Facebook-გვერდმა „მიხეილ განუბაჟებელი“, რომლის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია (ბმული 1, 2) გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სხვადასხვა საჯარო განცხადებებიდან ამოჭრილი მონაკვეთების კოლაჟია წარმოდგენილი. პოსტის ავტორების მტკიცებით, ეს ადამიანები საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ - „ომი უნდათ, მაგრამ თვითონ ერთმანეთს საზღვარზე გაასწრებენ“. სინამდვილეში, ვიდეოში ინტერვიუს სხვადასხვა მონაკვეთები კონტექსტის დამახინჯებით არის ამოჭრილი.
გავრცელებულ ვიდეოში დამონტაჟებული თითქმის ყველა მონაკვეთი იმდაგვარადაა დამუშავებული, რომ მსმენელს ვიდეოში მონაწილე პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და მათ რეალურ კონტექსტზე არასწორი წარმოდგენა ექმნება. ამავდროულად, ვიდეოკოლაჟში ზოგიერთი პოლიტიკოსის შემთხვევაში მხოლოდ ერთი სიტყვაა ამოჭრილი, მაგალითად „ომი“, „აჯანყება“, რაც, კონტექსტის გარეშეა და, იმისთვისაა გამოყენებული, რომ შეიქმნას განწყობა, თითქოს მათ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.
ვიდეოკოლაჟში პირველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზურაბ ჭიაბერაშვილის მონაკვეთია, სადაც ის ამბობს: „დიახ, ომი მინდა“. ჭიაბერაშვილის ეს მონაკვეთი ამოჭრილია 2022 წლის 5 ივნისს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული გადაცემიდან - „კვირის ფორმულა“, სადაც ზურაბ ჭიაბერაშვილი ვახო სანაიას სტუმრობდა. სრულ მონაკვეთში, ჭიაბერაშვილი ამბობს: „პოლიტიკურმა პარტიებმა გაცილებით თამამად უნდა ილაპარაკონ და დაანგრიონ ის სტერეოტიპები, რაც, საბოლოო ჯამში, ავტორიტარული რეჟიმების დანგრევას სჭირდება. პირველი, მთავარი არის გამართული მესიჯი. როდესაც პოლიტიკური პარტიები ლაპარაკობენ არა თავის საკუთარი დღის წესრიგიდან, არამედ კობახიძის დაბრალებაზე პასუხის გაცემით... იმ წუთას ოპოზიციის ამომრჩეველი არ გრძნობს, რომ ძალა მოდის“. შემდეგ კი აგრძელებს, „სინამდვილეში, როცა გაბრალებენ, რომ აბა ომი გინდათ? თუ საჭიროა, უნდა უთხრა, რომ ქვეყნის თავისუფლებისათვის, თუ ომი საჭიროა, დიახ, ომი მინდა. აბა, ისე დამოუკიდებლობა არ არსებობს, სუვერენიტეტი არ არსებობს. სახელმწიფოს არსი არის სუვერენიტეტი და სუვერენიტეტის არსი არის, რომ თუ შენ სუვერენიტეტი უნდა დაიცვა, ეს, შეიძლება, იარაღითაც მოგიწიოს“. შესაბამისად, ჭიაბერაშვილის განცხადება რეალურად, სულ სხვა შინაარსის მატარებელია. ის „ქართული ოცნების“ ბრალდების საწინააღმდეგოდ ოპოზიციის საპასუხო გზავნილებზე მსჯელობს და აცხადებს, რომ ოპოზიციის პასუხი ამ კამპანიაზე მათ შორის იმის ახსნა უნდა იყოს, რომ ქვეყანას სუვერენიტეტის დასაცავად შეიძლება ბრძოლაც მოუწიოს.
ვიდეოს კიდევ ერთ მონაკვეთში, გადაცემა „პოსტ ფაქტუმის“ 2022 წლის 5 ივნისის გადაცემიდან, ჟურნალისტ თენგიზ გოგოტიშვილის მონოლოგიდან ამოჭრილი ნაწილია ნაჩვენები, სადაც ის ამბობს, რომ „ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს, ომი და უკრაინის უპირობო გამარჯვება“.
სინამდვილეში, თენგო გოგოტიშვილის სრულ მონოლოგში ჩანს, რომ ის არა საქართველოს ომში ჩართვაზე, არამედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივასა და შანსებზე საუბრობს. ჟურნალისტი ამ მონაკვეთში ამბობს: „საქართველოს აქვს კონკრეტული საშინაო დავალება ევროკავშირისგან, რაც ასახულია ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში მიღებული 2021 წლის გეგმაში“. ჟურნალისტი გამოყოფს 5 საკითხს, რომლებიც საქართველოსთვის განსაკუთრებით პრობლემურია. ეს საკითხებია:
• გამჭვირვალე, ინკლუზიური და სანდო არჩევნების ჩატარება,
• მოსამართლეთა სრული დამოუკიდებლობების და ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა,
• გავლენისგან თავისუფალი პროკურატურა და სისხლის სამართლის გამოძიება,
• მედიის პლურალიზმი, გამჭვირვალობა და დამოუკიდებლობა,
• მედიის მუშაკთა დაცვის გაძლიერება და მათ მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტიანი გამოძიება.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჟურნალისტი ასკვნის რომ „ამ პირობებით და ამ მთავრობაში, ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას ერთადერთი გამოსავალი აქვს ომი და უკრაინის უსწრაფესი გამარჯვება, ყველა სხვა შემთხვევაში, ბრიუსელი კი არა მუხასრანსკი (ქალაქი რუსეთში) დაგვრჩება გვერდზე“.
თენგო გოგოტიშვილი ფოსტ-ფაქტუმის ამ მონაკვეთში საკუთარ მოსაზრებას აჟღერებდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ევროპული პერსპექტივის რეალიზაციის ერთადერთი გზა უკრაინის ომზე და ამ ომში კიევის სწრაფ გამარჯვებაზე გადის, სხვა შემთხვევაში კი, საქართველო რუსეთის გავლენის სფეროდ გადაიქცევა. შესაბამისად, გოგოტიშვილი, საუბრობდა არა იმაზე, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა საქართველოს მიერ ომის დაწყებაზე გადის, არამედ იმაზე, რომ ამ პერსპექტივის რეალიზაციის ერთადერთი შესაძლებლობა რუსეთის მიერ დაწყებულ ომში უკრაინის გამარჯვებაა.
ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ასევე ჩანს ანა ნაცვლიშვილი, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, და მის მიერ ნათქვამი სიტყვა „შეთქმულება“. აღნიშნული კადრი ამოჭრილია „პალიტრანიუსის“ გადაცემიდან „360 გრადუსი“, რომელიც ეთერში 2023 წლის 24 მარტს გავიდა. „ფაქტის დონეზე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლებებს, რომლებიც არიან დემოკრატიული თავისი ბუნებით და რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ასეთი მოლანდებები მათ არ აწუხებთ. თქვენ ვერ ნახავთ დემოკრატიად აღიარებულ პრეზიდენტს, პრემიერს ან პარლამენტის თავმჯდომარეს რომელიმე ქვეყნიდან მსოფლიოში, რომელსაც ყველა მოსახვევში ელანდება გადატრიალება და შეთქმულება, ეს არის უკვე ბოდვითი აშლილობა, რომლითაც შეპყრობილია ეს ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც ასეთ შიშებში ცხოვრობს და შიშს პრიზმიდან უყურებს ყველას და ყველაფერს, თვითონ ხალხისთვის ხდება საშიში“,- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა. ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული კოლაჟი მცდარად წარმოადგენს ანა ნაცვლიშვილის მიერ ნათქვამ სიტყვა „შეთქმულებას“ იმის საილუსტრაციოდ, თითქოს პოლიტიკოსს ქვეყნის ომში ჩართვა სურს.
რაც შეეხება, მწერალ დათო ტურაშვილს, ვიდეოში ჩანს კადრი გადაცემიდან „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და ისმის ტურაშვილის ნათქვამი სიტყვა „აჯანყება“. თუმცა, გადაცემაში დათო ტურაშვილი არა ომთან, არამედ ხინკალთან დაკავშირებით საუბრობდა. მწერალმა აღნიშნა: „1956 წელს იყო აჯანყება, მთელმა საქართველომ მიიღო მონაწილეობა, მოგეხსენებათ და უამრავი ადამიანი დახოცეს, მერე მიხვდნენ, რომ ეს ქართული ენერგია რაღაცნაირად უნდა ან მისუსტებულიყო, ან გამქრალიყო და მთელ საქართველოში მაშინ დაიწყეს სახინკლეების და რესტორნების გახსნა“. შესაბამისად, ტურაშვილმა აღნიშნულ განცხადებაში სიტყვა აჯანყება სხვა კონტექსტით გამოიყენა.
ვიდეოკოლაჟის კიდევ ერთ მონაკვეთში, ნაჩვენებია ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ეპიზოდი, მისი სტუმრობიდან TV Georgian Times-ის გადაცემაში „დროული კითხვები“. ვიდეოს მოჭრილ მონაკვეთში ისმის უგულავას საუბარი, სადაც ის ამბობს, რომ „ომიც მოსულა, კი, მოსულა, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს“.
სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ უგულავა ამბობს: „ეს ოპოზიციის კეკლუცი რომ ვაიმე ის არ დამიძახონ, რაც გინდა ის დაგიძახონ. საარჩევნო პერიოდი... არჩევნები არ იქნება თუ რუსი მოვიდა. და რაა მერე, ომის პარტიას დაგიძახებენ, დამიძახონ, ჩემი ქვეყნისთვის ომიც მოსულა, კი მოსულა, მოსულა, გაიგეთ, ყველამ გაიგოს. უნდა გაიგოს ყველამ, რომ ქვეყანას დაცვა სჭირდება, დამიძახონ რაც უნდათ“. შესაბამისად, აღნიშნულ ვიდეოში გიგი უგულავაც ხელისუფლების კამპანიის კონტექსტში საუბრობს და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის დასაცავად შესაძლოა ომიც საჭირო იყოს.
კიდევ ერთი პოლიტიკოსი, რომლის ფრაზაც „ჩვენ ვიბრძოლებთ“, გავრცელებულ ვიდეოში მოხვდა, დავით უსუფაშვილია. დავით უსუფაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ 2022 წლის 10 მარტს, უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლების განცხადებებს გამოეხმაურა.
„სანამ შეუბერავენ, მანამდე უკვე წაქცეულები რომ არიან, აი, „ტანკი თუ დაიქოქება, საქართველოსგან არაფერი აღარ დარჩებაო“. იცით, რა, თუ ასეთი მთავრობა მყავს, მაშინ წავიდნენ სახლში და ისეთი მაინც მყავდეს, რომელიც იტყვის, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. რომელი მტერი იყო თავზე ხელს რომ უსვამდა საქართველოს? დავით აღმაშენებელი თუ მაგარი იყო, ერეკლე, სამასი არაგველი და ანწუხელიძე, თუ ესენი არიან ჩვენი გმირები, ვინც სამშობლოს იცავდა, მაშინ ახლა რაზე ვლაპარაკობთ? გასაგებია, რომ რუსეთი უფრო დიდია, ვიდრე საქართველო, უკრაინაც უფრო პატარაა, ვიდრე რუსეთი, მაგრამ ომს იგებს მორალური სიმტკიცე, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამისი. ამ ხალხს ეშინია ამის და ამ შიშს, სახელმწიფოს მხრიდან გამჟღავნებულ შიშს ყველაზე კარგად გრძნობს ის მეორე სახელმწიფო. ერთი შებერვით შეუძლია სიტუაციის სათავისოდ გადაყვანა“. ამდენად, დავით უსუფაშვილი ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებს და მის მიერ არ ჟღერდება მოწოდება, რომ საქართველო ომში ჩაერთოს.
რესპუბლიკური პარტიის ყოფილმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, „მთავარი არხის“ ეთერში „აბა ომი გინდათ“ რიტორიკისა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა. „რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ რამენაირად დაიმორჩილონ საზოგადოება და აიძულონ დაემორჩილოს იმ ხაზს, რომელიც თავისუფლების შემთხვევაში ძნელი გასატარებელია. საქართველოს დამონება ძალიან ძნელია და მე არც მგონია, რომ ეს შესაძლებელი ამოცანაა, მაგრამ თუკი ვიღაცა ნაბიჯებს დგამს რუსეთისკენ მას აუცილებლად დასჭირდება ასეთი კანონები, რიტორიკა. თავიდანვე, როგორც კი ითქვა, რომ მშვიდობა არის ყველაზე დიდი ღირებულება, თავისთავად, ვინ შეიძლება შეეკამათოს, ამაშია მთელი მუღამი ამისი, ისეთ რამეს ამბობენ - აბა ომი გინდათ? უნდა გითხრათ, რომ თუ საჭიროა, ომიც უნდა გვინდოდეს და დავით აღმაშენებელზე რომ თქვეს, ჩვენ ეგ ვართ, მაგ ხაზს ვატარებთო, იმ კაცმა ომით გააკეთა თავისი გასაკეთებელი. თუ ვინმეს ამაში რამე ეჭვი ეპარება, უბრალოდ ისტორიის სახელმძღვანელოში უნდა ჩაიხედოს, მაგრამ მშვიდობას თუ გამოაცხადებ და უსაფრთხოებას მთავარ ღირებულებად, მაშინ დათმეთო ბატონო თავისუფლება, ესაა სულ მათი ფილოსოფია, ღრმა აზრები მათ არ აწუხებთ. ეს კანონიც არის იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორი, როგორც ასეთი, დაუმორჩილებელი სექტორი, იქნებ დაიმორჩილონ. აქ არის კუნძულები ქვეყანაში, დაუმორჩილებლობის, მაგალითად, მწერლობას ვერაფერი ვერ უქნეს“. შესაბამისად, ლევან ბერძენიშვილიც ხელისუფლების რიტორიკას აკრიტიკებს.
რაც შეეხება „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებელს, ყოფილი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს, მან 2022 წლის 2 ივნისს პალიტრანიუსის ეთერში გადაცემა Newsroom-ში ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ნარატივებზე ისაუბრა. „ხელისუფლება პესიმიზმს თესავს და მუდმივად ისეთ განწყობას ქმნის, რომ ჩვენ ხომ არაფერი შეგვიძლია, ჩვენ ხომ დავმარცხდებით, ჩვენ ხომ ვერ ვიომებთ, ამიტომ ახლა ჩუმად უნდა ვიყოთ და არც არაფერი არ უნდა გამოვჩნდეთ. ეს არის ტრაგიკული. ღმერთმა დაიფაროს და მართლა რამე რომ მოხდეს იმის ნაცვლად რომ საზოგადოება იყოს ოპტიმისტურ განწყობაზე, იყოს მზადყოფნაში, მისი ჯარი დაიცავს და თვითონაც მზად იქნება ამ გამოწვევისთვის, დედამიწის ზურგზე ჯერ არც ერთი ომი მარტო ჯარს არასდროს არ მოუგია. თუ საზოგადოების შესაბამისი განწყობა და მხარდაჭერა არ არის (...) ჩვენ არა ნაკლებ ვიომებთ, ვიდრე უკრაინა ომობს დღეს, ოღონდ იმ შემთხვევაში ვიომებთ, დიდწილად ასეთი ამბები იმის მაგალითად, რასაც ჩვენ უკრაინაში ვუყურებთ ყოველდღე ეს ხომ განწყობის შედეგია, საზოგადოების, მთელი ქვეყნის, იმ ჯარისკაცების მშობლების, მათი ოჯახის წევრების, რომლებიც სამხედრო თეატრში იმყოფებიან. აი ამის უზრუნველყოფა თუ მოვახდინეთ, მე ძალიან მაღალი ოპტიმიზმი მაქვს ქართულ ჯართან დაკავშირებით. მაგრამ თუ უცებ აღმოვჩნდით, არ ვიცი მთელი დანარჩენი საზოგადოება ტანკზე სუფრას გადაუშლის რუსებს, ხომ მაშინ, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ იზამენ“. ამდენად, თინა ხიდაშელის განცხადება რეალურად, სულ სხვა შინაარსის მატარებელია და მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთთან ომის დაწყების მოწოდებას არ წარმოადგენს.
ამგვარად, Facebook-ანგარიშის „მიხეილ განუბაჟებელი“ მიერ გავრცელებული ეს ვიდეოკოლაჟი, სხვადასხვა პოლიტიკოსის თუ საჯარო ფიგურის ნათქვამს მანიპულაციურად წარმოადგენს.
-----------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.