ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის პოზიციაზე უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება, რაც პარლამენტის მიერ ახალი სახალხო დამცველის არჩევის აუცილებლობას განაპირობებს და სახალხო დამცველის აპარატისადმი გაზრდილ ყურადღებას ხსნის. ამასთანავე, 2022 წლის 3 მარტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის საპასუხოდ ევროკავშირმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე პროგრესის მისაღწევად 12 რეკომენდაცია გაუზიარა. მეთორმეტე რეკომენდაციის მიხედვით, საქართველომ ახალი სახალხო დამცველის ნომინირების პროცესში უპირატესობა დამოუკიდებელ პიროვნებას უნდა მიანიჭოს, არჩევის პროცესი კი გამჭვირვალედ უნდა წარმართოს. რეკომენდაცია სახალხო დამცველის აპარატის ეფექტიანი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შენარჩუნებასაც ეხება.
ახალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხის გააქტიურების ფონზე სახალხო დამცველის ინსტიტუტის, - მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიასა და სახალხო დამცველის კანდიდატების, განსაკუთრებით კი - ანა აბაშიძის, მიმართ წარმოებული მადისკრედიტებელი დეზინფორმაციული კამპანია გაძლიერდა.
წინამდებარე მიმოხილვა, რომელიც 30 აგვისტოდან 28 ოქტომბრამდე პერიოდის მედიამონიტორინგს მოიცავს, გამოკვეთს იმ ძირითად აქტორებსა და გზავნილებს, რომლებიც სახალხო დამცველის მოქმედი და წარდგენილი კანდიდატების წინააღმდეგ დისკრედიტაციას ემსახურებოდა.
„ალტ-ინფოს“ ეთერში ბოლო პერიოდში გააქტიურებული მადისკრედიტირებელი კამპანია სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმართულ პირველ შემთხვევას არ წარმოადგენს. ალტ-ინფო, „კონსერვატიული მოძრაობა“ და სხვა პრორუსული ძალადობრივი სუბიექტები სახალხო დამცველის დასავლეთის „აგენტად“ და სახელმწიფოს ინტერესების მტრად წარმოჩენას მუდმივად ცდილობდნენ. წარსულშიც სხვადასხვა დროს გავრცელებული დეზინფორმაცია სახალხო დამცველს გარყვნილების მხარდამჭერად, „ვეფხისტყაოსნის“ აკრძალვის მომხრედ და პედოფილიის ლეგალიზაციისთვის მებრძოლადაც კი წარმოადგენდა [1].
გზავნილი N1: ნინო ლომჯარია საქართველოში დასავლეთის ინტერესების გამტარებელია
ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ ამჟამად მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში დომინანტური პოზიცია უკავია გზავნილს, რომლის მიხედვით, ნინო ლომჯარია საქართველოში დასავლური სახელმწიფოების ინტერესების გამტარებელია. დეზინფორმაციული კამპანია ყურადღებას დასავლეთის მიერ სახალხო დამცველის აპარატის საშუალებით გავლენის გავრცელებაზე ამახვილებს. ნინო ლომჯარია წარმოჩენილია უცხო სახელმწიფოების, განსაკუთრებით კი - შეერთებული შტატების, ინტერესების აგენტად და დასავლეთის ხელში ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთ საშუალებად.
ნინო ლომჯარიაზე საუბრისას ხშირად გამოიყენებოდა ისეთი ტერმინები, როგორებიცაა: „აშშ-ის გაცხადებული რეზიდენტი“ „დამატებითი ბერკეტი ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში“ „დამპყრობლის [აშშ-ის] შტატი“ „დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი საცეცი საქართველოში“ „ზეწოლის ერთ-ერთი საშუალება დასავლეთის ხელში“ და ა.შ.
• ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილის „ალტ-ინფოს“ გადაცემაში სტუმრობისას ამტკიცებდა, რომ ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის თანამდებობაზე „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები კანდიდატურა არ ყოფილა და მისი სახალხო დამცველად არჩევა „გარედან თავსმოხვეული“ პროცესი იყო.
• „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი მარტინენკოს თანახმად, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გამოჩენილი ყურადღება მათი პოლიტიკური ინტერესებით აიხსნება. მისი მტკიცებით, „დასავლეთი აპირებს შეტევას ამ ხელისუფლებაზე და ამიტომ ისეთი ბერკეტები, როგორიცაა სახალხო დამცველი“, აქტიურად იქნება გამოყენებული და სახალხო დამცველის აპარატის საშუალებით დასავლეთს დემოკრატიის სახელით ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედება შეუძლია. სახალხო დამცველის შესახებ ჩანაწერის 12 პუნქტში არსებობა ტელეწამყვანი თათია გაბრიჭიძის დეზინფორმაციული მტკიცებით ასევე აიხსნება იმით, რომ „სახალხო დამცველის აპარატი განუზომლად კონტროლირებულია დასავლელი პარტნიორების მხრიდან“.
• „ალტ-ინფოს“ ეთერში პოლიტოლოგ რევაზ კილასონიას შეფასებით, სახალხო დამცველის თანამდებობა დასავლეთის ხელში ზეწოლის იარაღია, რომელიც ახორციელებდა არა თავის ფუნქციას, არამედ იცავდა მხოლოდ დასავლური იდეოლოგიურ კონტექსტსა და ქვეტექსტებს, რაც არ შეესაბამებოდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ისტორიულ და პოლიტიკურ განვითარებას. სახალხო დამცველის მიერ დასავლეთის ინტერესების გატარების დეზინფორმაციულ ნარატივს აჟღერებს დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილიც, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს „დამპყრობლის შტატს“ უწოდებს და მას საქართველოს “თანამედროვე დამპყრობლის”, ანუ ლიბერალური დასავლეთისა და აშშ-ის, ინტერესების აგენტად წარმოაჩენს.
• სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ დასავლეთის ინტერესებზე საუბრისას სოსო მანჯავიძე და „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ქარდავა, რომელიც ნინო ლომჯარიასა და სახალხო დამცველის ინსტიტუტს უცხო ქვეყნის რეზიდენტად მოიხსენიებს, აჟღერებენ დეზინფორმაციულ მტკიცებას, თითქოს დასავლეთს სასამართლო სისტემის, პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის დაქვემდებარება საქართველოზე პირდაპირი კონტროლის დასამყარებლად და შედეგად, თავიანთი პოლიტიკური ხაზის გასატარებლად სურს.
• „ალტ-ინფოს“ ტელეწამყვან მარიკა კუბლაშვილის თქმით, საქართველოში ომბუდსმენი დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი საცეცია და ნინო ლომჯარიას მუშაობამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და „ე.წ პარტნიორებისგან“ დადებითი შეფასება დასავლეთის იმედების გამართლების გამო მიიღო, რაც ქართული კულტურის განადგურებასთან არის დაკავშირებული. „კონსერვატიული მოძრაობის“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის, ზეზვა ჩანქსელიანის, მიხედვით, სახალხო დამცველი „სახალხო დამსჯელია“, რომლის საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ეკლესიას ებრძოდა.
გზავნილი N2: სახალხო დამცველი პოლიტიკურად მიკერძოებულია
ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული მცდარი გზავნილები ნინო ლომჯარიას პოლიტიკურად მიკერძოებულად წარმოჩენას უკავშირდება. ომბუდსმენის დახასიათებისას, „ალტ-ინფოს“ ეთერში ხშირად იყენებენ სიტყვებს: „პარტიული მხარე“, „ნაციონალური მოძრაობის „დანამატი“, „ნაცმოძრაობის წევრი“, „მიკერძოებული“ და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველის დისკრედიტაციის მიზნით გზავნილებს მმართველი გუნდიც ავრცელებდა, როდესაც ნინო ლომჯარიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებდა [2].
• ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებდა, რომ ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის დანამატს“ წარმოადგენდა. მტკიცებას იზიარებს „კონსერვატიული მოძრაობის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელიც, რომელიც ნინო ლომჯარიას „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ მხარედ და მის წარმომადგენლად აფასებს.
• „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი წამყვანი, ჯაბა ჟვანია, კი ბოლო ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მუშაობა პოლიტიკურ მოღვაწეობად მიიჩნევს.
• “ალტ-ინფოს” მედიამენეჯერისა და წარსულში კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ მახარაძის, მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ „კოლექტიური ნაცების პოლიტიკური ბრძოლის იარაღად“ არის წარმოჩენილი.
აღსანიშნავია, რომ ნინო ლომჯარიასა და ომბუდსმენის აპარატის „ნაციონალური მოძრაობის„ ინტერესების წარმომადგენელ პარტიულ მხარედ წარმოჩენისას მანიპულაციურად გამოიყენება სახალხო დამცველის მიერ მიხეილ სააკაშვილისა და მოგვიანებით ნიკა გვარამიას ციხეში მონახულება [3].
გზავნილი N3: ნინო ლომჯარია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, ნაციონალური მოძრობისა და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების დამცველია
„ალტ-ინფოს“ ეთერიდან ხშირად ვრცელდება სახალხო დამცველის აპარატისა და მოქმედი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მიმართული კიდევ ერთი მადისკრედიტირებელი გზავნილი, თითქოს ნინო ლომჯარია არა ჩვეულებრივი მოქალაქეების, არამედ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, ნაციონალური მოძრობის და გენდერული უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებებს იცავს [4].
• „ალტ-ინფოს“ მედიამენეჯერის, ზურაბ მახარაძის, მიერ გავრცელებული განცხადებით, სახალხო დამცველს ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქის მიმართ, თუ ის lgbt+ თემს ან სხვა ტიპის უმცირესობას არ მიეკუთვნება, თავისი მანდატის ფარგლებში აქტიური ქმედება არ განუხორციელებია. იმავე მტკიცებას ავრცელებს „ალტ-ინფოს“ ტელეწამყვანი თათია გაბრიჭიძე, რომელიც ნინო ლომჯარიას აკრიტიკებს და ავრცელებს დეზინფორმაციულ გზავნილს, თითქოს ნინო ლომჯარიასთვის რიგითი მოქალაქე ზრუნვის ობიექტი არასდროს ყოფილა და რომ მისთვის მთავარი მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და lgbt+ თემის წევრთა გამოხატვის თავისუფლების დაცვაა.
• „ალტ-ინფოს“ მიერ, ზოგადად სახალხო დამცველის აპარატი და მათ შორის ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობისა“ და lgbt+ თემის არა მხოლოდ ექსკლუზიურად უფლებების დაცვის, არამედ მათი ინტერესების გატარების მიზეზით ხშირად არის „დადანაშაულებული“. მაგალითად „კონსერვატიული მოძრაობის“ თელავის ოფისის ხელმძღვანელი გიორგი კარჭაული აცხადებს, რომ [სახალხო დამცველის თანამდებობაზე] „ყოველთვის ამ ლიბერასტული და lgbt თემის უფლებების დამცველი კი არა, ინტერესთა დამცველები გვყავდა“.
• „ალტ-ინფოს“ ტელეწამყვანის, მარიკა კუბლაშვილის მცდარი მტკიცებით, ქართველ ხალხს „ზომბირებულ ე.წ. სახალხო დამცველი“ სძულს, რადგან ნინო ლომჯარიამ 6 წლის მანძილზე საზოგადოებას თავი „ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ, ნაცების დამცველ და lgbt გარყვნილების პროპაგანდისტ საჯარო მოხელედ“ დაამახსოვრა. მისივე მტკიცებით, ლომჯარიას ადამიანის უფლებების დარღვევად მიაჩნია ის, რომ მან პრაიდის ჩატარება და ეკლესიის განადგურება ვერ მოახერხა.
•„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი ქარდავას, დეზინფორმაციული მტკიცებით, კი საქართველოს სახალხო დამცველი სისტემის პრივილეგირებული კასტის წარმომადგენელია, რომელიც ჩვეულებრივი მოქალაქეების ინტერესებს, შეხედულებებსა და უფლებებს არათუ არ იცავს, არამედ ებრძვის.
გზავნილი N4 - საქართველოს სახალხო დამცველი მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებს
„ალტ-ინფოს“ ეთერებიდან დეზინფორმაციის, რომ სახალხო დამცველი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებს და ის ქართული ეკლესიის მტერია, გასავრცელებლად, როგორც წესი, მანიპულაციურად გამოიყენება სახალხო დამცველის აპარატის ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტების საკითხში ჩართულობა [5] და სახალხო დამცველის აპარატის მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელი.
• „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, განცხადებით ნინო ლომჯარიამ ცილისმწამებლური კომპლექსური კამპანიის პირობებში საქართველოს საპატრიარქოს იურისდიქციაში არსებული ნინოწმინდის ბავშვთა სახლი სასამართლოს გზით დაახურვინა. ის ამ ქმედებას გლობალისტური ძალების მიერ საქართველოს ეკლესიისკენ მიმართულ დარტყმად აფასებს, ნინო ლომჯარიას კი ამ ძალების „საცეცად“ მოიხსენიებს.
• „ალტ-ინფოს“ ტელეწამყვანის მარიკა კუბლაშვილი მტკიცებით, ნინო ლომჯარიას საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მრავალი ბოროტება ჩაუდენია. ქართველ ხალხს კი ის სძულს, რადგან, მისი განცხადებით, ნინო ლომჯარიამ „საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლ, ნაცების დამცველ და lgbt გარყვნილების პროპაგანდისტ საჯარო მოხელედ“. ნინო ლომჯარიას ეკლესიასთან „ბრძოლაზე“ საუბრისას ტელეწამყვანი ასევე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარიას ადამიანის უფლებების დარღვევად მიაჩნია ის, რომ ეკლესიის განადგურება ვერ მოახერხა.
სახალხო დამცველის აპარატის, ეკლესიის წინააღმდეგ მებრძოლად წარმოსაჩენად, აქტიურად გამოიყენება აპარატის მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო სარჩელი [6]. „ალტ-ინფო“აღნიშნულ კონსტიტუციურ სარჩელსაც მანიპულაციურად იყენებს [7]. წამყვანმა, მაცაცო გახოკიძემ ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელზე ისაუბრა და საკონსტიტუციო სარჩელი ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლის გაგრძელებად შეაფასა. წამყვანი ცდილობს მცდარად წარმოაჩინოს, რომ „ომბუდსმენის ოფისისთვის პრობლემა მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებაა მოვლა-პატრონობით საკუთრებაში გადაეცეს სალოცავის მიმდებარედ არსებული მიწის ფართობი“. წამყვანი ავრცელებს მადისკრედიტებელ მტკიცებებს, თითქოს ნინო ლომჯარია თანამდებობაზე ყოფნის უკანასკნელ რესურსებს ქართველი მრევლისა და ეკლესიის წინააღმდეგ იყენებს, ამიტომ მის ქმედებებს ანტიქართულად, მართლმადიდებლობას განდგომილად და ანტისახელმწიფოებრივად აფასებს [8].
„ალტ-ინფო“ vs. ანა აბაშიძე
ევროკავშირის რეკომენდაციის შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტმა 9 აგვისტოს სახალხო დამცველის არჩევის ახალი წესები და პროცედურები დაამტკიცა. სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები ჩამოყალიბდა და 9 წევრისგან შემდგარი შეფასების სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
30 სექტემბერს პარლამენტმა სახალხო დამცველის კანდიდატების 19 პირისგან შემდგარი სრული სია გამოაქვეყნა, მათგან 3 კანდიდატი - ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ კონსენსუსით შეირჩნენ.
შეფასების ჯგუფმა სახალხო დამცველის კანდიდატები რამდენიმე კრიტერიუმის: კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონის მიხედვით შეაფასა. ქულების მიხედვით ანა აბაშიძე, ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე, ნუგზარ კოხრეიძე და სერგო მახარაძე ლიდერობენ, თუმცა შეფასების შედეგები სარეკომენდაციო ხასიათისაა.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ანა აბაშიძე პრორუსული დეზინფორმაციის განსაკუთრებული სამიზნე გახდა და მის წინააღმდეგ დისკრედიტაციამ კამპანიური ხასიათი მიიღო.
აღნიშნული კამპანია ანა აბაშიძეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების უგულებელყოფით დასავლეთის ინტერესებით მოქმედ პიროვნებად წარმოაჩენს. ხოლო სურათის შექმნა, თითქოს ანა აბაშიძის კანდიდატურა დასავლეთის რჩეულია, ქართული საზოგადოებისთვის მისი კანდიდატურის ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ისახავს მიზნად. მეორე მხრივ, lgbt+ თემატიკაზე ხაზგასმა, პრორუსული ჯგუფების მხრიდან, მცდელობაა, რომ სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ანა აბაშიძე მხოლოდ გენდერული უმცირესობის უფლებათა დამცველად და მათი ინტერესების გამტარებლად წარმოადგინონ, საზოგადოების სხვა ჯგუფები კი დაარწმუნონ, რომ მათი უფლებების დამცველი არ იქნება.
გზავნილი N1: სახალხო დამცველობის კანდიდატ ანა აბაშიძეს ქართველები სძულს
„ალტ-ინფოს“ ეთერში ყველაზე ხშირად გაჟღერებადი გზავნილის მიხედვით, ანა აბაშიძე ქართველების მოძულეა, რადგან ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის გამრავლებას ეწინააღმდეგება. ამ შინაარსის განცხადებები ალტ-ინფოს ეთერში ხშირად ვრცელდება:
• დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის განცხადებით „[ანა აბაშიძეს] ქართველის გამრავლება არაჰუმანურად და ბოროტებად მიაჩნია“. „ალტ-ინფოს“ წამყვანები ჯაბა ჟვანია, თათია გაბრიჭიძე და მარიკა კუბლაშვილი ამავე მტკიცებას იზიარებენ და ღიად აჟღერებენ ანა აბაშიძის კანდიდატის წინააღმდეგ საუბრისას. მაგალითად, მარიკა კუბლაშვილის განცხადებით, ანა აბაშიძე „საუბრობდა იმაზე, რომ ბავშვთა სახლი [იგულისხმება ნინოწმინდის ბავშვთა სახლი] ხელს შეუწყობდა ჯავახეთის რეგიონში ქართველების გამრავლებას და ასე ვთქვათ იქ ქართული მოსახლეობის... გაზრდას და ეს მიაჩნია ამ ადამიანს არაჰუმანურად“. მარიკა კუბლაშვილი ანა აბაშიძეს ლიბერალებისთვის ყველა მნიშვნელოვანი „ღირსებით“ შემკულსაც უწოდებს, რადგან წამყვანის თქმით, „...მას სძულს ქართველები“.
გზავნილი N2 - ანა აბაშიძე დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატია. ის დასავლეთის ინტერესებს გაატარებს და მხოლოდ ლგბტ თემის ინტერესებს დაიცავს
„ალტ-ინფოს“ ეთერში ანა აბაშიძის მიმართ წარმოებული მადისკრედიტებელი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნარატივი ომბუდსმენობის კანდიდატს დასავლეთის ინტერესების გამტარად და მათი იდეოლოგიის მთავარ იარაღად წარმოაჩენს.
• „ალტ ინფოს“ ლიდერის ირაკლი მარტინენკოს განცხადებით „[შეფასების კომისიის შედეგების მიხედვით ლიდერი სახალხო დამცველის კანდიდატები, მათ შორის ანა აბაშიძე] წინააღმდეგობაში მოდიან ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის ინტერესებთან. გეიაქტივისტები არიან, რომლებიც დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში იყვნენ დასაქმებულნი, ანუ დასავლეთის ინტერესებს ატარებენ ამდენი ხანი... ფაქტია, რომ დასავლეთიდან.... მაქსიმალურად ინიშნება ასეთი ტიპის ადამიანები“.
• „ალტ-ინფოს“ ეთერში გადაცემის წამყვანი მარიკა კუბლაშვილი არაერთხელ შეეხო ანა აბაშიძის კანდიდატს. მისი მტკიცებით „ცალსახაა, აბაშიძე არის დასავლეთის კანდიდატი“. მისი დისკრედიტაციის მიზნით წამყვანი ანა აბაშიძეს დასავლეთის ყველა დაკვეთის შემსრულებლად ახასიათებს, რომელიც დასავლეთის მიერ „პირველ რიგში შემოტენილია იმისთვის, რომ საქართველოში ყველაფერი ქართულის ამოკვეთის პროცესი უფრო გაძლიერდეს“.
• ორგანიზაცია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ წევრი მიხეილ ჟღენტი ანა აბაშიძეს ამერიკელების მიერ დატრენინგებულ პიროვნებად მოიხსენიებს. მისი თქმით, ანა აბაშიძისთვის „მთავარია პატრონის ხედვა. ანუ პატრონის ხედვა რა არის - არა ეკლესია, არა დემოკრატია, არა ხალხის უფლებები... მხოლოდ უფლებები პატრონის. პატრონი არის იქით ოკეანის იქით და პატრონი არის დასავლეთში...“
• მარიკა კუბლაშვილის განცხადებით „კანდიდატი აბაშიძისთვის ამ პოსტის დაკავების მიზანს წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა... ანუ რას გვპირდება ქართველთმოძულე ნეობოლშევიკი აბაშიძე - რომ მისი არჩევის შემთხვევაში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ... lgbt ევროპასთან ინტეგრაციით საქართველო საკუთარი განადგურების გზას დაადგეს“.
აღსანიშნავია, რომ ანა აბაშიძის კანდიდატურაზე საუბრისას „ალტ-ინფოს“ ტელეწამყვანები ყურადღებას ამახვილებენ lgbt+ თემსა და ანა აბაშიძის მიერ მათი უფლებების დაცვაზე. ცნობისთვის, პრორუსული ჯგუფების მხრიდან lgbt+ თემის უფლებების საკითხზე აპელირება პრორუსული ჯგუფების მხრიდან პიროვნების დისკრედიტაციისთვის გავრცელებული სტრატეგია. ანა აბაშიძის შემთხვევაშიც, „ალტ-ინფოს“ მიერ აღნიშნული საკითხი ომბუდსმენობის კანდიდატის საწინააღმდეგოდ არის წარმოჩენილი.
• მაგალითად, მარიკა კუბლაშვილი ანა აბაშიძეს ოდიოზურ ფიგურას უწოდებს და ხაზგასმით ამბობს, რომ მისი ინფორმაციით ის არის „ღია ლესბოსელი... რომელიც ძალიან აქტიურობდა ნინოწმინდის ბავშვთა სახლის დახურვის პროცესში ... იყო ასევე მეუფე სპირიდონის დაუძინებელი მტერი, ეს ანა აბაშიძე - არ ვიცი ვთქვა ქალბატონი თუ ვაჟბატონი“. წამყვანი ანა აბაშიძეს „ლგბტ დღის წესრიგით ზომბირებულ კანდიდატადაც“ მოიხსენიებს.
• „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე კი მას მამათმავლობის აპოლოგეტი პირების კოლექტიურ სახედ მოიაზრებს. ამასთანავე, მარიკა კუბლაშვილის შეფასებით ანა აბაშიძეს ლიბერალებისთვის მნიშვნელოვანი ყველა „ღირსება“ აქვს, რაშიც გულისხმობს, რომ „მას სძულს ქართველები, იგი არის გარყვნილთა თავგადაკლული დამცველი და მას ეზიზღება ქართული ეკლესია“. მისივე განცხადებით დასავლეთი საქართველოს ლგბტ+ თემის დამცველის არჩევას აძალებს.
• დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ გავრცელებული განცხადებით, ანა აბაშიძე უმცირესობის დიქტატურას დემოკრატიის ნაირსახეობად განიხილავს და აღნიშნავს, რომ უმრავლესობის მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ანა აბაშიძის შეფასებით დისკრიმინაციას წარმოადგენს.
გზავნილი N3: ანა აბაშიძე ეკლესიის მტერია
ალტ-ინფოს ეთერში ერთ-ერთი დომინანტურია გზავნილი, რომლის მიხედვითაც, ანა აბაშიძე ქართული ეკლესიის მტერია. „ალტ-ინფოს“ მიერ მსგავსი ნარატივი, როგორც წესი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე ანა აბაშიძის აქტიური ჩართულობის კონტექსტში გამოიყენება.
• მარიკა კუბლაშვილის მტკიცებით ნინოწმინდის ბავშვთა სახლი ანა აბაშიძის მცდელობებით დაიხურა. მისი შეფასებით ანა აბაშიძემ „დაარბია ბავშვთა სახლი [ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი] და შეუტია ეკლესიას“. წამყვანი ანა აბაშიძეს ეკლესიის მტრად არაერთხელ მოიხსენიებს.
• ანა აბაშიძის ჩარევა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საქმეში განუზომელი იყო თათია გაბრიჭიძის შეფასებითაც.
შენიშვნა: რედაქცია არ იზიარებს მიმოხილვაში მოცემულ ჰომოფობიურ განცხადებებს.
[1] აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ გადამოწმებული მასალა: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3.
[2] „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბექა ოდიშარიას, განცხადებით ნინო ლომჯარიას „პოლიტიკური განცხადებების 99% აბსოლუტურ უნისონშია რადიკალურ ოპოზიციის დღის წესრიგთან“. მისივე თქმით სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრის საქმიანობითაა დაკავებული;
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებით ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის ინსტიტუტი პირადი პოლიტიკური პრეფერენციების გამოსახატად აქცია და საზოგადოებას თავი არა სახალხო, არამედ „სააკაშვილის დამცველად“ დაამახსოვრა. ნინო ლომჯარია „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველად მოიხსენია მამუკა მდინარაძემაც.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კი ნინო ლომჯარიას პარლამენტში მყოფ ბევრ პოლიტიკურ პარტიაზე მეტად პოლიტიზირებული უწოდა.
[3] აღნიშნულ დეზინფორმაციაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია - ბმული 4.
[4] აღნიშნულ დეზინფორმაციაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია - ბმული 5.
[5] ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებული სტატიები ბმული 6, ბმული 7, ბმული 8.
[6] ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელი შეეხება კანონს, რომელიც ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიას მისი საკუთრების გარშემო არსებულ 20 ჰექტრამდე ტყის ტერიტორიის მიერთების უფლებას ანიჭებს, რაც ომბუდსმენის განმარტებით კონსტიტუციით განსაზღვრული რელიგიების თანასწორუფლებიანობის პრინციპს არღვევს. ამდენად, სინამდვილეში, სახალხო დამცველს ის კი არ გაუხდია სადავოდ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შესაძლებლობა ეძლეოდა, საკუთრებაში მიეღო ტყეთა ფართობები, არამედ, მიიჩნევდა, რომ ამ პრივილეგიით მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის აღჭურვა იყო დისკრიმინაციული.
[7] მსგავსად მანიპულაციურად გამოიყენა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ საკონსტიტუციო სარჩელი: „ახლაც ასე პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას? გეტყვით, რატომ - 29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, გვესმის, რომ აქ ტრანსკრიფციაში იყო ეკლესიის წინააღმდეგ“.
[8] სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით გავრცელებულ გზავნილებზე იხილეთ ფაქტ-მეტრის მიერ მომზადებული მასალა ბმული 9.