2021 წლის 23 ივნისს, პრორუსულმა გამოცემამ „საქართველო და მსოფლიო“ სტატია გამოაქვეყნა სათაურით - „იუნისეფის” განცხადებით, ბავშვებისთვის პორნოგრაფიის დაბლოკვა დაარღვევს მათ უფლებებს“.
„საქართველოს და მსოფლიოს“ სტატიაში ვკითხულობთ, რომ „იუნისეფის“ განცხადებაში განხილულია საკითხი, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ინტერნეტის მავნე, შეურაცხმყოფელი და დაუნდობელი კონტენტის ზეგავლენისგან. სტატიის თანახმად, „იუნისეფის“ დოკუმენტში მოცემული დასკვნა ევროკავშირის 19 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგებს ეფუძნება, რომელთა მიხედვით, „ბავშვების უმრავლესობა, რომლებმაც იხილეს პორნოგრაფიული გამოსახულებანი, ნეიტრალურები დარჩნენ არც ბედნიერებისა ეცხოთ რამე, არც დანაღვლიანებულს ჰგავდნენ“. შემდგომ კი აღნიშნულია, რომ „იუნისეფის“ განცხადებით, ბავშვებისთვის ინტერნეტის პორნოგრაფიის მისაწვდომობის ბლოკირებამ შეიძლება მათი უფლებები შელახოს.
რეალურად, „იუნისეფის“ (UNICEF- გაეროს ბავშვთა ფონდი) არც ერთ დოკუმენტსა და ანგარიშში, მსგავსი დასკვნა თუ განცხადება, არ გაკეთებულა. სავარაუდოდ, „საქართველო და მსოფლიო“ იუნისეფის მიერ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებულ Digital Age Assurance Tools and Children’s Rights Online across the Globe-ის დოკუმენტზე დაყრდნობით საუბრობს, რომელიც ბავშვების უფლებებს, ბიზნესსა და ინტერნეტს შორის ურთიერთობებს იკვლევს. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ ამ დოკუმენტში არსად არის ნათქვამი, რომ ბავშვებისთვის პორნოგრაფიაზე წვდომის დაბლოკვა მათ უფლებებს დაარღვევს, ან რომ პორნოგრაფიის ზემოქმედება შესაძლოა, ყოველთვის საზიანო არ იყოს.
გაეროს ბავშვთა ფონდმა თავის მოხსენებაში განმარტა, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის ზემოქმედებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის რისკები არსებობს, თუმცა არ არსებობს თანხმობა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ტიპის პორნოგრაფია არის ბავშვებისთვის საზიანო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ: „ადრეულ ასაკში პორნოგრაფიაზე წვდომა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაზიანებასთან, სექსიზმთან და ობიექტივაციასთან, სექსუალურ აგრესიასა და სხვა ნეგატიურ შედეგებთან არის კავშირში“.
„იუნისეფის“ დოკუმენტში რეალურად აღნიშნულია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში პორნოგრაფიულ მასალაზე წვდომა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის არალეგალურია, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს ამ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება განსხვავებული მიდგომა ჰქონდეთ. კონკრეტულად, „იუნისეფი“ განმარტავს, რომ მაგალითად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ბავშვების გარკვეული სახის პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს, ზოგიერთ ქვეყანაში პორნოგრაფია სრულიად არალეგალურია, ხოლო, მეორე მხრივ, აშშ-ში სასამართლოები პორნოგრაფიის შეზღუდვას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლების დარღვევად მიიჩნევენ.
ანგარიშის თანახმად, იმის შესახებ თუ ინტერნეტში პორნოგრაფიაზე წვდომა რამდენ ბავშვს და რამდენად ხშირად აქვს, ურთიერთსაწინააღმდეგო მონაცემები არსებობს. „სხვადასხვა მტკიცებულების თანახმად, ზოგიერთმა ბავშვმა პორნოგრაფიის ზემოქმედებით გარკვეული სახის ზიანი განიცადა, სულ მცირე, დროის გარკვეულ მონაკვეთში, თუმცა ამ ზიანის ხასიათი და მოცულობა განსხვავებულია“. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადრეულ ასაკში ბიჭები უფრო განიცდიან პორნოგრაფიის ზემოქმედებას და უფრო მეტად ექვემდებარებიან ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ სურათებს, როგორიცაა: გაუპატიურება, მაშინ როდესაც გოგონები მსგავსი კონტენტის მსხვერპლი/მომხმარებლები შესაძლოა უნებლიედ გახდნენ. შესაბამისად, გაეროს ფონდის ანგარიშში არ არის ნათქვამი, რომ პორნოგრაფიის ყურება ბავშვებს არ აზიანებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ზიანის მასშტაბის განსაზღვრა კომპლექსური და არასრულია.
რაც შეეხება „საქართველოს და მსოფლიოს“ მტკიცებას, რომ „ანგარიშში, რომელსაც ეფუძნება „იუნისეფი“, ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ ესპანელი ბავშვების 39 პროცენტი პორნოგრაფიის ნახვის შემდეგ ბედნიერი იყვნენ…” მანიპულაციურია და არასრული კონტექსტით არის წარმოდგენილი. რეალურად, გაეროს ბავშვთა ფონდის დოკუმენტში მოყვანილია მრავალეროვნული კვლევითი ქსელის - EU Kids Online - ანგარიშის მონაცემები. EU Kids Online-ის მიზანია ევროპელი ბავშვების ონლაინ შესაძლებლობები, რისკები და უსაფრთხოება გამოიკვლიოს. ამ მიზნით, 2020 წელს ქსელმა კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში 19 ქვეყნის შედეგებია მოცემული, რომელიც ევროპაში მცხოვრები 9-16 წლის ბავშვების ინტერნეტთან წვდომას, ონლაინ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს, ონლაინ რისკებსა და შესაძლებლობებს ეხება. კვლევა 2017 წლის შემოდგომიდან 2019 წლის ზაფხულამდე ტარდებოდა, რომელშიც მონაწილეობა 25 101-მა ბავშვმა მიიღო. როგორც გაეროს ფონდის ანგარიში აღნიშნავს, EU Kids-ის მიერ ჩატარებული ონლაინ კვლევის ფარგლებში გამოკითხულ ბავშვებს შემდეგი კითხვა დაუსვეს: „გასული წლის განმავლობაში გინახავთ თუ არა სექსუალური ხასიათის გამოსახულება?“, გამოკითხულ მონაწილეებს შეეძლოთ ოთხი სავარაუდო პასუხის გაცემა8 - „კი“, „არა“, არ ვიცი“, „მირჩევნია არ ვუპასუხო“. აღნიშნულ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, მას მოჰყვებოდა კითხვები, რომლებიც მსგავსი გამოსახულების ნახვის შემდეგ ბავშვთა ემოციურ მდგომარეობას აზუსტებდა, სავარაუდო პასუხები კი იყო შემდეგნაირი „ბედნიერი ვიყავი“, „არც ბედნიერი ვიყავი და არც გაბრაზებული“, „ცოტა გავბრაზდი“, „ძალიან გავბრაზდი“, „არ ვიცი“, „მირჩევნია არ ვუპასუხო“. კონკრეტულ კითხვაზე პასუხი სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით განსხვავდებოდა. „საქართველო და მსოფლიო“ სტატიაში სწორედ აღნიშნულ კითხვაზე პასუხს წარმოაჩენს არასრული კონტექსტით. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში გამოკითხულთა ბავშვების 39-მა პროცენტმა ნამდვილად განაცხადა, რომ სექსუალური შინაარსის გამოსახულების ნახვის შემდეგ თავს ბედნიერად გრძნობდა, „საქართველო და მსოფლიო“ არ ასახელებს სხვა ქვეყნების შედეგებს იმავე კითხვაზე, უფრო მეტიც, ყურადღებას არ ამახვილებს დანარჩენ სავარაუდო პასუხებზე, თუნდაც იმავე ესპანეთის შემთხვევაში, გამოკითხულთა 23%-მა განაცხადა, რომ გამოსახულებების ნახვის შემდეგ „ძალიან გაბრაზდა“. შესაბამისად, „საქართველო და მსოფლიო“ ესპანეთის მონაცემების მოშველიებით, ცდილობს, თავისი ყალბი მტკიცება გაამყაროს, რომ თითქოს „იუნისეფი“ ბავშვების მხრიდან პორნოგრაფიაზე წვდომის წახალისებას ცდილობს და მხარს უჭერს.
გამოკითხვის სრული მონაცემები აღნიშნულ კითხვაზე შეგიძლიათ იხილოთ ცხრილში:
ამასთან, „იუნისეფის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი სექსუალური შინაარსის მასალის ნახვის შემდეგ შესაძლოა თავს ცუდად არ გრძნობდეს და მას სექსუალური განათლების მისაღებად იყენებდეს ან ა.შ., არსებობს საფრთხე, რომ მას რაიმე სახის ზიანი მაინც მიადგეს. მთლიანი კვლევის მიზანი კი სწორედ მსგავსი დასკვნების გაკეთება და რეკომენდაციების გაცემაა.
„იუნისეფის“ ანგარიში „Digital Age Assurance Tools and Children’s Rights Online across the Globe“ სხვადასხვა მანიპულაციის და არასწორად ინტერპრეტირების საფუძველი გახდა (ბმული 1, ბმული 2), რის გამოც ორგანიზაციამ ის დროებით ვებგვერდიდან აიღო და მოგვიანებით რედაქტირებული დოკუმენტით ჩაანაცვლა. იმავე თემაზე „საქართველო და მსოფლიომ“ დეზინფორმაცია ადრეც გაავრცელა, რომელსაც „ფაქტ-მეტრი“ სტატიით გამოეხმაურა.
ამრიგად, „საქართველოს და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული მტკიცება, რომ თითქოს „იუნისეფმა“ განაცხადა, რომ ბავშვებისთვის პორნოგრაფიის დაბლოკვა მათ უფლებებს დაარღვევს, ყალბია. „იუნისეფის“ დოკუმენტი ბავშვების უფლებებს, ბიზნესსა და ინტერნეტს შორის ურთიერთკავშირს იკვლევს. „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ მსგავსი შინაარსის ყალბი ამბის გამოქვეყნება ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციასა და საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის შექმნას ემსახურება.
წყაროს შესახებ
გაზეთს „საქართველო და მსოფლიო“ ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“ გამოსცემს, რომლის საბჭოს წევრიც ალექსანდრე ჭაჭიაა. იგი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა. გაზეთი მკვეთრად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა. რედაქცია მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსის“ ცრუ ნეიტრალიტეტის ინიციატივას, საქართველოს დასავლელი პარტნიორების, NATO-სა და ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციას კამპანიურად ავრცელებს და რუსეთის საგარეო პოლიტიკის გამართლებას ცდილობს. „საქართველო და მსოფლიო“ არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ამბებისა და პროპაგანდის გავრცელებაში, მაგალითად „გრუს“ მიერ საქართველოზე გავრცელებული კიბერშეტევის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, რუსული ვაქცინის, დასავლეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების, ანაკლიის პორტის, აშშ-საქართველოს ურთიერთობების, ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ.
გამოცემის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციასა და პროპაგანდას შეგიძლიათ გაეცნოთ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ (GRASS) „დეზინფომეტრის“ ანგარიშებში.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.
სტატია მომზადებულია Snopes.com-ისა და Tribuneonlineng.com-ის მიერ გადამოწმებული მასალის საფუძველზე.