რეზიუმე
პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ოქსფორდის ვაქცინასთან დაკავშირებით ყალბ ამბებს ავრცელებს. გამოცემა ამტკიცებს, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ვაქცინის შესახებ ფართო საზოგადოებას ისე ამცნო, რომ ჯერ მისი ეფექტურობა კვლევებით არ დამტკიცებულა. სინამდვილეში, ვაქცინის დამტკიცების შესახებ ბრიტანეთის მთავრობას ჯერ არ განუცხადებია. ვაქცინა ტესტირების ყველა ფაზას გადის და ამჟამად ბოლო - მესამე ფაზაშია.
გარდა ამისა, „საქართველო და მსოფლიო“ ავრცელებს ტყუილს თითქოს საქართველოს ვაქცინის გამოსაცდელად გამოყენებას აპირებენ, მაშინ როდესაც ოქსფორდის ვაქცინაზე სხვა ქვეყნები უარს ამბობენ. სინამდვილეში, ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს ინდოეთში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მისი გამოცდა ასევე იგეგმება აშშ-ში. ვაქცინის წარმატებულად გამოცდის შემთხვევაში, მის მიწოდებასთან დაკავშირებით უკვე არსებობს შეთანხმებები ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-თან და სხვა ქვეყნებთან. საქართველოში ვაქცინა მხოლოდ მას შემდეგ შემოვა, რაც მისი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დამტკიცდება.
ანალიზი
„საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით - „რატომ საქართველო და არა ამერიკა ან ესპანეთი?“ სტატია ბრიტანეთის, კონკრეტულად კი - ოქსფორდის უნივერსიტეტის, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ეხება. სტატიის ავტორი ბესო ბარბაქაძე აღნიშნავს, რომ ვაქცინას „ექვსთვიანი ტესტირება სჭირდება“, რათა „მისი ყველა დადებითი და უარყოფითი თვისება დადგინდეს“; ხოლო კორონავირუსის საწინააღმდეგო ოქსფორდის ვაქცინა, რომლის შესახებაც „ბრიტანეთის მთავრობამ ფართო საზოგადოებას ამცნო“, „საჭირო დონეზე არ არის ტესტირებული, მაგრამ უკვე გვითხრეს, რომ აღნიშნულ ვაქცინას ერთ-ერთი პირველი საქართველო მიიღებს“. სტატიაში აგრეთვე განვითარებულია აზრი, რომ მძიმედ დაზარალებული სახელმწიფოების ნაცვლად, საქართველოში ვაქცინის დატესტვა არასწორია. ავტორის აზრით, აღნიშნული ვაქცინა, პირველ რიგში, ისეთი მაღალდასნებოვნებული ქვეყნებისთვის უნდა გაეგზავნათ, როგორებიცაა: ბრაზილია, აშშ, ესპანეთი. თუმცა, „საქართველო და მსოფლიო“ ამტკიცებს, რომ ეს ქვეყნები ოქსფორდის ვაქცინაზე უარს იტყვიან, რადგან ისინი თავადაც მუშაობენ ვაქცინაზე და შედეგად ბრიტანეთს, რომელიც ამბობს, რომ „ვაქცინა უკვე მზად აქვს“, ევროპა და ამერიკა უარს ეუბნებიან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ვაქცინას თავდაპირველად ადამიანებზე არ ცდიან, არამედ ჯერ ცხოველებზე, რასაც ექვსთვიანი დაკვირვება სჭირდება და გამოთქმულია ვარაუდი, რომ ბრიტანელები ცხოველებს მხოლოდ სამი თვე დააკვირდნენ და ახლა ადამიანებზე გადადიან. აღნიშნული ტესტირებისთვის საჭირო „საცდელი ბოცვრები, რა თქმა უნდა, საქართველოში არიან“. სტატიის ავტორი სვამს შემდეგ კითხვებს: „ბრიტანეთმა ამერიკას, ესპანეთს, ბელგიას უარი შეუთვალა ვაქცინაზე და მაინცდამაინც საქართველოსთვის გამოიმეტა?!“ და „რატომ საქართველო და არა ამერიკა ან ესპანეთი?“. სტატიაში ასევე ნახსენებია შეთქმულების თეორიები: „რა ვუყოთ იმ მოარულ ხმებს, რომ ზოგიერთმა გადაწყვიტა, მოსახლეობა ასაკიანი ხალხის ხარჯზე შეამციროსო?! რა ვუყოთ ჭორებს, რომ თურმე ეს ვაქცინა ყველას ერთ წელიწადში მოკლავს?“ თუმცა ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ შეთქმულების თეორიების არ სჯერა, მაგრამ ოქსფორდის ვაქცინის გამოცდის „ვადების გათვალისწინებით, აღნიშნული ვაქცინის სარგებლიანობაზე საუბარი, უბრალოდ, არ შეიძლება“.
სტატია ყალბი ამბებითაა გაჯერებული და მასში მოყვანილი, ფაქტობრივად, ყველა მტკიცება შეცდომას შეიცავს.
სტატიაში მოყვანილი მტიცება მტკიცება, თითქოს ოქსფორდის ვაქცინას ტესტირების ექვს თვიანი ვადა არ დაუსრულებია, მცდარია. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კანდიდატის აღმოჩენის შესახებ ოქსფორდის ვაქცინის ჯგუფმა და ოქსფორდის ჯენერის ინსტიტუტმა ჯერ კიდევ 18 მარტს განაცხადეს. მეცნიერებმა ვაქცინაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წლის 10 იანვარს დაიწყეს, როდესაც ჩინელმა მეცნიერებმა ახალი კორონავირუსის გენომი გამოაქვეყნეს. 17 თებერვალს, ოქსფორდის მეცნიერების ჯგუფმა ვაქცინის თაგვებზე დატესტვა დაიწყო. პროცესის დასაჩქარებლად კი რამდენიმე ნაბიჯი თანადროულად გადაიდგა - მიმდინარეობდა ვაქცინის ცხოველებზე ტესტირება, რის პარალელურადაც რეგულატორს ადამიანებზე გამოცდის ჩატარების უფლების მიღებისთვის მიმართეს და მწარმოებლებთან მოლაპარაკებები დაიწყეს. როგორც ვხედავთ, ვაქცინის გამოცდის დაჩქარება არა ტესტირების რომელიმე ფაზის გამოტოვებით, არამედ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე წინასწარ ზრუნვით მოხერხდა.
27 მარტს ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ტესტირებისათვის მოხალისეების შემოწმება დაიწყეს. კვლევაში მონაწილეობისთვის მოხალისეების შემოწმების დაწყების მიუხედავად, ისინი ვაქცინას მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ იღებდნენ, მას შემდეგ, რაც დეტალური პრეკლინიკური სამუშაოები (მოიცავს ვაქცინის ცხოველებზე გამოცდას) დასრულდებოდა და ვაქცინა კლინიკური კვლევებისთვის საჭირო სტანდარტს დააკმაყოფილებდა. ვაქცინა გამოცდის პრეკლინიკურ ეტაპზე მაიმუნებზე იტესტებოდა. აპრილის ბოლოს ვაქცინის მაიმუნებზე ტესტირებამ აჩვენა, რომ ვაქცინის ერთი დოზით აცრილი მაიმუნები, პანდემიის გამომწვევი ვირუსის შეყვანის დიდი დოზით დაინფიცირების მიუხედავად, 28 დღის შემდეგ კვლავ ჯანმრთელები იყვნენ.
კლინიკური კვლევის (ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა) პირველი/მეორე (Phase I/II) ფაზა სწორედ ცხოველებზე გამოცდის წარმატებული შედეგების მიღების შემდეგ დაიწყო, 23 აპრილს. 30 აპრილს კი ოქსფორდის უნივერსიტეტმა კომპანია „ასტრაზენეკასთან“ (AstraZeneca) ვაქცინის წარმოებასა და გავრცელებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.
კლინიკური ტესტირების პირველი ეტაპი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რა დროსაც ვაქცინა 18-დან 55 წლამდე 1000-ზე მეტ (1077) მოხალისეს გაუკეთდა. პირველი/მეორე ფაზის შედეგების მიხედვით, ვაქცინას უსაფრთხოების პრობლემები არ ჰქონდა და მან ორგანიზმში ძლიერი იმუნური პასუხი გამოიწვია. ვაქცინამ 14 დღეში T-უჯრედის რეაქცია (სისხლის თეთრ უჯრედებს შეეძლებათ შეუტიონ SARS-CoV-2-ის ვირუსით დაინფიცირებულ უჯრედებს) და 28 დღეში ანტისხეულების რეაქცია (ანტისხეულებს შეეძლებათ ვირუსის განეიტრალება - ე.ი. კონტაქტისას ვირუსი უჯრედების დაინფიცირებას ვერ შეძლებს) გამოიწვია. კვლევის განმავლობაში, ვინც ვაქცინა მიიღო, შემდეგ ორგანიზმში გამანეიტრალებელი ანტისხეულები აღმოაჩნდათ. ათმა მონაწილემ, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა გაუკეთეს, უფრო ძლიერი იმუნური რეაქცია გამოავლინა. ამასთან, კლინიკური ტესტირების პირველ/მეორე ფაზამ (Phase I/II) აჩვენა, რომ არ იწვევდა რაიმე გაუთვალისწინებელ რეაქციას. გამოცდის აღნიშნული ეტაპი უსაფრთხო, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აღმოჩენისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო (კვლევის მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე).
22 მაისს ვაქცინის ტესტირების მეორე/მესამე ფაზისთვის (Phase II/III) მოხალისეების შერჩევა დაიწყო, ხოლო თავად კვლევა დიდ ბრიტანეთში 28 მაისს დაიწყო და ის 10 ათასზე მეტი სრულწლოვნისა და ბავშვის ჩართვას ითვალისწინებს. ბრიტანეთში ვაქცინის ტესტირება კვლავ კომბინირებულ მეორე/მესამე ფაზაში მიმდინარეობს. ივლისის დასაწყისში ბრიტანეთში კვლევაში უკვე 4 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და კიდევ 10 ათასი მონაწილის ჩართვაა დაგეგმილი.
პარალელურად ვაქცინის ტესტირება სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს და ამჟამად ბრაზილიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაა დაწყებული. ბრაზილიაში კვლევის ჩატარება 20 ივნისს დაიწყო და მასში 5000 მოხალისე ერთვება. სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ოქსფორდის ვაქცინის შესახებ 23 ივნისს განაცხადეს და ტესტირება ივლისის პირველ კვირაში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკაში ვაქცინის ტესტირებაში ჩართული იქნებიან როგორც ჯანმრთელი ადამიანები, ისე HIV-ინფიცირებულები. ოქსფორდის ვაქცინის ტესტირება 1600 მონაწილით ინდოეთშიც იწყება. ოქსფორდის ვაქცინის ტესტირების ჩატარება 30 ათასი მოხალისით აშშ-შიც იგეგმება.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ვაქცინა კვლევებში დამაიმედებელ შედეგებს აჩვენებს, თუმცა ვაქცინა ამჟამად კლინიკური ტესტირების ბოლო, მესამე ფაზაშია. ბრიტანეთის მთავრობას ჯერ არ განუცხადებია, რომ ვაქცინა უკვე მზად არის და არც მასობრივი ვაქცინაცია დაუანონსებია. აღნიშნული მტკიცება „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გაჟღერებული ყალბი ამბავია.
არ შეესაბამება სიმართლეს ის ფაქტიც, თითქოს ვაქცინა სხვადასხვა ჯგუფებზე გამოცდილი არაა. ოქსფორდის ვაქცინა იტესტება როგორც ზრდასრულებზე, ისე ბავშვებზე და ასევე სხვა დაავადებით (მაგალითად, HIV-ით) ინფიცირებულებზე.
„საქართველო და მსოფლიოს“ სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ შეთქმულების თეორიების არ სჯერა, მაგრამ შეკითხვების სახით მაინც აჟღერებს შეთქმულების თეორიებს, თითქოს ვაქცინით მოსახლეობის ასაკიანი ხალხის ხარჯზე შემცირება სურთ ან ვაქცინა ყველას ერთ წელიწადში მოკლავს. მოცემული შეთქმულების თეორიები უსაფუძვლოა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ოქსფორდის ვაქცინა უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დასადასტურებელ ყველა ფაზას გადის, როგორც ზემოთაა აღწერილი, და ბაზარზე მხოლოდ ამის შემდეგ გამოვა. ვაქცინის ტესტირების სხვადასხვა ეტაპის შესახებ ზოგადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
არასწორია მტკიცება თითქოს ბრიტანეთი ვაქცინას მხოლოდ საქართველოსთვის იმეტებს და ესპანეთს, ბელგიას ან ამერიკას უარს ეუბნება. როგორც ზემოთაა აღნიშნული, ვაქცინის ტესტირება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ დასახელებულ ბრაზილიაში და ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა მაღალი რიცხვია (ინდოეთი, აშშ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა), მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პარტნიორმა მწარმოებელმა - „ასტრაზენეკამ“ (AstraZeneca) ევროკომისიასთან უკვე მიაღწია შეთანხმებას, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს ვაქცინის 400 მილიონი დოზით მოამარაგებს. ასევე „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca) შეთანხმება აქვს ინდოეთის სერუმის ინსტიტუტთან, რათა განვითარებადი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის ვაქცინის თავდაპირველად მილიარდი დოზა აწარმოონ და შემდეგ დამატებით კიდევ - 400 მილიონი. „ასტრაზენეკა“ (AstraZeneca) გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-საც 400 მილიონი დოზით მოამარაგებს.
აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი მიიჩნევს, რომ პანდემიასთან გასამკლავებლად ერთი ვაქცინა საკმარისი არ იქნება და მსოფლიოს ერთზე მეტი, რამდენიმე, ვაქცინის შექმნა სჭირდება, რათა მათმა წარმოებამ მსოფლიოში არსებული მილიარდობით დოზის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და გამოირიცხოს სრული ჩავარდნა ერთ-ერთი ვაქცინის მოულოდნელი წარუმატებლობის შემთხვევაში. ცნობილია, რომ აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია ოქსფორდის ვაქცინას დაამტკიცებს, თუ პლაცებოსთან შედარებით მინიმუმ 50%-ით ეფექტური იქნება (ოქსფორდის მეცნიერები ირწმუნებიან, რომ მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით 80% მაინც იქნება).
რაც შეეხება საქართველოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს „ასტრაზენეკასთან“, რომელიც ოქსფორდის ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაა (ასევე კომპანია „გავისთან“). შესაბამისად, შესაძლოა საქართველოში ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა შემოვიდეს. თუმცა ეს მხოლოდ მისი უსაფრთხოების დადასტურების შემდეგ მოხდება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „საქართველო და მსოფლიო“ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას დადებითი განწყობით შეხვდა. თუმცა ვაქცინის ტესტირება მესამე ფაზის გამოტოვებით სწორედ რუსეთმა დააჩქარა და მისი ვაქცინის უსაფრთხოებასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობს.
წყაროს შესახებ
„საქართველო და მსოფლიო“ აქამდეც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ამბების გავრცელებაში. გაზეთი გამოირჩევა მკვეთრად პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით. გაზეთი იმეორებს კრემლის ნარატივს მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ, რუსეთის „გრუ“-ს მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით. „საქართველო და მსოფლიოს“ გამოსცემს ორგანიზაცია „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საბჭოს წევრიც არის ალექსანდრე ჭაჭია. იგი რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა 2008 წლის ივლისში „რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის სფეროში შეტანილი დიდი წვლილის გამო“ ორდენით დააჯილდოვა.