ანაკლიის პორტს მართებულად მიიჩნევენ საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე პროექტად. მიუხედავად ამისა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების არათანმიმდევრული ქმედებების შედეგად საფრთხის წინაშე დგას, ასევე აღმოჩნდა მიზანმიმართული და კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციის ობიექტი.

ანაკლიის პორტის თემაზე ქართულ მედიასივრცეში გააქტიურდნენ პრორუსული მედიაგამოცემები (saqinform.ge geworld.ge – „საქართველო და მსოფლიო“) და მკვეთრად ანტიდასავლური გაზეთი „ასავალ-დასავალი“.

ანტიდასავლური პროპაგანდის ცნობილი გამავრცელებლები არიან პარტია „ალტერნატივა საქართველოს'' თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.

როგორც კი პროექტი დაპირისპირების საგნაც იქცა, აღნიშნულმა გამოცემებმა და პოლიტიკოსებმა მისი დისკრედიტაცია დაიწყეს.

მათ მიერ გავრცელებული მანიპულაციური ინფორმაცია 4 მიმართულებად შეგვიძლია დავყოთ:

1. დეზინფორმაცია პორტის რენტაბელურობასა და მნიშვნელობის შესახებ;

2. პორტის სამხედრო დანიშნულების და მასში აშშ-ისა და NATO-ს გემების განთავსების შესახებ;

3. ყარსის ხელშეკრულების შესახებ;

4. ინვესტორ კომპანიების შესახებ;

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხს ყველაზე მეტჯერ პრორუსული გამოცემა Saqinform.ge შეეხო. „საქინფორმის“ რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა ანაკლიის პორტს რამდენიმე სტატია მიუძღვნა. ღრმაწყლოვანი პორტის თემა აქტუალურია გაზეთ „ასავალ-დასავალშიც“, რომელშიც ხშირად ამ თემაზე ერთდროულად რამდენიმე სტატიაც კი ქვეყნდება.

„საქართველო და მსოფლიო“ ძირითადად ორიენტირებულია ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში მონაწილე უცხოურ აქტორებზე.

პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ანაკლიის პორტის გარშემო მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რითაც ცდილობენ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის მარგინალიზებასა და საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას.

პორტის მნიშვნელობის კითხვის დაყენება კი პირდაპირ თანხვედრაშია რუსულ ინტერესებთან, რომელსაც, რა თქმა უნდა, არ სურს ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის.

დეზინფორმაცია პორტის არარენტაბელურობის შესახებ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადების შემდეგ, რაც მეტწილად ემსახურება ანაკლიის პორტის სტრატეგიული მნიშვნელობის კითხვის ქვეშ დაყენებას, სოციალურ ქსელში გააქტიურდა „ქართული მარშის“ ყოფილი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია, რომელიც აქტიურად ეწევა როგორც პორტის მნიშვნელობისა და რენტაბელურობის, ასევე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციას. მორგოშია Facebook პოსტში აღნიშნავს: „არადა ორივე მხარეს, ბოსებმა იციან, რომ პროექტი არაა მომგებიანი და მისი რენტაბელურობა არავის არ დაუთვლია ისე, რომ რამე დადებითი ბალანსი ყოფილიყო“.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ფარავს 340 ჰექტარი ფართობის ტერიტორიას, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდი დოლარია. პორტთან შეიქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას დასაქმების საშუალებას მისცემს. პორტის სიღრმე (16.) შესაძლებელს გახდის პანამაქსისა და პოსტპანამაქსის (10000-კონტეინერიანი (TEU)) ტიპის სატვირთო გემების მომსახურებას (ამის შესაძლებლობას არ აქვთ ფოთისა და ბათუმის პორტებს), რის შედეგადაც პორტის გამტარუნარიანობა 100 მილიონ ტონას მიაღწევს. ბათუმისა და ფოთის პორტების ინფრასტრუქტურა იძლევა დაახლოებით 555 000 TEU-ის გატარების შესაძლებლობას, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, კი ვარაუდობენ, რომ საკონტეინერო ტვირთის გატარების პოტენციალი გასამმაგდება.

დღევანდელი მონაცემებით, ანაკლიის პორტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ის შავი ზღვის სანაპიროზე ერთ-ერთი უდიდესი პორტი იქნება, რომელიც ცენტრალურ ადგილს დაიკავებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სავაჭრო სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც ამჟამად რუსეთის გავლით მოძრაობს.

მაღალი გამტარუნარიანობის გარდა, ანაკლიის პორტის პროექტი გამოირჩევა ლოჯისტიკური სერვისების განვითარების მაღალი პოტენციალით, გაფართოებისა და განვითარების პერსპექტივითა და სტრატეგიული მდებარეობით, რაც დიდ ეკონომიკურ ბენეფიტებთან ერთად, უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან უსაფრთხოებას. პორტის მნიშვნელობას საქართველოს მთავრობის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და ინვესტორი ბანკების კვლევების გარდა, ასევე მოწმობს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების პორტის პროექტით დაინტერესება. პორტის სატრანსპორტო და ეკონომიკურ მნიშვნელობას ხაზს უსვამს ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის თანაავტორობით შექმნილიტრანს-ევროპული სატრანსპორტო კავშირისსამოქმედო გეგმაც, რომლის მიხედვით ანაკლიის პორტს პრიორიტეტული პროექტის სტატუსი მიენიჭა და მშენებლობის მეორე ფაზის დასაფინანსებლად 233 მილიონი ევრო გამოიყო.

პორტის მნიშვნელობაზე ყურადღებას ამახვილებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. მან აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომპორტის პროექტი გაზრდის საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკებთან და თავიდან აარიდებს საქართველოს რუსეთისა და ჩინეთის ეკონომიკის ზეგავლენას“.

პორტს ასევე აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ, ერთი მხრივ, ცენტრალური აზიის ქვეყნების ტვირთების ტრანსპორტირება შეძლოს და ასევე, ჩინეთის მიერ ინიცირებულ One Belt&One Road ახალ აბრეშუმის გზაზე[1] საქართველოს პოზიცია გაამყაროს.

ანაკლიის პორტის პროექტის ავტორიტეტს ზრდის ისიც, რომ მისით დაინტერესებულნი არიან ისეთი საერთაშორისო ბანკები და ინსტიტუტები, როგორებიცაა: EBRD (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), OPIC (კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია), ADB (აზიის განვითარების ბანკი), AIIB (აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი). პროექტში მონაწილეობენ Maritime & Transport Business Solutions (MTBS) მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, საერთაშორისო საფინანსო, საზღვაო და სატრანსპორტო სფეროში მომუშავე მსოფლიოს ტოპ-სამეულის წევრი საკონსულტაციო კომპანია Van Oord, წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და პროექტების მართვის კომპანია Royal HaskoningDHV და Moffatt & Nichol- საერთაშორისო ინფრასტრუქტურული საკონსულტაციო კომპანია. ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი კი არის ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიააიფიჯი“ (Eiffage). თავის მხრივანაკლიის განვითარების კონსორციუმშისაქართველოში დაფუძნებულითიბისი ჰოლდინგ“ (TBC Holding LLC) და ამერიკული საინვესტიციო ჰოლდინგი,კონტი ინტერნეშენალ“ (Conti International LLC) იყვნენ გაერთიანებულები.

2019 წლის 15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 42,18%-იანი წილის მფლობელი კონტი ჯგუფი“ კონსორციუმს ტოვებს.

ანაკლიის პორტის ტერმინალის ოპერატორი კი არის მსოფლიოს უმსხვილესი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორი SSA Marine.

დეზინფორმაცია ანაკლიის პორტის პროექტის პარტნიორების შესახებ

„ასავალ-დასავალის“ 2019 წლის 5 აგვისტოს ნომერში მამუკა ხაზარაძესა და TBC ბანკს სამი სტატია მიეძღვნა, რომლებიც მიზნად ისახავდნენ მათი დისკრედიტაციას. გაზეთში ასეთ ფრაზასაც ნახავთ: „ყაჩაღ-ბანკირი ხაზარაძის მხრიდან, რომელიც ხელისუფლებასა და პირადად ბიძინა ივანიშვილს უკვე ღიად უპირისპირდება, სახელმწიფოს წინააღმდეგ ეკონომიკურ საბოტაჟსა და რევოლუციური პროცესების პროვოცირებას ხომ არა აქვს ადგილი?“

იმის შემდეგ, რაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ SSA Marine-მა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ახალი პირობა წარუდგინა, რომლის მიხედვით ამერიკული კომპანია გარკვეული პერიოდით ანაკლიის პორტისთვის ექსკლუზივის მინიჭებას ითხოვს.

გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც SSA Marine-ის პირობა განხილულია, როგორც ულტიმატუმი და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელყოფა. სტატიის მიზანი ანაკლიის პორტის პროექტისა და SSA Marine-ის მიმართ უნდობლობის გაღვივებაა. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ SSA Marine-ის პირობა ექსკლუზივის მინიჭებასთან დაკავშირებით, გამოწვეულია იმ საფრთხეების პრევენციის მიზნით, რომლებიც მოდის ქვეყნის შიდა აქტორებისგან. სახელმწიფოს მხრიდან ანაკლიის ნაცვლად სხვა პორტის მხარდაჭერა მისივე კვლევებისა და გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ნაბიჯი იქნება. ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარეობს Public Private Partnership-ის ფორმატში, რაც თავისთავად გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მხარდაჭერასა და გარკვეული პასუხისმგებლობების აღებას, განსხვავებით ფოთის პორტისა, რომლის მიმართაც სახელმწიფოს 2007 და შემდგომ 2010 წელს პრივატიზების და პრივატიზაციის პროცესში გათვალისწინებული პირობების გამო აღარ აქვს არანაირი იურიდიული ბერკეტი მის განვითარებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის 3 იანვრიდან დღემდე განვითარებული მოვლენების შედეგად, უცხოურ კომპანიებში გაჩნდა ეჭვი ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ სახელმწიფოს მხარდაჭერის შესუსტების შესახებ, რასაც ფოთის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს.

ფოთის პორტის გარშემო განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია შემდეგნაირია:

· 3 იანვარსეიპიემ ტერმინალს ფოთმადაფოთის ახალი ტერმინალების კონსორციუმმასაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოებისთვის ნებართვის მისაღებად, ფოთის პორტის გაფართოების კონცეპტუალური გეგმა წარუდგინა.

· 9 იანვარს პროკურატურაში გაიმართა ბრიფინგი, სადაც განაცხადეს მამუკა ხაზარაძისთვის მილიონობით დოლარის გათეთრებისა და მითვისების გამო ბრალის წარდგენის შესაძლებლობაზე.

· 2019 წლის 4 თებერვალსპეის ჯგუფისადა აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ, პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა, რომლის დაწყებამდეც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფოთში ახალი ტერმინალი აშენდებოდა.

· 2019 წლის მაისის ბოლოს კი ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფომ ფოთის პორტისთვის ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ბრძანება გასცა.

· 2019 წლის 30 მაისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ აღნიშნული ნებართვა გაუქმდა.

· 2019 წლის ივნისი-ივლისი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის განცხადებები ფოთის პორტის შესახებ, სადაც იგი აღნიშნავს, რომ ფოთის პორტის გაღრმაწყლოვანების აკრძალვა არასწორია, რადგან ის უფრო იაფი დაჯდება.

ფოთის პორტთან დაკავშირებით ბიზნესინტერესების მქონე პირებს საკუთარი ეკონომიკური სარგებლის დაკარგვა აფრთხობთ და ანაკლიის პროექტის ნებისმიერ ფასად შეჩერება სურთ. ისინი ცდილობენ ხელისუფლებას უტოპიური იდეის განხორციელებისაკენ უბიძგონ, რაც ფოთში ღრმაწყლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს. აღნიშნული, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად გამოიყურება, რადგან ანაკლია, როგორც საქართველოს სანაპირო ზოლზე ღრმაწყლოვანი პორტის აშენებისთვის საუკეთესო ადგილი, სწორედქართული ოცნებისმთავრობის მიერ ჩატარებული ტექნიკურეკონომიკური კვლევის შედეგად შეირჩა. უფრო კონკრეტულად კი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონურმა კონსორციუმმა - Oriental Consultants Company Limited, საპარტნიორო ფონდის დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგად, შავიზღვისპირა აკვატორიაში პორტისთვის საუკეთესო ადგილად ანაკლია შეარჩია. ამის ფონზე, რა თქმა უნდა, რელევანტური ხდება SSA Marine-ის პირობა საკუთარი კაპიტალის დაზღვევის შესახებ.

დეზინფორმაცია ანაკლიაში სამხედრო საზღვაო ბაზის შესახებ

„ასავალ-დასავალის“ 30-ე ნომერში (29 ივლისი - 4 აგვისტო) გამოქვეყნდა ინტერვიუ პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან. კახა კუკავა იზიარებს გავრცელებულ ანტიდასავლურ ნარატივს პორტის შესახებ და გამოთქვამს ვარაუდს, რომ პორტი არა კომერციული დატვირთვის, არამედ აშშ-ის სამხედრო ბაზაა: „სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა სტატეგიული დანიშნულება შეიძლება, ჰქონდეს ანაკლიის პორტს? ხაზარაძისგან, ნაცებისგან, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც მუდმივად კეთდება განცხადებები, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოებრივად სტრატეგიული პროექტია, მაგრამ არავინ აკონკრეტებს, რა იგულისხმება ამ „სტრატეგიულ დანიშნულებაში?“ უნდა ვივარაუდოთ, რომ ანაკლიაში ამერიკული სამხედრო პორტის აშენებაა დაგეგმილი“.

Saqinform.ge-ის რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა გაავრცელა განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციების კომპლექტი, სადაც ის იზიარებს კახა კუკავას მოსაზრებას პორტის სამხედრო მნიშვნელობის შესახებ. ამგვარი ნარატივით „საქინფორმის“ რედაქტორი ანაკლიის პორტის გარშემო მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რითაც ცდილობს საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის მარგინალიზებასა და საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას.

აღნიშნული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ანაკლიის პორტში NATO-ს ან აშშ-ის ფლოტის განთავსებისა და საზღვაო ბაზის მშენებლობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფლოტს განთავსება მხოლოდ წევრ სახელმწიფოში შეუძლია.

აშშ-ის ფლოტისთვის კი სპეციალური სამხედრო ინფრასტრუქტურა და კრიტერიუმებია საჭირო, რომლებიც განსაზღვრულია 2006 წელს მიღებული დოკუმენტით (Federal And Military Specifications And Standards). აღნიშნული დოკუმენტი ადგენს სამხედრო ნაგებობების კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, ამერიკული და მასპინძელი ქვეყნის პასუხისმგებლობებს და აგრეთვე, სამხედრო ბაზის გამოყენების შესაძლებლობებსა და მის შესაძლო გავლენებს ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: ეკოლოგია, და რეგიონალური უსაფრთხოება. გარდა ამისა, საზღვაო ბაზის მშენებლობა საჭიროებს წინასწარ მოლაპარაკებებსა და ხელშეკრულების გაფორმებას, რაც დღესდღეობით საქართველოსა და აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას.

ანაკლიის პორტის პროექტსა და ყარსის ხელშეკრულებას შორის გაჩენილი ყალბი კავშირი

Saqinform.ge-ის რედაქტორის ანრო ხიდირბეგიშვილის სტატიაში აღნიშნულია, რომ პორტის აშენებისა და ბაზის განთავსების შემთხვევაში თურქეთი და რუსეთი ყარსის ხელშეკრულებას დაარღვევენ და დაიკავებენ ქართულ ტერიტორიებს. ხიდირბეგიშვილი მოცემულ დეზინფორმაციულ ნარატივს იყენებს, როგორც პორტის დისკრედიტაციისთვის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაკნინებისთვის. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ყარსის ხელშეკრულება უვადოა, ხოლო რუსეთი მისი სამართლებრივი გარანტორი არ არის.

დღესდღეობით ყარსის ხელშეკრულება არის უფრო ისტორიული, ვიდრე პოტენციურად სამართლებრივი შედეგების მომცემი ცოცხალი დოკუმენტი, რადგან მასში თითქმის ყველა საერთაშორისო სამართლებრივი პრინციპი დარღვეულია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხელმომწერი მხარეები: საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის სახით, რომელიც ამ სტატუსით აღარ არსებობენ და დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. ასევე, საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის საზღვრების ცნობის საფუძველი არის 1992 წელს გაფორმებული ორმხრივი ჩარჩო ხელშეკრულება, „ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკას და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ“. რამაც რადიკალურად განსხვავებული მიმართულება შესძინა ყარსის ხელშეკრულების მიზნებსა და ამოცანებს და განსხვავებულად მოაწესრიგა მისი იურიდიული შედეგების შესასრულებლად არსებული სავალდებულო ხასიათი.

ყარსის ხელშეკრულებაზე გავრცელებული დეზინფორმაცია და NATO-ს წევრ თურქეთზე, როგორც ოკუპანტ ქვეყანაზე აქცენტირება, არ არის შემთხვევით შერჩეული თემა. წლებია, ანტიდასავლური პროპაგანდის ცნობილი წყაროები ამკვიდრებენ მანიპულაციურ ნარატივს, რომ ყარსის ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ ბათუმი თურქეთის შემადგენლობაში გადავა. თურქეთის ჯარებთან ანაკლიის პორტის დაკავშირებით, პრორუსული ჯგუფები ასევე ცდილობენ გავლენა მოახდინონ ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებზე (მთლიანი მოსახლეობის 4.5%), რომლებიც ოსმალეთის იმპერიასთან ისტორიული ტრავმის გამო თურქეთის მიმართ დღემდე უარყოფითი განწყობებით გამოირჩევიან. აღსანიშნავია ისიც, სამცხე-ჯავახეთში კომპაქტურად მცხოვრები ეთნიკური სომხები ენის ბარიერის გამო დიდწილად მოწყვეტილნი არიან ქართულ საინფორმაციო სივრცეს, რაც ართულებს წვდომას რეალურ ინფორმაციაზე და მათ მოსკოვის პროპაგანდის მიმართ მოწყვლად ჯგუფად აქცევს. მათ შორის, იმ დეზინფორმაციული კამპანიების გამოც, რაც მიზანად ისახავს ისტორიული ტრავმის გაღვიძებით და არასწორი ინფორმაციის მიწოდებას (მაგ. NATO-ში გაწევრიანების შემთხვევაში სამცხე-ჯავახეთში თურქეთის ჯარის განლაგების შესახებ). ეთნიკურ უმცირესობებში NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა საქართველოს მთლიან მოსახლეობასთან შედარებით დაბალია.

მცირე ინფორმაცია დეზინფორმატორი მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების შესახებ

„საქართველო და მსოფლიო“ (geworld.ge)

მედიის განვითარების ფონდისმიხედვით, geworld.ge იმ მედიებს შორისაა, რომლებიც ყველაზე ხშირად აქვეყნებენ ანტიდასავლური შინაარსის სტატიებს. გაზეთსა და ინტერნეტ-პორტალსაქართველო და მსოფლიოსგამოსცემს შპსისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის დაარსებას 2009 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საჯაროდ მიესალმა. ისტორიული მემკვიდრეობის აქტიური პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაციაევრაზიული ინსტიტუტი“, რომელიც მკვეთრად პრორუსული კურსი უკავია.

„საქინფორმი“

პრორუსული გამოცემა „საქინფორმის“ (Saqinform.ge) დომეინს ფლობს პრორუსული ორგანიზაცია შპსისტორიული მემკვიდრეობა“, რომლის საკუთრებაშიცაასაქართველო და მსოფლიო“. გამოცემის რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი გამოირჩევა ღიად პრორუსული ნარატივით, ყარსის ხელშეკრულებაზე მცდარი აქცენტებით, ანაკლიის პორტის კრიტიკითა და მისი გაიგივებით ამერიკულ საზღვაო სამხედრო ბაზასთან. აღსანიშნავია, რომ ხიდირბეგიშვილის სტატიები ქვეყნდება ისეთ ანტიდასავლურ რუსულ ინტერნეტ-პორტალებზე როგორებიცა regnum.ru, და sputniknews.ru-ის ქართულ გამოცემა sputnik-georgia.ru.

ასავალ-დასავალი“

1992 წელს დაარსებული გაზეთი ანტიდასავლური სტატიებით, სიძულვილის ენით რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისა და სექსუალური უმცირესობების მიმართ. გაზეთი ეწევა პროდასავლური კურსის პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების მარგინალიზაციას. ხშირად „ასავალ-დასავალი“ იმეორებს სხვა პრორუსული გამოცემების ნარატივს.

კახა კუკავა

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კახა კუკავა აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენთან, „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდისპრეზიდენტ ვლადიმერ ხომერიკთან, რომელთან ერთადაც ის ესწრებოდა გუმილიოვის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს. კახა კუკავა გამოირჩევა დისკრიმინაციული განცხადებებით, რომელთა თემატიკა მრავალფეროვანია და ეხება მიგრაციას, თურქოფობიას, ჰომოფობიას, რასიზმსა და სხვა.

კონსტანტინე მორგოშია

2016 წელს კონსტანტინე მორგოშია კენჭს იყრიდა მცხეთის მაჟორიტარად „პატრიოტთა ალიანსიდან“. ის იყოქართული მარშისერთ-ერთი დამფუძნებელი. მორგოშია აქტიურად იყო ჩართული თათია დოლიძისა და გურამ კაშიას მისამართით საჯარო მუქარების გავრცელებაში.


[1] ამჟამად ჩინეთსა და ევროპას შორის სამი კორიდორი ფუნქციონირებს. მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა სამხრეთის კორიდორმა მიმზიდველობა დაკარგა და არაპრაქტიკული გახდა. მეორე კორიდორი, რომელიც ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაკლებობის გამო აუთვისებელია. აქედან გამომდინარე, სავაჭრო ტვირთბრუნვა ჩრდილოეთის კორიდორზე მოძრაობს, რომლის დიდი ნაწილი რუსეთზე გადის. ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს შეუძლია შეცვალოს არსებული სტატუს-ქვო და ხელი შეუწყოს აბრეშუმის გზაზე საქართველოს პოზიციების გამყარებას.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5665 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
16%
ტყუილი
12%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი

ყველა სტატია