2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კიბერთავდასხმა განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი ობიექტი კომპანია „პროსერვისის“ მფლობელობაში არსებული სასერვერო გახდა. აღნიშნული კომპანიის სერვერებზე სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორისა და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებია განთავსებული. კიბერთავდასხმის შედეგად, 15 ათასამდე ვებგვერდი გაითიშა, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის, სასამართლოების, საკრებულოებისა და სხვადასხვა არასამთავრობო თუ მედიასაშუალების საიტი. შეტევის დროს ვებგვერდების მთავარი გვერდები შეიცვალა და ე.წ. „დიფეისის“ (Deface) დროს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოიყენეს. ფოტო დაზიანებულ ვებგვერდებზე შემდეგი წარწერით, I’LL BE BACK (მე დავბრუნდები), ჩნდებოდა.

29 ოქტომბერს პრორუსულმა მედიასაშუალება „საქინფორმ“-მა კიბერთავდასხმის მოწყობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილსა და მის ჰაკერების ჯგუფს დააბრალა. 30 ოქტომბერს გამოცემის მთავარი რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის, სტატია გამოქვეყნდა. ის ამტკიცებდა, რომ კიბერშეტევის მასშტაბურობიდან გამომდინარე, კიბერშეტევა არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით განხორციელდა, არამედ აშშ-ის დახმარებითაც. კონკრეტულად, არნო ხიდირბეგიშვილი თავდასხმის მოწყობას ამერიკელ მაღალჩინოსნებსა და ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (CIA) აბრალებდა. მისი ვერსიით, კიბერშეტევის მიზანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება იყო.

„საქინფორმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიყალბე, თითქოს კიბერშეტევა აშშ-მა, კონკრეტულად კი - CIA-მ, მოაწყო, 2020 წლის 20 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერთიანებული სამეფოს განცხადებებით დადასტურდა. საქართველომ, მის დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით, დაადგინა, რომ 28 ოქტომბერს ფართომასშტაბიან კიბერშეტევაზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველო იყო პასუხისმგებელი. გამოძიებაში მონაწილეობდა გაერთიანებული სამეფოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრი (NCSC), რომელმაც საქართველოს და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაადგინა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა („გრუ“) მასშტაბური და ზიანის მომტანი კიბერშეტევა განახორციელა. გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის გარდა, საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევის გამო რუსეთს პასუხისმგებლობა ნიდერლანდებმა, დანიამ, პოლონეთმა, უკრაინამ, ლატვიამ, ავსტრალიამ, კანადამ, მონტენეგრომ, ესტონეთმა და ლიეტუვამ დააკისრეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შესახებ ინფორმაცია „საქინფორმმაც“ გაავრცელა, თუმცა სააგენტომ მანამდე გავრცელებული ყალბი ამბავი არ უარყო. პირიქით, არნო ხიდირგებიშვილმა, 2 მარტს „საქინფორმში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულებას „ფეიკი“ უწოდა. მისი აზრით, ქართულმა მხარემ და დასავლურმა პარტნიორებმა კიბერშეტევაში რუსული მხარის მონაწილეობის დამადასტურებელი მტკიცებულებების აღმოჩენა ვერ მოახერხეს. ხიდირბეგიშვილი ასევე აკრიტიკებს ბრიტანეთის განცხადებას, რომელშიც თავდასხმის ორგანიზებაში „დიდი ალბათობით“ გრუ-ს ადანაშაულებს (ბრიტანეთი 95%+ ალბათობას ასახელებს, რაც ჰიპოთეტურ ცდომილებას ასახავს). არნო ხიდირბეგიშვილმა კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულება, ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოში სერგეი ლავროვის შესაძლო ვიზიტის ჩაშლის მოტივაციით ახსნა და მაიკ პომპეოს განცხადებასაც, რომელშიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ სამმართველოს („გრუს“) დააკისრა, უსაფუძვლო უწოდა. ამავე სტატიაში არნო ხიდირბეგიშვილი აცხადებს, რომ ლავროვი თბილისში 2003 წლის შემდეგ, ე.ი. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდიდან, არ ყოფილა. აღნიშნული ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან სერგეი ლავროვი საქართველოში 2008 წელს, მიხეილ სააკაშილის ინაუგურაციაზე იმყოფებოდა. თუმცა გაცილებით „მასშტაბურია“ არნო ხიდირბეგიშვილის მტკიცება, რომელშიც ის კიბერშეტევის მოწყობას კვლავ მიხეილ სააკაშვილს აბრალებს. არგუმენტად კი ასახელებს იმას, რომ სააკაშვილმა მისი [ხიდირბეგიშვილის] წინა განცხადებები არ უარყო.

კიბერშეტევის გამოძიების შედეგებს რუსული პროპაგანდის გავრცელებით ცნობილი ონლაინ მედია „ნიუსფრონტიც“ გამოეხმაურა. სააგენტომ რუსეთის ბრალეულობა უარყო და გამოძიების შედეგების გასაჯაროვება დავით გარეჯის საკითხს დაუკავშირა. „ნიუსფრონტის“ სტატიაში - „ქართველების გაბრიყვება - ბერთუბანი ბაქოში „მეგობრობის“ გამოფენის სანაცვლოდ“ - ვკითხულობთ: „საქართველოს მთავრობა, რომელიც თავს ისულელებს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ ვითომ მოწყობილ კიბერ-შეტევებზე საუბრობს, ხმას არ იღებს დავით გარეჯის ნაწილის (კერძოდ, სულ ცოტა, ბერთუბნის) აზერბაიჯანისთვის ფორსირებული დათმობის თაობაზე“.

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან“ ინტერვიუში იმავე შინაარსის კომენტარი „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, გულბაათ რცხილაძემაც გააკეთა. მისი აზრით, კიბერშეტევა ინფორმაციის მოპარვას არ ისახავდა მიზნად და ამიტომ რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის „ხულიგნობაში“ დადანაშაულება საფუძველს მოკლებულია. მან კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულება დავით გარეჯის თემის გადაფარვის მცდელობას დაუკავშირა. გულბაათ რცხილაძემ იგივე ახსნა მოუძებნა ესტონეთის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, დიდი შანსია, რომ რუსეთი 2020 წლის საქართველოს საპარალამენტო არჩევნებში ჩაერიოს. აღნიშნულ ანგარიშს „ევრაზიული ინსტიტუტის“ დამფუძნებელი საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევად აფასებს. „საქართველო და მსოფლიომ“ კიბერშეტევის გამოძიების შედეგებს კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა, სათაურით - „რაში გამოიხატება „დასავლური ოჯახის ღირსეული წევრობა“, იქნებ ვინმემ აგვიხსნას?“, რომელშიც მტკიცებულებების არქონაზე გაამახვილა ყურადღება.

კრემლი თავისი მტრული ქმედებების გადაფარვას ქართველი ხალხისთვის მეზობელი ქვეყნების მტრად წარმოსახვით ცდილობს. ამ კუთხით, პრორუსული გამოცემები ხშირად ცდილობენ, რომ წინ წამოსწიონ საქართველოს ისტორიული მხარის - ტაო-კლარჯეთის საკითხი და მისი თანამედროვე თურქეთის იურისდიქციაში ყოფნა ოკუპაციად მონათლონ. დავით-გარეჯის საკითხის გამოყენება აზერბაიჯანის, როგორც საქართველოს მტრისა და ოკუპანტის ხატის შესაქმნელად, მსგავსი სცენარის ნაწილია.

შესაბამისად, „ნიუსფრონტისა“ და „საქართველო და მსოფლიოს" მიერ დავით გარეჯის საკითხზე ყალბი ამბის გავრცელება რუსეთის მიერ განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტის გადაფარვას ემსახურებოდა. ეს კარგად ჩანს მათ სტატიაში - „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შარშანდელი თოვლი – 28 ოქტომბრის კიბერშეტევები გაიხსენა მაინცდამაინც დღეს, როდესაც სოციალურ ქსელებში ხალხი დავით გარეჯის ბედს განიხილავს“. დავით გარეჯის თემაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელების გარდა, „ნიუსფრონტი“ გამოძიებით დადგენილ რეალობასაც უარყოფს და წერს:

„გაოცებას არ იწვევს, რომ „დამნაშავედ“ ისევ რუსეთი და მისი სამხედრო მანქანა გამოცხადდა, რადგან „საერთაშორისო პარტნიორებს“ ეს ასე აწყობთ და სწორედ მათ დაადგინეს ეს „ჭეშმარიტება“. მომენტიც შერჩეულია – დავით გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს ოფიციალურად უნდა დაუთმონ.

ბუნებრივია, აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის საელჩოები ასევე ოპერატიულად გამოეხმაურნენ გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას. სავარაუდოდ, რუსეთზე ყურადღების გადატანის დამკვეთები სწორედ ამ საელჩოებში სხედან“.

რუსეთის ოფიციალური განცხადებები კიბერშეტევასთან დაკავშირებით

„ნიუსფრონტის“ ყალბი ამბები თანხვედრაში მოდის ოფიციალური მოსკოვის განცხადებებთან, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას უარყოფს და საქართველოს ბრალდებას „დადგმულ ინფორმაციულ ტყუილს“ და „პროპაგანდისტულ აქციას“ უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებების პოლიტიკურ მოტივაციაზე გაამახვილა ყურადღება და აშშ-ს, ბრიტანეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სინქრონიზებულ მოქმედებას გაუსვა ხაზი. ამასთან, რუსულმა მხარემ საქართველო რუსეთის დემონიზაციაში დაადანაშაულა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, პრაღაში აბაშიძე-კარასინის ფორმატში რუსეთის წარმომადგენელი და რუსეთის ფედერალური კრების სენატორი გრიგორი კარასინიც გამოეხმაურა. მისი განცხადების მიხედვით, გამოძიების შესახებ ფაქტები არ იყო წარმოდგენილი და ეს ყველაფერი მხოლოდ პროპაგანდა იყო. კანადაში რუსეთის საელჩომ კანადის მიერ აღნიშნულ კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულებას „კიდევ ერთი რუსოფობიური ნაბიჯი“ უწოდა. ხოლო აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადების მიხედვით, ამერიკული დიპლომატია პროფესიონალიზმიდან ტაბლოიდურ ჟურნალისტიკაზე გადავიდა, რაც სამხილების გარეშე რუსეთის დადანაშაულებაში გამოიხატება. აგრეთვე “Российская газета”-მ („რუსულმა გაზეთმა“ - rg.ru) „ანტირუსულ“ ბრალდებებად მოიხსენია თბილისის, ლონდონის, ვაშინგტონისა და ვარშავის მიერ რუსეთის დადანაშაულება. რუსოფობიაზე აქცენტის გაკეთებით, რაც კრემლის ერთ-ერთი პროპაგანდისტული მესიჯია, გამოირჩევა „ნიუსფრონტი“ (იხილეთ: სტატია1, სტატია2 და სტატია3).

კრემლის აღნიშნული რიტორიკა გაიმეორა კიდევ ერთმა პრორუსულმა მედიამ - „სპუტნიკის“ ქართულმა რედაქციამ. „სპუტნიკის“ მიერ კიბერშეტევასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ ვლადიმირ კონსტანტინიდის, კიბერშეტევაში რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ მოუყვანია. ამას გარდა, „სპუტნიკზე“ გამოქვეყნდა ვიტალი ვეხოვის (რუსი პროფესორი და ექსპერტი, ყოფილი პოლიციის პოლკოვნიკი) მიერ „სპუტნიკის“ რადიოსთვის მიცემული ინტერვიუ, რომელშიც იგი რუსეთის მიერ საქართველოზე კიბერშეტევის განხორციელებას გამორიცხავს. მისი არგუმენტის მიხედვით, ეს ოპერაცია შეიარაღებული ძალების მიერ რომ განხორციელებულიყო, ის უფრო პროფესიონალური იქნებოდა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ვიღაცამ სპეციალურად განახორციელა კიბერშეტევა, რათა შემდეგ სხვისთვის დაებრალებინა. საკითხთან დაკავშირებით „სპუტნიკმა“ ასევე მოამზადა ვიდეო სათაურით: „მოგენატრათ ახალი ამბები „რუსი ყოვლისშემძლე ჰაკერების“ სამყაროდან? დასავლეთი და მისი მომხრეები ზრუნავენ ამაზე“. ვიდეოში წარმოდგენილი იყო ამონარიდები რუსეთის ოფიციალური უწყებების განცხადებებიდან, ხოლო თავის მხრივ „სპუტნიკის“ რედაქცია კვლავ იმეორებდა, რომ საქართველოს მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა მის დასავლელ მოკავშირეებს ისინი არც სჭირდებოდა. „სპუტნიკის“ აზრით, კიბერშეტევაში მოსკოვის დადანაშაულება ინფორმაციული ომის მორიგ აქტს ჰგავდა. „სპუტნიკმა“ კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშაულება რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის საფრთხეებთან დაკავშირებით აშშ-ის დაზვერვის მომზადებულ ანგარიშს დაუკავშირა. „სპუტნიკის“ მიხედვით, ანგარიში ამტკიცებდა, რომ მოსკოვს უკვე დაწყებული ჰქონდა დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევაში დახმარება. თუმცა მტკიცებულებები გასაიდუმლოებული ჰქონდა და ისევ „highly likely” პრინციპს ეყრდნობოდა.

„ნიუსფრონტი“ დამცინავად გამოეხმაურა ესტონეთისა და დანიის მხარდამჭერ განცხადებებს სტატიაში - „სერიიდან „ძრწოდე, რუსეთო!“ - ესტონეთი მოსკოვს საქართველოს გამო პასუხს აგებინებს“:

„კუმ, ანუ, ამ შემთხვევაში ესტონეთმა, ფეხი გამოყო და თავისი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით გამოეხმაურა გასულ წელს საქართველოში სახელისუფლებო ინტერნეტ-საიტების გათიშვას, რაც “დასავლელი პარტნიორების” მტკიცებით, რუსეთის არმიის გენერალურმა შტაბმა განახორციელა... ესტონეთთან ერთად, რუსეთს თავისი შეშფოთებით დანიის სამეფოც აშინებს, თავის გრენლანდიასთან ერთად“.

რუსული მედიის გამოხმაურება კიბერშეტევაში რუსეთის დადანაშუალების ფაქტზე

კიბერშეტევა რუსულ მედიაშიც მანიპულაციურად გაშუქდა. მაგალითად, კიბერშეტევას გამოეხმაურა გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდაც“. მის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სიახლეში ავტორმა მიუთითა, რომ საქართველომ მოახერხა აშშ-ს მხრადაჭერის მოპოვება და მათ სამხილის გარეშე დაგმეს რუსეთი. ხოლო აშშ-მა ინტერნეტ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩადენილი „დანაშაულის“ რუსეთისთვის დაბრალების შანსი კვლავ არ გაუშვა ხელიდან. რუსულმა სააგენტომ - „rbc.ru” -ამერიკელი დიპლომატების განცხადებას დაუდასტურებელი ბრალდებები უწოდა.

მსოფლიოში რუსული პროპაგანდის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი საშუალება - „Russia Today” წერს, რომ რუსეთის ბრალეულობის დამამტკიცებელი სამხილები არ წარმოუდგენიათ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას კი ფაქტობრივად თანადროულად მოჰყვა ბრიტანეთისა და აშშ-ს განცხადებები, რომლებმაც ქართულ მხარეზე მეტი დეტალი გაასაჯაროვეს. აღნიშნულს „Russia Today” პროპაგანდის მექანიზმს უწოდებს და პოზიციის გასამყარებლად რუს ექსპერტებს იმოწმებს. მათი მიხედვით, საქართველოს არ აქვს საკმარისი კიბერშესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, „გამოძიება“ და რუსეთის დადანაშაულების იდეა დასავლეთის სახელმწიფოებისგან, კონკრეტულად კი, აშშ-სგან მოდიოდა. აღნიშნული თანხვედრაშია „ნიუსფრონტის“ სტატიაში გამოთქმულ ვერსიასთან, რომ აშშ და ბრიტანეთი საქართველოს განცხადებას ოპერატიულად გამოეხმაურნენ და რუსეთის დადანაშაულება სწორედ მათგან იყო დაკვეთილი. „ექსპერტების“ განცხადებით, რუსეთის დადანაშაულება სამხილების გარეშე არ იყო პირველი შემთხვევა და აღნიშნული გათვლილია ჰებელსის პრინციპზე, რომ რაც მეტჯერ გაიმეორებ ტყუილს, მას უფრო მეტი აღიქვამს სიმართლედ. რუსეთის კიბერშეტევაში დადანაშაულება საინფორმაციო ომად და პროპაგანდად შეაფასა „regnum.ru”-მაც. საქართველო არ უარყოფს გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს მონაწილეობას გამოძიებაში, შესაბამისად, ეს რუსი ექსპერტების მიგნებას არ წარმოადგენს. კრემლის დეზინფორმაციის მანქანა კიბერშეტევაში რუსული ბრალის გადასაფარად გამოძიების შედეგებს მანიპულაციურად წარმოადგენს და მას რუსული პროპაგანდის მთავარი სტრატეგიული თეზისით - დასავლეთის რუსოფობიით ხსნის.

ოფიციალური კრემლის, რუსული მედიისა და მათი ქართული თანამოაზრეების იდენტური გზავნილები

კიბერშეტევაში რუსეთის დანაშაულის გამოკვეთამ და საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების ერთობლივი გამოძიების გასაჯაროვებამ კვლავ ნათლად გვიჩვენა რუსეთის სახელმწიფოს, მისი კონტროლირებადი მედიისა და საქართველოში პრო-რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლების გზავნილების იდენტურობა. მათ ერთმანეთის მსგავსად უარყვეს რუსეთის დანაშაული და ცალკეული არგუმენტებიც კი, ფაქტობრივად, იდენტურად გაიმეორეს.


წყაროების შესახებ

საქინფორმი

პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ (Saqinform.ge) დომეინს ფლობს პრორუსული ორგანიზაცია შპს „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საკუთრებაშიცაა „საქართველო და მსოფლიო“. გამოცემის რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი გამოირჩევა ღიად პრორუსული ნარატივით, ყარსის ხელშეკრულებაზე მცდარი აქცენტებით, ანაკლიის პორტის კრიტიკითა და მისი გაიგივებით ამერიკულ საზღვაო სამხედრო ბაზასთან. აღსანიშნავია, რომ ხიდირბეგიშვილის სტატიები ქვეყნდება ისეთ ანტიდასავლურ რუსულ ინტერნეტ-პორტალებზე როგორებიცაა regnum.ru, და sputniknews.ru-ის ქართულ გამოცემა sputnik-georgia.ru.

“ნიუსფრონტი“

„ნიუსფრონტის“ ქართული ოფისი ანექსირებული ყირიმიდან მართული News Front-ის ნაწილია და ქართულის გარდა კიდევ 8 ენაზე ოპერირებს. News Front-ი 2014 წელს დაარსდა. სხვადასხვა მედია ანგარიშის მიხედვით, ის რუსეთის უსაფრთხოების სამსახურისგან („ეფ-ეს-ბე“) ფინანსდება. ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას ავრცელებს. საერთაშორისო სიახლეების სექციაში ძირითადად ისეთი რუსული სახელმწიფო მედიების მასალა გვხვდება, როგორებიცაა Russia Today, „სპუტნიკი“ და RIA Novosti. „ნიუსფრონტის“ საქართველოს ოფისსაც არაერთხელ გაუვრცელებია ყალბი ამბავი, მათ შორის, კორონა ვირუსის შესახებ. „ნიუსფრონტი“ საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებით გამოირჩევა. მისი რედაქტორი შოთა აფხაიძეა, ხოლო Facebook-გვერდის ადმინისტრატორი კი - კონსტანტინე ჩიკვილაძე, რომელიც ამავდროულად პრორუსული გაზეთის - „საქართველო და მსოფლიო“ – Facebook-გვერდის ადმინისტრატორიცაა.

„საქართველო და მსოფლიო“

„საქართველო და მსოფლიო“ აქამდეც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული ყალბი ამბების გავრცელებაში. ასევე გაზეთი გამოირჩევა მკვეთრი პრორუსული სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც მის თითქმის ყველა სტატიაში იკითხება. მაგალითად, მათ გაიმეორეს კრემლის ნარატივი და ყალბი ინფორმაცია მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ გაავრცელეს, ასევე ამტკიცებდნენ, რომ რუსეთს საერთაშორისო ხელშეკრულება არასდროს დაურღვევია.

„სპუტნიკი“

damoukidebloba.com-ის ანგარიშის მიხედვით, „სპუტნიკი“ რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. ის მსოფლიოს მასშტაბით 2014 წლიდან ფუნქციონირებს. „სპუტნიკი“ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისა“ და რადიო „რუსეთის ხმის“ უცხოენოვანი სამსახურია, ხოლო მისი ხელმძღვანელი დიმიტრი კისილიოვია. „სპუტნიკი“ სხვადასხვა ქვეყნიდან მართავს საკუთარ საიტს და ადგილობრივი რადიოსადგურებიდან მაუწყებლობს. „სპუტნიკის“ ოფისში განთავსებულია "Россия сегодня"-ს (ყოფილი რია ნოვისტის) პრესცენტრიც. აღნიშნულ პრესცენტრში პრესკონფერენციები ჩაატარეს „მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტურმა კოალიციამ“ (რევაზ გოგიძე და გენერალი ტრისტან წითელაშვილი); „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ“, „ევრაზიის ინსტიტუტის“ თანამშრომელმა შოთა აფხაიძემ, რომელიც ამჟამად „ნიუსფრონტის“ რედაქტორია და სხვებმა.

საქართველოში „სპუტნიკის“ სამი რედაქციაა: სპუტნიკ-საქართველო, სპუტნიკ-აფხაზეთი და სპუტნიკ-სამხრეთ ოსეთი.

თეგები: