სოციალური ქსელის მომხმარებელმა Zviad Gogiashvii-მა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ჩუტყვავილას ვაქცინასა და შიდსის ვირუსის შესახებ საუბრობს. პოსტის თანახმად, 1987 წლის 11 მაისს, ლონდონის გაზეთმა „თაიმსმა“ გამოაქვეყნა ბომბი სტატია სათაურით „ჩუტყვავილას ვაქცინა იწვევს შიდსის ვირუსს“, რომელშიც ნათქვამია, რომ აფრიკაში შიდსის გავრცელება სწორედ ჩუტყვავილას ვაქცინაციამ გამოიწვია. რეალურად, მტკიცება, რომ ჩუტყვავილას ვაქცინაციამ აფრიკაში შიდსის ვირუსის აფეთქება გამოიწვია, მანიპულაციური და არამეცნიერულია, რაც მკითხველში ანტივაქსერული განწყობის გაღვივებას ისახავს მიზნად.

შიდსი, ყვავილის ეპიდემია და ყვავილის ვაქცინა

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას იწვევს, რომელსაც შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ. ადამიანებში ეს ვირუსი სისხლის თეთრ უჯრედებს აინფიცირებს და ანადგურებს, რომელთაც დამხმარე T ლიმფოციტებს უწოდებენ (T ლიმფოციტების ერთ-ერთი ტიპი). ეს კი ადამიანის იმუნურ სისტემას აფერხებს, მის ინფექციასთან ბრძოლის უნარს ამცირებს და კიბოს განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ამ ლიმფოციტების განადგურებამ შეიძლება სხეულზე პირდაპირი გავლენაც იქონიოს - შეშუპება და ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს.

ბუნებრივია, სამეცნიერო წრეებში აქტიურად განიხილებ(ოდ)ა ვირუსის წარმოშობისა და გავრცელების მიზეზები. შიდსის პირველი კლინიკური შემთხვევა აშშ-ში 1981 წელს აღწერეს, როდესაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს შორის ზედიზედ იქნა დიაგნოსტირებული იშვიათი დაავადებების - პნევმოციტური პნევმონიისა და კაპოშის სარკომის რამდენიმე შემთხვევა. აღნიშნული დაავადებები მანამდე მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში იყო აღწერილი. 1982 წელს აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ოფიციალურად იქნა რეგისტრირებული შიდსი, როგორც ახალი დაავადება.

ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინენტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთ სახეობაში ხანგრძლივი დროის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული აივ-ის წინამორბედი ვირუსი, რომელიც არ იყო პათოგენური ადამიანისათვის. შემდგომში, მუტაციის ან/და სხვა ფაქტორების შედეგად, მაიმუნის ვირუსმა გადალახა სახეობრივი ბარიერი და გავრცელდა ადამიანებში. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნულ მაიმუნებში აღმოჩენილია ე.წ. მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსი (მივ), რომელიც მათში იწვევს შიდსის მსგავს დაავადებას. გარდა ამისა, ადამიანისა და მაიმუნისაგან გამოყოფილი ვირუსები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს გენეტიკური და ანტიგენური თვისებებით. აღსანიშნავია, რომ აივ-ი აღმოჩენილია აფრიკის ქვეყნებში მცხოვრებთა 50-იან წლებში აღებულ სისხლში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზის გამო გაყინულ მდგომარეობაში ინახებოდა.

რაც შეეხება ჩუტყვავილას იგივე ყვავილის ვაქცინას, იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ყვავილის ეპიდემიის დასამთავრებლად შექმნეს. კონკრეტული დაავადება დღემდე ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მკვლელად მიიჩნევა, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ყველა სხვა ინფექციურ დაავადებაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1796 წელს, ინგლისელმა მეცნიერმა ედუარდ ჯენერმა დაადგინა, რომ ძროხის ყვავილს, რომელიც ყვავილის მსგავსი ვირუსისგან არის წარმოშობილი, შეეძლო ადამიანები ამ ინფექციური დაავადების ეპიდემიებისგან დაეცვა. როდესაც პაციენტებს მან ცხოველის ეს ვირუსი შეუყვანა, იმუნიტეტი უფრო უსაფრთხო, იაფი და გაცილებით ეფექტიანი გზით წარმოიქმნა. 1800 წელს, მისი კვლევების საფუძველზე, ინგლისში ყვავილის ვაქცინა შეიქმნა.

1967 წელს გლობალური იმუნიზაცია დაიწყო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამოწყებული გლობალური კამპანიის შედეგად, 1977 წელს ვირუსი პრაქტიკულად აღარ არსებობდა.

კავშირი აფრიკაში შიდსის გავრცელებასა და ყვავილის ვაქცინას შორის

როგორც ზემოთ აღინიშნა, სამეცნიერო წრეებში, აქტიურად განიხილებოდა როგორც მსოფლიოში, ისე აფრიკაში შიდსის ვირუსის გავრცელების მიზეზები. არსებობს მოსაზრებაც, რომ მსოფლიოში ყვავილის ვაქცინაციის დასრულებამ, უნებლიედ აივ-ინფექციას მარტივად გავრცელების საშუალება მისცა. ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის მკვლევრების თანახმად, საკითხი მდგომარეობს იმაში, რომ ვაქცინა, რომელიც ყვავილის ვირუსის აღმოსაფხვრელად გამოიყენებოდა, გარკვეულწილად ადამიანის ორგანიზმს აივ-ინფექციისგან დაცულობასაც სთავაზობდა. შესაბამისად, მას შემდეგ რაც მასობრივი ვაქცინაცია შეწყდა, შიდსის ვირუსმაც იფეთქა. კერძოდ, ყვავილის ვაქცინაცია 1950-დან 1970-იან წლების პერიოდში თანდათან გაუქმდა, ყვავილის დაავადების აღმოფხვრას კი აივ ვირუსის/შიდსის გავრცელება მოჰყვა.

მეისონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა თავიანთი ჰიპოთეზის შესამოწმებლად, ყვავილის ვაქცინით აცრილი ადამიანებისგან აღებული სისხლის თეთრი უჯრედები შეისწავლეს და შეამოწმეს, როგორ რეაგირებდნენ ისინი აივ ინფექციაზე. კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ვაქცინირებული ადამიანების სისხლის უჯრედებში აივის რეპლიკაციის მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, ვიდრე არავაქცინირებული ადამიანების სისხლის უჯრედებში.

მეისონის უნივერსიტეტის მეცნიერმა, ვაინშტაინმა განაცხადა, რომ ზოგადად აფრიკაში შიდსის ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, მათ შორის ომები, არასტერილური ნემსების რამდენჯერმე გამოყენება, პოლიომიელიტის ვაქცინის ადრეული პარტიების დაბინძურება და სხვ. თუმცა ეს ვერსიები ან მეცნიერულად არის უარყოფილი, ან აივ-ინფექციის პანდემიის ქცევას არ ხსნის. ამდენად, ჩატარებული ექსპერიმენტის საფუძველზე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ შიდსის ვირუსის სწრაფად გავრცელებას ხელი შესაძლოა ყვავილის ვაქცინაციის დასრულებამ უნებლიედ მართლაც შეუწყო, რომელიც - როგორც აღმოჩნდა, ადამიანის თეთრი სისხლის უჯრედებს აივ-ინფექციით დაავადებისგან გარკვეული დონით იცავს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჰიპოთეზაში აქცენტი გაკეთებული არაა იმ ფაქტზე, რომ ყვავილის ვაქცინა არაეფექტური და სახიფათოა და შიდსის ვირუსის გავრცელება ამან გამოიწვია (როგორც ამას Facebook-პოსტი ამტკიცებს), არამედ პირიქით, ეს მოსაზრება ამყარებს იმ პოზიციას, რომ ყვავილის ვაქცინა ეფექტური აღმოჩნდა კონკრეტული ვირუსის დამარცხებაში და უფრო მეტიც, შესაძლოა რომ ის შიდსის ვირუსზეც დამთრგუნველად მოქმედებდა.

რაც შეეხება უშუალოდ პოსტში ნახსენებ ჯანმოს კონსულტანტს, რომელმაც განაცხადა: „ახლა მჯერა, რომ ჩუტყვავილას ვაქცინის თეორია ხსნის შიდსის აფეთქებას“, როგორც 1987 წლის Evening Helard-ის სტატიებშია ნათქვამი, არაიდენტიფიცირებული პირია. აქვე აღნიშნულია, რომ კონკრეტულ ჰიპოთეზას მეცნიერები მალევე გამოეხმაურნენ და უარყვეს კიდეც, რადგან სამეცნიერო დასაბუთება იმ ფაქტისა, რომ შიდსის გავრცელებაში ყვავილის ვაქცინამ რაიმე წვლილი შეიტანა, არ არსებობს. უფრო მეტიც, კონკრეტული ჰიპოთეზა გაიგივებულია კონსპირაციულ თეორიასთან, რომლის თანახმადაც, შიდსის ვირუსი ამერიკულ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღად შეიქმნა.

ამდენად, პოსტში გავრცელებული მოსაზრება, რომ ყვავილის ვაქცინაციამ უარყოფითად იმოქმედა მოსახლეობაზე, რის შედეგადაც აივ-შიდსის ვირუსის აფეთქება დაიწყო, მანიპულაციურია და მკითხველში ანტივაქსერული განწყობების გაღვივებას ემსახურება.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5421 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი