რეზიუმე: Facebook-მომხმარებელი შორე შანიძე, Facebook-ზე პანდემიასთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს. პოსტს, სათაურით „პანდემია და ახალი მსოფლიო წესრიგი“, 22 საათში 208 გაზიარება აქვს და მრავალ ყალბ მტკიცებას შეიცავს.
მტკიცება 1: პანდემია მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა და ამას ადასტურებს ამერიკის ცენტრალური დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი დავიდ რობერტ სტილი, კანადელი ჟურნალისტი, ჟურნალ „ფორბსის“ ყოფილი დირექტორი ბენჯამინ ფულფორდი, მსოფლიოს 900 ექიმი და ფრანგი მეცნიერი ნობელის პრემიის ლაურეატი ლუკ მონტანიერი
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
შორე შანიძეს აქამდეც გამოუქვეყნებია არაერთი პოსტი, სადაც ის ამტკიცებს, რომ კორონა პანდემია მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული ოპერაციაა. დეზინფორმაცია მსოფლიო ბანკის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შემუშავებულ სტრატეგიული მომზადებისა და რეაგირების დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციას ეფუძნება. აღნიშნული დოკუმენტის მიზანი, რეალურად 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, მრავალფაზიანი პროექტების განხორციელების გზით, განვითარებადი ქვეყნებისთვის კორონავირუსისგან მიღებულ ზარალთან გამკლავებაში დახმარებაა. აღნიშნული დახმარება არის ფინანსური სახის და ბენეფიციარ ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ასევე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდას. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, რომ კორონა პანდემია მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციაა, ყალბი ამბავია. „ფაქტ-მეტრს“ მსგავსი დეზინფორმაციის შესახებ აქამდეც უსაუბრია (ბმული 1; ბმული 2)
რაც შეეხება, პიროვნებებს, რომლებიც შორე შანიძის პოსტში, ზემოთ ხსენებული შეთქმულების თეორიის მომხრეებად არიან წარმოჩენილი:
დეივიდ რობერტ სტილი 1990-იან წლებში მართლაც მუშაობდა ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში, თუმცა მან პოზიცია 1993 წელს ორგანიზაციასთან კონფლიქტის გამო დატოვა. დღეს ის ორგანიზაცია International Tribunal for Natural Justice (ITNJ)-ის წევრია. ორგანიზაცია წარმოადგენს ილეგალურ და არაღიარებულ ინსტიტუტს, რომელიც 5G ქსელების, ბავშვების ტრეფიკინგის, კორუფციის შესახებ არასანქცირებულ მოსმენებს აწარმოებს და ხელმოსაჭიდი მტკიცების გარეშე, „ნასას“ მიერ მარსზე წასაყვანად ბავშვების მოტაცებისა და პლანეტაზე მონებად გაგზავნის ფაქტების, 5G აპოკალიფსისა და ვაქცინის მაგივრად ნივრით ან ვერცხლის წყლით მკურნალობის შესახებ, საუბრობს. აქვე აღსანიშანვია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ დეივიდ რობერტ სტილია, ნასას მიერ, მარსზე წასაყვანად, ბავშვების ტრეფიკინგის შესახებ კონსპირაციის ავტორი, მის განცხადებებში საუბარი საერთოდ არაა მსოფლიო ბანკის მიერ დაგეგმილ ოპერაციაზე. არა თუ მხოლოდ დევიდ რობერტ სტილი, ITNJ-ის საიტზე, აქტიური და დახურული შემთხვევების სიაშიც კი არ იძებნება ქეისი, სადაც კორონავირუსის პანდემია მსოფლიო ბანკის მიერ დაგეგმილ სპეცოპერაციადაა მონათლული.
ბენჟამინ ფულფორდს 1998 წლიდან, მართლაც ეკავა „ფორბსის“ აზია-ოკეანეთის განყოფილების უფროსის პოზიცია, რომელიც უთანხმოების გამო, 2005 წელს დატოვა. ის 2020 წლის განმავლობაში აქტიურად ავრცელებდა დეზინფორმაციას მსოფლიო ბანკის მიერ 1976 წელს დაგეგმილი, კორონავირუსთან დაკავშრებული ოპერაციის შესახებ.
რაც შეეხება, ნობელის პრემიის ლაურეატ, ლუკ მონტაგნიერს, მან 2008 წელს ნობელის პრემია აივ ინფექციის ვირუსის აღმოჩენის გამო მიიღო. 2008 წელს მედიცინაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ბოლო წლებს განმავლობაში, მონტაგნიერმა დაიწყო ცრუმეცნიერული, ალტერნატიული მედიცინის სისტემის - ჰომეოპატიის მხარდაჭერა. ამასთან ერთად, გახდა ანტივექსერი. მონტაგნიერი ბოლო დროს აქტიურად აკეთებდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ კორონავირუსი ხელოვნურად შექმნილ ვირსუსს წარმოადგენდა. კონკრეტული დეზინფორმაციის სიყალბე მრავალჯერ დადასტურდა სამეცნიერო წრეებში. (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია). მრავალი უსაფუძვლო და კონსპირაციული თეორიების მხარდაჭერის მიუხედავად, უშუალოდ მსოფლიო ბანკი, მონტაგნიერის მტკიცებებში, საერთოდ არ ფიგურირებს.
რაც შეეება მტკიცებაში ნახსენებ 900 ექიმს, კონკრეტული მტკიცება ბუნდოვანია და სავარაუდოდ,მაიოს ჰოსპიტალში, 900 ექიმის კოვიდით დაინფიცირების ფაქტის არასწორი გაგებისა და ინტერპრეტაციის შედეგს წარმოადგენს.
მტკიცება 2: დოკუმენტი - EXPORTACIONES DE KITS DE PRUEBAS DE COVID 19 POR PAIS 2017 Y 2018 (3002159) (382200)" ამტკიცებს, რომ 2017-2018 წლებში, კოვიდ-19-ის შესახებ, სამედიცინო წრეებში უკვე საუბრობდნენ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აღნიშნული დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში სექტემბრის თვიდან აქტიურად ვრცელდებოდა. მსგავსი სათაურის დოკუმენტი ნამდვილად არსებობს. დეზინფორმაციის მასიური გავრცელებისა და საკითხის გარშემო არსებული გაურკვევლობიდან გამომდინარე, მსოფლიო ბანკმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც ახსნა, რომ 2017-2018 წლებში მოხდა ე.წ. test kits, ანუ ლაბორატორიულად სხვადასხვა სახის ტესტების ჩატარებისთვის საჭირო მოწყობილობების შეძენა, ხოლო COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიო ბანკმა 2020 წლის აპრილში გადაწყვიტა აღნიშნული მოწყობილობების COVID-19-ის კვლევებისა და დიაგნოსტიკისკენ მიმართვა. სწორედ ამ მიზეზით 2020 წლის აპრილიდან შეეცვალა დოკუმენტს სახელი. აქედან გამომდინარე, ინფორმაცია, თითქოს 2017-2018 წლებში უკვე იყო საუბარი COVID-19 ის ვირუსის შესახებ, ყალბი ამბავია.
მტკიცება 3: SARS-COV-2 ჯერ ვერცერთ ცხოველში ვერ აღმოაჩინეს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ვირუსისთვის ყველაზე კარგ ეკოლოგიურ რეზერვუარს, უკვე ბოლო 40 წელია, ღამურის სხეული წარმოადგენს. შესაბამისად, მტკიცება რომ ჯერ Sars-Cov-2 ვირუსი ვერცერთ ცხოველში ვერ აღმოაჩინეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც, სწორედ ცხოველის (კონკრეტულად კი ღამურის) ორგანიზმში ვირუსის მუტაციამ გამოიწვია ის, რომ ადამიანის ორგანიზმიც აღნიშნული ვირუსის მიმართ მოწყვლადი გახდა.
მტკიცება 4: კოვიდი ხელოვნურად შექმნილი ვირუსია ხოლო მისი შემადგენელი კომპონენტი (Furina) ბუნებაში არსებულ ვირუსებს არ გააჩნიათ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
მტკიცება, რომ Covid-19 ვირუსი ხელოვნურადაა შექმნილი, ყალბია. (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია)
რაც შეეხება მტკიცებას ფურინის შემცველობის შესახებ, კორონავირუსი ფურინს არ შეიცავს. კორონავირუსს გააჩნია ფურინის აქტივაციის ადგილი, რომელიც უჯრედში შეღწევის თვალსაზრისით, საქმეს უადვილებს ვირუსს, ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებში არსებული ფურინის გამო.
ამასთან ერთად, ეს იწვევს იმას, რომ ვირუსი მეტად აგრესიული და გადამდებია სხვა ვირუსებთან (მაგ. გრიპთან) შედარებით. რაც შეეხება ვირუსში არსებულ ფურინის აქტივაციის ადგილებს, ის სხვა არც ერთ ბეტაკორონა ჯგუფის (betacoronavirus subtype B) ვირუსებში არ ფიგურირებს. იმის ასახსნელად, თუ რატომ გვხვდება ფურინის აქტივაციის ადგილები Sars-Cov-2-ში, ამერიკელი მიკრობიოლოგი უილიამ გალაერის განცხადებით, ამის მიზეზი უჯრედულ დონეზე რეკომბინაციის ხარვეზია (copy-choice recombination error) Sars-Cov-2-ის პროქსიმალურ წინამორბედებსა და ახალი ტიპის ბეტაკორონავირუსებს შორის.
მტკიცება 5: კოვიდ პანდემია AGENDA 2030-ის ნაწილია და ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს სხვადასხვა მიზნისათვის
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
Agenda 2030, გაეროს მიერ შემუშავებულ გეგმას წარმოადგენს, რის ფარგლებშიც 2030 წლისთვის უნდა მოხდეს ისეთ გლობალურ პრობლემებზე მუშაობა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, როგორიცაა სიღარიბის და შიმშილის დასრულება, გენდერული თანასწორობის დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ. (სულ 17 მიზანი). Agenda 2030-ში, რომელიც მსოფლიო ლიდერების მიერ, 2015 წელს გამართულ „მდგრადი განვითარების სამიტზე“ დამტკიცდა, კორონავირუსის სახელი არ ფიგურირებს.
აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ აქამდეც წერდა.
მტიკიცება 6: PCR ტესტები ვერ ადგენენ ვირუსის არსებობას და ეს როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, ისე ყველა ქვეყნის საინფორმაციო გვერდზეა მითითებული
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი; მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება; გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას); ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.
COVID-19-ის დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი. დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა. PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. ამგვარი მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ ტესტები ვერ ადგენენ ვირუსის არსებობას, ყალბია. ამასთან ერთად, სიმართლეს არ შეესაბამება მტკიცება, რომ მსგავსი დეზინფორმაცია მსოფლიო ჯანდაცვის, და ყველა ქვეყნის საინფორმაციო გვერდზეა მითითებული.
PCR ტესტებზე აქამდეც გავრცელებულა მრავალი დეზინფორმაცია, რომელთა შესახებაც შეგიძლიათ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში იხილოთ.
მტკიცება 7: ნიღბები ვერ გვიცავენ რეალურად ვირუსისაგან და მათ ვარგისიანობაზე მეცნიერული მტკიცებულება არ არსებობს
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
COVID-19-ის გავრცელება წვეთოვანი გზით ხდება, ადამიანი ვირუსის შემცველ წვეთებს ხველისას, ცემინებისას და საუბრისას აფრქვევს. პირბადის გამოყენება ვირუსის მიკრობების გავრცელებას ხელს უშლის, ჯანმრთელ ადამიანს კი სასუნთქ სისტემაში ვირუსის ნაწილაკების შეღწევისგან იცავს. COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის მხოლოდ პირბადის გამოყენება არ არის საკმარისი, აუცილებელი ხელების ჰიგიენა და სოციალური დისტანციის დაცვაა.
პირბადე სამედიცინო და არასამედიცინო დანიშნულების არსებობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას. აქედან გამომდინარე, მტკიცება, რომ პირბადე ვირუსისგან ვერ გვიცავს, ყალბია.
პირბადეებთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა, რომელთა შესახებაც შეგიძლიათ იხილოთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
მტკიცება 8: ადამიანის მთავარი საწვავი არის ჟანგბადი და როდესაც ორგანიზმში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უჯრედს ჟანგბადი არ მიეწოდება, ის კვდება ან მუტაციას განიცდის სიცოცხლის შესანარჩუნებლად
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
სიმართლეს შეესაბამება მტკიცება, რომ ჟანგბადი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. ამის მიუხედავად, მტკიცება წარმოდგენილია იმ სახით, რომელიც მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პირბადის საშუალებით ადამიანის ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდება ფერხდება. რეალურად, უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა იყოს არაკომფორტული, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს.
მტკიცება 9: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აუკრძალა იტალიელებს ,ესპანელებს კოვიდით გარდაცვლილების გაკვეთა და გამოკვლევა, რათა არ დაედგინათ, რეალურად რითი იღუპებოდნენ ინფიცირებულები
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სინამდვილეში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელოში ნათლად არის მითითებული, რომ გარდაცვლილის სხეულის გაკვეთა მაშინაც კი დასაშვებია, თუ არსებობს ვარაუდი, ან დადასტურებული ცნობა, რომ პირი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემულია რეკომენდაციები იმ პერსონალისთვის, რომელმაც გაკვეთის პროცედურა უნდა ჩაატაროს. მითითებების თანახმად, პერსონალმა შესაბამისი უსაფრთხოების ზომები უნდა დაიცვას, რათა შესაძლო დაინფიცირება თავიდან აიცილოს. მაგალითად, პერსონალი ყველა საჭირო ნივთით შესაბამისად უნდა იყოს ეკიპირებული. პროცედურა ადეკვატურად ვენტილირებულ ოთახში უნდა ჩატარდეს. საუკეთესო ვარიანტი ბუნებრივი ვენტილაციის გამოყენებაა. მექანიკური ვენტილაციის აუცილებლობის შემთხვევაში, ოთახში უარყოფითი წნევა უნდა შეიქმნას, რათა შესაძლებელი გახდეს ჰაერის ნაკადის გაკონტროლება. უზრუნველყოფილ უნდა იქნას შესაბამისი განათება. გვამის გაკვეთის პროცედურაში ჩართული პერსონალის რაოდენობა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს.
აღსანიშნავია, რომ ჯანმოს მითითებებს არ აქვს იძულების სახე და ორგანიზაცია მის წევრებს რეკომენდაციების დაცვას არ ავალდებულებს. შესაბამისად, მტკიცება, რომ ჯანმომ იტალიელებს ან ესპანელებს კორონავირუსით გარდაცვლილების გაკვეთა და გამოკვლევა აუკრძალა, არანაირ დადასტურებულ ცნობას არ ემყარება და არის ყალბი ამბავი.
„ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ დეზინფორმაციაზე აქამდეც წერდა.
მტკიცება 10: არსებობს ნივთიერება, რომელიც 24 საათში ანადგურებს კოვიდ ინფექციას. ამის შესახებ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ამასთან ერთად, ბოლივიამ კონკრეტული ნივთიერების გამოყენებით, კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის 90%-ით შემცირება შეძლო
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
ბოლივიაში გამოყენებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ნივთიერებასთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია, სავარაუდოდ, ქლორის დიოქსიდს ეხება. Washington post-ის თანახმად, ივლისში ბოლივიის ქალაქებში მოსახლეობამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ქლორის დიოქსიდის მიღება დაიწყო. ბოლივიაში ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობას მკაცრად მოუწოდა შორს დაეჭირათ თავი აღნიშნული შენაერთისგან და არ გამოეყენებინათ ის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი. მიუხედავად ამისა, ბოლივიის მთავრობა ქლორის დიოქსიდის, როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალების დამტკიცებაზე მუშაობდა. ივლისში ქვეყანაში ქლორის დიოქსიდით მოწამვლის და გარდაცვალების ფაქტები დაფიქსირდა.
რეალურად, ქლორის დიოქსიდი (ClO2) არის ქიმიური ნაერთი, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც მათეთრებელი საშუალება. შემდგომი დამუშავების შემდეგ ქლორის დიოქსიდს ფართოდ იყენებენ კვების ინდუსტრიაში, დეზინფექციისთვის, ჭრილობის დამუშავებისთვის. ქლორის დიოქსიდთან დაკავშირებული პოტენციური რისკები მოიცავს ჯანმრთელობის პრობლემებს, ფეთქებადობას და ცეცხლის გაჩენას. ამ ნაერთს ხშირად ცრუ რეკლამას უკეთებენ, როგორც ფართო სპექტრის დაავადებების წამალს. აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის თანახმად, ქლორის დიოქსიდის მიღება, როგორც სამკურნალო საშუალება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ ქმედებით, მომხმარებლებმა შეიძლება, საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნან.
ჯორჯიის შტატის საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, დაუშვებელია ადამიანის მიერ ქლორის დიოქსიდის მიღება/დალევა. აღნიშნული ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრა იწვევს სასუნთქი გზების დაზიანებას; დეჰიდრატაციას, რამაც შესაძლოა, თავის მხრივ განავითაროს სიცოცხლისთვის საშიში დაბალი არტერიული წნევა; ღვიძლის მწვავე უკმარისობას; ძლიერ ღებინებასა და მწვავე დიარეას. პან-ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდონ ყველანაირ პროდუქტის მიღებას, რომელიც შეიცავს ქლორის დიოქსიდს ან მსგავსი თვისებების მქონე სხვა ნივთიერებას.
მტკიცება 11: კვლევა ESTUDIO DE BARBASTRO ამტკიცებს, რომ ბარბასტროს მოხუცთა თავშესაფარში SARS-COV-2-ით გარდაცვლილი 30 მოხუციდან, 29 გრიპის ვაქცინით იყო აცრილი
ვერდიქტი: ფაქტებით მანიპულირება
აღნიშნული კვლევა მართლაც არსებობს, სადაც ნათქვამია, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებიდან, უმეტესობას გრიპის ვაქცინა ჰქონდა გაკეთებული. კონკრეტულ დაშვებაზე დაყრდნობით, დოკუმენტი გვთავაზობს ჰიპოთეზას, სადაც ნათქვამია, რომ 65+ ასაკის კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში, გრიპის ვაქცინა, რომელიც შეიცავს Polysorbate 80-ს, შესაძლოა პაციენტებში ვირუსის გართულების მიზეზი გამხდარიყო. ამის მიუხედავად, კვლევის ავტორი, ჰუან გასტონი აცხადებს, რომ კვლევა იმყოფება საწყის ფაზაში და ჰიპოთეზა მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს. გასტონის განცხადებით, მან კვლევის პირველადი და დასამთავრებელი ვერსია მეცნიერების შიდა ჯგუფში დისკუსიის დასაწყებად გაავრცელა, თუმცა ის, ინტერნეტის საშუალებით, ანტივექსერების ხელში აღმოჩნდა, რამაც დაუსრულებელ კვლევაზე მანიპულირების დიდი ტალღის დაწყება განაპირობა.
უშუალოდ გასტონის განცხადებაზე დაყრდნობით, კვლევა შეიცავს მხოლოდ ჰიპოთეზას (წარმოადგენს კონკრეტული პროფესორის ვარაუდს), ამასთან ძალიან მცირე რაოდენობის პაციენტების გამოკვლევა ჩატარდა, რაც არასაკმარისია ჰიპოთეზის დასამტკიცებლად და რაც მთავარია, ჯერჯერობით სამედიცინო წრეებში მსგავსი ფენომენი დადასტურებული ან ლიცენზირებული არაა. შესაბამისად, კონკრეტულ, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ კვლევაზე დაყრდნობით იმის თქმა, რომ ადამიანების სიკვდილში გრიპის ვაქცინაცაა დამნაშავე, დაუსაბუთებელია, რასაც კვლევის ავტორიც ხაზს უსვამს.
მტკიცება 12: კოვიდ ვაქცინა ადამიანის გენეტიკის შეცვლაზეა გათვლილი
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
აღნიშნული მტკიცება ვაქცინის ერთ-ერთი ტიპის, დნმ-ის ვაქცინის არსებობას უკავშირდება. ზოგადად, ყველა ტიპის ვაქცინის საერთო ფუნქცია ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა. დნმ ვაქცინა გულისხმობს ვირუსის გენეტიკური კოდის მცირე ნაწილის (დნმ ან რნმ) შეყვანას არაინფიცირებულ პაციენტში იმუნური პასუხის სტიმულირებისთვის. ვაქცინებისა და გენეტიკური მოდიფიკაციის შესახებ კორნელის უნივერსიტეტის სამეცნიერო ალიანსის ჯგუფის მოწვეული მკვლევარი, მარკ ლინასი Reuters-თან საუბრობს. მისი თქმით, არც ერთი ტიპის ვაქცინას, მათ შორის დნმ-ის ვაქცინას, ადამიანის ორგანიზმის უჯრედის ბირთვთან შეხება არ აქვს და შესაბამისად, მასში ცვლილებებსაც არ იწვევს. გენეტიკური მოდიფიკაციისას კი, უცხო დნმ-ის შეყვანა, სწორედ უჯრედის ბირთვში ხდება. ვაქცინები კი ამ პრინციპით არ მოქმედებენ. შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმში მისი შეყვანა ადამიანის გენეტიკურ კოდზე გავლენას ვერ მოახდენს და მით უმეტეს, მას ვერ შეცვლის.
მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
მტკიცება 13: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გვერდზე წერია, რომ ახალ რეალობაში, ადამიანებს საკუთრებაში არ გვექნება სახლი, არც მიწა, არც ჭიქა და არც თეფში და მაინც ბედნიერები ვიქნებით. ასევე, ჩვენი კვება, განათლება, დასაქმება, დაოჯახება, გამრავლება ხელისუფლების მიერ იქნება გაკონტროლებული
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
იდენტური ან მსგავსი ტიპის ინფორმაციის შემცველი ჩანაწერი, როგორც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალური მოსაზრება, არ არსებობს. შესაბამისად, მტკიცება ყალბია. სავარაუდოდ, დეზინფორმაციის წყარო, ფორუმზე 2016 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნებული ბლოგია, სადაც დანიის პარლამენტის წევრი Ida Aukeen მის წარმოდგენებში არსებულ მომავალს ჩანახატის სახით გადმოსცემს და საუბრობს „მომავლის ქალაქზე“, სადაც ყველაფერი უფასოა. მისი განცხადებით, ბლოგის მიზანი, ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, საზოგადოებაში დისკუსიის წახალისებაა.
ბლოგის ბოლოს ასევე მითითებულია, რომ ბლოგში ნახსენები პოზიციები ავტორს ეკუთვნის და „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ პოზიციას არ გამოხატავს.
-------------------------------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.