სოციალურ ქსელში ვრცელდება სტატია სათაურით - „ეს ე.წ. პანდემია ვერ იქნება რეალური პანდემია უბრალო მიზეზის გამო..“, რომელიც georgie.su-ზე გამოქვეყნდა. სტატია არაერთ ყალბ ამბავს შეიცავს. ამასთან, მოსახლეობას უბიძგებს, რომ არ ატარონ პირბადე, არ გაიკეთონ ტესტირება და ა.შ.
მტკიცება: PCR ტესტის შემქმნელმა თქვა, რომ ეს ტესტები არ არის შექმნილი რაიმე დაავადების დიაგნოზის დასასმელად
ვერდიქრი: ყალბი ამბავი
სტატიის ავტორი კორონავირუსის დიაგნოზის პი-სი-არ ტესტით განსაზღვრას სტატისტიკის გაყალბების მცდელობად აფასებს. „ამ ტესტის შემქმნელი კერი მულისი თავის ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ეს ტესტები არ არის შექმნილი რაიმე დაავადების დიაგნოზის დასასმელად“.
PCR მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ამერიკელმა კ. მულისმა (1983) აღმოაჩინა, რომელმაც ამისთვის ნობელის პრემია მიიღო. ის სამედიცინო და ბიოლოგიურ კვლევათა ლაბორატორიებში სხვადასხვა საჭიროებისთვის გამოიყენება. მაგალითად, PCR მეთოდით ხდება: გენების ფუნქციური ანალიზი; მემკვიდრულ დაავადებათა დიაგნოსტირება; გენეტიკურ ანაბეჭდთა იდენტიფიკაცია (გამოიყენება სასამართლო ექსპერტიზაში და მამობის ტესტირებისას); ინფექციურ დაავადებათა დიაგნოსტირება.
PCR-ის გამომგონებელს არასდროს უთქვამს, რომ ის არ იყო შექმნილი ინფექციური დაავადებების დასადგენად. მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში ადრეც გავრცელდა, იხილეთ ამ თემაზე fullfact.org-ის სტატია.
COVID-19-ის დიაგნოსტირება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) მეთოდით ან/და სწრაფი ტესტით, SARS-COV-ის ანტიგენის ან ანტისხეულების განსაზღვრით არის შესაძლებელი. დღესდღეობით COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, სწორედ PCR მეთოდი მიიჩნევა . PCR (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით ცხვირ-ხახის ნაცხში SARS-COV-ის რნმ-ის განსაზღვრა ხდება. ტესტირებისათვის მასალა როგორც ზემო სასუნთქი გზებიდან, ისე ქვემო სასუნთქი გზებიდან უნდა შეგროვდეს. ამგვარი მეთოდით დიაგნოსტირება მხოლოდ მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი.
მედიცინაში PCR მეთოდით გენეტიკურ მასალის (დნმ და რნმ) კვლევაზე დამყარებული მრავალრიცხოვანი ინფექციების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტიკა ხორციელდება.
PCR მეთოდით დიაგნოსტირებასთან დაკავშირებით არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა, იხილეთ ამ თემაზე „ფაქტ-მეტრის“ სტატია.
მტკიცება: COVID-19-ის ტესტები წინასწარ დაბინძურებული იყო
ვერდიქრი: ყალბი ამბავი
სტატიის ავტორი ცდილობს, მკითხველი დაარწმუნოს, რომ COVID-19-ის ტესტები წინასწარ დაინფიცირებული იყო და ინფექციას შეგნებულად ავრცელებდნენ. ამის დასამტკიცებლად მას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს. ერთ-ერთი მათგანით, ამერიკაში ლაბორატორიებში ტესტები წინასწარ დაინფიცირებული იყო, რაც ამერიკის კვებისა და წამლის ადმინისტრაციის კვლევამაც დაადასტურა.
Politifact-ის თანახმად, პანდემიის პირველ ეტაპზე, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ წარმოებული ტესტები წუნდადებული მართლაც აღმოჩნდა. აღნიშნული ტესტების სერიაში სამი რეაგენტიდან ერთი, სავარაუდოდ, დაბინძურებული იყო (რეაგენტები არის ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ტესტების დროს რეაქციების წარმოსაქმნელად გამოიყენება). აღნიშნული ფაქტი ლაბორატორიაში პროტოკოლის დარღვევას უკავშირდება.
ამერიკის დაავადების კონტროლის ცენტრმა, CDC-მ COVID-19-ის ადრეული ტესტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლაბორატორიებს მიაწოდა, რომლებიც დაბინძურებული რეაგენტის გამო წუნდებული აღმოჩნდა. ტესტები გამოუსადეგარი იყო, იმის გამო, რომ ა არასწორ პასუხს აჩვენებდ. ეს ტესტები ვერ გახდებოდა დაინფიცირების წყარო, რადგან ტესტები არ შეიცავდა ცოცხალ ვირუსს (ცოცხალი ვირუსი ტესტების წარმოებაში არ გამოიყენება). ამასთან, ტესტების ხარვეზი ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა და ის პაციენტების ტესტირებისთვის არ გამოუყენებიათ.
ტესტებთან დაკავშირებით, სტატიაში ასევე საუბარია ესპანეთის და სხვა ქვეყნის მთავრობების, მათ შორის საქართველოს მიერ ჩინეთისთვის COVID-19-ის ტესტების უკან დაბრუნებაზე, წინასწარი დაბინძურების გამო. აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება.
პანდემიის საწყის ეტაპზე, ესპანეთის მთავრობამ ჩინური კომპანია henzhen Bioeasy Technology-ისგან შეძენილი სწრაფი ტესტები მართლაც დააბრუნა უკან. ჩინეთიდან შეძენილი ტესტების უკან დაბრუნების მიზეზი, ტესტების დაბალი სანდოობა იყო. მტკიცება, რომ სწრაფი ტესტების დაბინძურებული იყო, ყალბია. ესპანეთში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტესტების სიზუსტე მხოლოდ 30% იყო, როცა მგრძნობელობა 80% უნდა ყოფილიყო. აღნიშნულ კომპანიას ტესტები უკან სხვა ქვეყნებმაც დაუბრუნა.
23 მარტს საქართველომ ახალი კორონავირუსის სწრაფ ტესტების შეძენაზე ჩინურ კომპანიასთან - henzhen Bioeasy Technology ხელშეკრულება გააფორმა. მოგვიანებით, როდესაც გაირკვა, რომ ტესტების სანდოობა დაბალი იყო, სწრაფი ტესტების შეძენაზე ხელშეკრულება გაუქმდა (27 მარტს).
მტკიცება: პირბადის ტარებისას ნახშირორჟანგს მაღალი კონცენტრაციით ჩავისუნთქავთ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სტატიაში საუბარია, რომ პირბადის ტარებისას ორგანიზმი ვერ იღებს ჟანგბადის საჭირო დოზას, ნახშირორჟანგს კი მაღალი კონცენტრაციით ჩავისუნთქავთ. „ეს კი იწვევს როგორც ნახშირორჟანგით ტვინის ინტოქსიკაციას, ისე სასუნთქ გზებში მოხვედრილი ბაქტერიებისა და ვირუსების ღრმად მოხვედრას ფილტვებში და ადამიანის უფრო სიღრმისეულად დაინფიცირებას. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ტუბერკულოზის ჩხირების გამრავლება, სხვდასხვა სოკოვანი დაავადება და სხვ. ჯანმრთელი ადამიანი ავადდება, ხოლო დაავადებულს უფრო უმძიმდება მდგომარეობა“,-წერს სტატიის ავტორი.
პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით, სოციალურ მედიაში აქამდეც არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია).
COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ნაჭრის ან სამედიცინო ნიღბის გამოყენებაა რეკომენდებული. ამ ტიპის პირბადეები ჟანგბადის და ნახშირორჟანგის მოლეკულებს ვერ აკავებს. შესაბამისად, პირბადის ქვეშ დიდი რაოდენობის ნახშირორჟანგი არ გროვდება და მისი დიდი რაოდენობით ჩასუნთქვა არ ხდება.
უახლესი სამეცნიერო კვლევები ადასტურებს, რომ პირბადის გამოყენება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა. ამერიკული თორაკალური ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პირბადის ტარება შესაძლოა იყოს არაკომფორტული, მაგრამ ჟანგბადის ნაკადს ფილტვებში, ფილტვების მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებშიც კი, არ ზღუდავს. პირბადის ტარებისას დისკომფორტი სახის მგრძნობიარე ნერვების გაღიზიანებით, ჩასუნთქული ჰაერის დათბობით ან კლაუსტროფობიის განცდებით არის გამოწვეული.
პანდემიის პირობებში პირბადის ტარება ვირუსის გავრცელების შეკავების ერთ-ერთი გზაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანახმად, სამედიცინო ნიღაბს შეუძლია, ვირუსის გავრცელებას ხელი შეუშალოს და ასევე, ადამიანი ინფიცირებისგან დაიცვას.
პირბადის ტარება არის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები მის მავნებლობასთან დაკავშირებით, აბსურდულია!
მტკიცება: ნებისმიერი დიაგნოზით გარდაცვლილს კორონავირუსით გარდაცვლილის სტატუსს ანიჭებდნენ
ვერდიქტი: ყალბი ამბავი
სტატიის ავტორის მტკიცებით, კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა გაყალბებულია და ნებისმიერი დიაგნოზით გარდაცვლილ პაციენტებს კორონავირუსით გარდაცვლილის სტატუსს ანიჭებენ.
COVID – 19-ით ინფიცირებულთა ან გარდაცვლილთა სტატისტიკის გაყალბებაში არც ერთი სამედიცინო დაწესებულება შემჩნეული არ ყოფილა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, COVID-19-ით გარდაცვალების სტატისტიკური მონაცემები არა ხელოვნურად გაბერილი, არამედ, დიდი ალბათობით, იმაზე უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიით გამოწვეული ადამიანური დანაკარგის რეალური მასშტაბი. კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებლების გაყალბებასთან დაკავშირებით ყალბ ამბები აქამდეც გავრცელდა, იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატია.