დეზინფორმაცია: „მიხეილ უკრაინოლოგის“ მტკიცებით, ლევან ხაბეიშვილი ქარელში დაშავებულ ოპერატორზე ყალბ ამბავს ავრცელებს

ვერდიქტი: მანიპულირება

16 სექტემბერს Facebook-გვერდმა „მიხეილ უკრაინოლოგი“ ვიდეო-მასალა გამოაქვეყნა. ვიდეოში ასახულია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის დაპირისპირება ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ვიდეოს თან ერთვის აღწერა: „ლევან ხაბეიშვილი: „ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა...არ გრცხვენიათ?...“. Facebook-გვერდის მიერ დამონტაჟებული ვიდეომასალა და თანდართული აღწერა ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ხაბეიშვილი დაშავებულ ოპერატორზე დეზინფორმაციას ავრცელებს, რომ ოპერატორი ინცინდენტის შედეგად გარდაიცვალა.

15 სექტემბერს ქარელში "ქართული ოცნების" შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც "მთავარი არხის" ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა.

როგორც მოცემულ ვიდეონაწყვეტში, ისე „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ ორიგინალ ვიდეოჩანაწერში (1:38-დან) გარკვევით ისმის ლევან ხაბეიშვილის სიტყვები: „ახალგაზრდა ბიჭი მოკვდა ლამის, რა საქმეზე მოხვედით, არ გრცხვენიათ?“ Facebook-გვერდის - „მიხეილ უკრაინოლოგის“ მიერ დამონტაჟებული ვიდეო კი მიზნად ისახავს მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, თითქოს ლევან ხაბეიშვილი დაშავებულ ოპერატორზე მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ავრცელებს.

აღსანიშანვია, რომ Facebook-გვერდი - „მიხეილ უკრაინოლოგი“ შემჩნეულია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების, წევრების და მხარდამჭერების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ანგარიშების მიხედვით, გვერდის დისკრედიტაციის ძირითადი სამიზნეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". ამავდროულად, გვერდი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია და უპირისპირდება ყველა იმ პირს, სამოქალაქო აქტივიტს თუ მედია საშუალებას, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.