სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „ბერი პეტრე“ პოსტს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგის თქმით, ლოცვის „მამაო ჩვენო“ გამოქვეყნება Meta-ს პოლიტიკას არღვევს. მსგავსი შინაარსის პოსტები მოგვიანებით სხვა ანგარიშების მიერაც გავრცელდა (1,2,3). რეალურად, Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს მსგავსი შინაარსის განცხადება არასდროს გაუკეთებია. მეტიც, პლატფორმებზე (Facebook, Instagram, Threads) ლოცვის გამოქვეყნებას Meta-ს სტანდარტებიდან არც ერთი არ ზღუდავს.

პირველ რიგში, Facebook-ის საზოგადოების სტანდარტებიდან, რომლებიც Facebook-ზე დასაშვები ტექსტების შინაარს განსაზღვრავს, ლოცვის გამოქვეყნებას არც ერთი არ კრძალავს.

სტანდარტები ხალხის გამოხმაურებაზე, საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანთა უფლებების სფეროში მომუშავე ექსპერტების რჩევებზე დაყრდნობით არის შემუშავებული და Facebook-ის ყველა მომხმარებლისთვის არის ხელმისაწვდომი. სტანდარტების შესავალში ვკითხულობთ, რომ Meta მიზნად ისახავს ისეთი პლატფორმის შექმნას, სადაც ადამიანები საკუთარ აზრს თავისუფლად გამოხატავენ „Meta-ს სურს, რომ ადამიანებმა ღიად ისაუბრონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, იქნება ეს წერილობითი კომენტარების, ფოტოების, მუსიკის ან სხვა მხატვრული საშუალებების მეშვეობით, მაშინაც კი, როდესაც ზოგიერთი ადამიანი შეიძლება არ ეთანხმებოდეს მათ აზრს ან სადავოდ მიიჩნევდეს მას“.

მიუხედავად, აზრის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობისა, სტანდარტებში ვკითხულობთ, რომ არსებობს ინტერნეტის ბოროტად გამოყენების შანსები. შედეგად, თუ საქმე ეხება პოსტს, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად ღირებულებებს: ავთენტურობა, უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა და ღირსება, Meta შეზღუდვებით პასუხობს.

საზოგადოების სტანდარტების თითოეული ნაწილი მოიცავს „სახელმძღვანელო წესების დასაბუთებას“, სადაც აღწერილია, თუ რა ტიპის შინაარსის პოსტები იკრძალება, ან მეორე შემთხვევაში, სპეციალური ნიშნით ინიშნება.

საზოგადოების სტანდარტები მოიცავს შემდეგ თემებს: ძალადობა და დანაშაულებრივი ქცევა; უსაფრთხოება; საეჭვო შიგთავსი; სამართლიანობა და სანდოობა; ინტელექტუალური საკუთრების პატივისცემა; შიგთავსთან დაკავშირებული მოთხოვნები და გადაწყვეტილებები.

აღნიშნულ პლატფორმაზე ლოცვის გამოქვეყნებას არც ერთი სტანდარტი არ კრძალავს. მეტიც, ზოგადად რელიგია სტანდარტებში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები. Facebook-ზე იკრძალება სიძულვილის ენა, რომელიც დაშინებას განაპირობებს და შესაძლოა, პლატფორმის გარეთ ძალადობას შეუწყოს ხელი. სიძულვილის ენას Facebook განსაზღვრავს, როგორც: ადამიანზე პირდაპირი შეტევა ისეთი მახასიათებლების საფუძველზე, როგორებიცაა: „რასა, ეთნიკურობა, ეროვნული წარმომავლობა, შეზღუდული შესაძლებლობა, რელიგიური კუთვნილება, კლასი, სექსუალური ორიენტაცია, სქესი, გენდერული იდენტობა და სერიოზული დაავადება“. შეტევა კი განისაზღვრება, როგორც „ძალადობრივი ან ადამიანის ღირსების შემლახველი გამოთქმები, მავნე სტერეოტიპები, დამამცირებელი განცხადებები, შეურაცხყოფის გამოხატვა, ზიზღი ან უარყოფა, გინება და გარიყვისკენ ან გამოყოფისკენ მოწოდება“. ამდენად, Meta რელიგიური შინაარსის მქონე პოსტების გამოქვეყნებას არ ზღუდავს, პირიქით, პლატფორმაზე დაცულია გამოხატვის თავისუფლება და ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ რელიგიაზე თავისუფლად ისაუბრონ. მეტიც, თუ რელიგიური კუთვნილების გამო პლატფორმაზე მომხმარებლის დისკრიმინაცია ხდება, მისივე უფლებების დასაცავად Meta მსგავსი ტიპის პოსტებს მისი საზოგადოებრივი წესების დარღვევად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ დეზინფორმაცია, რომ ლოცვის გამოქვეყნება Meta-ს სტანდარტებს არღვევს, რამდენიმე წელია ვრცელდება. ინფორმაციის დაზუსტებისთვის, PolitiFact მეტას წარმომადგენელსაც დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ლოცვის გავრცელება მეტას სტანდარტებს არ არღვევს. PolitiFact ასევე წერს, რომ კომპანია Meta-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგს ლოცვის გავრცელებასთან დაკავშირებით მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია.

ლოცვის „მამაო ჩვენო“ გავრცელება პლატფორმაზე სტანდარტებს რომ ეწინააღმდეგებოდეს, „პეტრე ბერის“ და სხვა მომხმარებლების პოსტები, რომლებიც ლოცვას შეიცავს, ხელმისაწვდომი არ იქნებოდა. მიზეზი მარტივია, თუ პოსტი ზემოთ დასახელებულ საზოგადოების სტანდარტებს ეწინააღმდეგება, Meta მას შლის. ამავდროულად, პოსტის ავტორს მისდის შეტყობინება, თუ რომელი სტანდარტი დაარღვია.

ამდენად, მტკიცება, რომ ლოცვის გამოქვეყნება Meta-ს სტანდარტებს არღვევს, ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.