ანდრია ჯაღმაიძის მანიპულაცია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ
ვერდიქტი: მანიპულირება
2021 წლის 10 ივნისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ფეისბუქ პოსტით გამოეხმაურა. მისი განცხადებით, „ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართო მასებში“. ფეისბუქ პოსტში რეალური ფაქტები უგულებეყოფილია და ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენები დამახინჯებული კონტექსტითაა წარმოდგენილი.
პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ბავშვის უფლებების დაცვა, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და ბავშვისთვის განვითარების საჭირო პირობების შექმნა, დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა. ეს ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტით (მაგ. ბავშვის უფლებათა კონვენცია, ე.წ. სტამბულის კონვენცია და ა.შ.) არის განმტკიცებული. ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში, სახალხო დამცველის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რადგან იგი ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ძირითად ორგანოს წარმოადგენს. საქართველოს ორგანული კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ სახალხო დამცველი ბავშვთა სახლებში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას ამოწმებს. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე, სახალხო დამცველი სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ არსებულ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ზედამხედველობას უწევს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდაციებს გასცემს, ანგარიშებს ამზადებს და სხვადასხვა უწყებას ეფექტური რეაგირებისთვის მიმართავს.
გასული წლების განმავლობაში ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულმა მდგომარეობამ უფლებადამცველთა ყურადღება არაერთხელ მიიქცია. 2015 წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბავშვებთან ინტერვიუირებით აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა: გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს, დასჯის მიზნით, ოთახიდან გასვლა ეკრძალებათ, უწევთ კვების ერთი-ერთი კომპონენტის გამოტოვება - მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვნებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ, დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული უწევთ.
ბავშვთა პანსიონებში არსებული მდგომარეობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის შეუძლებლობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის 2018 წლის სპეციალურ ანგარიშშიც არის მოცემული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბავშვების სააღმზრდელო პროცესში, დასჯის მეთოდად შეიძლება გამოყენებულიყო ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის დროებითი შეზღუდვა და ა.შ. აღნიშნულის პარალელურად, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების და თავიანთი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა არ აქვთ. ერთ-ერთ დაწესებულებაში, კერძოდ, ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვნები სოციუმისგან თითქმის იზოლირებულები არიან. ამასთან, ბავშვებს კონკრეტული ინფორმაცია არა აქვთ, თუ ,თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით, ვის შეიძლება მიმართონ. ამასთან, აღნიშნულია, რომ რელიგიური სკოლა-პანსიონების ფუნქციონირება ასევე უკავშირდება ინსტიტუციური ძალადობის მაღალ რისკს, უგულებელყოფის შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების საკითხებს. გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებულებებში ბავშვთა სააღმზრდელო რეჟიმი მკაცრად არის რეგულირებული და არასრულწლოვნების ინდივიდუალურ საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირებული, ბავშვთა საჭიროებების უგულებელყოფის პრობლემა სისტემური ხასიათისაა. საყურადღებოა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების პრობლემა, სახალხო დამცველს პირველად, სწორედ 2018 წელს, ზემოხსენებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, შეექმნა.
ზემოხსენებული ანგარიშების გარდა, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც არის საუბარი, სადაც არაერთხელაა აღნიშნული, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე, საჭიროა ბავშვთა პანსიონებში (მათ შორის, უშუალოდ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში) ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და გაძლიერება.
ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებული მდგომარეობის საკითხი მიმდინარე წლის 16 აპრილს კვლავ აქტუალური გახდა. სახალხო დამცველის განცხადებით, 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ მიეცათ.
7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 5 მაისის საჩივარი დააკმაყოფილა და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება და ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ. თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა. ამასთან, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებსაც არ ჰქონიათ.
2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების 1 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა და შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა.
ამავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. სამი საქმე სავარაუდო ცემის ფაქტს (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) ეხება, ხოლო ერთი საქმე სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) ეხება. გამოძიების დაწყების საფუძველი, ორ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან“, მიმართვა გახდა. შსს-ს განცხადების თანახმად, „თითოეულ საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი“.
4 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრო პანსიონატში შევიდა და რამდენიმე არასრულწლოვანი გამოკითხა. უწყების განცხადებით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა შშმ პირის გაყვანა უნდა მოხდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ნინოწმინდის პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი გაიყვანეს და არასრულწლოვანთა ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში (ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა) განათავსეს.
6 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა: „1. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.
2. ამასთან ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.
3. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.
4. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.
5. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნას თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის“.
11 ივნისს გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. განცხადების მიხედვით, ისინი გმობენ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის სახალხო დამცველის აპარატისა და ქვეყნის სხვა შესაბამისი უწყებების მხრიდან თავიანთი მოვალეობების შესრულებას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ივნისის გადაწყვეტილება დიდი ზომის დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე უნდა გავრცელდეს, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად. ასევე, გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში მოუწოდებს სახელმწიფოს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სტატიაში განხილული სახალხო დამცველის ანგარიშები და 15 აპრილის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ საქმე ეხება პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შესაძლებლობას და ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის უკვე გამოვლენილ ფაქტებზე ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქ გამოვლენილი სავარაუდო დანაშაულისა და სახელმწიფო ინსტიტუტის საქმიანობაში ხელის შეშლის კონკრეტული ფაქტების გამო მოექცა.
რეალური ფაქტებისა და მათ შორის, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის საპირისპიროდ, ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქ პოსტს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და არსებულ რეალობას ისე წარმოაჩენს, თითქოს ბავშვთა მიმართ ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე რეაგირება, ასევე, სახალხო დამცველისა და სხვა უფლებადამცველი აქტორების მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მოთხოვნა, ბავშვთა ინტერესების დაცვის ნაცვლად, ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ საპატრიარქო თავის განცხადებაში ნინოწმინდაში მიმდინარე მოვლენებს „ივლისში დაანონსებულ ე.წ. ლგბტ კვირეულს“ არ უკავშირებს, როგორც ეს ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქ პოსტშია მოცემული. მეტიც, საპატრიარქო საკუთარ განცხადებაში მოუწოდებს შესაბამის სამსახურებს დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება და სათანადო უწყებებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით თანამშრომლობისათვის მზადყოფნას გამოხატავს.
---------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.