დეზინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებში მეტალების, მიკროჩიპებისა და მაგნიტური ნივთიერებების არსებობის შესახებ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
რეზიუმე:
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენების დაწყებისთანავე მისი შემადგენლობის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. დეზინფორმატორების ერთი ნაწილი ამტკიცებდა, რომ კორონავირუსის ვაქცინები რადიაქტიურ მეტალებს შეიცავს, რომელთა იდენტიფიცირება სიცხის საზომ ხელსაწყოს შეუძლია. სხვა დეზინფორმაციის თანახმად, ვაქცინები მაგნიტურ მიკროჩიპებს შეიცავს, ხოლო ვაქცინირებულ ადამიანზე მეტალის დეტექტორი, მონეტები ან მაგნიტი რეაგირებს. აღნიშნული მტკიცებები ყალბია. სინამდვილეში, კორონავირუსის ვაქცინებში მძიმე მეტალების, მიკროჩიპების ან მაგნიტების არსებობა რეალობას არ შეესაბამება. მეტალი, რომელიც კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაშია - ალუმინია, უფრო სწორად კი, მისი მარილები. ვაქცინები ალუმინის უსაფრთხო დოზას შეიცავს და ის მაგნიტზე ან მეტალო დეტექტორზე საერთოდ არ რეაგირებს.
ანალიზი:
დეზინფორმაცია #1: კორონავირუსის ვაქცინები რადიაქტიურ მეტალებს შეიცავს, რომელთა იდენტიფიცირება სიცხის საზომ მოწყობილობას შეუძლია
Facebook-მომხმარებლების მტკიცებით, ვაქცინირებული ადამიანების სხეულში აცრის შედეგად რადიაქტიური მეტალები ხვდება, რომელთა იდენტიფიცირებაც სიცხის საზომ აპარატს შეუძლია. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბია.
მეტალი, რომელიც კორონავირუსის ზოგიერთი ვაქცინის შემადგენლობაშია - ალუმინია, უფრო სწორედ კი, მისი მარილები. ალუმინის მარილები გამოიყენება ადიუვანტების სახით - ნივთიერებების, რომელიც ადამიანის იმუნურ რეაქციას აძლიერებს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნავენ, რომ ალუმინის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ვაქცინების დოზების ზრდა გახდებოდა საჭირო. ვაქცინა ალუმინის უსაფრთხო დოზას შეიცავს.
აღსანიშნავია, რომ ალუმინი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა პლანეტაზე. ის გვხვდება საკვებში, წყალში და ჰაერში. მაგალითად, ჩვილი პირველი 6 თვის განმავლობაში დედის რძესთან ერთად 7 მილიგრამამდე ალუმინს იღებს; ამავე პერიოდში ჩვილის მიერ მიღებულ ვაქცინებში ალუმინის რაოდენობა 4,4 მილიგრამია. ვაქცინების უსაფრთხოების გლობალურ საკონსულტაციო კომიტეტმა გამოიტანა დასკვნა, რომ ალუმინის ადიუვანტები ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჯანმოს სპეციალურმა კომიტეტმა დაადგინა, რომ ალუმინის მარილების ვაქცინებიდან ამოღების აუცილებლობა არ არსებობს.
აშშ-ში მოხმარებისათვის დაშვებული COVID-19 ვაქცინების, როგორებიცაა: - Pfizer, Moderna და Johnson & Johnson, ინგრედიენტების სიაში ალუმინს, როგორც ვაქცინის შემადგენელ ერთ-ერთ კომპონენტს არ ვხვდებით. ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების შემადგენლობაში ალუმინი ან/და ვერცხლისწყალი/მერკური არ შედის. ალუმინს არ შეიცავს არც AstraZeneca/Oxford ვაქცინები. ალუმინის ჰიდროქსიდს (ალუმინის მარილს) შეიცავს ჩინური კომპანია Sinovac-ის ვაქცინა CoronaVac და Sinopharm-ის ვაქცინა. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, ვაქცინაში ალუმინის შემცველობა ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი არაა. ვრცლად აღნიშნული საკითხის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.
დეზინფორმაცია #2: Pfizer-ის ვაქცინა მაგნიტურ მიკროჩიპებს შეიცავს, რაც აცრის შემდეგ მაგნიტზე და მეტალო დეტექტორზე რეაგირებს
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Pfizer-ის ვაქცინა მიკროჩიპს შეიცავს, აცრის შემდეგ კი ჩამონტაჟებული ჩიპი მაგნიტსა და მეტალო დეტექტორზე რეაგირებს. აღნიშნული დეზინფორმაციის სადემონსტრაციოდ არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც მკლავზე მეტალის სხვადასხვა ნივთს: მონეტებს, ჩანგლებს და კოვზებს იმაგრებენ.
Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში არ არის მოცემული რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მათზე გამოსახულმა ადამიანებმა ვაქცინა ნამდვილად გაიკეთეს და მკლავი მონეტას ბუნებრივად იკრავს. ამასთან, ვიდეო იმის დასადგენადაც არასაკმარისია, ლითონის დეტექტორი სწორად არის გამოყენებული თუ - არა. სინამდვილეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები არც მიკროჩიპებს და არც მეტალებს არ შეიცავს. შესაბამისად, შეუძლებელია, ვაქცინირებული ადამიანი ლითონის დეტექტორზე შემოწმებისას რეაგირებდეს და ხმას გამოსცემდეს. ასევე შეუძლებელია ვაქცინირებული მკლავი მაგნიტს და ან მეტალის რომელიმე ნივთს ბუნებრივად იკრავდეს. ვრცლად აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4.
დეზინფორმაცია #3: ვაქცინით სავსე ამპულაში მაგნიტური ნაწილაკებია, რომლებიც მაგნიტთან შეხებაზე რეაგირებს
Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეკვრის სითხით სავსე ამპულას მაგნიტი. მათი მტკიცებით, ამპულა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისაა და ის მაგნიტურ ნაწილაკებს შეიცავს. სინამდვილეში, ვიდეოში გამოსახული ამპულა არა კორონავირუსის საწინააღმდეგო რომელიმე ვაქცინას, არამედ კომპანიას - Particle Works - ეკუთვნის. კომპანია სამეცნიერო სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის ნანო და მიკროსტრუქტურულ მასალებს აწარმოებს. მას კორონავირუსის ვაქცინებთან საერთო არაფერი აქვს. Particle Works-ის დასახელება ვიდეოში გამოსახულ ამპულაზეც გარკვევით იკითხება. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში მოცემულ ამპულას კორონავირუსის ვაქცინასთან აკავშირებენ.
ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მეტალებს და მაგნიტურ ნივთიერებებს არ შეიცავს. შესაბამისად, მტკიცებები, თითქოს ვაქცინის ამპულები ან აცრილი მკლავი მეტალის ნივთებს იკრავს და მაგნიტზე რეაგირებს, ყალბია.
------------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.