23 იანვარს, „ალტ-ინფოს“ ეთერში, გადაცემაში „კვირა ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, წამყვანმა, ნიკოლოზ მჟავანაძემ, უკრაინის კრიზისის შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა.

დეზინფორმაცია #1: „ჩვენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ის, რაც ეხლა ხდება უკრაინაში და რაც ხდება დონბასში და ლუგანსკში, არის ძალიან საგანგაშო თავად უკრაინისათვის. იმიტომ, რომ წესით და რიგით, ეხლა ესეთი საკითხები ომით არ წყდება, იმიტომ რომ ძალთა თანაფარდობა არის შეუდარებლად დიდი, განსხვავებული. წესით და რიგით, ჩვენც უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ჩვენ როდესაც არ შეგვწევს უნარი, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ ძალისმიერი მეთოდებით, ამ შემთხვევაში ახალი სისხლისღვრა უნდა აარიდო ქვეყანას. და ეხლა უკრაინელები ცდილობენ, დასავლეთის წაქეზებით, დაიწყონ ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციები, რომელიც წინასწარვე განწირული არი მარცხისათვის, წინასწარვე განწირულია იმისთვის, რომ უამრავი ადამიანი დაიღუპება და კიდევ უფრო დაკარგავენ ისინი ტერიტორიებს და ამას ნებისმიერი ჭკუათმყოფელი ადამიანი მიხვდება“.

უკრაინის დადანაშაულება ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების დაწყების მცდელობაში კრემლის დეზინფორმაციული გზავნილია, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. რეალურად, რუსეთმა 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი, სამხედრო და ომის წარმოების პროცესში საჭირო სხვადასხვა რესურსი უკრაინის საზღვართან გადაისროლა. პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც რუსეთმა უკრაინის საზღვართან ათი ათასობით ჯარისკაცი განალაგა, როგორც თავად აცხადებდა „NATO-სგან მომდინარე საფრთხის პასუხად“. შემდგომ რუსეთი ამტკიცებდა, რომ დანაყოფების ნაწილი უკან გაიყვანა. თუმცა ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა მხოლოდ ჯარის მცირე ნაწილი გაიყვანა და უკრაინის საზღვართან დიდი ძალები განლაგებული დატოვა. ხოლო 2021 წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვართან დამატებითი ძალების გადასროლა დაიწყო, რამაც შეუქცევადი ხასიათი მიიღო. რუსეთმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ჯარების ნაწილის გაყვანას იწყებდა, თუმცა ეს პრაქტიკაში არ განხორციელებულა. BBC-ის ინფორმაციით, სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად, ამჟამად უკრაინის საზღვრებთან 190 ათასი რუსი ჯარისკაცია განლაგებული (ასევე იხილეთ რუკები და სატელიტიდან გადაღებული სურათები Guardian-ის მასალაში):

წყარო: BBC

თუმცა რუსეთის ქმედებები ფართომასშტაბიანი ომისთვის სამზადისს წარმოადგენს. საერთაშორისო სამართლის დოკუმენტების თანახმად, რომელთა ხელმომწერი რუსეთიცაა, (გაერო-ს წესდება და ჰელსინკის 1975 წლის აქტი, რომელთა ხელმომწერი რუსეთიცაა), სახელმწიფოებმა ძალის გამოყენების მუქარისგან თავი უნდა შეიკავონ და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობისადმი ძალის გამოყენების მუქარა დაუშვებელია. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან 100 ათას ჯარისკაცზე მეტის განლაგებისა და სამხედრო მზადების პარალელურად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, დასავლეთისგან მომდინარე „აგრესიის“ პასუხად „სამხედრო-ტექნიკური“ საშუალებების გამოყენებით დაიმუქრა, რაც ირიბად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით განხორციელებულ მუქარად აღიქმება. შესაბამისად, უკრაინის ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების დაწყებაში დადანაშაულება, მაშინ როდესაც სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის რუსეთი ემზადება და შესაბამის, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, მუქარას ახორციელებს, მცდარია.

რუსეთის მიერ ომის დაწყების შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციას აშშ-ისა და სხვა დასავლური ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებიც ავრცელებენ. რუსეთის მიერ უკრაინის საზღვარზე ჯარების უპრეცედენტო მობილიზებისა და ომის წარმოებისთვის საჭირო მარაგების შექმნის ფონზე, რაც რუსეთის მიერ უკრაინისთვის ომის საშიშროების შექმნას და პროვოკაციას წარმოადგენს, დასავლურმა სახელმწიფოებმა, პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, უკრაინას სხვადასხვა ტიპის სამხედრო, ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინეს. უკრაინას სხვადასხვა ფორმის სამხედრო დახმარებას უწევს გაერთიანებული სამეფო, კანადა, პოლონეთი, აშშ, დანია, თურქეთი, ჩეხეთი. ევროკავშირმა 1.2 მილიარდი ევროს ფინანსური დახმარება გაუწია (უკრაინას ფინანსური დახმარება გაუწია შვედეთმაც). გარდა ამისა, დასავლეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთისათვის მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას გეგმავს.

შესაბამისად, რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე დასავლეთის მიერ უკრაინის დახმარება და უკრაინის მიერ თავდაცვისათვის მზადება, უკრაინის მიერ „დასავლეთის წაქეზებით“ „ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციების“ დაწყების მცდელობას არ წარმოადგენს. პირიქით, ფართომასშტაბიანი ომის საფრთხესა და პროვოკაციებს, უკრაინის საზღვართან ჯარის მობილიზებისა და საომარი სამზადისის დაწყებით, რუსეთი ქმნის.

დეზინფორმაცია #2: „მაშინდელი პრეზიდენტი უკრაინის, კრავჩუკი საუბრობს იმის შესახებ, თუ რა გაუკეთა ამერიკამ უკრაინელებს. აი, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ამერიკა არის უკრაინის მეგობარი, აი როგორი მეგობარი არის უკრაინა ეს გამოჩნდა 1993 წელს, როდესაც ამერიკელების ზეწოლის შედეგად უკრაინამ თქვა ბირთვულ შეიარაღებაზე უარი... როგორ არ განხორციელდა სამხედრო ინტერვენცია, დავინახეთ და როგორი ფასი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ესეც დავინახეთ. მოეწერა ხელი ბუდაპეშტში იმას, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იქნებოდა დაცული იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინა ბირთვულ შეიარაღებაზე იტყოდა უარს. თავად მოისმინეთ კრავჩუკმა, ეს არის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, გააკეთა [განცხადება] რომ ამერიკელების, დასავლეთის ზეწოლით იქნა უარი ნათქვამი ბირთვულ შეიარაღებაზე, იმის სანაცვლოდ, რომ ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინის უსაფრთხოება იქნებოდა დაცული. მაგრამ, ეს ყველაფერი არ განხორციელდა, დავინახეთ, რომ უკრაინამ დაკარგა ყირიმი, დაკარგა დონეცკი, დაკარგა ლუგანსკი, და ეს იყო პირველი ხაფანგი, რომელიც დაიგო, უკრაინის წინააღმდეგ და ამ ხაფანგში მოყვა უკრაინის ხელისუფლება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბირთვული შეიარაღება არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანა დაცულია და აი, ასეთ რამეზე ათქმევინა ამერიკელებმა უკრაინელებს უარი. და ახლა, მერე ვთქვათ, ვინ არის მეგობარი უკრაინის? - ამერიკელები არიან მეგობრები?...”

რეალურად, 1994 წელს უკრაინამ დათმო მისი ბირთვული არსენალი, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან დარჩა და მსოფლიოში სიდიდით მესამე იყო. ამ დათმობაზე წასვლის სანაცვლოდ 1994 წელს აშშ-ის, გაერთიანებულ სამეფოს, რუსეთსა და უკრაინას შორის ბუდაპეშტის მემორანდუმი გაფორმდა, რომლითაც მხარეებმა აიღეს ვალდებულება, რომ პატივს სცემდნენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და არსებულ საზღვრებს; არ დაემუქრებოდნენ მას ძალის გამოყენებით და არ გამოიყენებდნენ მის წინააღმდეგ იარაღს; ასევე არ გამოიყენებდნენ უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკურ ბერკეტებს.

რუსეთმა ბუდაპეშტის მემორანდუმი უხეშად დაარღვია, როდესაც ყირიმის ანექსირება მოხდა და აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, სეპარატისტებს მხარი დაუჭირა. [1] სწორედ რუსეთმა შელახა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. მართალია, სხვა ხელმომწერმა ბირთვულმა სახელმწიფოებმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი; საფრანგეთმა და ჩინეთმა ასევე დადეს უკრაინასთან ცალკე შეთანხმება, თუმცა შედარებით დაბალი დონის გარანტიებზე იღებდნენ პასუხისმგებლობას) ვერ შეძლეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა ხელშეკრულების მთავარი დამრღვევი რუსეთის ფედერაციაა, ხოლო აშშ და დიდი ბრიტანეთი უკრაინას დახმარებას დღესაც უწევენ. აღნიშნულ ფაქტებს მჟავანაძე არ ახსენებს, უგულებელყოფს ბუდაპეშტის შეთანხმების მთავარი დამრღვევს რუსეთს და შესაბამისად, მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.

დეზინფორმაცია #3: „...როდესაც იანუკოვიჩის ჩამოგდების პერიოდი იყო, იქ იყო საუბარი, რომ NATO-ს შეიარაღებული ძალები უნდა განლაგებულიყვნენ. ეხლა, რუსეთმა დაასწრო ამ პროცესებს. ყირიმში უკრაინის განდევნა და რუსეთის შესვლა გამოწვეული იყო იმით, რომ თუკი ისინი არ შევიდოდნენ, რუსები არ შევიდოდნენ ყირიმში, მაშინ NATO-ს ჯარები შევიდოდნენ ყირიმში, და NATO-ს ჯარების ყირიმში შესვლა, სადაც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, სევასტოპოლი არის სამხედრო ქალაქი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან, ეს არის სამხედრო ფლოტი. მთელი შავი ზღვის ფლოტი არის განლაგებული სევასტოპოლში. ეს არის სამხედრო ქალაქი, რომელიც დახურული იყო საბჭოთა კავშირის დროს.

იქ რომ NATO შესულიყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ მთლიანად შავი ზღვის ჰეგემონიას ახორციელებდა NATO. და რა თქმა უნდა, რუსეთი ამას არ დაუშვებდა. რუსეთი იძულებული იყო, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი, იმიტომ რომ პროცესები მიდიოდა იქითკენ რომ იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდგომ უკვე ესე [NATO-ს ყირიმში შესვლის სცენარით] უნდა წარმართულიყო პროცესი. მაგრამ მაშინ ისე წავიდა პროცესები და იმდენად უნიათო აღმოჩნდა უკრაინის ხელისუფლება, პოროშენკო მოვიდა შემდგომ, 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი ჰყავდა ყირიმში, სევასტოპოლში, უკრაინელებს, 10 ათასზე მეტი! საზღვაო ფლოტი ჰყავდა, მთელი შეიარაღება ჰყავდა, მაგრამ 1 გასროლაც კი არ განუხორციელებიათ უკრაინელებს ყირიმის დასაცავად, ისე მოხდა რუსული ჯარის შესვლა სევასტოპოლში, სიმფეროპოლში და აი, ამ ყირიმის სხვადასხვა ქალაქებში... [ყირიმი] დაკარგული იქნა დასავლეთის „ხუშტურების“ შედეგად, დასავლეთის პროვოკაციის [„დასავლეთის, ამერიკელების დაფინანსებული რევოლუციის“] შედეგად“. „...ეს ხალხი, რომელიც მაიდანზე გამოდიოდა, იყო არა თავისი განწყობილებებით და განზრახულობებით გამოსული, არამედ ამერიკელების და დასავლეთის მიერ კარგად დაფინანსებული სპეცოპერაციის განუყოფელი ნაწილი...“.

საუბარი იმაზე, რომ 2014 წლის მოვლენებამდე NATO ყირიმში შესვლას აპირებდა, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. NATO სხვა ქვეყნებში ჯარის განლაგებას მხოლოდ უშუალოდ სახელმწიფოს მოწვევითა და თანხმობით ან ჰუმანიტარული კრიზისის/კატასტროფის აღკვეთის მიზნით ახდენს. უკრაინას კი 2014 წლამდე ყირიმში NATO-ს ძალების განლაგების მოწვევა არ გაუკეთებია და ასევე 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის გაჩაღებამდე უკრაინაში არც კრიზისი არსებობდა. შესაბამისად, მჟავანაძის მტკიცება, რომ რუსეთი პრევენციულად მოიქცა და NATO-ს ყირიმში შესვლა დაასწრო, „კონტბრალდების“ ტიპის პროპაგანდის კლასიკურ მაგალითსა და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2014 წლის დეკემბრამდე, ე.ი. სანამ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენდა და დონბასში ომს გააჩაღებდა, ქვეყანას უბლოკო სტატუსი ჰქონდა (უკრაინამ ის 2014 წლის დეკემბერში გააუქმა) და შესაბამისად, უცხოური სამხედრო ბაზების განთავსება ფაქტობრივად კონსტიტუციით იყო შეზღუდული. გარდა ამისა, 2014 წლამდე უკრაინის NATO-ში გაწევრიანება მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერით არ სარგებლობდა. 2013 წლის ოქტომბრის კვლევის თანახმად, ალიანსში გაწევრიანებას მხოლოდ 20% უჭერდა მხარს. საზოგადოებრივი მხარდაჭერა გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

NATO-სადმი უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება რუსეთის მიერ თავისი დანაშაულებისა და პასუხისმგებლობისგან ყურადღების გადატანა და გამართლებაა. უკრაინაში 2014 წლის რევოლუციის დასავლეთის ან აშშ-ის მიერ მოწყობილად წარმოჩენაც ასევე საფუძველს მოკლებულია.

რეალურად, იანუკოვიჩის წინააღმდეგ გამოსვლები მის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე უარის თქმის გამო დაიწყო და სახალხო პროტესტს წარმოადგენდა. პროტესტანტები ასევე მოითხოვდნენ კორუფციის აღმოფხვრას, პარლამენტის როლის გაზრდა და სხვა დემოკრატიულ რეფორმებს. გზავნილი, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებში ნებისმიერი არეულობა ადგილობრივი რეჟიმის დასუსტებაზე მიმართული დასავლური გეგმის ნაწილია, რათა ახალი რეგიონის ათვისება მოახდინონ, ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ შესახებ ცნობილი კრემლისტური კონსპირაციაა. მის თანახმად, პრორუსული მედია სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ სახალხო პროტესტს, რომელიც კრემლის ინტერესებში არ შედის და პროდემოკრატიული ხასიათი აქვს, ხშირად უცხოეთიდან, უმეტესად აშშ-სა და დასავლეთიდან წაქეზებულად წარმოაჩენს.

დეზინფორმაცია #4: „მაშინაც [რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს, 2014 წელს] საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილი იყო. აქიდან ძალიან დიდი მხარდასაჭერი გამოსვლები იყო, მახსოვს. იმ მაიდანზე გამოსულ მიტინგებზე სააკაშვილის „ნაცსექტის“ წარმომადგენლებიც ომახიანად გამოდიოდნენ და მჯიღზე იკრავდნენ ხელებს და... უკრაინის ხელისუფლების ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ...“.

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადება ფაქტობრივ შეცდომას შეიცავს. რეალურად, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლამდე იყო. მაიდანის პროტესტის დროს პარლამენტში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობდა, ხოლო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო.

რედაქტორის შენიშვნა: სტატია მომზადებულია 21 თებერვლამდე, სანამ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით, რუსეთის ფედერაცია დონეცკისა და ლუჰანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობას“ აღიარებდა.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

[1] ხელშეკრულების შემდგომ დარღვევას წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. „დამოუკიდებლობას“ აღიარება.