რეზიუმე:
სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელია და ძირითადად მის დავალებებს ასრულებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესწავლა სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებას არ განეკუთვნება და შესაბამისად, მას მსგავსი ქმედების განხორციელება არ შეუძლია. რაც შეეხება საკრებულოს დათხოვნას, აღნიშნული უფლებამოსილება, მთავრობის წარდგინებით და პარლამენტის თანხმობით, მხოლოდ პრეზიდენტს გააჩნია.
ამდენად, ალექსანდრე მოწერელიას განცხადება საფუძველს მოკლებულია და შეიძლება შეფასდეს როგორც მუნიციპალიტეტის (კანონით გარანტირებულ) დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა.
ანალიზი სამეგრელო-ზემო სვანეთის ახლადდანიშნულმა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესწავლის მიზნით, სპეციალური კომისია შეიქმნება.
„ჩვენ შეგვიძლია თითოეული მუნიციპალიტეტის საქმიანობა შევისწავლოთ. როდესაც კომისია შევა, შეისწავლის სად რა დარღვევაა, იმის მიხედვით, მერე რა სურათი გვექნება, გუბერნატორს შეუძლია შეაჩეროს საკრებულოების უფლებამოსილება, თუ ის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება, თუმცა ამას სჭირდება დამტკიცება. ნეპოტიზმი, ტენდერები, ბიუჯეტის სახსრების საეჭვო განკარგვა, ყველაფერი ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებს, თუმცა ამას სჭირდება დამტკიცება“ - განაცხადა მოწერელიამ.
სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის სტატუსს "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონი განსაზღვრავს. აღნიშნული კანონით, სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში აღმასრულებელი ხელისუფლების (ცენტრალური) წარმომადგენელია და მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობა. ამდენად, რწმუნებული სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელია. თავის მხრივ, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების ურთიერთობა ურთიერთთანამშრომლობის პრინციპზეა დაფუძნებული (მუხ. 7). აგრეთვე, მუნიციპალიტეტის საქმიანობაზე ხორციელდება სახელმწიფო ზედამხედველობა (თავი XVI),რომელიც ორი სახისაა:
სამართლებრივი ზედამხედველობა - ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ახორციელებს. აღნიშნული სახის ზედამხედველობა გულისხმობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენას. იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს დადგენილება კანონმდებლობას არ შეესაბამება და მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ უზრუნველყო მისი კანონთან თანხვედრა, პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება გააუქმოს თუნდაც კანონსაწინააღმდეგო დადგენილება. ამისთვის, ის სასამართლოს მიმართავს (მუხ. 132). დარგობრივი ზედამხედველობა - ხორციელდება მუნიციპალიტეტის დელეგირებულ უფლებამოსილებაზე, მუნიციპალიტეტის საქმიანობის კანონიერად და ჯეროვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად. დარგობრივ ზედამხედველობას ახორციელებს ის სამინისტრო/დაწესებულება, რომლის უფლებამოსილებაც დელეგირებულია მუნიციპალიტეტზე (მუხ. 130.2). ერთ-ერთი ასეთი უფლებამოსილებაა მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო უზრუნველყოფს. (მუხ. 51). სამინისტრო აღნიშნულ საქმიანობას სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის საშუალებით ასრულებს (მუხ. 5 „ი“). ამრიგად, სახელმწიფო რწმუნებულს უფლება აქვს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მიერ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული საქმიანობა შეისწავლოს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის საქმიანობის (მუნიციპალიტეტის ფინანსებისა და ქონების გამოყენების კანონიერება და ეფექტიანობა) შესწავლის უფლებამოსილება გააჩნია სახელმწიფო აუდიტს, საკრებულოს გადაწყვეტილებით დამოუკიდებელ აუდიტს და მერიის შიდა აუდიტს (მუხ. 140).გარდა აღნიშნული ორგანოების/პირებისა, კანონით, სხვას არ აქვს უფლება შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობა.
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება, მთავრობის წარდგინებით და პარლამენტის თანხმობით, პრეზიდენტს შეუძლია (მუხ. 141). საკრებულოს დათხოვნა ან საქმიანობის შეჩერება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა საკრებულოს ქმედებამ საფრთხე შეუქმნა ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას (მუხ. 73 „კ“). იმისთვის, რომ საკრებულოს დათხოვნა ან საქმიანობის შეჩერება დაიწყოს, საჭიროა მისმა ქმედებამ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი ფაქტის დადგომა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი უფლებამოსილია საკრებულოს დათხოვნის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ წინადადება წარუდგინოს მთავრობას (მუხ. 5 „თ“).ამრიგად, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილება მხოლოდ წინადადების წარდგენით შემოიფარგლება და არა საკრებულოს დათხოვნის ან საქმიანობის შეჩერების უფლებით.
რაც შეეხება ალექსანდრე მოწერელიას მიერ ნახსენებ საკითხებს (ნეპოტიზმი, ტენდერები, ბიუჯეტის სახსრების საეჭვო განკარგვა), ეს ყველაფერი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და მასზე რეაგირებას შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ და არა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი. თუმცა, დადასტურების შემთხვევაშიც, აღნიშნული ფაქტი ვერ იქნება საკრებულოს დათხოვნის ან საქმიანობის შეჩერების საფუძველი, ვინაიდან ეს არ წარმოადგენს ქვეყნის სუვერენიტეტის ან ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, ან რომელიმე სახელმწიფო ორგანოსთვის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლას. კორუფციის ან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ცალკეულ თანამდებობის პირებს და არა მუნიციპალიტეტის ორგანოებს.