სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „პოლიტიკური აბსურდი“ კონსპირაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები ოქტომბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს.

„პოლიტიკური აბსურდი“ ამ კონსპირაციულ თეორიას „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ ხელახლა დაინიციირებულ კანონპროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების მიერ გამოთქმულ მწვავე კრიტიკას უკავშირებს. „აშშ ოქტომბერში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს. ეს არის პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არიან კანონის მიღებით გამწარებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი მფარველები“, - ვკითხულობთ პოსტში.

აღნიშნული კონსპირაციული თეორიის გავრცელების მიზანი ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამოთქმული მკაცრი და მკაფიო ადგილობრივი თუ საერთაშორისო კრიტიკის დისკრედიტაციაა. აღსანიშნავია, რომ გვერდმა პოსტი META-ს პლატფორმაზე გასავრცელებლად დაასპონსორა.

„ფაქტ-მეტრმა“ გვერდ პოლიტიკური აბსურდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეისწავლა.

შეთქმულების თეორია სხვადასხვა წყაროს მიხედვით განიმარტება, როგორც თეორია, რომელიც რაიმე მოვლენას ან გარემოებების სერიას, როგორც წესი, ძლევამოსილ შეთქმულთა საიდუმლო გეგმას უკავშირებს. ამასთანავე, შეთქმულების თეორია ამ მოვლენების გარშემო საზოგადოდ მიღებულ და დამკვიდრებულ ნარატივს უარყოფს და მას შეთქმულების კიდევ ერთ მტკიცებულებად წარმოაჩენს. Facebook-ის მფლობელი კომპანია META კონსპირაციული თეორიის განმარტებისას ამბობს, რომ შეთქმულების თეორიები მოვლენებს ცალკეულ პირთა ან ჯგუფების საიდუმლო მუშაობით ხსნიან. ასეთი თეორიები შეიძლება ჭეშმარიტ ან ნაკლებად გადამოწმებად ინფორმაციას ეფუძნებოდეს, მაგრამ შეუძლებელი და წარმოუდგენელი დასკვნა გამოაქვთ.

„პოლიტიკური აბსურდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციასაც შეთქმულების თეორიისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. კერძოდ, ის ნაწილობრივ ეყრდნობა ფაქტებს, ნაწილობრივ კი ისეთ ინფორმაციას, რომელიც გადამოწმებადი არაა. მაგალითად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს დასავლელი პარტნიორების - რომელსაც „პოლიტიკური აბსურდი“ არასამთავრობო ორგანიზაციების „მფარველებს“ უწოდებს - მკაფიო კრიტიკას მართლაც იწვევს, თუმცა Facebook-გვერდის მიერ ამის სახელმწიფო გადატრიალების გეგმასთან დაკავშირება, ლოგიკურ ფაქტებს არ ეფუძნება. პოსტის დანარჩენ ნაწილში მოყვანილი ინფორმაციის გადამოწმება კი უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ისინი ბუნდოვან ან, ხშირ შემთხვევაში, არანაირ წყაროს არ ეყრდნობა.

მაგალითად, პოსტში ვკითხულობთ, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ მ/წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდგომი აქციების დასაფინანსებლად მ/წლის მაისს - ოქტომბერის თვეში ევრო - ამერიკული სხვადასხვა ფონდებიდან საქართველოს რამდენიმე არასამთავრობო ორგზანიზაციის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო დიდძალი თანხა, რომელიც მოხმარდებოდა სტუდენტი – ახალგაზრობის, ე. წ. “აქტივისტების” მოსყიდვას, გადაბირებას, დასვენების ხარჯებს, „საბრძოლო” ტრენინგებს, ტვინების გამორეცხვას“. გადაუმოწმებადია ის ინფორმაციაც, რომლის მიხედვით „ამერიკის სახ.დეპის პირდაპირი დირექტივაა, რომ აშშ-ში მ/წლის 5 ნოემბრამდე გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, საქართველოში უნდა „დაიდოს შედეგი”, ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ ინტერესებს მოემსახურება“ და „წყაროს ცნობით, სალომე ზურაბიშვილისათვის აშშ-დან უკვე მიცემულია გარანტია, რომ მათთვის სასურველი პარლამენტი ნოემბერში მას კვლავ პრეზიდენტად დაამტკიცებს“.

იმაზე, რომ აღნიშნული მტკიცებები კონსპირაციულია, დამატებით რამდენიმე საეჭვო დეტალი მეტყველებს.

აღსანიშნავია, რომ პოსტში მოყვანილი ყველა ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ გვერდ „პოლიტიკურ აბსურდს“ ეყრდნობა. კერძოდ, მასში მკაფიოდაა მითითებული, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია თავად „პოლიტიკურ აბსურდს“ და უცნობ წყაროს ეკუთვნის, რომლის ვინაობა ან სხვა დეტალი, რომელიც მას სანდოობას შესძენდა, მოწოდებული არაა. ხოლო თეორიულად მსგავსი წყაროს გამოგონება ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

სინამდვილეში, „პოლიტიკური აბსურდი“, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის წყაროა, თავს იუმორისტულად წარმოაჩენს, თუმცა გვერდი პოლიტიკურად მოტივირებული დეზინფორმაციული პოსტების გავრცელებისთვისაც ხშირად გამოიყენება. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) Disinfoobserver.ge პლატფორმის მიხედვით, Facebook-გვერდი „პოლიტიკური აბსურდი“ ანტი-ოპოზიციური მადისკრედიტირებელი გვერდია.

მის მიერ გამოქვეყნებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია. იხილეთ ბმული 1, 2, 3.

ამდენად, ინფორმაციის წყარო, რომელსაც კონსპირაცია ეყრდნობა, თვითგამოცხადებული იუმორისტული გვერდია, რომელიც ანტი-ოპოზიციურ მადისკრედიტირებელ პოსტებსა და დეზინფორმაციას ხშირად ავრცელებს. შესაბამისად, ინფორმაცია სანდოობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

პოლიტიკური აბსურდის მიერ გამოქვეყნებული პოსტი კიდევ რამდენიმე ყალბ მტკიცებას მოიცავს. მაგალითად, პოსტში ვკითხულობთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს „რუსული“ არგუმენტების მოსმენის გარეშე შეარქვეს. „კანონის ინიცირებით „ქართულმა ოცნებამ“ დაასწრო და განსახილველად კვლავ წარადგინა პირველი ვერსიისგან მეტად შერბილებული კანონი „უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, თუმცა ძალებისთვის, ვისი მიზანიც ოქტომბერში ხელისუფლების შეცვლაა – ნებისმიერი არგუმენტის მოსმენა უაზრობაა, რაც არ უნდა ფაქტებით იყოს გამყარებული, მათთვის კანონი – რუსულია“, - ვკითხულობთ პოსტში. ამდენად, პოსტიდან გამომდინარეობს მცდარი დასკვნა, თითქოს კანონპროექტი დასავლური პრაქტიკის შესაბამისია.

სინამდვილეში, ტყუილია, რომ 2024 წელს ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი პირველი ვერსიისგან შერბილებულია. 3 აპრილს „ქართულმა ოცნებამ“ თავად განაცხადა, რომ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიციირდებოდა ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

მართლაც, ერთადერთი განსხვავება 2023 წელსა და 2024 წელს დაინიციირებულ კანონპროექტებს შორის ისაა, რომ ტერმინ „აგენტის“ ნაცვლად, ახალი კანონპროექტი იყენებს ტერმინს - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ტერმინ „აგენტის“ მნიშვნელობას. ECODEFENCE AND OTHERS vs RUSSIA ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ციტირებს ვენეციის კომისიის დასკვნას და მიუთითებს, რომ ტერმინი აგენტი მასტიგმატიზებელი ტერმინი სწორედ იმიტომაა, რომ გულისხმობს, თითქოს კონკრეტული ორგანიზაცია უცხოეთის ინტერესებს ატარებს და ეს ხდება იმის მიუხედავად, რა აქტივობას ახორციელებს ორგანიზაცია.

ფაქტია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ტერმინ „აგენტს“ ზუსტად იმ შინაარსით განმარტავს, რა შინაარსსაც „ქართული ოცნების“ მიერ დაინიციირებული კანონპროექტი სამოქალაქო ორგანიზაციებს ანიჭებს. აგენტი და ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთის ინტერესებს ატარებს, ანუ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ფაქტობრივად ერთი და იგივეა. ამდენად, 2024 წელს ხელახლა ინიციირებული კანონპროექტი შარშანდელი ვერსიასთან შედარებით შერბილებული არ არის.

ასევე, მცდარია მტკიცება, რომ კანონპროექტი დასავლური პრაქტიკის შესაბამისია. საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი და დასავლური ქვეყნების პრაქტიკა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. რუსეთში მოქმედი კანონის ანალოგიურად, ქართული კანონპროექტით, უცხოეთის ინტერესების გამტარებლად (აგენტად) ორგანიზაცია იმაზე დაყრდნობით გამოცხადდება, იღებდა, თუ - არა ის ფულს უცხოეთიდან. დასავლური და დემოკრატიული პრაქტიკისთვის კი ეს მიუღებელი ფორმაა. დასავლური კანონმდებლობა გასაკონტროლებლად მიიჩნევს არა ცალკე აღებულად დაფინანსების ფაქტს, არამედ - აქტივობას, რომელიც უცხოური ძალის მითითებით, კონტროლით, დავალებით, ამ ფულის სანაცვლოდ განხორციელდა. შესაბამისად, დასავლური კანონები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიებს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად კი არ აცხადებენ, არამედ უცხო ქვეყნის ინტერესების გატარების აქტივობებს განსაზღვრავენ და გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებენ, ორგანიზაციამ ეს აქტივობა განახორციელა, თუ - არა. აღნიშნულ თემაზე იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.

გარდა ამისა, პოსტში ვხვდებით მტკიცებას, რომ „საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება ეს არის შურისძიება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და უშუალოდ ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. რადგან ის ვერანაირი გზით, შანტაჟით ვერ დაიყოლიეს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ჩასართავად“.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადებები, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სახელმწიფო გადატრიალებისა და შედეგად საქართველოს ომში ჩართვის სურვილში ადანაშაულებს, განსაკუთრებით აქტუალურად ვრცელდებოდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 პირობა გადაეცა.

მაგალითად, პარლამენტში უმრავლესობაში შემავალი „ხალხის ძალა“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ხელისუფლების გადატრიალებისა და მეორე ფრონტის განზრახვის ქონაში ადანაშაულებდა. ამავე პერიოდში აქტუალური იყო ბიძინა ივანიშვილის საკითხიც. კერძოდ, ვრცელდებოდა მტკიცებები, რომ ბიძინა ივანიშვილზე რუსეთთან სამხედრო მოქმედებებში ჩართვისთვის ზეწოლას ახდენდნენ.

სინამდვილეში, აღნიშნული ბრალდებები მრავალჯერ უარყო როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისე ევროკავშირმა.

მაგალითად, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კელი დეგნანმა, მსგავსი გზავნილები FSB-ის დეზინფორმაციას შეადარა და განაცხადა, რომ „აშშ არ ცდილობს საქართველოს უკრაინის ომში ჩათრევას. აშშ-ს არ სურს ამ ომის არცერთი მიმართულებით გაფართოება. აშშ აკეთებს ყველაფერს, რომ რაც შეიძლება მალე გააჩეროს ომი. პუტინია, ვინც ეს სასტიკი და აგრესიული ომი დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ და პუტინია, ვისაც მისი დასრულება შეუძლია. აშშ, ევროპა, საქართველოს მეგობრები ბოლო 30 წელია ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.

აღნიშნული გზავნილები ასევე მრავალჯერ უარყო ევროკავშირმაც. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, განაცხადა, რომ მტკიცებების იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ვინმეს საქართველოს ომში ჩათრევა სურს, დეზინფორმაცია და პროპაგანდაა.

ევროკავშირი ამ თემას შეეხო გაფართოების პოლიტიკის 2023 წლის კომუნიკაციაშიც. დოკუმენტში ევროკომისიამ მტკიცებებს, რომლის მიხედვით დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობდა, დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება უწოდა. „უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე გახდა, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრიანების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას ცდილობს. ხელისუფლების მხრიდან საჭიროა აღნიშნულის [დეზინფორმაციის] უფრო აქტიური გამოაშკარავება და გაქარწყლება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამდენად Facebook-გვერდი „პოლიტიკური აბსურდი“ საკუთარ კონსპირაციულ მსჯელობას არა მხოლოდ ბუნდოვან ან არ არსებულ წყაროებზე, არამედ ყალბ მტკიცებებზე აგებს.

სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების ან დასავლეთის მიერ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გავრცელებული სხვა კონსპირაციები

მსგავსი მტკიცება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ გამართული აქციების ჩატარებიდან პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებმა მალევე გაავრცელეს. მაგალითად, ტელეკომპანია „იმედმა“ და „POSTV“-იმ გამოაქვეყნეს ნაწყვეტები CIA-ს ყოფილი ჩინოსნის, ლარი ჯონსონის, ინტერვიუდან, რომელიც მან საკუთარ YouTube-ანგარიშზე გამოაქვეყნა და სადაც ის ამტკიცებდა, რომ საქართველოში ე.წ. ფერადი რევოლუციის მოწყობაზე დასავლეთი მუშაობს.

ამ შემთხვევაში, იმ მტკიცებების წყარო, თითქოს დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციის მოწყობაზე მუშაობს, მართალია ვიცით და ის ლარი ჯონსონია. თუმცა ლარი ჯონსონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ის კონსპირაციებისა და ყალბი ამბების გავრცელებით გამოირჩევა. ჯონსონი ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო ბიუროში (CIA-ში) 1985 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა. ამჟამად CIA-ს ყოფილი ჩინოსანი ხშირად ჩნდება რუსულ სახელმწიფო მედიაში, სადაც ამერიკული დაზვერვის დასკვნებს უარყოფს, მათ შორის კონსენსუსს იმის შესახებ, რომ რუსეთი ტრამპის დასახმარებლად 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. ამ დასკვნებს ის „სულელურს“ უწოდებს.

მისმა კონსპირაციის თეორიამ, რომელიც 2016 წელს რუსეთის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული Russia Today-სთან ინტერვიუში გააჟღერა, აშშ-სა და ბრიტანეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება გამოიწვია. მისი მტკიცებით, აშშ-ის დაზვერვა და დიდი ბრიტანეთის GHCQ (სადაზვერვო სააგენტო) დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიიდან ჩასახსნელად ერთად მუშაობდნენ. მოგვიანებით, როცა გაირკვა, რომ მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ლარი ჯონსონმა ბოდიშის ნაცვლად, განაცხადა, რომ მედიას [იგულისხმება Fox News] დაეყრდნო.

აღსანიშნავია, რომ მან კიდევ ერთი ყალბი მტკიცება 2008 წელს, ბარაკ ობამას საპრეზიდენტო კამპანიის დროს, გაავრცელა, რომლის მიხედვით, მიშელ ობამამ თეთრკანიანების წინააღმდეგ რასისტული სიტყვა წარმოთქვა. მისი თქმით, არსებობდა ჩანაწერები, თუმცა არც კადრი, ან რაიმე მტკიცებულება არსებობს, რაც ამ ფაქტს დაამტკიცებს.

ლარი ჯონსონი 2013 წელს ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი ვიეტნამში ყოფნისას ქალებზე სექსუალურად ძალადობდა. მტკიცება არასანდო წყაროს ეყრდნობოდა.

ამდენად, ლარი ჯონსონი ანტიამერიკულ დეზინფორმაციას ან კონსპირაციულ თეორიებს ხშირად ავრცელებს, შესაბამისად, მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, მათ შორის მტკიცება, რომ დასავლეთი საქართველოში ფერადი რევოლუციების მოწყობას გეგმავს, არასანდოა.

ამავე პერიოდში Facebook-მომხმარებლების მიერ ასევე ფართოდ გავრცელდა ამერიკელი სკოტ რიტერის მიმართვის ტექსტი (იხილეთ ბმული 1, 2, 3, 4, 5, 6). მასში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი საქართველოში გამართულ აქციებს ეხმიანებოდა და ამბობდა, ამერიკის მიზანი სინამდვილეში ფერადი რევოლუციის მოწყობა, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნა და უკრაინიდან რუსეთის სამხედრო ყურადღების გადატანაა.

„ამერიკელები ამბობენ, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას საქართველოში, შენ უნდა ჰკითხო საკუთარ თავს რატომ? პასუხი აშკარაა. საერთაშორისო საზოგადოების ამერიკის სააგენტო გულისხმობს რბილ ძალას, ფერადი რევოლუციების მოწყობას. ჩვენ დაფინანსების მეშვეობით ვქმნით დაწესებულებებს, რაც საშუალებას აძლევს მათ ხელში ჩაიგდონ საარჩევნო მექანიზმებზე კონტროლი, იმისათვის რომ განახორციელონ გადატრიალება [...] ადამიანები, რომლებიც აწყობენ დემონსტრაციებს ამ კანონის წინააღმდეგ, ფიქრობენ რომ ამერიკას, ევროკავშირსა და ნატოს ისინი ადარდებთ. [...] ჩვენ გიყურებთ თქვენ როგორც ადგილს, სადაც შევქმნით კრიზისს, რომლის მიზანიც იქნება რუსეთის დესტაბილიზაცია, ჩვენ გვსურს რომ მათ გახსნან მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, რათა მოვახდინოთ რუსეთის სამხედრო ყურადღების გადატანა უკრაინიდან“, - ვკითხულობთ პოსტში.

ამდენად, ლარი ჯონსონის მსგავსად სკოტ რიტერის მიერ გავრცელებული თეორიის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობს და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიმართ მათი კრიტიკაც ამ მიზანს ემსახურება.

თუმცა, სინამდვილეში სკოტ რიტერის აღნიშნული განცხადება, რომელიც 2024 წლის აპრილში ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების კონტექსტში გაავრცელეს, სინამდვილეში პირველად 2023 წლის მარტის აქციების პერიოდში გავრცელდა. 2023 წლის მარტში სკოტ რიტერმა კიდევ ერთი მსგავსი ყალბი განცხადება გაავრცელა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ USAID-ის მეშვეობით საქართველოში 40 მილიონი დოლარი „მსუბუქი გადატრიალების“ მოსაწყობად იგზავნებოდა. „ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და მისი სიყალბე დაადასტურა.

ამდენად, ნათელია, რომ სკოტ რიტერის 2023 წელს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული პროტესტების შემდეგ გავრცელებული განცხადება და ამ განცხადების 2024 წლის აპრილში მიმდინარე აქციების კონტექსტში ხელახალი გამოყენება ერთი მხრივ, აქციაში მონაწილეთა დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი კონსპირაციული თეორიების გავრცელებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, ლარი ჯონსონის მსგავსად სანდოობით არც სკოტ რიტერის რეპუტაცია გამოირჩევა. კერძოდ, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რიტერი კრემლის დეზინფორმაციის აგენტებთან თანამშრომლობით ღიად პროპაგანდისტულ ნარატივებს და ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. ცნობილია, რომ რიტერს 2001 წელს არასრულწლოვანებთან სექსუალური კავშირის გამო 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2009 წელს რიტერი კვლავ დააკავეს მსგავსი ბრალდებით, 2011 წელს კი 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და გირაოს სანაცვლოდ 2014 წელს გაათავისუფლეს.

ამასთან, რიტერი რუსული Russia Today-სთვის დასავლეთის მიმართ კრიტიკულ სტატიებს წერს. ხოლო მის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაცია სხვადასხვა რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმაზე აქტიურად ქვეყნდება (ბმული 1, 2, 3, 4, 5). აღსანიშნავია, ისიც, რომ 2022 წლის ივლისში უკრაინის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრმა რიტერი პრორუს პროპაგანდისტთა სიაში შეიყვანა.

გვერდის „პოლიტიკური აბსურდი“, ლარი ჯონსონის ან სკოტ რიტერის მიერ გამოქვეყნებული კონსპირაციული მტკიცება, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ფერად რევოლუციას ან გადატრიალებას გეგმავს, განცალკევებული მტკიცებები არაა და რუსეთი მას მრავალი წელია აქტიურად ავრცელებს.

კრემლისთვის რთულია იმის მიღება, რომ ყველა ინდივიდს უნდა ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება და მთავრობა ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული უნდა იყოს. რუსეთი აშშ-ს ბრალს სდებს სახალხო პროტესტის გამოწვევასა და „ფერადი რევოლუციების“ დაგეგმვაში საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. თუ სახალხო მოძრაობა პროდემოკრატიული და რეფორმების მომხრეა და რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებში არ ჯდება, კრემლი ხშირად ეჭვქვეშ აყენებს მის ლეგიტიმურობას და ამტკიცებს, რომ მის უკან აშშ დგას. ამ უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნეები ხშირად ხდებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ისევე როგორც დამოუკიდებელი მედია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და კორუფციას ააშკარავებს. კრემლი უარყოფს, რომ მეზობელ ქვეყნებში ხალხს შეიძლება გააჩნდეს თვითორგანიზებულობა, ღირსება და დამოუკიდებელი სწრაფვა საკუთარი ინტერესების დასაცავად, მსგავსად როგორც ის უარყოფს რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაშიც ამგვარ თვისებებს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.