„ალტ-ინფოს“ ეთერში 31 ნოემბერს გასულ გადაცემაში „კვირა ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა.
ნიკოლოზ მჟავანაძე 5 ივლისის მოვლენებზე საუბრობდა, რა დროსაც 55 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მიუხედავად ამისა, ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა (25:13): „რომ არა ეს ჟურნალისტები, დღეს 5 ივლისს დაკავებული ადამიანები ციხეში არ იქნებოდნენ. მე ვიცავ ერთ-ერთ მათგანს და კარგად ვხედავ, რა ხდება ამ პროცესზე. ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ეკლესიის რწმენისთვის გამოვიდნენ, არაფრის გამო ციხეში ჩასვეს. აი, ამ ტერორისტების [გულისხმობს ჟურნალისტებს] გამო, რომლებიც ტერორს ახორციელებდნენ საქართველოს მოსახლეობაზე“. მან ასევე აღნიშნა (26:24), რომ „ამერიკის საელჩოს პატრონაჟის ქვეშ ხორციელდება ეს ყველაფერი. დიახ დღეს ამერიკის საელჩოს პირადად დეგნანის პატიმრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ციხეს იხდიან...“. გადაცემის ბოლოში მან დაამატა (1:36:54): „ის ბიჭები, რომლებიც ეკლესიის დასაცავად გამოვიდნენ 5 ივლისს, რომელსაც მოუწყვეს ობსტრუქციები, აი როგორც დარბოდნენ... ეს ვითომ ჟურნალისტები და ვიღაცა შეიძლება მართლა გარკვეულწილად უთხრა, იმიტომ რომ ძალადობები ფაქტიურად ერთ შემთხვევაში იყო, იმ ლაშქარავასთან დაკავშირებით, თორემ დანარჩენ შემთხვევებში არანაირი ძალადობები არ ყოფილა. ეს ხალხი დაჭერილია ციხეში“.
რეალურად, რასაც „ალტ-ინფოს“ წამყვანი, ნიკოლოზ მჟავანაძე, „არაფრის გამო ციხეში ჩასმას“ უწოდებს, 55 ადამიანის ცემა და 2 ოფისის დარბევაა („სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისებში შეჭრა ფაქტობრივად კამერების წინ მოხდა). ასევე, მჟავანაძე ამტკიცებს, რომ ძალადობას ადგილი მხოლოდ ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში ჰქონდა, თუმცა პროკურატურასა და შსს-ს 55 ძალადობის ფაქტი აქვთ იდენტიფიცირებული, რომელთა ნაწილიც პირდაპირ ეთერშიც და/ან ვიდეო ჩანაწერების სახით არსებობს (5 ივლისს დაშავებული ჟურნალისტების სია, რომლებსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს იხილეთ ბმულზე). მაგალითად, „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტ გიორგი ნიკოლაიშვილის შემთხვევა ვიდეო კადრებზეა აღბეჭდილი.
ჯამში 5 ივლისის საქმეზე 27 პირია დაკავებული ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფური ძალადობის და ძალადობის მუქარით დევნის ფაქტებზე, ,,თბილისი პრაიდის“ ოფისის დარბევისთვის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის ფაქტზე დაკავებულია 3 პირი, 1 პირი კი პოლიციამ მოქალაქის მიმართ ჩადენილი ძალადობისთვის დააკავა. სასამართლოს ჯერჯერობით განაჩენი არ გამოუტანია და აღნიშნული სტატიით „ფაქტ-მეტრი“ არც ერთი პირის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას არ ისახავს მიზნად, თუმცა 5 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ჟურნალისტებისადმი ფიზიკური ძალადობა და შედეგად, დაშავებულები, ოფისებში შეჭრა და ა.შ. მომხდარი და დადგენილი ფაქტებია.
დაზარალებულების არსებობა კი ცალსახად მიუთითებს 5 ივლისს დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე. ასევე პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ 27-ვე დაკავებული პირი პატიმრობაში დატოვა. რაც შეეხება, მჟავანაძის მტკიცებას, რომ ძალადობრივი ქმედებების გამო პირების დაკავება აშშ-ის პატრონაჟით ხდება და ისინი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის, პირად პატიმრებს წარმოადგენენ, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც არავითარი ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია. მართალია, 5 ივლისს განხორციელებულმა ძალადობამ მთელი ცივილიზებული სამყარო აღაშფოთა, რასაც შესაბამისი განცხადებებიც მოჰყვა, მაგრამ ჩადენილი ქმედებები - ფიზიკური ძალადობა, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, კერძო საკუთრებაში შეჭრა და დარბევა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადია და შსს-სა და პროკურატურის ქმედება კანონის აღსრულების ნორმებში ჯდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ძალადობაში ჩართული პირების დაკავების მიუხედავად, ძალადობის ორგანიზატორები კვლავ არ არიან დაკავებულნი და დასჯილნი.
ნიკოლოზ მჟავანაძემ აგრეთვე განაცხადა (1:07:00): „ვასალი ნამდვილად ვართ დღეს ამერიკის და დასავლეთის. საბჭოთა კავშირის პერიოდში ნამდვილად არ იყო საქართველო ისე დაჩაგრული და დამონებული, როგორც ახლაა... პირიქით, რა ვიცი, ხუთ მილიონზე მეტი ვიყავი და 2 მილიონით შემცირდა ქვეყანა. და ახლა, როდესაც საუბრობთ იმაზე, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის მოყვარე, დასკვნები თქვენზე გამოიტანეთ. ეს ხომ ფაქტები არის, ეს ხომ უტყუარი ფაქტები არის“. საქართველოს აშშ-სა და დასავლეთის „ვასალად“ და „კოლონიად“ წარმოჩენა ანტიდასავლური პროპაგანდის ცნობილი ნარატივია, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველო დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ქვეყნის სუვერენიტეტი ირღვევა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის გამო, სადაც, ბუნებრივია, ცენტრალური მთავრობა მისი იურისდიქციის გავრცელების შესაძლებლობას მოკლებულია.
მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველო „დაჩაგრული“ და „დამონებული“ არ იყო, ხოლო ახლა არის, ასევე ტყუილია. 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია-ანექსია მოახდინა, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანო და მთავრობა დაამხო და მისი მარიონეტი რეჟიმი დაამყარა. შემდგომ საქართველოს ფიქციური დამოუკიდებლობაც გააუქმა და ის საბჭოთა კავშირის ნაწილად აქცია, ჩამოართვა მას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა და მისი მართვა კრემლის გადაწყვეტილებებს დაუქვემდებარა. ხოლო, მაგალითად 1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ხალხის ნებას საქართველო დამოუკიდებელი გამხდარიყო, მშვიდობიანი დემონსტრანტების დახოცვით უპასუხა. ეს ფაქტები სწორედ საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს „დაჩაგვრასა“ და „დამონებაზე“ მიუთითებს. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ კი საქართველო სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენს (რასაც საფრთხეს განგრძობადი და მცოცავი ოკუპაციითა და ანექსიური პროცესებით რუსეთი უქმნის).
ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცებით (1:23:37), ევროკავშირის დროშის შეურაცხყოფისათვის 10 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა არის. სინამდვილეში, პარლამენტში მართლაც არის წარდგენილი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ სახელმწიფოთა დროშების (რომლებიც აღმართული ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე) დაზიანებისათვის, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, 1000-ლარიანი სანქციის დაწესება განიხილება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში თანხა ორმაგდება (ან განიხილება ადმინისტრაციული პატიმრობა). აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ჯერ პლენარულ სესიაზე არ განხილულა და უცნობია, როდის მიიღებს მას პარლამენტი, რადგან ის ჯერ მხოლოდ ადამიანის უფლებათა კომიტეტს აქვს განხილული. ამასთან, შესაძლებელია კანონპროექტის მიღებამდე მასში ცვლილებები შევიდეს. შესაბამისად, მჟავანაძის მტკიცება არის მცდარი.
გადაცემაში წამყვანმა მოლდოვის შესახებაც ისაუბრა. მისი მტკიცებით, მოლდოვაში მთავრობა დასავლეთმა შეცვალა: (46:28) „თქვენ თვითონაც ნახეთ, რამხელად გაიზარდა გაზის მოწოდების საფასური მას შემდეგ, რაც დასავლეთმა იგორ დოდონის ნაცვლად მოიყვანა ხელისუფლებაში მათთვის სასურველი მაია სანდუ... (48:12) ეს კაცი [დოდონი] იმიტომ მოიცილეს, რომ არ ჰქონდა სადგისის ფუნქციის მატარებელი პოლიტიკა არ ჰქონდა დოდონს რუსეთთან მიმართებაში. და ამიტომ ახლა მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ესეთი, რომ უნდა შეცვლილიყო ყველანაირი პოლიტიკა... (49:59) მარტო ეს იყო მიზეზი დოდონის განთავისუფლების? არა მეგობრებო, ამ ადამიანმა ჩვენი ხელისუფლების და უკრაინის ხელისუფლებისგან განსხვავებებით უარი უთხრა NATO-ს, უარი უთხრა ევროკავშირის მითითებებს, რომლებიც კაბალურ მდგომარეობაში ჩააგდებდნენ მოლდოვას და სწორედ ამის გამო დაისაჯა ეს ადამიანი... (57:26) „...ახლა დაფიქრდნენ [დასავლეთის ქვეყნების მმართველები] , ამ კაცის [იგორ დოდონის] ხელისუფლებაში დატოვება შეიძლება? თან შუაგულ ევროპაში? ადგნენ და მოაცილეს ეს კაცი და დასვეს ადამიანი რომელიც მათ პოლიტიკას გაატარებდა [მაია სანდუ]“.
რეალურად, მოლდოვაში ხელისუფლება არა დასავლეთმა, არამედ მოლდოვის მოქალაქეებმა არჩევნების გზით შეცვალეს. 2020 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პროდასავლელმა მაია სანდუმ იგორ დოდონი დაამარცხა (57.7% - 42.2%) და პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, ხოლო 2021 წელს სანდუს პროდასავლურმა პარტიამ 52.6%-ით საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა (იგორ დოდონის სოციალისტებისა და კომუნისტების ბლოკმა ხმების 27.32% მოიპოვა. ეუთო/ოდირის ანგარიშების თანახმად, ორივე არჩევნებში გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა პროფესიონალურად ორგანიზებული, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო და არ იყო საუბარი იმგვარ სერიოზულ დარღვევებზე, რომელიც საბოლოო შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები იგორ დოდონმაც აღიარა. შესაბამისად, მჟავანაძის მტკიცება შეთქმულების თეორიასა და ყალბ ამბავს წარმოადგენს.
იგორ დოდონის შესახებ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა (54:09): „ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს რუსეთის კაცია, რუსებს კოჭს უგორებს. ზოგიერთ ტვინნაღრძობს შეიძლება დაებადოს [ეს აზრი]. ხომ ვიცით ამ რუსული აგენტურის იარლიყის მიწეპება როგორ ხდება...“. რეალურად, დოდონი ევროკავშირის ნაცვლად რუსეთთან ახლო ურთიერთობებს ღიად უჭერს მხარს, დოდონის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში კრემლთან დაკავშირებული პოლიტიკური მრჩევლები (მაგალითად, იური გუდილინი, ოლგა გრაკი და სერგეი პერფილიევი) მუშაობდნენ, სხვადასხვა წყაროსა და გამოძიების მიხედვით, დოდონსა და მის გარემოცვას რუსეთის საგარეო დაზვერვასთან ახლო კავშირები აქვს და კრემლის გავლენის ქვეშ არიან, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში; „დოსიეს“ გამოძიების თანახმად, დოდონი მის ზოგ გამოსვლასა და გეგმასაც რუსეთთან ათანხმებდა. დოდონს პრორუსად მოიხსენიებს ავტორიტეტული გამოცემებიც, მაგალითად POLITICO, Foreign Policy Research Institute, რონდელის ფონდი და ა.შ.
ნიკოლოზ მჟავანაძის მტკიცებით (59:25), „დასავლეთს არ აწყობს არც მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში პრობლემა რუსეთთან არ იქნება. და ეს მოხდა მოლდოვაში... დასავლეთი, რომელსაც მოჰყავს ესა თუ ის ხელისუფლება, მაგალითად ამა თუ იმ რეგიონში: მოლდოვაში, უკრაინაში, გინდაც საქართველოში, შიმშილით კლავს ადგილობრივ მოსახლეობას .. გადახედეთ, უკრაინაში მიგრაციაა სასტიკი, მოლდოვა იყინება, საქართველო დაიცალა, და ჩვენ ვართ ამ დასავლეთის ორბიტაზე. ტერიტორიულ მთლიანობაში ხომ არ გვიწევენ დახმარებას, შიმშილით ხომ გვხოცავენ და ერთადერთი ვისაც დახმარებას უწევენ არიან სოდომისტებს, რომლებიც არიან ძალიან ფართოდ წარმოდგენილი. მაგათზე მიდის ყველაზე დიდ დახმარება“. ეს მტკიცება ასევე ყალბია, რადგან ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს რუსეთმა შეუქმნა, მათ შორის, მათზე ბერკეტის მოპოვების მიზნით და შესაბამისად, სწორედ რუსეთს არ აწყობს მათი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დასავლეთი მხარს უჭერს როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.
ასევე ტყუილია, რომ დასავლეთი საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას არ ეხმარება - მაგალითისთვის, USAID ეხმარება საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას. აღნიშნული სამი ქვეყანა დახმარებას იღებს ევროკავშირისგანაც, მაგალითად, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. რუსეთს დასახელებული სამი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გამუდმებით აზიანებს როგორც ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით და მათთვის უსაფრთხოების გამოწვევის შექმნით, ასევე ეკონომიკური სანქციებით. მაგალითად, 2006 წელს საქართველოსა და მოლდოვას სანქციები დაუწესა, 2019 წელს საქართველოში პირდაპირი ფრენები აკრძალა, რუსეთმა სანქციები უკრაინულ კომპანიებზე 2021 წელს დააწესა და ა.შ. მჟავანაძე ასევე ამტკიცებდა (56:15), რომ იგორ დოდონის პრეზიდენტობის პირობებში „ტერიტორიული კუთხით ფაქტიურად პრობლემები მოიხსნა“ და „ჯარების გამოყვანის პროცესი დაიწყო“. ეს მტკიცებაც ასევე ყალბია - დნესტრისპირეთის პრობლემის შესახებ მოლდოვასა და რუსეთს შორის შეთანხმება არ ყოფილა მიღწეული, ხოლო 2020 წლის ივლისში მოლდოვაში რუსეთის ელჩი, მოლდოვაში რუსეთის ჯარის ყოფნას ამართლებდა (დაახლოებით, 1500 ჯარისკაცი) და მათ ადგილზე დატოვებას საჭიროდ მიიჩნევდა - ე.ი. რუსეთს მოლდოვიდან არც ჯარი გაჰყავს და ის დნესტრიპირეთში 1990-იანი წლებიდან მუდმივად არის განთავსებული.
----------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.