რეზიუმე: სოციალურ ქსელში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მრავალი დეზინფორმაცია ვრცელდება. მათ შორისაა, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯორჯიის, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მასშტაბური გაყალბებები მიმდინარეობდა. უსაფუძვლო და ყალბი ბრალდებები ისეთ საკითხებს შეეხებოდა, როგორებიცაა: ჯორჯიის შტატში წყალგაყვანილობის მილის დაზიანება და დამკვირვებლების გარეშე ხმების დათვლა; პენსილვანიაში არალეგალი მიგრანტების მიერ ჯო ბაიდენის სასარგებლოდ ხმის მიცემა; ჯორჯიის, მიჩიგანის და პენსილვანიის შტატებში გარდაცვლილი პირების 10 ათასი ხმა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ; ფოსტალიონის აღიარება საფოსტო ბიულეტენების გაყალბების შესახებ. თითოეული ბრალდება ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული და/ან აშშ-ის სასამართლოების მიერ უარყოფილია.
ანალიზი:
პრორუსული გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“ ავრცელებს სტატიას, სათაურით, „ძალიან პატიოსანი არჩევნები აშშ-ში“. გაზეთი ქვესათაურად მთავარ ბრალდებას გამოყოფს - „მიცვალებულებმა მასობრივად მისცეს ხმა მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში“. სტატია სხვა ყალბ ამბებსა და დეზინფორმაციას შეიცავს, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.
მტკიცება: ჯორჯიის შტატის ყველაზე დიდი საარჩევნო ოლქის შენობაში მილის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ტყუილია. ამ საბაბით ხმის დათვლის პროცესი შეწყვიტეს, დამკვირვებლები შინ წავიდნენ და ხმების დათვლა დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე გაგრძელდა.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ჯორჯიის შტატის საარჩევნო ოლქის შენობაში წყალგაყვანილობის მილის დაზიანებასთან დაკავშირებით ბრალდებები დონალდ ტრამპმა გააჟღერა. მისი განცხადების თანახმად, მილი ჯორჯიის შტატში დაზიანდა, თუმცა საარჩევნო ოლქიდან ძალიან შორს. მიუხედავად ამისა, მათ ხმის დათვლის პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში შეწყვიტეს და „იქ ბევრი რამ მოხდა“.
აღნიშნული მტკიცება ყალბია, რადგან წყლის მილი საარჩევნო უბანზე ნამდვილად დაზიანდა, რაც რამდენიმე საათში შეაკეთეს და ხმის დათვლის პროცესიც განახლდა. ფულტონის ოლქის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის, ჯესიკა ქორბით-დომინგესის, თანახმად, 3 ნოემბერს, დაახლოებით 06:07 სთ-ზე, State Farm Arena-ს (საარჩევნო უბანი) თანამშრომლებმა ფულტონის ოლქის საარჩევნო დეპარტამენტს წყლის გაჟონვის შესახებ აცნობეს. საარჩევნო უბანმა პრობლემის გამოსასწორებლად სწრაფად იმოქმედა და დაახლოებით 2 სთ-ში მილების შეკეთება დასრულდა. საარჩევნო ბიულეტენები და ოთახში არსებული ტექნიკა არ დაზიანებულა. შესაბამისად, მტკიცება, რომ ჯორჯიის შტატის საარჩევნო უბანზე წყლის მილის დაზიანება გამოგონილი საბაბი იყო, ხოლო დამკვირვებლები შინ წავიდნენ და ხმების დათვლა დამოუკიდებელი დამკვირვებლების გარეშე გაგრძელდა, მცდარია.
მტკიცება: მოსამართლე მერი ჰანა ლივიტმა გამოაცხადა სასამართლოს დადგენილება, რომლის თანახმად კეტი ბუკვარს არ ჰქონდა უფლება, საარჩევნო კომისიისთვის ებრძანებინა ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვადის გაგრძელება.
ვერდიქტი: სიმართლე
დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატის სააპელაციო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ფოსტით ხმის მიცემის კანონიერებაში ეჭვი შეჰქონდა. საუბარი იმ ამომრჩევლების ბიულეტენებზე იყო, რომელთაც თავიანთი ხმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით არ დაუდასტურებიათ. პენსილვანიის შტატის კანონის თანახმად, მათ აღნიშნული დოკუმენტები არჩევნებიდან 6 დღის განმავლობაში უნდა წარედგინათ. თუმცა შტატის სახელმწიფო მდივანმა, კეტი ბუკვარმა ეს ვადა 3 დღით გაახანგრძლივა, რაც მოსამართლე მერი ჰანა ლივიტმა უკანონოდ სცნო - 2020 წლის 12 ნოემბერს მოსამართლის განჩინების თანახმად, პენსილვანიის ოლქის საარჩევნო კომისიებს იმ ამომრჩეველთა ბიულეტენების დათვლა აეკრძალათ, რომელთაც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები 6 დღის შემდეგ წარადგინეს.
მტკიცება: პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენმა არალეგალი მიგრანტებისგან 600 000 ხმა მიიღო.
მტკიცება: ყალბი ამბავი
აღნიშნული მტკიცება დონალდ ტრამპის ადვოკატის, რუდი ჯულიანის, ბრალდებიდან მომდინარეობს. მისი განცხადების თანახმად, პენსილვანიის შტატში 600 000-ზე მეტი ხმა ჯო ბაიდენმა უკანონოდ მიიღო. თუმცა ის არ ასახელებს, კონკრეტულად ვის მიერ და როგორ გაყალბდა აღნიშნული ხმები. დონალდ ტრამპი კი ხმების დათვლის შეწყვეტას იმ მიზეზით ითხოვდა, რომ მის დამკვირვებლებს ხმების დათვლის პროცესში მონაწილეობას უკანონოდ უკრძალავდნენ.
ამერიკული გავლენიანი გამოცემა PolitiFact რუდი ჯულიანის კომუნიკაციების დირექტორს დასახელებული რიცხვის წარმომავლობის გასარკვევად დაუკავშირდა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია. პენსილვანიის შტატის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა - არ არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულება ან ბრალდების მხრიდან განმარტება, რომელიც ახსნის, თუ როგორ მისცა ამდენმა ადამიანმა ხმა თაღლითურად. სასამართლომ უკანონო ხმის მიცემის ბრალდებები უკვე არაერთხელ უარყო. რაც შეეხება ტრამპის განცხადებას, რესპუბლიკელი დამკვირვებლებისთვის პენსილვანიაში ხმის დათვლის პროცესში მონაწილეობის უკანონოდ აკრძალვის შესახებ, აშშ-ის საოლქო სასამართლომ სარჩელი უარყო. რესპუბლიკელებმა თავად აღიარეს, რომ ისინი, რეალურად, ხმის დათვლის პროცესს ესწრებოდნენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინფორმაცია, რომ პენსილვანიის შტატში ჯო ბაიდენმა არალეგალი მიგრანტებისგან 600 000 ხმა უკანონოდ მიიღო, ყალბია.
მტკიცება: მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში 10 ათასი მიცვალებული ამომრჩეველი აღმოაჩინეს, რომელთაც ხმა ბაიდენის სასარგებლოდ მისცეს.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აღნიშნული ბრალდებები მას შემდეგ გავრცელდა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერმა აქტივისტმა Twitter-ზე 10 000 ადამიანის სია გაავრცელა. პოსტის თანახმად, ყველა მათგანი გარდაცვლილი იყო, თუმცა მათ ხმა ბაიდენის სასარგებლოდ მისცეს. დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი, მოცემული ბრალდების აქტიური მხარდამჭერია.
გარდაცვლილი ადამიანების მიერ ხმის მიცემის ფაქტზე გამოძიება არაერთმა სააგენტომ დაიწყო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პოლიტოლოგის, ჩარლზ სტიუარტ III-ის თანახმად, ბრალდებები გარდაცვლილი ადამიანების მიერ ხმის მიცემის შესახებ არჩევნების შემდეგ განხილვის საგანი ხშირად ხდება, რაც მეტწილად, გადაჭარბებულია. ზოგ შემთხვევაში, საქმე ადამიანთა შედარებით მცირე რაოდენობას ეხება, რომლებიც საარჩევნო ბიულეტენის ფოსტით გაგზავნამდე ან არჩევნების დღეს იღუპებიან. ჩვეულებრივ კი, გარდაცვლილი ადამიანების მიერ დიდი რაოდენობით ხმების მიცემის შესახებ პრეტენზიები, ორი ადამიანის იდენტური ან მსგავსი სახელების აღრევის გამოა გამოწვეული.
საინფორმაციო სააგენტო BBC-ის თანახმად, ტრამპის მხარდამჭერის მიერ გავრცელებული სიების გადამოწმებისას მარტივი შეუსაბამობები ჩანს. მაგალითისთვის, 1940 წლის იანვარში დაბადებულმა პირმა ხმა მიჩიგანის არჩევნებზე მისცა. თუმცა ამავე სახელისა და გვარის მქონე სხვა ადამიანიც არსებობდა, რომელიც 1940 წლის იანვარში სხვაგან დაიბადა და ახლა გარდაცვლილია. შესაბამისად, საქმე ეხება ერთი და იმავე სახელისა და ასაკის ორ ჯგუფს - ერთი მათ, ვინც ხმა ნამდვილად მისცა, ხოლო მეორე, ვინც გარდაცვლილია. სახელებისა და ასაკის დამთხვევები ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია (328 მილიონი ადამიანი), ხშირად ხდება.
საინფორმაციო სააგენტო CNN-მა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გავრცელებული სიიდან 50 ადამიანი ამოარჩია. მათგან 37 ნამდვილად გარდაცვლილი იყო, თუმცა მიჩიგანის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ხმა არ მიუციათ. ხუთმა ხმა მისცა, თუმცა საჯარო ინფორმაციათა ბაზის მიხედვით, ისინი ცოცხლები არიან. დანარჩენი რვა კი ცოცხალია, თუმცა ხმა არ მიუციათ. CNN-ის მონაცემები არ არის რეპრეზენტაბელური, თუმცა ნათლად აჩვენებს, რომ შემთხვევით შერჩეულებში, გარდაცვლილთა მიერ ხმის მიცემის არცერთი ფაქტი არ დადასტურდა.
მიჩიგანის სახელმწიფო მდივნის ოფისში განაცხადეს, რომ გარდაცვლილი ადამიანის სახელით ხმის მიცემა თითქმის შეუძლებელია: თუ ამომრჩეველი ბიულეტენის მიტანამდე გარდაიცვალა, მის ნაცვლად კი ხმის მიცემა სხვამ სცადა, ხელმოწერათა შეუსაბამობის გამო, ეს ხმა უქმდება. საინფორმაციო სააგენტო CNN-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია 20 წლის პაციენტის შესახებ, რომელმაც ხმა საფოსტო ბიულეტენით მისცა, თუმცა არჩევნების დღეს გარდაიცვალა. მისი ხმა ვისკონსინის კანონმდებლობის თანახმად, გაუქმდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების პროფესორი და არჩევნების ექსპერტი, რიჩარდ ჰასენი, აცხადებს, რომ პენსილვანიაში გარდაცვლილი ადამიანების მიერ ხმის მიცემის დამადასტურებელი მტკიცებულება ჯერ არ უნახავს. მსგავსი ბრალდებები არჩევნების შემდეგ ძალიან გავრცელებულია, რაც იშვიათად თუ მტკიცდება. ჰასენის თანახმად, მცირე რაოდენობის ასეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, ეს არჩევნების საბოლოო შედეგებზე არ აისახება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ინფორმაცია, რომ მიჩიგანის, პენსილვანიისა და ჯორჯიის შტატებში ბაიდენს მიცვალებულებმა მასობრივად მისცეს ხმა, ყალბი ამბავია.
მტკიცება: რესპუბლიკელებმა იპოვეს ერთი ფოსტალიონი, რომელიც მზად არის, სასამართლოს მისცეს ჩვენება, როგორ აიძულებდნენ, მხოლოდ ბაიდენის მხარდამჭერი ბიულეტენები მიეტანა საარჩევნო უბნებზე, დანარჩენი ბიულეტენები კი უნდა აღენიშნა, როგორც „დაკარგული“.
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
რესპუბლიკელ მაღალჩინოსნებს მასშტაბური საარჩევნო დარღვევების მტკიცებულებად ფოსტის თანამშრომლის, რიჩარდ ჰოპკინსის, განცხადება მოჰყავთ. განცხადების თანახმად, მას უფროსი არჩევნების დღის შემდეგ გაგზავნილი საფოსტო ბიულეტენების თარიღების შეცვლას - თარიღის უკან გადაწევას ავალებდა, რათა ხმების დათვლისას, ისინიც ჩათვლილიყო.
ფოსტალიონის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მან ბრალდებების სიყალბის შესახებ გამოძიებას თავადვე განუცხადა. საბოლოოდ, ფოსტალიონმა YouTube-ში ვიდეო განათავსა, სადაც თავისი განცხადებები უარყო და აღნიშნა, რომ ეს ფაქტი რეალურად არ მომხდარა.
საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული სიყალბის შესახებ შეფასებები საინფორმაციო სააგენტოებისა თუ დამოუკიდებელი ორგანიზაციების კვლევებს, ემყარება, როგორიცაა, მაგალითად, არაპარტიული, ლიბერალური პრინციპების მქონდე კანონისა და პოლიტიკის ინსტიტუტი Brennan Cente for Justice. ცენტრი აცხადებს, რომ სანდო კვლევებისა და გამოძიებების თანახმად, უკანონო კენჭისყრის მაჩვენებელი ძალზე იშვიათია. გარკვეული ტიპის თაღლითობის შემთხვევები, მაგალითად, სხვა ამომრჩევლის ნაცვლად ხმის მიცემა კი, პრაქტიკულად, არ ფიქსირდება. ამავეს მეტყველებს კონსერვატიული The Heritage Foundation-ის კვლევის შედეგები. მონაცემების თანახმად, აღნიშნულ შტატებში არჩევნების გაყალბების ფაქტები არ დაფიქსირებულა. ხოლო მთლიანი ქვეყნის მასშტაბით ერთეული დარღვევები ფიქსირდება.
ცნობისთვის, ჯორჯიის, პენსილვანიისა და მიჩიგანის შტატებში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად უკვე გამოცხადდა. მოცემულ შტატებში გამარჯვებული ჯო ბაიდენია.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული ამბების სიყალბე ფაქტების გადამოწმების მრავალმა ორგანიზაციამ გამოააშკარავა (Factcheck.org, Politfat.com, Snopes.com).
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ამბების შესახებ „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).
-----------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.