2022 წლის 6 თებერვალს, დიმიტრი ლორთქიფანიძის მანიპულაციური მტკიცება გავრცელდა. კერძოდ, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გადაცემაში, „კვირა ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, „[ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი] დაშლის და ბავშვების იქიდან გადაყვანის ფორმალური საფუძველი იყო ის, რომ ამ სახლში, თითქოსდა, 2018 წელს მოხდა 14 წლის გოგონას გაუპატიურება, რომელთან დაკავშირებითაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და კონკრეტული ეჭვმიტანილი ჰყავდა ამ საქმეს. რა თქმა უნდა, ეჭვმიტანილის სტატუსი არ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში და ბრალდებულად ვერ ცნეს ეს ადამიანი, დაიკითხა მოწმის სახით, ვერ ცნეს, იმიტომ რომ არ არსებობდა არანაირი სამხილი და აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს დანაშაულიც კი არ ჩაუდენია. მეტიც, აღმოჩნდა ექსპერტიზის დასკვნით, რომ ეს ბავშვიც არ ყოფილა გაუპატიურებული და ეს თემა დღესდღეობით არის გასაიდუმლოებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აკეთებს ოფიციალურ ბრიფინგს იმის თაობაზე, თუ რატომ არის შემოდებული ეს საქმე თაროზე და ამ დროს, რატომ სარგებლობს სახალხო დამცველად წოდებული ნინო ლომჯარია, რომელმაც სწორედ ამ შემთხვევიდან გამომდინარე, აი ამ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის წარმოებიდან გამომდინარე მიაღწია, რომ მოსამართლეს გააზიარებინა აუცილებლობა, აი ამ სახლის დაშლისა და ბავშვების გაყვანისა“.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადება რამდენიმე არასწორ მტკიცებას შეიცავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის ბავშვთან სახლიდან აღსაზრდელების გაყვანის მოთხოვნით, სასამართლოს არა სახალხო დამცველმა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წელს ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასახელებული სისხლის სამართლის საქმით არ დაწყებულა.
გასული წლების განმავლობაში ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არსებულმა მდგომარეობამ უფლებადამცველთა ყურადღება არაერთხელ მიიქცია. 2015 წელს სახალხო დამცველმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბავშვებთან ინტერვიუირებით აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები გამოვლინდა: გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს, დასჯის მიზნით, ოთახიდან გასვლა ეკრძალებათ, უწევთ კვების ერთი-ერთი კომპონენტის გამოტოვება - მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით, არასრულწლოვანებს თავზე ხელებდაწყობილს, თანატოლების თვალწინ, დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარული უწევთ.
ბავშვთა პანსიონებში არსებული მდგომარეობის, ბავშვთა მიმართ ძალადობის, ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობასა და ბავშვის უფლებათა კონვენციით გარანტირებული მთელი რიგი უფლებებით სარგებლობის შეუძლებლობის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის 2018 წლის სპეციალურ ანგარიშშიც არის მოცემული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების თანახმად, ბავშვების სააღმზრდელო პროცესში, დასჯის მეთოდად შეიძლება გამოყენებულიყო ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, კუთხეში დაყენება, რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის დროებითი შეზღუდვა და ა.შ. აღნიშნულის პარალელურად, ბავშვებს ხშირ შემთხვევაში, მსგავსი მოპყრობის გაპროტესტების და თავიანთი განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა არ აქვთ. ერთ-ერთ დაწესებულებაში, კერძოდ, ნინოწმინდის პანსიონში არასრულწლოვანები სოციუმისგან თითქმის იზოლირებულები არიან. ამასთან, ბავშვებს კონკრეტული ინფორმაცია არა აქვთ, თუ, საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით, ვის შეიძლება მიმართონ. ამასთან, აღნიშნულია, რომ რელიგიური სკოლა-პანსიონების ფუნქციონირება ასევე უკავშირდება ინსტიტუციური ძალადობის მაღალ რისკს, უგულებელყოფის შემთხვევების გამოვლენისა და რეაგირების საკითხებს. გამომდინარე იქიდან, რომ დაწესებულებებში ბავშვთა სააღმზრდელო რეჟიმი მკაცრად არის რეგულირებული და არასრულწლოვანების ინდივიდუალურ საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირებული, ბავშვთა საჭიროებების უგულებელყოფის პრობლემა სისტემური ხასიათისაა. საყურადღებოა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების პრობლემა, სახალხო დამცველს პირველად, სწორედ 2018 წელს, ზემოხსენებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, შეექმნა. სპეციალური ანგარიშების გარდა, ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებშიც არის საუბარი, სადაც არაერთხელაა აღნიშნული, რომ სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე, საჭიროა ბავშვთა პანსიონებში (მათ შორის, უშუალოდ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში) ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფა და გაძლიერება.
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი საზოგადოების ყურადღების ცენტში კიდევ ერთხელ 2021 წლის აპრილში მოექცა. სახალხო დამცველის განცხადებით, 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება არ მიეცათ.
7 მაისს, გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 5 მაისის საჩივარი დააკმაყოფილა და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა. არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განმარტებით, აღნიშნულ დროებით ზომას გაერო მხოლოდ ისეთ შემთხვევაში იყენებს, როდესაც სახეზეა საგანგებო ვითარება და ბავშვების მიმართ გამოუსწორებელი ზიანის დადგომის საფრთხე. ამასთან, შეტყობინების პროცედურების შესახებ ბავშვის უფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის მე-6 მუხლის საფუძველზე კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოშობს სახელმწიფოს სამართლებრივ ვალდებულებას, შეასრულოს ის.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ. თუმცა მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა. ამასთან, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის მაისამდე, დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებსაც არ ჰქონიათ.
2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების 1 ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გამოაქვეყნა და შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა.
ამავე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს. სამი საქმე სავარაუდო ცემის ფაქტს (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) ეხება, ხოლო ერთი საქმე სავარაუდო გაუპატიურების ფაქტს (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი) ეხება. გამოძიების დაწყების საფუძველი, ორ შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული წერილი, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში - სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან“, მიმართვა გახდა. შსს-ს განცხადების თანახმად, „თითოეულ საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, თუმცა, ამ ეტაპზე, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეულ სისხლის სამართლის საქმეზე მუდმივ რეჟიმში აგრძელებს საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, რათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიებულ იქნეს დანაშაულის ყველა შესაძლო ჩადენის ფაქტი“.
2021 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა შშმ პირის გაყვანა უნდა მოხდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადება გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ნინოწმინდის პანსიონიდან 20 არასრულწლოვანი გაიყვანეს და არასრულწლოვანთა ზრუნვის სხვადასხვა ფორმაში (ბიოლოგიური ოჯახი, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა) განათავსეს.
მოგვიანებით, 2021 წლის 22 დეკემბერს სახალხო დამცველმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა ის ფაქტი თუ დარღვევაა თავმოყრილი, რაც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა პანსიონში მცხოვრები ბავშვებისგან, ყოფილი აღსაზრდელებისგან, სოციალური მუშაკებისგან და თავად პანსიონატის თანამშრომლებისგან მოისმინეს. ანგარიშში, პანსიონში მცხოვრები ბავშვების მიმართ ცემის, სხვაგვარი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთი ფაქტია ასახული.
სტატიაში განხილული სახალხო დამცველის ანგარიშები და 2021 წლის 15 აპრილის შემდეგ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით წლების განმავლობაში არსებობდა სისტემური პრობლემები, რომლებიც ბავშვთა მიმართ ძალადობრივ მოპყრობაში და შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის ეფექტური მონიტორინგის განხორციელების ხელის შეშლაში გამოიხატებოდა. საფუძველი სასამართლოს მიერ პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, სწორედ, აღნიშნული დარღვევები გახდა.
რაც შეეხება, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეს, 2021 წლის 3 ივნისს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, დასახელებულ საქმეებში დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენა ვერ ხდებოდა. შესაბამისად, მოცემული საქმეები ვერ გახდებოდა 5 ივნისს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი, რადგან ამ მომენტისთვის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დამტკიცებული არ იყო.
ამასთან, საყურადღებოა, რომ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საგამოძიებო ორგანოები ზემოხსენებულ საქმეების არაეფექტურ გამოძიებას აწარმოებენ. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქმეების მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებებისას გათვალისწინებული არ ყოფილა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, არ გატარებულა არასრულწლოვანების დაცვაზე ორიენტირებული შესაბამისი ღონისძიებები. ასევე, იკვეთება საგამოძიებო მოქმედებების შეუსრულებლობა და გამოძიების პროცესში რამდენიმეწლიანი უმოქმედობა. გამოიკვეთა, რომ ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ, შეტყობინებიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ დაიწყო. ამავე საქმეში იკვეთება არასრულწლოვანების საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოკითხვა, საჭიროების მიუხედავად, ბავშვისთვის, კანონიერი წარმომადგენლის ნაცვლად, არ დაუნიშნავთ საპროცესო წარმომადგენელი. ასევე, გამოკითხვის პროცესში არასრულწლოვანებმა და მათმა მშობლებმა უარყვეს ძალადობის ის ფაქტები, რომლებზეც აქამდე სხვა უწყებასთან საუბრობდნენ. ამისი მიზეზი, შესაძლოა, იყოს საქმის გამომძიებლის და ნინოწმინდის სამმართველოს პოლიციის განყოფილების ორი სხვა თანამშრომლის მიერ, ცრუ ჩვენებისთვის პასუხისგებაში მიცემით და დაშინების სხვა ფორმების გამოყენებით მათი დაყოლიება, შეეცვალათ ჩვენება“.
საბოლოო ჯამში, ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძის მტკიცებები არის ფაქტებით მანიპულირება. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ნინოწმინდის ბავშვთან სახლიდან აღსაზრდელების გაყვანის მოთხოვნით, სასამართლოს არა სახალხო დამცველმა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართა. ამასთან, ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან აღსაზრდელების გაყვანის საფუძველი წლების განმავლობაში გამოვლენილი სისტემური დარღვევები, ბავშვთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და დაწესებულებაზე ზედამხედველობის განხორციელების შეუძლებლობა იყო და არა 1 კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტატიაში განხილული მტკიცებით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და, როგორც სახალხო დამცველის, ასევე, მთლიანად ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების, დისკრედიტაციას ცდილობს.
---------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.