დეზინფორმაცია: ისრაელში, Pfizer-BioNTech-ით ვაქცინაციის დროს, ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში, Facebook-მომხმარებელი Leri Kurdadze-ის მიერ, აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს ისრაელში კორონვირუსის საწინააღმდეგო Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით ინექციის დროს ადამიანი გარდაიცვალა. ვიდეოს, რომელსაც 6 თებერვლიდან დღემდე 5 200 გაზიარება აქვს, თან შემდეგი წარწერა ერთვის: „ისრაელში ფაიზერის ვაქცინის გაკეთების დროს ადამიანი ადგილზევე გარდაიცვალა! (ფარულად გადაღებული კადრები...)“. ვიდეო, პირადი Facebook-პროფილების გარდა, ისეთ Facebook-ჯგუფებში გაზიარდა, როგორებიცაა: „გორი და გორელები“; „პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია“; „საქართველოს დეოკუპაცია“; „ჩემი გორი“.

ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ისრაელში ვაქცინაციის დროს ადამიანი გარდაიცვალა, ყალბია. ისრაელში, Pfizer-ით აცრების პარალელურად, ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესასწავლად დღეისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მედიკოსებს გართულების გამო, საერთო ჯამში, აცრილ პაციენტთა მხოლოდ 0.3 %-მა მიმართა. 2 768 200 აცრილი პაციენტიდან (ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით), ალერგიით გამოწვეული გართულება 165 მათგანს გამოუვლინდა. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, ისრაელში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-მომხმარებელ Leri Kurdadze-ის მიერ ინტერნეტში განთავსებული ვიდეო არ ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც ვიდეოში ჩანს, გარდაიცვალა. ამასთან ერთად უშუალოდ ვიდეო, რომლის წყაროც Leri Kurdadze-ს მითითებული არ აქვს, აღნიშნულ პირთან დაკავშირებით არანაირ დამატებით ინფორმაციას არ შეიცავს, თუ როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან მისი ცუდად გახდომა რამ გამოიწვია. ვიდეოსთან დაკავშირებით, „ფაქტ-მეტრი“ საქართველოში ისრაელის საელჩოს დაუკავშირდა. საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, დასახელებული ვიდეო ან მსგავსი ინფორმაცია, ისრაელში ძირითად ან სანდო საინფორმაციო წყაროებს არ გაუვრცელებიათ.

საელჩოს წარმომადგენლის განმარტებით, ისრაელში არასანდო წყაროებით პერიოდულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის გამო ადამიანებს სხვადასხვა გართულება გამოუვლინდათ, ზოგიერთ შემთხვევაში, სიკვდილიც კი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა მოსახლეობის ვაქცინაცია (Pfizer-BioNTech-ის ვაქცინით) 2020 წლის 19 დეკემბერს დაიწყო და დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით, ისრაელს საუკეთესო სტატისტიკა აქვს. ისრაელი ასევე საუკეთესო მაგალითია იმის სადემონსტრაციოდ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ, ვაქცინაციის პროგრამას შესაძლოა, სწრაფი და ძლიერი ეფექტი ჰქონდეს. ისრაელში ვაქცინირებულ ასაკობრივ ჯგუფებს შორის Covid-19-ის შემთხვევების რიცხვი და საავადმყოფოში მოხვედრის სტატისტიკა მკვეთრად ეცემა. ვეიზმანის მეცნიერების ინსტიტუტის ანალიზის თანახმად, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში, ყოველდღიური შემთხვევების მაჩვენებელი იანვრის შუა რიცხვებთან შედარებით, 46 %-ით დაეცა. ამასთან ერთად, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 60 წლამდე ასაკის პაციენტებში, 18%-ით შემცირდა. შეგახსენებთ, რომ ისრაელს მსოფლიოში სხვა ქვეყნებთან შედარებით, მოსახლეობის ყოველ 100 ადამიანზე, ყველაზე მეტი - 67.38 ვაქცინის დოზა აქვს მობილიზებული.

დეზინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნებში ვაქცინაციის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების შესახებ აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები (ბმული 1 ; ბმული 2 ; ბმული 3)

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5420 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი