იტვირთება

ტრადიციისამებრ, 2018 წლის მიწურულს, ფაქტ-მეტრი კვლავ გთავაზობთ ტოპ 10 ტყუილს, რომელიც პოლიტიკოსებმა 2018 წელს საზოგადოებას უთხრეს და რომლებიც ფაქტ-მეტრმა გამოააშკარავა.

მე-10 ადგილი - ნიკოლოზ მჟავანაძე - სადღაც შოვინიზმისა და ჰომოფობიის გზაგასაყარზე

ნიკოლოზ მჟავანაძემ „საქართველო და მსოფლიოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ირანიდან სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ასეულობით ირანელი ჩამოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ირანში ჰომოსექსუალიზმი მკაცრად ისჯება, ირანელი ჰომოსექსუალები ქვეყნიდან გარბიან და საიმედო თავშესაფარს საქართველოში ეძებენ“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ სექტემბრამდე, საქართველოში სულ 57 თავშესაფრის მაძიებელი ირანის მოქალაქე (განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა) ჩამოვიდა, ხოლო სტატუსი მხოლოდ 6 მათგანს მიენიჭა. შესაბამისად, მჟავანაძის განცხადება იყო ტყუილი (ვრცლად იხილეთ ბმული).

მე-9 ადგილი - ლევან ხაბეიშვილი - კანონის ცუდი ინტერპრეტატორი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ კანონი დაარღვია, როცა მან ფრაქციის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მოთხოვნის საფუძველზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ფრაქციას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისთვის წინადადებით მიმართვის უფლება აქვს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეს არ გააჩნია ვალდებულება ფრაქციის წინადადების დაკმაყოფილების და სხდომის მოწვევის. ამდენად, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინადადების (რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ) საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან დაუკმაყოფილებლობა არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის მიერ კანონის დარღვევას. შესაბამისად, ლევან ხაბეიშვილის განცხადება იყო ტყუილი (ვრცლად იხილეთ ბმული).

მე-8 ადგილი - მიშა ბოლქვაძე - წლის ცრუ მბრალდებელი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძემ, განაცხადა: „მუნიციპალიტეტის მერს 100 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული მხოლოდ თავისი ავტომობილისთვის და თავისი კომფორტისთვის“. წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა წევრმა ფაქტ-მეტრთან დააზუსტა, რომ ამ თანხის დახარჯვას ხელვაჩაურის მერია მხოლოდ ორი ავტომობილის რემონტისთვის აპირებს.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ პოლიტიკოსი ორი ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ პრეისკურანტის თანხას გულისხმობდა, რომელიც 93 888 ლარია. თუმცა, პრეისკურანტში მითითებული თანხა არ ნიშნავს, რომ ავტომობილების შეკეთებისთვის სწორედ ამდენი დაიხარჯება. თუკი რეალურად დასახარჯი თანხის გაგება გვინდა, გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების საფასურით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა პრეისკურანტით. რეალურად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას 12 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ორი ავტომობილის, HYUNDAI TUCSON-ისა და HYUNDAI IX35-ის ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული. მიმწოდებელმა ორ ავტომობილზე ჯამში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 ათასი ლარის მომსახურება უნდა გასწიოს.შესაბამისად, ბოლქვაძის განცხადება იყო ტყუილი (ვრცლად იხილეთ ბმული).

მე-7 ადგილი - რატი იონათამიშვილი - წლის სუბორდინატორი

პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა: „საჯარო მოხელეს არ აქვს უფლება და ძალიან ბევრს ბედავს როდესაც პარლამენტზე საუბრობს, რომ მან მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება“ (გულისხმობდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა ნაცვლიშვილს).

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი არის საქართველოს პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარლამენტში. საპარლამენტო მდივნის მიერ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა პარლამენტის წინაშე, უნდა მივიჩნიოთ პრეზიდენტის პოზიციად, თუ საპარლამენტო მდივანი არ გააკეთებს წინასწარ დათქმას, რომ სიტყვა, რომელსაც ამბობს, მისი პირადი და არა პრეზიდენტის პოზიციაა. ანა ნაცვლიშვილს ეს დათქმა არ გაუკეთებია. გარდა ამისა, არ არსებობს კანონი, რომელიც მსგავსი სახის განცხადებაზე შეზღუდვას უწესებს პირს, იმის მიუხედავად, საჯარო მოსამსახურეა ის თუ სხვა რაიმე თანამდებობრივი რანგის წარმომადგენელი. შესაბამისად, იონათამიშვილის განცხადება იყო ტყუილი (ვრცლად იხილეთ ბმული).

მე-6 ადგილი - დავით საყვარელიძე - წლის რეგიონული ექსპერტი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, დავით საყვარელიძემ განაცხადა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი სომხეთში ერთ სულ მოსახლეზე არის უფრო მაღალი, ვიდრე საქართველოში და ეს ტენდენცია ადრე არ შეიმჩნეოდა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2010-2018 წლებში, სომხეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს იყო საქართველოს ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტი, რაც მომდევნო წლებში აღარ განმეორებულა. შესაბამისად, დავით საყვარელიძის განცხადება იყო ტყუილი (ვრცლად იხილეთ ბმული).

მე-5 ადგილი - მიხეილ სააკაშვილი - ავანტიურიზმის საფუძვლებთან

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: ჩემს დროს სახელმწიფო ბიუჯეტი გაიზარდა 10-ჯერ, ივანიშვილის დროს ბიუჯეტი დოლარებში შემცირდა 8%-ით“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების დოლარში დათვლა არასწორია, თუმცა ამ „მეთოდით“ დათვლილი მაჩვენებლებიც არ ემთხვევა ექს-პრეზიდენტის მიერ დასახელებულ რიცხვებს. 2003-2012 წლებში დოლარში გამოსახული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 756.3%-ით, 8.6-ჯერ, ხოლო 2012 წლიდან დღემდე კი, 3.2%-ით გაიზარდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის განცხადება იყო ტყუილი (ვრცლად იხილეთ ბმული).

მე-4 ადგილი - ივანე მაჭავარიანი - წლის „ოპტიმისტი“

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, საქათველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განცხადა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ 2016-2017 წლებშიქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს 1 733.8 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2016 წელს –1 717.3 ათასი, ხოლო 2017 წელს – 1 706.6 ათასი. ასევე, 2016-2017 წლებში შრომისუნარიან მოსახლეობაში დასაქმებულთა წილი 57.4%-დან 56.7%-მდე შემცირდა.ზემოთ ხსენებულ წლებში ქვეყანაში უმუშევრობის დონეც (პროცენტულ მაჩვენებლებში) მცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასაქმების კუთხით მდგომარეობა უმჯობესდება, რადგან უმუშევრობის დონის შემცირება გამოწვეულია არა სამუშაო ადგილების მატებით, არამედ სამუშაო ძალის (მუშაობის სურვილისა და უნარის მქონე პირების) რაოდენობის შემცირებით. სამუშაო ძალის, ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირება კი, უარყოფითი მოვლენაა. შესაბამისად, მაჭავარიანის განცხადება იყო ტყუილი (ვრცლად იხილეთ ბმული).

მე-3 ადგილი - ბიძინა ივანიშვილი - კვლავ ავანტიურიზმის საფუძვლებთან

ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე შემდეგი მნიშვნელოვანი სექტორების მიხედვით გადაამოწმა: მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი ზრდის ტემპი; მშპ ერთ სულ მოსახლეზე; დასაქმება და ხელფასები; სიღარიბის მაჩვენებლები; ვალუტის კურსი; ეროვნული დანაზოგები; ფასები და ინფლაცია; ინვესტიციები; საგარეო ვაჭრობა; ბიუჯეტი; სახელმწიფოს ვალი; ტურიზმი და სოფლის მეურნეობა. ანალიზმა აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, პრაქტიკულად არცერთი მიმართულებით, მდგომარეობა და ტემპები ორჯერ არ გაუმჯობესებულა. მეტიც, გაუარესებულია ვითარება ეკონომიკური ზრდის ტემპის, ეროვნული ვალუტის კურსისა და სახელმწიფო ვალის ცვლილების ტენდენციების თვალსაზრისით. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ტყუილი იყო (ვრცლად იხილეთ ბმული).

მე-2 ადგილი - ალექსანდრე მოწერელია - უცოდინრობისა და ძალაუფლების ხიბლს შორის

სამეგრელო - ზემო სვანეთისსახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა: „ჩვენ შეგვიძლია თითოეული მუნიციპალიტეტის საქმიანობა შევისწავლოთ. როდესაც კომისია შევა, შეისწავლის სად რა დარღვევაა, იმის მიხედვით, მერე რა სურათი გვექნება, გუბერნატორს შეუძლია შეაჩეროს საკრებულოების უფლებამოსილება, თუ ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა ამას სჭირდება დამტკიცება. ნეპოტიზმი, ტენდერები, ბიუჯეტის სახსრების საეჭვო განკარგვა, ყველაფერი ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, თუმცა ამას სჭირდება დამტკიცება“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა. სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებშიცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელია და ძირითადად მის დავალებებს ასრულებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესწავლა სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება და შესაბამისად, მას მსგავსი ქმედების განხორციელება არ შეუძლია. რაც შეეხება საკრებულოს დათხოვნას, აღნიშნული უფლებამოსილება, მთავრობის წარდგინებით და პარლამენტის თანხმობით, მხოლოდ პრეზიდენტს გააჩნია. ამდენად, ალექსანდრე მოწერელიას განცხადება საფუძველს არის მოკლებული დაშეიძლება შეფასდეს როგორცმუნიციპალიტეტის (კანონით გარანტირებულ) დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა (ვრცლად იხილეთ ბმული).

1-ლი ადგილი - ბიძინა ივანიშვილი - ბატონი ბიძინასი მწამს, ფაქტ-მეტრის ვერდიქტი მაკვირვებსო

ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს მიმართა: „ჩემი სიცრუე არავის უნახავს...“.

ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ფაქტ-მეტრს ბიძინა ივანიშვილის 8-მდე სიცრუე უნახავს (ვრცლად იხილეთ ბმული).

ფაქტ-მეტრი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, მართლის მთქმელი პოლიტიკოსები და გადამოწმებული ინფორმაცია არ მოგკლებოდეთ!

მსგავსი სიახლეები

2502 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
23%
სიმართლე
23%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი