ფრაქციას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისთვის წინადადებით მიმართვის უფლება აქვს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეს არ გააჩნია ვალდებულება ფრაქციის წინადადების დაკმაყოფილების და სხდომის მოწვევის. ამდენად, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინადადების (რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ) საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან დაუკმაყოფილებლობა არ წამოადგენს ამ უკანასკნელის მიერ კანონის დარღვევას.
ანალიზი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა,რომ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ კანონი დაარღვია, როცა მან ფრაქციის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) მოთხოვნის საფუძველზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია. საკრებულოს წევრის თქმით, მისმა ფრაქციამ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ინციდენტთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარისგან სხდომის მოწვევაზე უარი მიიღო. ლევან ხაბეიშვილი სხდომის არმოწვევას კანონდარვევად აფასებს და სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბრობს.
საკრებულოს წევრის განცხადება ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საკითხზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გამართვის ინიციატივას უკავშირდება, რისი მოთხოვნითაც ფარაქციამ საკრებულოს თავმჯდომარეს 30 იანვარს მიმართა. თუმცა, გიორგი ტყემალაძემ რიგგარეშე სხდომა არ მოიწვია. მისი განმარტებით, სხდომის მოწვევის აუცილებლობა არ დგას, რადგან მეტროსადგურის მომხდარი შემთხვევის განხილვა კომისიის ფორმატში იყო დაგეგმილი. საკრებულოს რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველო - თბილისის“ წევრები სხდომის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ, მაგრამ სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო არ ჩატარებულა. საკრებულოს რეგულარული სხდომის გარდა, რომელიც თვეში ერთხელ რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში ტარდება, შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომები. საკრებულოს რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია მოიწვიოს, მათ შორის, საკრებულოს ფრაქციის წინადადებით. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მიმართოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ, რომელიც სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას და სხდომის დღის წესრიგის პროექტს უნდა მოიცავდეს. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარემ ფრაქციის წინადადების საფუძველზე არ მოიწვია რიგგარეშე სხდომა, მაშინ საკრებულო უფლებამოსილია თვითონ შეიკრიბოს და გამართოს საკრებულოს სხდომა. ამისთვის, სხდომის მოწვევის ინიციატორი საკრებულოს აპარატს მიმართავს სხდომის ჩასატარებლად საჭიროს პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით. ზემოთ ხსენებულ საკითხს ადგილობრივი თვითმმართველობის 26-ე მუხლი აწესრიგებს. აღნიშნული მუხლი არ უთითებს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ფრაქციის წინადადების შემთხვევაში სხდომის მოწვევის ვალდებულებას და შესაძლებელია თავმჯდომარის მიერ არ იქნას მოწვეული რიგგარეშე სხდომა. ასეთ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარემ ერთი კვირის ვადაში არ მოიწვია სხდომა, მაშინ თვითონ საკრებულოა უფლებამოსილი შეიკრიბოს და სხდომა ჩაატაროს, რისთვისაც ინიციატორი მიმართავს საკრებულოს აპარატს წევრების ინფორმირებულობისა და სხდომის საორგანიზაოციო საკითხების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ რიგგარეშე სხდომის არმოწვევა მას არ აკისრებს პასუხისმგებლობას, მით უმეტეს, სისხლის სამართლებრივს, როგორც საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს.