ანტიოპოზიციურმა პროპაგანდისტულმა Facebook-გვერდმა „მიხეილ უკრაინოლოგი“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შესახებ მანიპულაციური და მადისკრედიტირებელი ვიდეო გამოაქვეყნა.
გამოქვეყნებულ ვიდეოში ჯერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების მონაკვეთია ნაჩვენები, სადაც ის აცხადებს: „ჩვენი გადაწყვეტილებით 300 ონკოლოგიური პაციენტი, ბავშვები, სრულად დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ“. ამის შემდეგ ნაჩვენებია გიორგი ვაშაძის მონაკვეთი, სადაც ის ამბობს: „ჩვენ ახლა ვასხამთ შავ ხვრელში უბრალოდ ამ ფულს, რატომ, იმიტომ რომ ვმკურნალობთ რას, მომაკვდავ ადამიანს, მაგალითად ადამიანს რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიო თერაპია მიიღოს და ვიცით რო ამან შეიძლება 6 თვე გაუხანგრძლივოს ცხოვრება“.
დამონტაჟებული ვიდეო მსმენელს უქმნის განცდას, რომ თითქოს გიორგი ვაშაძე, მთავრობის მიერ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დაფინანსებას ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი რამ „შავ ხვრელში“ ფულის ჩასხმაა.
სინამდვილეში, გიორგი ვაშაძის აღნიშნული ვიდეო არა ირაკლი ღარიბაშვილის, 2023 წლის 24 აპრილის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადების პასუხს, არამედ 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სტუმრობისას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრობლემებზე საუბრიდან ამოჭრილ არასრულ მონაკვეთს წარმოადგენს.
სრულ მონაკვეთში, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ „დღევანდელ ჯანდაცვის სისტემაში არ არის ყურადღება გამახვილებული: პირველი ეს არის პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა. მეორე ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეს არის პრევენცია, ანუ, არა მკურნალობა ავადმყოფს, არამედ, სანამ ავადდება ადამიანი, მანამდე ვერევი ამ ყველაფერში. ასეთი არის დასავლური პრაქტიკა და რაზეც უკვე მიემართება აბსოლუტურად ყველაფერი. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ფინანსები გამართული ინფრასტრუქტურის პირობებში ამ მიმართულებით დახარჯულიყო, ჩვენ ახლა ვასხამთ შავ ხვრელში ფულს. რატომ? იმიტომ, რომ ვმკურნალობთ რას, მომაკვდავ ადამიანს, ანუ, მაგალითად, ადამიანს, რომ სიმსივნე აქვს, ვმკურნალობთ იმას, რომ ქიმიო თერაპია მიიღოს და ვიცით რომ ამან შეიძლება 6 თვე გაუხანგრძლივოს ეს ცხოვრება. მაგრამ, არ ვხარჯავთ იმის ნახევარ ფულს იმაზე, რომ ამ ადამიანს სიმსივნე არ დაემართოს და არ მივიდეს სამკურნალოდ აქამდე. აი ეს არის ჩვენი ახალი სტრატეგია, რომ თითოეულ ადამიანთან მიმართებაში, ჯანმრთელობის კუთხით, იყოს მაქსიმალურად ყურადღება საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომ, სანამ ადამიანი უკვე გადასარჩენ პირობებში მივა, რომელიც გაცილებით ძვირი უჯდება, მათ შორის, სახელმწიფოს, და ყველაზე ძვირი ის არის, რომ ეს ადამიანი შეიძლება გარდაიცვალოს, უბრალოდ, რადგან ვეღარ უშველი, და, სანამ ამ დონემდე მივა, მანამდე ვუმკურნალოთ და მანამდე პრევენციული მექანიზმების მეშვეობით ეს გავაკეთოთ. ეს როგორ უნდა მოხდეს? ეს არის საბიუჯეტო სახსრები ამისთვის არის, რომ მაქსიმალური ინერცია გავაკეთოთ საბიუჯეტო სახსრების იქ სადაც არის პრევენცია, რომ დავზოგოთ საბოლოო ჯამში ადამიანის სიცოცხლე პირველ რიგში და რესურსები რომელიც იხარჯება ამასთან დაკავშირებით“.
მთლიან მონაკვეთში ნათლად ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოხატავს არა სინანულს ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დაფინანსების გამო „შავ ხვრელში“ გადაყრილ სახსრებზე, არამედ საუბრობს ზოგადად დასავლურ სახელმწიფოებში აპრობირებულ ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრევენციაზე ორიენტირებას და ფინანსების უფრო ეფექტიანად განკარგვას გულისხმობს. ვაშაძის აზრით, მთლიანობაში ეს ნაკლები დანახარჯების გამოყენებით, უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენის საშუალებას იძლევა.
ამას გარდა, გიორგი ვაშაძის განცხადება 2018 წელს არის გაკეთებული და თავისთავად, ის არ შეიძლება წარმოადგენდეს პასუხს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2023 წლის აპრილის თვეში, მთავრობის სხდომაზე დაანონსებულ სახელმწიფო პროგრამაზე.
შესაბამისად, „მიხეილ უკრაინოლოგის“ მიერ დამონტაჟებული ვიდეო მანიპულაციური და სოციალური ქსელის მომხმარებლისთვის შეცდომაში შემყვანია.
-------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.