იტვირთება

გურამ მაჭარაშვილი: თქვენი მიზანი იყო მომხდარიყო მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაცია (?)

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, გურამ მაჭარაშვილის განცხადება არის ტყუილი.

ნინო ლომჯარია: დეპუტატების მტკიცება, თითქოს სახალხო დამცველი ამ სარჩელით ებრძვის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას დაუსაბუთებელია

ვერდიქტი: ,,ფაქტ-მეტრის’’ დასკვნით, ნინო ლომჯარიას განცხადება არის სიმართლე.

რეზიუმე:

კონსტიტუციური კონტროლის ფარგლებში ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით ნორმათა შესაბამისობა დგინდება, რაც კონსტიტუციის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია.

სწორედ კონსტიტუციის და კერძოდ, ადამიანის ძირითადი უფლების - თანასწორობის უფლების დაცვისკენ იყო მიმართული სახალხო დამცველის სარჩელიც, რომლითაც იგი დისკრიმინაციულ მიდგომას სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ სადავოდ ხდიდა.

მარტივად რომ ვთქვათ, სახალხო დამცველს ის კი არ გაუხდია სადავოდ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შესაძლებლობა ეძლეოდა, საკუთრებაში მიეღო ტყეთა ფართობები, არამედ, მიიჩნევდა, რომ ამ პრივილეგიით მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის აღჭურვა იყო დისკრიმინაციული.

აქედან გამომდინარე, სარჩელის მიზანი არა ეკლესიის დისკრედიტაცია, არამედ ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა გახლდათ, რაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა.

ანალიზი:

2022 წლის 7 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ნინო ლომჯარიას შეკითხვები დაუსვეს. შეკითხვების ნაწილი იმ კონსტიტუციურ სარჩელს მიემართებოდა, რომლის ფარგლებშიც სახალხო დამცველმა სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი თანასწორობის უფლებასთან მიმართებით გაასაჩივრა.

ეს ნორმა სახელმწიფო ქონების შეძენისას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებლობას აძლევს განცხადების საფუძველზე საკუთრებაში მიიღოს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები − თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა.

დეპუტატებმა სახალხო დამცველის ეს ქმედება მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციად შეაფასეს:

„პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხი, თუმცა მინდა გკითხოთ მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებლურ ეკლესიას?“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

„რა იყო თქვენი მიზანი? ის, რომ მომხდარიყო დისკრედიტაცია მართლმადიდებლური ეკლესიის? რომ როგორმე გეჩვენებინათ, საპატრიარქოს აქვს განუზომლად დიდი უფლებები?“ განაცხადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა.

,,ფაქტ-მეტრი’’ დაინტერესდა, სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციისკენ მიმართული იყო, თუ - არა.

„კონსტიტუციურ სამართლებრივი ნორმების ეფექტური რეალიზაცია ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, ამ ამოცანის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის შესაბამისი მექანიზმების არსებობა. ზოგადად, კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, თუმცა საერთო აზრის თანახმად, კონსტიტუციის სამართლებრივი დაცვის ძირითადი ინსტიტუტი საკონსტიტუციო კონტროლია.

საკონსტიტუციო კონტროლი არის კანონების შემოწმება მათი კონსტიტუციასთან შესაბამისობის თვალსაზრისით“[1]. საკონსტიტუციო სასამართლოში კანონები მოწმდება ფიზიკური პირის, იურიდიული პირის, საქართველოს პრეზიდენტის და სხვა სუბიექტების მიერ სარჩელის წარდგენის საფუძველზე, რომელშიც ისინი ასაბუთებენ, რომ ესა თუ ის ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. სწორედ აღნიშნული უფლებამოსილებით სარგებლობს საქართველოს სახალხო დამცველიც. მისი სარჩელის საფუძველზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.

სახალხო დამცველმა დეპუტატების მიერ გაკრიტიკებული სარჩელით ის ნორმა გაასაჩივრა, რომლითაც საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია აღიჭურვებოდა გარკვეული პრივილეგიებით. სარჩელში ნაჩვენები იყო, რომ ეკლესიის მიმართ ნორმით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევა ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გამტკიცებულ თანასწორობის პრინციპს, რადგან მსგავსი ტიპის გამონაკლისების დაშვება დისკრიმინაციულია სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიმართ.

სახალხო დამცველმა სარჩელში განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა ექსკლუზიურად მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. სასამართლომ აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული დებულებით განსაზღვრული დიფერენცირება არ წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნას და იგი აწესებს განსხვავებულ მოპყრობას რელიგიური ნიშნით, რომელსაც არ გააჩნია საკმარისი, ობიექტური და გონივრული გამართლება. აღწერილი პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი სარჩელის ლოგიკასა და საფუძვლიანობას.

სწორედ მსგავსი პრივილეგიის მინიჭება გახადა სადავოდ საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნული სარჩელით, რითაც შესაძლოა, გაიმეორა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხადი პოზიცია, რომ ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის მიზანი არა ეკლესიის დისკრედიტაცია არამედ კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლების დაცვა გახლდათ.

ხაზგასმით არის აღსანიშნავი, რომ სახალხო დამცველი აღნიშნული სარჩელით არა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არამედ საქართველოს პარლამენტს უპირისპირდებოდა ისეთი ნორმის შემოღების გამო, რომელიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე დადგენილ პრაქტიკას. მარტივად რომ ვთქვათ, სახალხო დამცველს ის კი არ გაუხდია სადავოდ, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას შესაძლებლობა ეძლეოდა საკუთრებაში მიეღო ტყეთა ფართობები, არამედ, მიიჩნევდა, რომ ამ პრივილეგიით მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის აღჭურვა იყო დისკრიმინაციული. სარჩელში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ წინადადებას, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. სარჩელი ემსახურება სეკულარული სახელმწიფოს იდეიდან გამომდინარე თანასწორობის დაცვის უზრუნველყოფას. საქმის სახელწოდებაც ბუნებრივია სახალხო დამცველსა და საქართველოს პარლამენტს შორის მიმდინარე დავაზე უსვამს ხაზს (,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’).

საბოლოო ჯამში, ნათელია, რომ სახალხო დამცველის სარჩელი მიმართული იყო საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლების დაცვისკენ და მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციასთან საერთო არაფერი ჰქონდა. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის მიმართ დეპუტატების მიერ გაჟღერებული ბრალდებები სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ის დამოკიდებულება, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული ნორმების კონსტიტუციური კონტროლი იმთავითვე თავდასხმას წარმოადგენს, არაჯანსაღია და საზოგადოებაში როგორც სახალხო დამცველის, ისე ზოგადად კონსტიტუციური კონტროლის როლისა და მნიშვნელობის მიმართ, უარყოფით დამოკიდებულებას აჩენს.

სახალხო დამცველს, ნორმათა კონტროლის უფლებამოსილება საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, რაც, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, კონსტიტუციის დაცვის მიზნებს ემსახურება და დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია, ამიტომ, სახალხო დამცველის მიერ კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ დისკრედიტაციად. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნინო ლომჯარიას განცხადება არის სიმართლე, ხოლო გურამ მაჭარაშვილის განცხადების ის შინაარსი, რომ სახალხო დამცველმა ხსენებული სარჩელით საპატრიარქოს დისკრედიტაცია სცადა, არის ტყუილი.

[1] კახიანი გ., ,,საკონსტიტუციო კონტროლის ინსტიტუტი და მისი ფუნქციონირების პრობლემები საქართველოში: კანონმდებლობის და პრაქტიკის ანალიზი’’, თბილისი 2008.


მსგავსი სიახლეები

4557 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი