, ჩვენ ქართველებმა გავიმარჯვეთ“. ანგარიში ასევე ავრცელებს ანტიდასავლურ პროპაგანდას (1, 2, 3). იხილეთ ერთ-ერთი ვიდეოს კადრი:

აღნიშნული არხის გვერდზე ასევე ვხვდებით „ანტი-მაიდანის“ მოძრაობაში მოქალაქეების ჩართვის მოწოდებებს.

„ალტ-ინფოსთანაა“ დაკავშირებული კიდევ ერთი ღიად პრორუსული არხი arsen_popkhadze, რომელიც „კონსერვატიული მოძრაობის“ წევრ არსენ ფოფხაძეს ეკუთვნის. იგი „კონსერვატიული პარტიის“ ტყიბულის ოფისის ხელმძღვანელია და არხის, „მსოფლიო პოლიტიკის“, ერთ-ერთი ადმინისტრატორია, არხი იმავე სახელწოდებით მოქმედებს ტელეგრამზეც. ანგარიშზე წარმოდგენილია ძირითადად პრორუსული შინაარსის ვიდეოები (1, 2, 3). მაგალითად, ანგარიში ავრცელებს რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის ინტერვიუს, სადაც ის საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობს. ვიდეოში, რომელსაც 266 ათასზე მეტი „ნახვა“ აქვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის ომში ნატოს ბრალეულობაზე საუბრობს.

აღნიშნულ ანგარიშზეც უმეტესად წარმოდგენილია „ალტ-ინფოს“ მასალები,მათ შორის „ანტი-მაიდნის“ და 8 ივლისის აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

მაგალითად, 2023 წელს თბილისი პრაიდის ჩატარებამდე, აქტიურად მოუწოდებდა მოქალაქეებს 8 ივლისს, ქუჩაში გამოსვლისკენ:

მსგავსი შინაარსის და ხშირად იმავე პოსტებს (კონტენტისა და ვიზუალიზაციის შეცვლის გარეშე) აზიარებენ შემდეგი გვერდებიც: globussi, otozukaka, konservatori, user95437412.

დამატებით, ცხრილში წარმოდგენილია „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული გვერდების მიერ ყველაზე ნახვადი ვიდეოების „ნახვის“ რაოდენობა (2023 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით) :

TikTok ანგარიშის დასახელება მაქსიმალური ნახვა
1. altinfo_ >479.7K
2. alt_info.konservatori >575.5K
3. Altinfo2 >219.8K
4. Otozukaka >327.4K
5. Globussi >222.7K
6. teojavelidze7 >112.9k
7. Konservatori >119K
8. Zurakartveli >117.1K
9. user95437412 >12.1K
10. arsen_popkhadze >298.7K

კატეგორია 2: ღიად პრორუსული პროპაგანდის გამავრცელებელი სხვა არხები

აღნიშნული კატეგორია აერთიანებს „ალტ-ინფოს“ მიღმა არსებულ სხვადასხვა არხს, მათი მასალაც ასევე გამოირჩევა ანტიდასავლური, ხშირად რუსეთის ღიად მხარდამჭერი და ანტიუკრაინული შინაარსით. მათ შორისაა პრორუსული ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის ჟურნალისტების TikTok-არხები. ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის 100%-იანი წილის მფლობელია მოკრივე გიორგი კანდელაკი. ადგილობრივი მედიის ცნობით, გიორგი კანდელაკმა გორში მის მფლობელობაში არსებულ კაფეს „Joseph“ სტალინის პატივსაცემად დაარქვა. ამავე მიზნით, რესტორანში მოწყობილია „სტალინის ოთახი“. ასევე, გიორგი კანდელაკი საზოგადოება ,,გორელის" წარმომადგენელია, რომლის წევრებიც გორში სტალინის ძეგლის აღდგენას ითხოვენ. ამავდროულად, მის მფლობელობაში არსებული რესტორნის „რანჩო ვარიანსის“ ტერიტორიაზე 2022 წელს სტალინის ძეგლი დადგეს. „სეზონი ტვ“-ის ტელეკომპანიის ეთერში გასული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3).

Nikoloz Mzhavanadze - არხი ეკუთვნის ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის წამყვან ნიკოლოზ მჟავანაძეს. მის არხზე ვხვდებით ინტერვიუებსა და ტელეკომპანიის გადაცემის მონაკვეთებს, სადაც რუსეთის მხარდამჭერი გზავნილებია წარმოდგენილი. მაგალითად, არხზე ხელმისაწვდომია ვიდეო, რომელშიც ის მოსკოვში იმყოფებოდა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობდა. აღნიშნულ ვიდეოს 52 ათასზე მეტი ნახვა აქვს. წარსულში მჟავანაძე ტელეკომპანია „ობიექტივისა“ და „ალტ-ინფოს“ ჟურნალისტი იყო. ასევე, როგორც იურისტი, იცავდა 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე ბრალდებულებს, მათ შორის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს, რომელმაც 2021 5 ივლისის, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის დაწყებისას, შემდეგი განცხადება გააკეთა: “არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის”.

TikTok-ზე აქტიურია ჟურნალისტი გიორგი გახლოურიც, რომელიც ტელეკომპანია „სეზონი ტვ“-ის გადაცემის „სტალინის ეპოქა გიორგი ახლოურთან ერთად“ ავტორი და წამყვანია. შესაბამისად, არხზე სტალინის შესახებ დადებით კონტექსტში მომზადებული სიუჟეტები ვრცელდება.

პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებს არხი „belimedved7“. არხის ვიდეოებს შორის მრავლადაა ანტიუკრაინული, ანტიდასავლური და ღიად რუსეთის მხარდამჭერი მასალები (1, 2, 3, 4, 5). არხის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად ვიდეოში (112 ათასი) ვხვდებით დეზინფორმაციას, რომ უკრაინაში მართლმადიდებლობა აკრძალეს და ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს. აღნიშნულ არხზე ასევე მრავლადაა შეთქმულების თეორიების შემცველი ვიდეოები (ბმული 1, 2, 3)

რუსულენოვან და რუსეთის მხარდამჭერ ვიდეოებს ავრცელებს TikTok-ანგარიში suxumski781, გვერდზე ასევე წარმოდგენილია უკრაინის პრეზიდენტის გაყალბებული ფოტოები (1, 2). მათ შორის ერთ-ერთი აღებულია არხიდან „აგენტურა.“

დამატებით, ცხრილში წარმოდგენილია ღიად პრორუსული პროპაგანდის გამავრცელებელი ანგარიშების მიერ ყველაზე ნახვადი ვიდეოების „ნახვის“ რაოდენობა (2023 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით):

TikTok ანგარიშის დასახელება მაქსიმალური ნახვა
1. levanmegrelidze040876 >576.4K
2. g.akhlouri >246.4K
3. Mzhavanadzenikoloz >233.1K
4. belimedved7 >112.3K
5. suxumski781 >51.3K

კატეგორია 3: ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის საწინააღმდეგოდ მოქმედი არხები

TikTok-ზე ასევე არსებობს არხები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას ეწევიან. აღსანიშნავია, რომ ასეთი ანგარიშების უმეტესობა Facebook-ის პლატფორმებზე მოქმედი მადისკრედიტირებელი გვერდების არხებია. გარდა იმისა, რომ ისინი ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების საწინააღმდეგო მსგავს მასალებს აზიარებენ, მათ ასევე აერთიანებთ ის, რომ როგორც წესი, ისინი ანონიმურ არხებს წარმოადგენენ, რომელთა უკან მდგომი ადამიანების ვინაობა ხშირად უცნობია.

aragarevinebt-აღნიშნული ანგარიში იმავე სახელწოდებით აქტიურად მოქმედებდა Facebook-პლატფორმაზეც. 2023 წლის 8 თებერვალს ანგარიშმა განაცხადა, რომ გვერდს გავრცელების არეალი შეეზღუდა. ამის შემდეგ მათ ახალი Facebook-გვერდები (1, 2) შექმნეს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) მიერ დადგინდა, რომ Facebook-გვერდი „არ აგარევინებთ“ და „აგენტურა“ წარმოადგენდა ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართულ ქსელს, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქტორი „აი იას" თანადამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილიც იყო. აღსანიშნავია, რომ შაქარიშვილი თავდაპირველად “ქართული ოცნების” წევრი იყო. პოსტი მან 2019 წელს დატოვა. 2021 წელს, გია გაჩეჩილაძესთან ერთად შექმნა ორგანიზაცია „აი-ია“. შაქარიშვილი 2021 წელს არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც წინასაარჩევნოდ ჰომოფობიური კამპანიით გამოირჩეოდა. მაგალითად, აანონსებდა ხელმოწერების შეგროვებას “LGBT პროპაგანდის აკრძალვაზე სახალხო პლებისციტის ჩატარების მოთხოვნით”. ამჟამად, შაქარიშვილი აქტიურად მოქმედებს მოძრაობა "საქართველო უპირველეს ყოვლისა" სახელით, რომელიც მან 2022 წელს დააფუძნა.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თანახმად, აღნიშნული გვერდები Meta-ს წესების დარღვევით მოქმედებდნენ - იყენებდნენ საეჭვო ანგარიშებს პოსტების ჯგუფებში გასავრცელებლად და ინტერაქციის გასაზრდელად.

ჩანს, რომ Facebook-ზე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, ანგარიშები TikTok-ზეც გააქტიურდნენ. TikTok-ზე არხი aragarevinebt ვატო შაქარიშვილის მხარდამჭერ ვიდეოებსაც ავრცელებს (1, 2, 3). მათი გავრცელებული ვიდეოების ძირითადი ნაწილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების და ჟურნალისტების დისკრედიტაციას ახდენს. ამავდროულად, გვერდი aragarevinebt ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდამჭერ მასალებსაც ავრცელებს (1, 2, 3).

როგორც უკვე აღინიშნა, TikTok არხი „Agentura“ ანტიდასავლურ კამპანიაში ჩართულ ქსელში მოქმედი ანონიმური გვერდია, რომელიც ორგანიზაცია „აი იას" თანადამფუძნებელთან, ვატო შაქარიშვილთანაა კავშირში. “Agentura”-ს როგორც Facebook ანგარიშზე, ისე TikTok-ზე ერთი და იგივე მასალები თავსდება. ანგარიში აქტიურად აზიარებს ოპოზიციის მადისკრედიტირებელ ვიდეოებს (1, 2, 3).

Facebook რილსების კატეგორია:

TikTok ვიდეოების კატეგორია:

TikTok-ანგარიში Ukrainologi, Facebook-ზე მიხეილ განუბაჟებელი, ოპოზიციური პარტიების, კრიტიკული მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციის მიზნით სარკასტულ ფოტო-ვიდეო მანიპულაციებს და მიმებს იყენებს, მაგალითად სატელევიზიო სიუჟეტებიდან მანიპულაციურად ჭრის კადრებს, ვიდეოების ნაწილზე ცვლის ხმოვან მასალას (იხ. მაგალითები 1, 2, 3). (აღნიშნული ანგარიშის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1, 2, 3).

მსგავსი შინაარსის ვიდეოებს აქვეყნებს ანონიმურად მოქმედი არხი terentigldaneli1, რომელიც ძირითადად სამოქალაქო აქტივისტების დისკრედიტაციას ცდილობს. გვერდზე ასევე ვხვდებით ხელისუფლების წარმომადგენლების, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მხარდამჭერ ვიდეოებს. ანგარიში ასევე აქტიურია Facebook-ზე და ორივე პლატფორმაზე იდენტური შინაარსის მასალას ავრცელებს.

აღნიშნულ გვერდზე ასევე გამოქვეყნდა ე.წ. „Deep Fake” ვიდეო, თითქოს პოპულარული ბლოგერი გიორგი მახარაშვილი („საეჭვო კაცი“) ამერიკას ლანძღავს.

TikTok-არხი jurnalists, რომელიც აღწერაში ურთავს სახელს „ჟურნალისტების მარგალიტები“, Facebook-ზე არსებული იმავე სახელწოდების მქონე გვერდის TikTok-ანგარიშია. ორივე პლატფორმაზე გვერდს ერთი და იგივე პროფილის ფოტო აქვს. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის თანახმად, Facebook-გვერდი კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის მიზნით მოქმედებს. მათი დასპონსორებული პოსტები ნათელა კილაძის სახელით ქვეყნდებოდა, რომელიც ამავდროულად, მედიის მადისკრედიტირებელ პოსტებს ასპონსორებდა გვერდზე "პოლიტიკური აბსურდი".

TikTok-არხზე ჟურნალისტების დამცინავ კადრებთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლების ვიდეოებიც ქვეყნდება, რომელთა უმეტესობა მათ დამცინავ და ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს (ბმული 1, 2, 3, 4). ამავდროულად, აღნიშნულ გვერდზე ვხვდებით „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდამჭერ ვიდეოებს (1, 2, 3).

archivegeo - აქვეყნებს ძველი სატელევიზიო გადაცემებიდან ამოჭრილ სიუჟეტებს. გვერდი აქტიურია Facebook-ზეც (98 ათასი გამომწერი), სადაც იმავე ვიდეოებს ავრცელებს და მათი უმეტესობა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ეხება. როგორც წესი, რეალური თუმცა ძველი კადრებით, არხი ცდილობს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების ნეგატიურ კონტექსტში ჩვენებას, მათ შორის, მათი ძველი გამონათქვამებით, შეცვლილი პოზიციების ჩვენებით და სხვ.

TikTok-ანგარიშზე ამავდროულად ვხვდებით ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მხარდამჭერ ვიდეოებსაც (აღნიშნული გვერდის მიერ გამოქვეყნებულ დეზინფორმაციაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

Realobaaq - TikTok-არხის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჭარბობს მასალა, სადაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს (ბმული 1, 2, 3, 4). აღნიშნულ არხზე ასევე ვრცელდება ანტიდასავლური, ანტიამერიკული და ევროკავშირის საწინააღმდეგო მასალები (ბმული 1, 2). არხზე ასევე ვხვდებით ანტიუკრაინულ დეზინფორმაციას (ბმული 1, 2, 3). რიგ შემთხვევებში გამოქვეყნებულია „ქართული ოცნების“ ლიდერების მხარდამჭერი ვიდეოებიც (ბმული 1, 2). უფრო ადრე, TikTok არხზე ვხვდებით ანტივაქცინურ დეზინფორმაციასა და Covid-19-თან დაკავშირებულ შეთქმულების თეორიებს ( ბმული 1, 2, 3, 4).

batumski-ანგარიში „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია, რაზეც გვერდის აღწერაც მიუთითებს (იხილეთ ფოტო-ანაბეჭდი). არხზე განთავსებულია ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ვიდეოები. არხზე შევხვდებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ მასალას. გვერდი აქვეყნებს ანტიუკრაინული შინაარსის მქონე ვიდეოებს (1, 2, 3). აქვე აღსანიშნავია, რომ გვერდს 51 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და მის რამდენიმე ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ზემოთ ჩამოთვლილი გვერდების მიერ გავრცელებული იდენტური მასალების მაგალითები

1.მიხეილ სააკაშვილის განცხადების ვიდეო - „ჟურნალისტების მარგალიტები“, „აგენტურა“

2. მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუდან ამონარიდი - „ჟურნალისტების მარგალიტები“, „ტერენტი გლდანელი

3. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ხაჯიშვილის კომენტარი -„ტერენტი გლდანელი“, „არ აგარევინებთ

4. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ აქციაზე შარჟი - „არ აგარევინებთ“, „აგენტურა“.

5. გიორგი ვაშაძის შესახებ ვიდეო შარჟი - „აგენტურა“, „პოლიტკივილი

6. ვიდეო მანიპულაცია ოპოზიციაზე კანდიდატის სტატუსის საკითხზე - „ჟურნალისტური მარგალიტები“, „მისტერ არავინ“, „ტერენტი გლდანელი“.

7. მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვიდეო - „ტერენტი გლდანელი“, „მისტერ არავინ“

ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ვიდეოები ვრცელდება შემდეგი TikTok არხებიდანაც: mteri.ge, politkivili, dinam0_, shakochachanidze, geonews, detro97, avimusaipi, misteraravin1.

დამატებით, ცხრილში წარმოდგენილია ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის საწინააღმდეგოდ მოქმედი ანგარიშების ყველაზე ნახვადი ვიდეოების „ნახვის“ რაოდენობა (2023 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით):

TikTok დასახელება მაქსიმალური ნახვა
1. Batumski_ >4.3 M
2. Ukrainologi >474.4K
3. Aragarevinebt >460K
4. Agentura >395.8K
5. Realobaaq >374.8K
6. Jurnalists >192.5K
7. Archivegeo >179.4K
8. terentigldaneli1 >133.8K
9. dinam0 >67.3K
10. avoe.ge >48.1K
11. Geonews >51.5K
12. Shakochachanidze >679.5K
13. Politkivili >490K
14. Mteri.ge >90.2K
15. Detro97 >229.2K
16. avimusaipi >319.6K
17. Misteraravin1 >29.1K

კატეგორია 4: „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი არხები

აღნიშნულ კატეგორიაში ერთიანდება TikTok-არხები, რომელიც გამოირჩევიან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების საწინააღმდეგო და ნეგატიურ კონტექსტში წარმომჩენი მასალის გავრცელებით. მათ ასევე აერთიანებს ის, რომ ამ არხების უკან მდგომი ადამიანების ვინაობა უცნობია და მათი ანგარიშის სახელი (Username) იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლევა. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი ანგარიშებისგან განსხვავებით, ამ კატეგორიის ანგარიშებს შორის კოორდინირებული მოქმედება არ ჩანს. ასევე, აღსანიშნავია, რომ არხებზე ხშირად ფიგურირებს ისეთი ნეგატიური და სარკასტული შინაარსის მქონე ტერმინები, როგორიცაა: “რუსები“, „გოიმი“, „ქოცი“, „საქოცეთი“, „სისხლიანი ოცნება“ და სხვ.

მთავრობას ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩენს TikTok-არხი Antiupleba, რომელიც განსაკუთრებით აქტიურად საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვიდეოებს აქვეყნებს (1, 2, 3). ხელისუფლების წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი ვიდეოების კონტექსტში, აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ვიდეოს, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ალუდა ღუდუშაური არიან წარმოდგენილნი, თანდართული აქვს შემდეგი აღწერა: „გოიმები, ესენიც და ამათი მხარდამჭერებიც“. აღსანიშნავია, აგრეთვე ვიდეო, რომელშიც ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და თეა წულუკიანის გამოსვლებია წარმოდგენილი, ვიდეოს აღწერაში ავტორი წერს: „ესენი როგორ უნდა მოგწონდეს? რუსები“.

TikTok-არხი „ბრძენი ქოცი“ მთავრობის საწინააღმდეგო მასალებს აქვეყნებს (ბმული 1, 2, 3, 4, 5). ერთ-ერთ ვიდეოს, სადაც წალენჯიხაში მყოფი საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, ბექა ოდიშარია და ირაკლი ზარქუა არიან წარმოდგენილნი, ავტორი ფონად რუსულ სიმღერას ადებს და აღწერაში უთითებს: „ბექა ოდიშარია და ირაკლი ზარქუა ბოლო ჭიქის შემდეგ - “ვლაძიმერ პუწინ მალაძეც”. TikTok-ანგარიში, „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის კონტექსტში, კიდევ ერთ ვიდეოს აქვეყნებს. კადრში ჩანს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე, რომელსაც სტიქიით დაზარალებულს ეკამათება. ვიდეოს მეორე ნაწილი კი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან შეხვედრას ეთმობა, სადაც ის მოსახლეობას მხარდაჭერას ჰპირდება.

ამავე კონტექსტში, ანგარიში ამერიკული როკ- ჯგუფის “Imagine Dragons” კონცერტიდან მონაკვეთს ავრცელებს. ვიდეოს, რომელსაც ფონად ქართული სიმღერა ადევს, აღწერაში გაკრიტიკებულია „ქართული ოცნების“ მიერ დახარჯული თანხები: 70 მილიონი დახარჯეს ქოცებმა Imagine Dragons-ის ჩამოსაყვანად და იმათ დასცხეს-„დაუკარით ოსური, მაგისთვის ვარ მოსულიო!“.

TikTok-არხი zaratushta1 გამოირჩევა ანტისახელისუფლებო შინაარსის მქონე ვიდეოებით. კრიტიკასთან ერთად, აღნიშნულ არხზე გავრცელებული ვიდეოებში მრავლადაა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებით უცენზურო სიტყვები (1,2,3,4). გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჭარბობს ისეთი ნეგატიური და სარკასტული ფრაზები, როგორიცაა: „უტვინო ქოცები“, „ჩლუნგი ქოცები“, „ბოტების მთავრობა“ და სხვ.

akatone13-(ანგარიშის გამოქვეყნების მომენტში მოცემული არხი ხელმისაწვდომი აღაა) TikTok-არხი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მადისკრედიტირებელი და მის ნეგატიურ კონტექსტში წარმომჩენი მასალით გამოირჩევა (ბმული 1, 2, 3).

გვერდზე ხშირად ქვეყნდებოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მასალები. გვერდზე ასევე ქვეყნდებოდა მკვეთრად ანტირუსული და პროუკრაინული კონტექსტის მქონე ვიდეოები.

შინაარსით მსგავსი ვიდეოები ვრცელდება ასევე შემდეგი გვერდების მიერ: aba.ruseti.ginda, Sword-news, gagagigagoga

დამატებით, ცხრილში წარმოდგენილია „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ მოქმედი ანგარიშების ყველაზე ნახვადი ვიდეოების „ნახვის“ რაოდენობა (2023 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით):

TikTok ანგარიშის დასახელება მაქსიმალური ნახვა
1. akatone13 >419.6K
2. Antiupleba >361.3K
3. brdzeni_qoci >646.8K
4. zaratushtra1 >589.9K
5. Sword_news >238K
6. aba.ruseti.ginda >274.4K
7. Gagagigagoga >36.5K

კატეგორია 5: შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი არხები

TikTok-ზე ასევე გამოიყენება შეთქმულების თეორიების გასავრცელებლად. მათ შორის, აღსანიშნავია, TikTok-არხი „samaya_c_morganne“, რომელიც აქტიურია როგორც TikTok-ზე, ასევე Facebook-ზე. ანგარიშის აღწერაში ნათქვამია, რომ არხი შემდეგ საკითხებზე აქვეყნებს მასალას: „სასულიერო/სასიყვარულო გამოღვიძების ფილოსოფიებს“ და მას 28 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

არხზე ხშირად ვხვდებით COVID-19-თან დაკავშირებულ კონსპირაციებს, ასევე ანტივაქსერულ დეზინფორმაციას (ბმული 1, 2). გვერდზე ასევე წარმოდგენილია ე.წ. ადენოქრომის კონსპირაცია, რომლის მიხედვითაც, ჰოლივუდში არსებობენ სატანისტური გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც ადრენალინის ოქსიდაციით წარმოქმნილ ადენოქრომს ახალშობილების სისხლიდან იღებენ და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ან ფსიქოტროპულ საშუალებად მოიხმარენ.

lasha_traveler_boy, კიდევ ერთი კონსპიროლოგია TikTok პლატფორმაზე. მას 38.3 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღნიშნულ არხზე გავრცელდა კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული კონსპირაციები, მათ შორის იყო ჰავაის კუნძულებზე მომხდარი ხანძრის შესახებ (ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). TikTok არხზე ასევე გამოქვეყნდა კონსპირაცია, რომელსაც 178,1 ათასზე მეტი ნახვა აქვს, თითქოს ჰამასის თავდასხმა ისრაელში გამართულ ფესტივალზე არსებულ კერპთაყვანისმცემლობაზე პასუხი იყო (ამ თემებზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).