8 სექტემბერს სოციალური ქსელში დეზინფორმაციის შემცველი პოსტი გავრცელდა. Facebook-მომხმარებელი ვიდეოზე დაყრდნობით ამტკიცებს რომ ნაომი ბაიდენის განცხადებით, მისი ბაბუა, „ჯო ბაიდენი 3 წელია მკვდარია!“

სინამდვილეში, პოსტში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

გავრცელებულ ვიდეოში ახალგაზრდა ქალი მართლაც ამბობს: „ბაბუაჩემს, ჯო ბაიდენს ჰყავს ტყუპისცალი. ბაბუაჩემი სამწუხაროდ, დაახლოებით 4 წლის წინ გარდაიცვალა, მაგრამ როგორც იცით, მან შექმნა ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა. ჩემს ოჯახს კვლავ სურდა გავლენა ჰქონოდა აშშ-ს ხელისუფლებაში, ამიტომ ჩვენ ჯო უბრალოდ მისი ტყუპისცალით ჩავანაცვლეთ“.

რეალურად, ვიდეო 11 ივნისს TikTok-ის მომხმარებელ Kass Theaz-ის მიერ გამოქვეყნდა. აღნიშნული მომხმარებელი საკუთარ ანგარიშს ახასიათებს როგორც სატირულს და TikTok პლატფორმაზე სატირული შინაარსის ვიდეოების განთავსებითაა ცნობილი. ჯო ბაიდენთან დაკავშირებით სახუმარო შინაარსის პოსტი, სადაც ის ჯო ბაიდენის შვილიშვილად ასაღებს თავს, სხვადასხვა სოციალურ ქსელში მან აქამდეც გამოაქვეყნა. თუმცა მას, სინამდვილეში, ჯო ბაიდენთან ნათესაური კავშირი არ აქვს.

ჯო ბაიდენს ნამდვილად ჰყავს შვილიშვილი სახელად ნაომი ბაიდენი. Google-ის ფოტოთა საძიებო სისტემის გამოყენებით სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოში არსებული ქალისა და ჯო ბაიდენის შვილიშვილს შორის შესაბამისობა არ დგინდება.

დეზინფორმაციის შემცველი ვიდეო შეერთებულ შტატებში ფაქტების გადამმოწმებელმა არაერთმა გამოცემამ, მათ შორის -Politifact-მა, Verify-მ გადაამოწმა და შეაფასა, როგორც ყალბი.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი