„ალტ-ინფოს“ სტატიაში მოთხრობილია ბრიტანელი ულტრა-მემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის დაკავების ამბავი, რაც მის „ფეისბუკ“ გვერდზე განთავსებულ ვიდეოჩართვას მოჰყვა შედეგად. ის ქ. ლიდსის საქალაქო სასამართლოს შენობის გარეთ არსებულ სიტუაციას პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა მაშინ, როცა სასამართლოს შენობაში ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებული რამდენიმე ადამიანის საქმე განიხილებოდა. სტატიაში ასახული ფაქტები და მათი ინტერპრეტაცია მომხდარს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აღწერს (სტატიას თან ერთვის ფოტო, რომელზეც პირაკრული ტომი რობინსონია გამოსახული).
სინამდვილეში, ბრიტანეთში არსებული კანონმდებლობით თანახმად, რიგი სასამართლო საქმეების წარმოების დასრულებამდე მათი დეტალების გაშუქება და გავრცელება არალეგალურია. აღნიშნული კანონი შეიქმნა იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს მედიასაშუალებების გავლენა განაჩენის გამომტან პირებზე და არ მოხდეს საქმის არასწორი მიმართულებით განვითარება. მსგავს შემთხვევას განეკუთვნებოდა ზემოაღნიშნულ სასამართლოში პროცესიც და არსებული შეზღუდვების შესახებ თავად რობინსონმაც იცოდა (რაც კარგად ჩანს მის ვიდეოჩართვაშიც). მიუხედავად ამისა, ის არ მოერიდა ვიდეოჩართვაში რამდენიმე ბრალდებულის გამოჩენასა და მათთან კომუნიკაციის დამყარების მცდელობას. რობინსონი სასამართლოს უპატივცემულობასა და მის საქმიანობაში ჩარევაში სცნეს დამნაშავედ.
ტომი რობინსონის საქმის გაშუქება მოსამართლემ დროებით (სანამ ქ. ლიდსში მიმდინარე სასამართლო პროცესი არ დასრულდებოდა) დაბლოკა, რადგან ულტრა-მემარჯვენე აქტივისტის სასამართლო პროცესს, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა ლიდსის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე. რობინსონის ადვოკატის თქმით, ულტრა-მემარჯვენე ბრიტანელი აქტივისტი ნანობს ჩადენილს და ბოდიშს იხდის სასამართლოს წინაშე.
ანალიზი მედიასაშუალება „ალტ-ინფომ“ გამოაქვეყნა სტატია,სათაურით: „ბრინატენთში პატრიოტ აქტივისტს, ტომი რობინსონს „სასამართლოს უპატივცემულობისთვის“ 13 თვით პატიმრობა მიუსაჯეს და სასამართლომ მედიას მისი საქმის გაშუქება აუკრძალა“. სტატიაში მოთხრობილია ბრიტანელი ულტრა-მემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის, დაკავების ამბავი, რაც მის „ფეისბუკ“ გვერდზე განთავსებულ ვიდეოჩართვას მოჰყვა შედეგად. ის ქ. ლიდსის საქალაქო სასამართლოს შენობის გარეთ არსებულ სიტუაციას პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა მაშინ, როცა სასამართლოს შენობაში ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაში მხილებული რამდენიმე ადამიანის (როგორც თავად აღნიშნავდა, „29 ბრალდებულის, რომელთაგან რვასაც, სახელად მოჰამედი ჰქვია“) საქმე განიხილებოდა. „ალტ-ინფოს“ მტკიცებით, სასამართლომ მედიას თავად რობინსონის საქმის გაშუქებაც აუკრძალა, რასაც სხვადასხვა მედია-საშუალებების და სოციალური ქსელების მომხმარებლების პროტესტი მოჰყვა. თავად რობინსონის დაკავებასთან დაკავშირებით კი, სტატიაში სხვადასხვა ულტრა-მემარჯვენე აქტივისტებისა და მედიასაშუალებების განცხადებებია მოყვანილი, რომლებიც მომხდარს სიტყვის თავისუფლებაზე პირდაპირ შეტევად აფასებენ. სტატიას თან ერთვის ფოტო, რომელზეც პირაკრული რობინსონია გამოსახული. აღნიშნული სურათი კიდევ უფრო ამძაფრებს პროპაგანდულ რიტორიკას, რომლის მიხედვითაც აქტივისტს სახელმწიფომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდა.
ანტი-მუსლიმი აქტივისტი ტომი რობინსონი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარიც სტეფენ იექსლი-ლენონია, წარსულშიც არაერთხელ ყოფილა ნასამართლევი თაღლითობისა და ძალადობისათვის. ქ. ლიდსში პარასკევს დააკავეს. ის სოციალურ მედიაში ლიდსის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს გარედან აშუქებდა, მის ვიდეოჩართვაში ჩანს რამდენიმე ბრალდებულიც. რიგი სასამართლო საქმეების წარმოების დასრულებამდე მათი დეტალების გაშუქება და გავრცელება ბრიტანეთში არალეგალურია. აღნიშნული კანონი შეიქმნა იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს მედიასაშუალებების გავლენა განაჩენის გამომტან პირებზე და არ მოხდეს საქმის არასწორი მიმართულებით განვითარება. მსგავს შემთხვევას განეკუთვნებოდა ქ. ლიდსის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესიც, ვინაიდან განიხილებოდა არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობისა და შევიწროვების საქმეები. სასამართლო პროცესის გაშუქებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ თავად რობინსონმაც იცოდა, ვინაიდან საკუთარ „ფეისბუკ“ გვერდზე განხორციელებული ვიდეოჩართვისასრამდენჯერმე გაიმეორა, რომ დიდი სიფრთხილე მართებდა თუ პოლიციელები მის ქმედებას შეამჩნევდნენ.
ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს უპატივცემულობა დანაშაულს წარმოადგენს, რაც სასამართლოს უნდობლობასა და სამართლიანობის აღსრულებისას მის კონსტიტუციურ როლში ეჭვის შეტანას გულისხმობს. რობინსონი სასამართლოს უპატივცემულობასა და მის საქმიანობაში ჩარევაში სცნეს დამნაშავედ. მოსამართლის განცხადების თანახმად, რობინსონის მიერ გადაღებულ ბრალდებულების კადრებსა და „შეფასებებს“ შესაძლოა არასწორი მიმართულებით წარემართად სხდომა და გავლენა მოეხდინათ განაჩენის გამოტანის პროცესზე. მისი თქმით, ულტრა-მემარჯვენე აქტივისტმა კარგად იცოდა, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში პოლიცია დააპატიმრებდა (გასული წლის მაისში, მან არაკანონიერად გააშუქა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, რის გამოც სასამართლომ 3 თვით პატიმრობა და 18 თვით პირობითი სასჯელი მიუსაჯა. რობინსონმა თავი დამნაშავედ სცნო და ბოდიში მოიხადა). 25 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ანტი-მუსლიმი აქტივისტის ადვოკატმა განაცხადა,რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საკუთარ საქციელთან დაკავშირებით და ლიდსში მიმდინარე სასამართლო სხდომისათვის ხელის შეშლა მის მიზანს არ წარმოადგენდა. სასამართლომ რობინსონს 13 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ტომი რობინსონის საქმის გაშუქება ჟურნალისტებს მართლაც აეკრძალათ, თუმცა მოსამართლემ მედია დროებით იმ მიზეზით დაბლოკა, რომ ულტრა-მემარჯვენე აქტივისტის სასამართლო პროცესს შესაძლოა გავლენა მოეხდინა ლიდსის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე (რომლის გაშუქებისთვისაც რობინსონი პოლიციამ დააკავა) მომუშავე განაჩენის გამომტანებისათვის. ლიდსში მიმდინარე სასამართლო საქმის დასრულების შემდეგ კი, მედიას მიეცემოდა რობინსონის პროცესის გაშუქების საშუალება. BBC-ის თანახმად, მომხდარი არ წამოადგენს სიტყვის თავისუფლების დარღვევას ან ცენზურის რაიმე ფორმას. აღნიშნული წესი ბრიტანელი ჟურნალისტებისათვის განკუთვნილი არსებითი კანონის შემადგენელი ნაწილია.
ამრიგად, ბრიტანელი ანტი-ისლამისტი აქტივისტის, ტომი რობინსონის, დაკავება სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯს არ წარმოადგენდა. აღნიშნული მოხდა ბრიტანეთში არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცესების შესაბამისად. „ალტ-ინფომ“ მიზანმიმართულად გაავრცელა ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკოსებისა (ავსტრალიელი ნაციონალისტი პოლიტიკოსი პოლინ ჰენსონი, რომელიც თანაგუნდელებმა ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულეს და ჰოლანდიელი პოლიტიკოსი გერტ ვილდერსი, რომელიც არაერთხელ ყოფილა დამნაშავედ ცნობილი დისკრიმინაციის გაღვივებისათვის) და მედიასაშუალებების (რომელნიც Media Bias/Fact Checker-ის მიერ არასანდოდ და კონსპირაციის თეორიების, პროპაგანდისა და ყალბი ამბების გამავრცელებელ მედიად არიან მხილებულნი: The Gateway Pundit, ეზრა ლევანტის მიერ დაარსებული მედია პლატფორმა - The Rebel ) პოზიცია და არ ასახა მომხდარის სრული სურათი.