დეზინფორმაცია: ნინო ლომჯარია „B4U“ კლუბის წევრია, რომელიც აქტიურად იბრძვის პედოფილიის ლეგალიზაციისთვის

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

პრორუსულმა გამოცემა “ნიუსფრონტმა“ 5 ივნისს სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „ნინო ლომჯარია „B4U“ კლუბის წევრია, რომელიც აქტიურად იბრძვის პედოფილიის ლეგალიზაციისთვის“. მოგვიანებით, იგივე სტატია „თვალსაზრისმაც“ გააზიარა. სტატიაში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში ნინო ლომჯარიას დისკრედიტაციას ემსახურება.

სტატიაში ნახსენებ „B4U“ კლუბში, სავარაუდოდ, არასამთავრობო ორგანიზაცია B4U-ACT-ს იგულისხმება. არასამთავრობო ორგანიზაცია აშშ-ში 2003 წელს დაარსდა, იმ ადამიანების დახმარების მიზნით, რომელთაც ბავშვების მიმართ სექსუალური მიზიდულობა/ლტოლვა გააჩნიათ. ორგანიზაციის ვებგვერდის თანახმად, ორგანიზაცია ცდილობს მსგავსი მიდრეკილებების მქონე ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწიოს, მათ შორის, ფსიქოლოგიური და მენტალური. ხაზგასასმელია, რომ ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულ მიზნებს შორის, პედოფილიის ლეგალიზაციისთვის ბრძოლა ნახსენები საერთოდ არ არის. როგორც AFP FACT CHECK წერს, ბავშვებში სექსუალური ძალადობის პრევენციის მიზნით, ორგანიზაცია ტერმინ პედოფილის ნაცვლად, „ადამიანი, რომელსაც არასრულწლოვნები იზიდავს“, იყენებდა. აღსანიშნავია, რომ B4U-ACT პედოფილიის ლეგალიზაციის კონტექსტში არასანდო რუსულ წყაროებს ჰყავთ ნახსენები.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, სადაც ნინო ლომჯარიას და ორგანიზაციის კავშირი უარყვეს და განაცხადეს, რომ სახალხო დამცველი მსგავსი ორგანიზაციის თუ კლუბის წევრი არ არის. შესაბამისად, ნინო ლომჯარიასა და ამ ორგანიზაციას შორის რაიმე სახის კავშირის არსებობის მტკიცება ყალბი ამბავია და ის სახალხო დამცველის დისკრიმინაციას ემსახურება.

სტატიაში ასევე უკრაინელ მებრძოლ ვადიმ ალტმანისა და ნინო ლომჯარიას კავშირზეა საუბარი. სტატიაში ვკითხულობთ: „ნიშანდობლივი ფაქტია ისიც, რომ 2020 წლის 13 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა, რუსეთს არ გადასცეს უკრაინის მოქალაქე ვადიმ ალტმანი....რეალურად კი ალტმანი მონაწილეობდა დაჭრილი და დაშავებული უკრაინელი მებრძოლების ორგანოებით ვაჭრობით. საველე საოპერაციოში უკრაინელ მებრძოლებს ორგანოების უკანონოდ აცლიდნენ და შემდეგ უცხოურ კლინიკებზე ყიდდნენ. ალტმანს მჭიდრო კავშირები აქვს ოლგა ვებერი (ექიმი ტრანსპლანტოლოგი) და სანდრა რულოვსი. ვებერი და რულოვსი ასევე ამ კრიმინალური სქემის აქტიური წევრები არიან. საინტერესოა, რა მიზნით იმყოფებოდა ალტმანი 2020 წელს საქართველოში, პანდემიის და კარანტინის პირობებში, ვინ უზრუნველყო მისი ვიზიტი“.

უკრაინელი მებრძოლი ვადიმ ალტმანი საქართველოში 2020 წლის პერიოდში ჩამოვიდა. 2020 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, ალტმანი დააკავეს და სექტემბერში საექსტრადაციო პატიმრობის ვადა გასდიოდა. ნინო ლომჯარიამ 2020 წლის 3 აგვისტოს, გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს ნამდვილად მიმართა წინადადებით, რომ უკრაინის მოქალაქე რუსეთისთვის არ გადაეცა. ლომჯარიას განცხადებით, ვადიმ ალტმანი რუსეთ-უკრაინის შეირაღებული კონფლიქტის დროს უკრაინის მხარეს იბრძოდა, იყო „ომის, შეიარაღებული ძალების ინვალიდთა და საომარი მოქმედებების მონაწილეთა სრულიად უკრაინის ორგანიზაციის ოდესის საოლქო ორგანიზაციის“ წევრი, მონაწილეობდა უკრაინელ მოხალისეთა ჯგუფების შემადგენლობაში და აქტიურ როლს ასრულებდა უკრაინის არმიის აღჭურვა-მომარაგებაში.

ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2020 წლის 30 იანვარს რუსეთის გენერალური პროკურორის შუამდგომლობა მიიღო, ვადიმ ალტმანის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების შესახებ, რომლის მიხედვით, მას ბრალად კრიმინალური ორგანიზაციის ჩამოყალიბება და ნარკოდანაშაული ედებოდა. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ რუსულ პენიტენციურ სისტემაში სასტიკი მოპყრობის არაერთი მაგალითი მოიძებნება მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის გამო პროუკრაინულ განცხადებებს ავრცელებდა. შესაბამისად, ნინო ლომჯარიას აზრით, ვადიმ ალტმანის ექსტრადიციის შემთხვევაშიც, საფუძვლიანი ვარაუდი არსებობდა, რომ იგი წამებას ან არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმას დაექვემდებარებოდა, რაც საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. ამრიგად, ნინო ლომჯარია საკუთარ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

ამასთან, სტატიაში ორგანოთა ტრანსპლანტაციის უკანონო სქემებთან სანდრა რულოვსიც სრულიად დაუსაბუთებლად არის დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ რულოვსი მსგავსი დაუსაბუთებელი ბრალდებების სამიზნე წლების განმავლობაში არის, თუმცა ეს ბრალდებები დღემდე არც ერთი ფაქტით არ დადასტურებულა.

პრორუსული გამოცემების „თვალსაზრისისა“ და „ნიუსფრონტის“ სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია, ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების კონტექსტში, სახალხო დამცველის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი წლების განმავლობაში აღნიშნავდა, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა გამოკვეთა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები. ამასთან, დაწესებულებაში შესვლას სახალხო დამცველის წარმომადგენლები ერთ წელზე მეტ ხანს ითხოვდნენ. 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის 14 მაისამდე პანსიონში არ უშვებდნენ სახელმწიფოს წარმომადგენელ სოციალურ მუშაკსაც.15 აპრილს პანსიონში სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი კვლავ არ შეუშვეს. შემდგომში უკვე, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი უზრუნველეყო იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები. მიუხედავად ამისა, 19 მაისს, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის. 4 ივნისს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ გამოყვანილიყო. 5 ივნისს, სასამართლომ ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სარჩელი დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ ნინოწმინდის პანსიონი უნდა დატოვონ შშმ ბავშვებმა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების გაყვანა სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო.

----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.