ტრადიციისამებრ, 2017 წლის მიწურულს, ფაქტ-მეტრი კვლავ გთავაზობთ ტოპ 10 ტყუილს იმ მრავალფეროვანი ტყუილების სერიიდან, რომლებსაც გასულ წელს პოლიტიკოსები და სხვადასხვა მედიასაშუალება საზოგადოებას უყვებოდა.

მე-10 ადგილი - „კორპუსი თავზე დაგვემხო"

ფეისბუქ გვერდმა “Change Your View” გაავრცელა წაქცეული კორპუსის ამსახველი ფოტომასალა, თითქოს, აღნიშნული მოვლენა თბილისში, ორთაჭალაში მოხდა. სინამდვილეში, ფოტოზე ასახული „წამოწოლილი“ მშენებარე კორპუსი შანხაიში მდებარეობდა და 2009 წელს მშენებლობის პროცესში წაიქცა. თბილისში, რომ შენობა წაქცეულიყო, რა თქმა უნდა, ყველა გავიგებდით, გადასამოწმებლადაც მარტივი ფაქტი იყო, თუმცა, აღნიშნულმა გვერდმა მაინც გადაწყვიტა ჩვენი შეშინება და ამ გზით ბევრი „ნახვის“ დაგროვება.

მე-9 ადგილი - Geworld-ს ქართველობას ართმევენ

მედიასაშუალება „საქართველო და მსოფლიო“ ამტკიცებდა, რომ ევროკომისიის მიერ „შემოთავაზებულ“ ახალ გეგმას, მიგრანტების განსახლების თაობაზე, საქართველოს ხელისუფლება გამოეხმაურება და 500 მილიონი ევროს სანაცვლოდ 100 ათას ჩრდილოაფრიკელს ჩამოასახლებდა. ავტორის მტკიცება აბსოლუტურად უსაფუძვლო და რეალობას აცდენილი იყო. აღნიშნულ სტატიაში ინფორმაცია არასწორად იყო მოწოდებული, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ მკითხველის ნეგატიურად განწყობას ემსახურებოდა.

მე-8 ადგილი - „სად იყავით 2012 წლამდე"

კახა კალაძის განაცხადების თანახმად, 2012 წლამდე ადამიანს თუ არ ქონდა ფინანსური შესაძლებლობა, შეუძლებელი იყო ესარგებლა ჯანდაცვის მომსახურებით. თუმცა, აღმოჩნდა რომ 2012 წლისთვის, ხელისუფლების ცვლილებამდე, ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობდნენ ის მოქალაქეები, რომელთაც ფინანსურად ყველაზე ნაკლებად მიუწვდებოდათ ხელი ჯანდაცვაზე (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, დევნილები, საჯარო სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, სახალხო არტისტები და მხატვრები, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ასაკით პენსიონერები, სტუდენტები, შშმ ბავშვები და მკვეთრად გამოხატული შშმ პირები). გარდა ამისა, სახელმწიფო ახორციელებდა სხვადასხვა მიზნობრივ ჯანდაცვის პროგრამებს და სასწრაფო სამედიცინო დახმარება იყო უფასო.

მე-7 ადგილი - რას ფიქრობს ხალხი?

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ გორისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებაზე გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ მიუღიათ და ინიციატივა მოქალაქეებთან განიხილეს. რეალურად, მიმდინარე წლის მარტში ცენტრალური ხელისუფლებიდან წამოსული ინიციატივა გორის საკრებულოში მოიწონეს და საკრებულოების (ქალაქისა და თემის) სხდომებზე მმართველი გუნდის წარმომადგენელი დეპუტატების ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს. მანამდე, გორში მოქალაქეების გამოკითხვა ან ამ საკითხში მოსახლეობის რაიმე ფორმით ჩართულობა არ მომხდარა.

მე-6 ადგილი - „პენსია ვერ გაზარდენ…“

ნიკა მელიამ სახელისუფლებო გუნდს მიმართა და განაცხადა: „ხუთი წლის განმავლობაში, მილიარდერი ხელისუფალის პირობებში, ლარით არ გაგიზრდიათ პენსია“. რეალურად, 2012 წელს ასაკობრივი პენსიის ოდენობა 110 ლარს და 125 ლარს შეადგენდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პენსია რამდენჯერმე გაიზარდა. 2013 წელს პენსია ყველა პენსიონერისთვის ჯერ 125 ლარი გახდა, შემდეგ კი 150 ლარამდე გაიზარდა, 2015 წელს 10 ლარით (160 ლარამდე) გაიზარდა, ხოლო 2016 წლის ივლისიდან ასაკობრივი პენსია 180 ლარი გახდა.

მე-5 ადგილი - ჯვაროსანი ჯონდი

ჯონდი ბაღათურიამ საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიის დევნა მიმდინარეობდა. ყველა ფოტოზე, რომელსაც ის იმოწმებდა, წარსულში მომხდარი სხვადასხვა მოვლენა იყო აღწერილი და მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა მართლმადიდებლების დევნასთან ან/და ტაძრების მიტაცებასთან.

მე-4 ადგილი - ნინო ანზოროვნა ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძის ტყუილის თანახმად, უკრაინის ახალი ხელისუფლება მოქალაქეებს უკრძალავდა რუსული ენის გამოყენებას და ყველას, ვინც რუსულად დაილაპარაკებდა პატიმრობა ემუქრებოდა, რაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მაპროვოცირებელი გახდა. სავარაუდოდ, ნინო ბურჯანაძე „ენის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ“ 2012 წელს მიღებული კანონის გაუქმების მცდელობას გულისხმობდა. მის გაუქმებას მხარი 2014 წელს, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, რადას დეპუტატების უმეტესობამ დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება რუსულ და სხვა უმცირესობების ენებს (სულ 18 ენა) რეგიონული ენის სტატუსს უკარგავდა. მისი გაუქმება არც რუსული ენის გამოყენებას კრძალავდა და არც ვინმეს პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, აღნიშნული კანონის გაუქმებას ხელი არ მოაწერა მაშინდელმა პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა და, შესაბამისად, ის ძალაში დარჩა.

მე-3 ადგილი - ტყუილი სძაგს უფალსა

დეკანოზ ბასილ ახვლედიანის განცხადებით, ისრაელში პარლამენტის გადაწყვეტილებას სასულიერო პირები ამტკიცებენ. დეკანოზის განცხადება სიმართლეს აცდენილია. ისრაელის პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და, მიუხედავად იმისა, რომ იქ „სეკულარიზმი ტრადიციული გაგებით უადგილოა“, ქნესეთის გადაწვეტილება საბოლოოა და არ საჭიროებს ლეგალიზების ვერდიქტს სასულიერო პირების მხრიდან.

მე-2 ადგილი - თვითმარქვია ბიბილოვი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ცხინვალიდან ქართულ კლინიკებში სამკურნალოდ გადასულ ოს პაციენტებს ამცირებენ და მათ სპეცსამსახურებთან უწევთ ურთიერთობა. ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან გაირკვა, რომ 2009 წლიდან დღემდე ცხინვალიდან ქართულ კლინიკებში გადმოსული პაციენტების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს, რასაც ოსური მხარეც ადასტურებს. რაც შეეხება განცხადებას ცხინვალიდან გადმოსული მოქალაქეების დამცირების შესახებ, ეს ინფორმცია არცერთ საინფორმაციო საშუალებაში და არც პირადი კონტაქტების დროს არ დასტურდება. მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაციას არც ცხინვალელი ჟურნალისტები ადასტურებენ. როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, ცხინვალში თბილისსა თუ ქუთაისში მკურნალობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი და აღნიშნულ კლინიკებში მკურნალობაზე უარის თქმის მოტივით, ცხინვალის მოსახლეობაში ხშირად დეზინფორმაცია ვრცელდება.

1-ლი ადგილი - "აქ უფროსი მე ვარ!"

პარლამენტის თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანს დავით რაქვიაშვილს სუბორდინაციისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც რაქვიაშვილმა დისკუსიაში წარმოთქვა ფრაზა: „ჩვენ ამაზე ვერ შევთანხმდებით“. ირაკლი კობახიძე: „...თქვენ ბრძანდებით უშიშროების საბჭოს მდივანი, თქვენ არ ხართ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი და თქვენ უნდა იცოდეთ როგორ უნდა ესაუბროთ სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს… პრობლემაა, როდესაც უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის როგორი დისკუსია უნდა მოხდეს საჯარო მოსამსახურესა და სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირს შორის“. ეს მიმართვა აცდენილია რეალობას, რადგან დავით რაქვიაშვილი არის უშიშროების საბჭოს მდივანი, შესაბამისად, მისი მუდმივი წევრი და კანონი მას იგივე უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს, როგორითაც სარგებლობენ ორგანოს სხვა წევრები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის იმ დროს მოქმედი ვერსიით საჯარო მოხელეებს განეკუთვნებიან როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ისე სხვადასხვა სტრუქტურაში მომუშავე პირები. რაც შეეხება პოლიტიკური-თანამდებობის პირს, საბჭოს მდივანი ამ სტატუსით არ სარგებლობს, მაგრამ სარგებლობს თანამდებობის პირის სტატუსით. კიდევ ერთი, უწყებათა შორის სუბორდინაციულ დამოკიდებულებას საქართველოს კანონმდებლობა არ ცნობს. დავით რაქვიაშვილს სრული უფლება ჰქონდა საკომიტეტო მოსმენაზე საკუთარი პოზიცია გაეჟღერებინა. აღნიშნული განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ფაქტ-მეტრის ტყუილების სიაში „საპატიო“ პირველი ადგილი დაიკავა.

ფაქტ-მეტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ, გადამოწმებული ინფორმაცია არ მოგკლებოდეთ!

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი