„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თქმით, მერს 100 ათასი ლარი გამოყოფილი აქვს ავტომობილისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამ თანხის დასახელებისას, პოლიტიკოსი ორი ავტომობილის ტექნიკური მომსახურების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულ პრეისკურანტის თანხას გულისხმობდა, რომელიც 93 888 ლარია. თუმცა, პრეისკურანტში მითითებული თანხა არ ნიშნავს, რომ ავტომობილების შეკეთებისთვის სწორედ ამდენი დაიხარჯება. თუკი რეალურად დასახარჯი თანხის გაგება გვინდა, გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების საფასურით უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა პრეისკურანტით.
რეალურად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას 12 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება ორი ავტომობილის, HYUNDAI TUCSON-ისა და HYUNDAI IX35-ის ტექნიკურ მომსახურებაზე გაფორმებული. მიმწოდებელმა ორ ავტომობილზე ჯამში ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 ათასი ლარის მომსახურება უნდა გასწიოს. აქედან, როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, კონკრეტულად მერის სამსახურებრივ ავტომობილზე დაახლოებით 7 000 ლარი დაიხარჯება.
ხელვაჩაურის მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, მერიის ბალანსზე ჯამში 15 ერთეული ავტომობილია, რომელთა მოვლა - შენახვისთვის 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ჯამში 45 767 ლარია გამოყოფილი.
ანალიზი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძემ, განაცხადა:„მუნიციპალიტეტის მერს 100 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული მხოლოდ თავისი ავტომობილისთვის და თავისი კომფორტისთვის“. წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა წევრმა ფაქტ-მეტრთან დააზუსტა, რომ ამ თანხის დახარჯვას ხელვაჩაურის მერია მხოლოდ ორი ავტომობილის რემონტისთვის აპირებს.
ავტომობილების შეძენისა და სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა მიეკუთვნება ადმინისტრაციულ (ე.წ. ბიუროკრატიულ) ხარჯებს, რომელიც გაწერილია ბიუჯეტის საქონლისა და მომსახურების მუხლში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის მიხედვით,საქონელი და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ფინანსების მოცულობა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შემთხვევაში, 702 372 ლარს შეადგენს და ის შარშანდელ ფაქტობრივ მაჩვენებელთან შედარებით (725 361 ლარი) 22 989 ლარით ნაკლებია, თუმცა 2016 წლის ანალოგიურ მონაცემს (496 522 ლარი) 205 850 ლარით აღემატება.
ბიუჯეტში, საქონლისა და მომსახურების მუხლში გაწერილი თანხიდან 15 ავტომობილის მოვლა-შენახვისთვის მერიამ 2016 წელს - 47 798 ლარი (საქონლისა და მომსახურებისთვის განკუთვნილი მთლიანი თანხის 9.62%), ხოლო 2017 წელს 48 981 ლარი (6.75%) გახარჯა. რაც შეეხება 2018 წელს, ანალოგიურმა ხარჯმა 45 767 ლარი (6.51%) უნდა შეადგინოს.
აქედან, 12 ათასი ლარი უნდა გაიხარჯოს მერიის ბალანსზე მყოფი HYUNDAI TUCSON-ისა და HYUNDAI IX35-ის შესაკეთებლად, რისთვისაც ხელშეკრულებაუკვე გაფორმებულია. ხელშეკრულებას ახლავს პრეისკურანტის ცხრილი, რომელშიც მითითებულია ყველა სათადარიგო ნაწილისა და ერთეულზე მომსახურების ზღვრული ფასები, რომელიც ჯამურად 93 888 ლარს შეადგენს. მიშა ბოლქვაძე, როგორც თავად დააზუსტა, აქცენტს სწორედ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაზე აკეთებდა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანებაშიგანმარტებულია, რომ „პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება“ არის გარკვეული კოდის მქონე მომსახურებებისა და ასეთი მომსახურებებისთვის საჭირო სათადარიგო ნაწილების, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, საცხებ-საპოხი მასალის ერთეულების ჯამური ღირებულება. ხელშეკრულებაში პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების მითითება არ ნიშნავს, რომ შემსყიდველმა ეს თანხა უნდა აითვისოს. ხელშეკრულების ფასი 12 000 ლარია, რაც ნიშნავს, რომ წლის განმავლობაში (2019 წლის დასაწყისამდე) მიმწოდებელმა სწორედ ამ ღირებულების მომსახურება უნდა გასწიოს. თუ მერიას ავტომობილების მოვლა - შენახვისთვის გამოყოფილი თანხა არ ეყოფა, მხარეებს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა შეუძლიათ და ამის პრაქტიკა არსებობს კიდეც. თუმცა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ტარიელ ნაკაშიძის თქმით, დამატებითი ხარჯების საჭიროების შემთხვევაში, მერია საკრებულოს მიმართავს, რათა ბიუჯეტში ცვლილებები შევიდეს და ამის შემდეგ ახალ ტენდერს გამოაცხადებს.
ინფორმაციისთვის, მსგავსი განცხადება მიშა ბოლქვაძემ შარშანაც გააკეთა.ის ამბობდა, რომ გამგებელის ავტომობილის ტექნიკური მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან 73 000 ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. მაშინ ოპოზიციის განცხადების პასუხად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მინდია ბასილაძემ განმარტა, რომ გამგებლის მანქანის ტექნიკური მომსახურებისთვის სინამდვილეში 7 000 ლარი დაიხარჯებოდა. საბოლოოდ, ფაქტობრივად, სწორედ ეს თანხა დაიხარჯა. წელს კი, იმავე ავტომობილისა და მერიის განკარგულებაში არსებულ კიდევ ერთ ავტომობილს, ტექნიკური მომსახურების მიზნით, 12 000 ლარი უნდა მოხმარდეს.
გარდა უშუალოდ საკვლევი საკითხისა, ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რატომ სჭირდება ორი ავტომობილის შეკეთებას ამ მოცულობის ხარჯი. ჩვენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, ტარიელ ნაკაშიძეს დავუკავშირდით. მისი თქმით, ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა წლის განმავლობაში ბოლომდე იხარჯება. ტარიელ ნაკაშიძემ გვითხრა, რომ მერის ავტომობილი შედარებით ახალია, თუმცა მას 6-7 ათასი ლარის ტექნიკური მომსახურება მაინც სჭირდება.
ამ ეტაპზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, როგორც პრესსამსახურმა მოგვწერა, 21 ავტომობილია. აქედან 6 ამორტიზებულია და უნდა ჩამოიწეროს, ხოლო 11 ავტომობილით მერიის თანამდებობის პირები სარგებლობენ. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ფლობს 5 მიკროავტობუსს, რომლებსაც იყენებენ მუზეუმები, ბაღები, სამხედრო აღრიცხვის სამსახური და მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ ელექტრონულად გამოვითხოვეთ ინფორმაცია, კონკრეტეულად რა მიზნებისთვის რა რაოდენობის თანხა უნდა გაიხარჯოს საქონლისა და მომსახურების მუხლიდან 2018 წელს. მერიამ ეს ინფორმაცია არასრულყოფილად მოგვაწოდა, რის გამოც დავუკავშირდით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსს და ინფორმაციის დაზუსტება ვთხოვეთ. მეორე პასუხი პირველისგან თითქმის არაფრით განსხვავდება, თუ არ ჩავთვლით, რომ ამჯერად მუნიციპალიტეტის მერიამ დაამატა მონაცემი ნაგავმზიდის შეძენის შესახებ, რისთვისაც 43 573 ლარი თანადაფინანსების სახით გადაიხადა.