მამუკა მდინარაძე: [ოპოზიციას] შავ ფულს იცავთ და არ ჩერდებით
ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, მამუკა მდინარაძის განცხადება არის ყალბი ამბავი.
ანალიზი:
2024 წლის 15 აპრილს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო ოპოზიციას მიმართა. მამუკა მდინარაძის თქმით, ოპოზიცია „შავ ფულს იცავს და არ ჩერდება“.
„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.
სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი იმ ორგანიზაციების „უცხოეთის ინტერესების გამტარებლად“ გამოცხადებას ისახავს მიზნად, რომლებიც საკუთარ დაფინანსებას „უცხო ძალისგან“ [1] იღებენ. ამ კანონის მოქმედების ქვეშ ყველა ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიების ის ნაწილი ექცევა, რომლებიც დაფინანსებას „უცხო ძალისგან“ იღებენ. კანონის მიხედვით, უცხო ძალა არის: უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების შემადგენელი პირი, ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე და ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, კანონი შეეხება ყველა იმ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ მედია ორგანიზაციასაც, რომლებიც დაფინანსებას აშშ-დან, ამერიკული ფონდებიდან, ევროკავშირიდან, ევროპული ფონდებიდან თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან იღებს.
ბუნებრივია, ამგვარი დაფინანსება, განსაკუთრებით, ამერიკული თუ ევროპული სახელმწიფოების მხრიდან მომდინარე დაფინანსება, ექვემდებარება მკაცრ კონტროლს, პირველ ეტაპზე - დაფინანსების გამცემ სახელმწიფოში, ხოლო შემდგომ - საქართველოში. „შავი ფული“ ნიშნავს ფულს, რომელიც გამომუშავებულია არალეგალური გზებით, ან რომელზეც დამალულია/გადახდილი არაა გადასახადები. თავის მხრივ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო ფულის გათეთრებას განმარტავს, როგორც არალეგალური წარმოშობის ფინანსური აქტივების შენიღბვის პროცესს. ქართული კანონმდებლობით, შავი ფულის შემოტანა ან შავი ფულის გათეთრება ისედაც აკრძალული საქმიანობაა. [1] დასავლური პარტნიორების მხრიდან მიღებული დაფინანსება, ძირითადად, პარტნიორი ქვეყნების გადასახადის გადამხდელთა ფულია. შესაბამისად, ფული, რომელიც გადასახადის გზით ლეგალურად არის აკრეფილი და შემდგომ, საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, გრანტად არის გაცემული, ვერ იქნება „შავი ფული“, ვინაიდან, თავისი შინაარსით, შავი ფული გულისხმობს არალეგალურ წარმომავლობას.
ეს თანხა საქართველოში ოფიციალური გზებით - გადარიცხვით შემოდის. ყველა ეს ფინანსური რესურსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იბეგრება. ამ ფულის მიმღები ორგანიზაციები კი, თანხის განკარგვისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოში მოქმედ ყველა გადასახადს იხდიან. აღნიშნულისთვის თავის არიდება უკვე მოქმედი კანონმდებლობით ისჯება. [2]
ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონპროექტი დასავლური გრანტებით დაფინანსებულ ყველა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას უცხოეთის ინტერესების გამტარებლად გამოაცხადებს. კანონპროექტი არ ქმნის არანაირ ბერკეტს შავი ფულისა თუ ფულის გათეთრების ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთისთვის. სინამდვილეში, დისკუსიაში შავი ფულის საკითხის შემოტანაც მხოლოდ არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. აქედან გამომდინარე, მამუკა მდინარაძის მტკიცება, რომ კანონპროექტის წინააღმდეგობით საპარლამენტო ოპოზიცია თითქოს „შავ ფულს იცავს“, ყალბია. უფრო დეტალური ინფორმაცია, თუ რას არეგულირებს საქართველოში ინიციირებული კანონის პროექტი „გამჭვირვალობის შესახებ“ და რატომ არ არის ის ევროკავშირში ინიციირებული დირექტივის პროექტისა თუ საუკეთესო დასავლური პრაქტიკის ანალოგი, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1; ბმული 2).
[1] სსკ მუხლი 194 - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) - ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ჯგუფურად; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ხოლო იგივე ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
[2] სსკ მუხლი 218 - გადასახადისთვის თვის არიდება - 1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება - ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, გ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება გადასახადისათვის თავის არიდების მიზნით – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან სამ წლამდე.