რეზიუმე: მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტთან შეხვედრისას, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმაგანაცხადა(44-ე წუთიდან), რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით, ეკონომიკაში მინიმუმ ორჯერ არის ტემპი გაზრდილი ყველა მიმართულებით.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე შემდეგი მნიშვნელოვანი სექტორების მიხედვით გადაამოწმა: მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი ზრდის ტემპი; მშპ ერთ სულ მოსახლეზე; დასაქმება და ხელფასები; სიღარიბის მაჩვენებლები; ვალუტის კურსი; ეროვნული დანაზოგები; ფასები და ინფლაცია; ინვესტიციები; საგარეო ვაჭრობა; ბიუჯეტი; სახელმწიფოს ვალი; ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
ანალიზმა (რომელიც შეგიძლიათ ქვემოთ ვრცლად იხილოთ) აჩვენა, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან, პრაქტიკულად არცერთი მიმართულებით, მდგომარეობა და ტემპები ორჯერ არ გაუმჯობესებულა. მეტიც, გაუარესებულია ვითარება ეკონომიკური ზრდის ტემპის, ეროვნული ვალუტის კურსისა და სახელმწიფო ვალის ცვლილების ტენდენციების თვალსაზრისით. ჩამოთვლილთაგან, პრაქტიკულად ერთადერთი მიმართულება, სადაც მაჩვენებლების არსებით გაუმჯობესებაზე შეიძლება საუბარი, ტურიზმის სექტორია, გარკვეულწილად დადებითია ეროვნული დანაზოგების ცვლილების ტენდენციაც. შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ტყუილია.
ანალიზი
მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი ზრდა, მშპ ერთ სულზე
2004-2017 წლებში მშპ-ს რეალური მაჩვენებელი ზრდადია, გამონაკლისია, მხოლოდ, 2009 წელი. თუმცა, ზრდის ტემპი (ეკონომიკური ზრდა) ცვალებადი ტენდენციით ხასიათდება. ეკონომიკა განსაკუთრებულად მაღალი ზრდის ტემპით 2004-2007 წლებში გამოირჩეოდა (საშუალოდ 9.3%). 4 წლიან მონაკვეთში ქვეყნის რეალური მშპ 1.43-ჯერ გაიზარდა. აგვისტოს ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გავლენით, ეკონომიკის ზრდა 2008 წელს 2.4%-მდე შენელდა, 2009 წელს კი ეკონომიკა 3.7%-ით შემცირდა. კრიზისის შემდგომ პერიოდში, 2010-2012 წლებში, ეკონომიკის საშუალო წლიურმა ზრდამ 6.6% შეადგინა.
საერთო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ქვეყნის რეალური მშპ დაახლოებით 1.71-ჯერ, 13.9 მლრდ-დან 23.7 მლრდ ლარამდე გაიზარდა. 2004-2012 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 6.2%-ით იზრდებოდა.
გრაფიკი 1: მშპ-ს ცვლილების ტენდენცია (მლრდ ლარი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ხელისუფლების ცვლილების შემდგომი პერიოდი შენელებული ეკონომიკური ზრდით გამოირჩეოდა და 2013-2017 წლებში ეკონომიკა საშუალოდ, მხოლოდ, 3.7%-ით იზრდებოდა. შედეგად, 5 წლის მანძილზე, ქვეყნის რეალური მშპ 1.2-ჯერ, 23.7 მლრდ-დან 28.4 მლრდ ლარამდე გაიზარდა.
შენელებულ ეკონომიკურ ზრდას შესაბამისი განმაპირობებელი ფაქტორები გააჩნდა, რომელთაგან ნაწილი ცალკეული ქვეყნის ხელისუფლების გავლენის სფეროს არ განეკუთვნება, თუმცა ნაწილზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება (იხ.ბმული 1; ბმული 2; ბმული 3).
გრაფიკი 2: მშპ ერთ სულზე - ცვლილების ტენდენცია
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც გრაფიკი 2-დან ჩანს, 2004-2012 წლებში რეალური მშპ, ერთ სულზე, დაახლოებით, 1.7-ჯერ 3,732-დან 6,343 ლარამდე გაიზარდა, საშუალო წლიურმა ზრდამ კი 7% შეადგინა. 2013-2017 წლებში, აღნიშნული მონაცემი, 1.2-ჯერ 6,343-დან 7,624 ლარამდე გაიზარდა. საშუალო წლიურმა ზრდამ 3.8% შეადგინა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდგომ პერიოდში, მშპ-ს უფრო სწრაფი ტემპებით ზრდაზე ნებისმიერი მითითება, ობიექტურ საფუძველს მოკლებულია.
დასაქმება
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, 2012 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 1 659.4 ათას პირს შეადგენდა, რაც შრომისუნარიანი მოსახლეობის 54.3%-ია. მათ შორის, კერძო სექტორში 1 372.4 ათასი პირი იყო დასაქმებული, ხოლო საჯარო სექტორში - 287 ათასი პირი. საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა 1 706.6 ათასია, რაც 2012 წელთან შედარებით, 2.8%-ით, 47.2 ათასი დასაქმებულითაა გაზრდილი. რაც შეეხება დასაქმებას ინსტიტუციურ ჭრილში, 2012-2017 წლებში კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 3.7%-ით გაიზარდა, ხოლო საჯარო სექტორში კი 1.1%-ით შემცირდა[1]. ასევე, ქვეყანაში არსებული დასაქმების შესაფასებლად მნიშვნელოვანია ვნახოთ შრომისუნარიან მოსახლეობაში (სამუშაო ძალა) დასაქმებულთა წილი - დასაქმების დონე. ამ მხრივ, 2017 წელს დასაქმების დონე 56.7%-ს შეადგენს, რაც 2012 წელთან შედარებით, 2.4% პუნქტით მაღალია. ამდენად, ორჯერ ზრდაზე აპელირება ამ შემთხვევაშიც არასწორია.
გრაფიკი 3: საჯარო (ყვითელი ფერით) და კერძო (მწვანე ფერით) სექტორში დასაქმება (ათასი კაცი, %)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ხელფასები
მთლიანი მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლები ფულად და არაფულად სახსრებს მოიცავს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს მოსახლეობის ჯამურმა საშუალო თვიურმა ნომინალურმა შემოსავლებმა 1 181.9 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო ამავე წლის რეალურმა[2]შემოსავლებმა - 951.7 მლნ ლარი.მოსახლეობის ნომინალური მთლიანი შემოსავლები, 2012 წელთან შედარებით, 42.3%-ით (351.1 მლნ ლარი) და რეალური შემოსავლები 23.2%-ით (179.1 მლნ ლარი) არის გაზრდილი. მათ შორის, 2012-2017 წლებში მთლიანი მოსახლეობის ნომინალური ფულადი სახსრები 48.0%-ით გაიზრდა, ხოლო რეალური - 28.1%-ით.
გრაფიკი 4: მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების განაწილება წლების მიხედვით, მთლიანი (მლნ ლარი)*
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, შინამეურნეობის საშუალო ყოველთვიური ნომინალური შემოსავალი 317.6 ლარითაა გაზრდილი, რაც 40%-იანი ზრდაა. რაც შეეხება საშუალო ყოველთვიურ რეალურ შემოსავალს, ეს მაჩვენებელი, 2012 წელთან შედარებით, 156.8 ლარით, 21.3%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც, ორჯერ ზრდა არ ფიქსირდება.
სიღარიბე
იუნისეფი 2009 წლიდან „საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას“ იკვლევს. მოსახლეობის სიღარიბე და კეთილდღეობა სამომხმარებლო ხარჯების ანალიზის საფუძველზე ფასდება. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა, როდესაც ადამიანი დღიურად 1.25 დოლარზე ნაკლებს ხარჯავს. ზოგადი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 2.5 დოლარი დღეში. კვლევა 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
იუნისეფის მონაცემებით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 2011-2015 წლებში მუდმივად მცირდებოდა. 2017 წლისკვლევისთანახმად კი, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, საქართველოში სიღარიბის დონე მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2017 წლის მონაცემებით, ზოგად სიღარიბეში ცხოვრობს მოსახლეობის 21.7%, რაც 3.3 პროცენტული პუნქტით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის წილი 2017 წელს 2015 წელთან შედარებით 2.4-ჯერ გაიზარდა, უკიდურესი სიღარიბის დონე ასევე გაზრდილია 2013 წელთან შედარებითაც. იუნისეფმა სიღარიბის ზრდის გამომწვევ მიზეზებად ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება და გაზრდილი სამომხმარებლო ფასები დაასახელა (იხ. ამ თემაზე ფაქტ-მეტრისსტატია).
გრაფიკი 8: უკიდურესი და ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები, 2009-2017 წლებში
წყარო: საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევები, იუნისეფი
საქსტატისმონაცემებით, აბსოლუტურ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს მოსახლეობის 21.9%, რაც 2012 წელთან შედარებით, 8.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. აქვე აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით, სიღარიბის დონე 2016 და 2017 წლებში გაზრდილია.
გრაფიკი 9: სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი, 2010-2017 წლებში
წყარო: საქსტატი
სიღარიბის ერთ-ერთი განმსაზღვრელი კრიტერიუმი არისფარდობითი სიღარიბე, რომელიც აჩვენებს, მოსახლეობის შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამისობას მათ საშუალო მოხმარებასთან. საქსტატის მეთოდოლოგიით, ღარიბად ითვლება ის, ვინც საშუალო მოხმარების 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს. 2016-2017 წლებში ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. 2017 წელს ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი (22.3%) თითქმის იგივე დონეზეა, რაც იყო 2012 წელს (22.4%).
ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები გაიზარდა. საქართველოში სიღარიბის შემცირების ტენდენცია წინა ხელისუფლების პერიოდში, 2011 წლიდან დაიწყო და ის გაგრძელდა 2015 წლის ჩათვლით. სიღარიბის დონე 2012 წელთან შედარებით, შემცირებულია, თუმცა არა ორჯერ.
ლარის კურსი
ლარის კურსი ეროვნული ვალუტის ერთგვარი ფასია, გამოსახული სხვა ქვეყნის ეროვნულ ვალუტაში. მის ჩამოყალიბებაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საქონლის ფასის შემთხვევაში, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობა ახდენს გავლენას. თუ მაღალია ლარის მიწოდება და დოლარზე მოთხოვნა ლარის კურსი მცირდება. ლარზე მაღალი მოთხოვნისა და დოლარის მაღალი მიწოდების შემთხვევაში პირიქით ლარი მყარდება.
გრაფიკი 10: ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება დოლართან მიმართებაში, 2003-2018 წლები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2004 წლიდან 2008 წლის მეორე ნახევრამდე ლარს გამყარების ტენდენცია გააჩნია. 2004 წლის დასაწყისში საშუალოდ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.1-ის, 2008 წლის ნოემბრის დასაწყისისათვის კი 1.45-ის ნიშნულზე იყო. აღნიშნული გამყარება განპირობებულია როგორც ეკონომიკაში მიმდინარე დადებითი პროცესებით, ამავდროულად ანალოგიურ პერიოდში კლებადია დოლარის ინდექსი, რაც ყველა სხვა ვალუტასთან, მიმართებაში დოლარის კურსის კლების ტენდენციას აღნიშნავს.
2008 წლის ნოემბრის ბოლოდან კურსი საფეხურეობრივად 1.65 მდე გაიზარდა (გაუფასურება) ზოგადი დაბალი ზრდის ტენდენციით 2011 წლის თებერვლის დასაწყისში კურსი 1.81-ის ნიშნულამდე გაიზარდა, რის შემდგომაც კლების ტენდენციას დაუბრუნდა და 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში, სტაბილურად, 1.66-ის მიდამოებში ნარჩუნდებოდა. აღსანიშნავია, რომ კრიზისული 2008-2009 წლების განმავლობაში, მაშინდელმა ხელისუფლებამ, კურსის სტაბილურობის უზრუნველყოფა მოახერხა, რაც მოცემულ პერიოდში მოზიდული დიდი ოდენობით საგარეო ვალდებულებების შედეგად, უცხოური ვალუტის შემოდინებამ გახადა შესაძლებელი.
ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, საწყის პერიოდში, ლარის კურსი ინარჩუნებდა სტაბილურობას. მოგვიანებით, ზომიერი ზრდის ტენდენციით, 2014 წლის ნოემბრისათვის ლარის კურსმა 1.75-ის ნიშნულს მიაღწია. ლარის კურსის ცვლილება განსაკუთრებით აქტუალური საკითხი სწორედ 2014 წლის ბოლოდან მოყოლებული გახდა, როცა დოლართან მიმართებაში, ეროვნული ვალუტის კურსი არსებითად (55-60%) შემცირდა და გაუფასურების ტენდენცია 2016 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით შენარჩუნდა. 2016 წლის მარტის მეორე ნახევრიდან დაწყებული ლარის გამყარების ტენდენცია კი, 11 ივნისამდე შენარჩუნდა, რასაც ასევე მკვეთრი გაუფასურება (კურსის შემცირება) მოჰყვა. აღნიშნული პერიოდის შემდგომ შესამჩნევი გახდა, რომ ლარმა წონასწორობის ახალი დიაპაზონი (2.40-2.45-ის მიდამოებში) „იპოვა“, თუმცა შეიძინა გამოკვეთილი სეზონურობა. კერძოდ, კურსი მაქსიმალურ ნიშნულს საანგარიშო პერიოდის (ამ შემთხვევაში - წლის) ბოლოს აღწევს. 2018 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში, 2.7-ის მიდამოებში მერყეობდა. ლარის კურსის შემცირება გამოწვეულია როგორც საგარეო ფაქტორებით, ასევე, ხელისუფლების ქმედებებითა თუ უმოქმედობით ცალკეულ საკითხებში. (იხ.ბმული 1;ბმული 2;ბმული 3).
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ვალუტის კურსის კონტექსტში, ქვეყანაში ვითარება ორჯერ კი არ გაუმჯობესდა, არამედ, გაუარესდა.
ეროვნული დანაზოგები
ეკონომიკის განვითარების წინაპირობას ინვესტირება წარმოადგენს, რაც თავის თავში გულისხმობს ახალი ბიზნესის წამოწყებას ან უკვე არსებულის გაფართოებას. ინვესტირების წყარო კი, გარდა უცხოური ინვესტიციებისა, არის ეროვნული დანაზოგი - ადგილობრივი ფინანსური რესურსი, რომელიც დაზოგვის შედეგად წარმოიშობა. ეროვნული დანაზოგის შეფასება ქვეყნის ეკონომიკასთან მიმართებაში ხორციელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდიაქვეყნებსეროვნული დანაზოგის ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებლებს. მნიშვნელოვანია, რომაბსოლუტურ მაჩვენებლებში მისიანალიზი არ უნდა მოხდეს, ვინაიდან კონკრეტული ოდენობით რესურსი შესაძლებელია იყოს საკმარისად დიდი მცირე ეკონომიკის პირობებში და იყოს მცირე დიდი ეკონომიკის პირობებში.
გრაფიკი 11: მთლიანი ეროვნული დანაზოგი მშპ-სთან, 2003-2017 წლები
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი
აღსანიშნავია, რომ დაზოგვის წინაპირობას, გარდა საკმარისი შემოსავლების არსებობისა, დაზოგვისადმი დამოკიდებულებაც წარმოადგენს. მიჩნეულია, რომ ინდივიდების მსგავსად, ერებსაც დაზოგვის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნიათ. საქართველო, ამ მხრივ, იმ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც დაზოგვის მაჩვენებელი მაღალი არარის.
საქართველოს შემთხვევაში, როგორც გრაფიკიდან ჩანს, მთლიანი ეროვნული დანაზოგის ფარდობა მშპ-სთან, 2004-2012 წლებში, საშუალოდ, 13.9%-ს შეადგენდა, 2013-2017 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი 20.2%-მდე არის გაზრდილი, რაც ცალსახად დადებითი ტენდენციაა. თუმცა, უშუალოდ დაზოგვის ფარდობითი მაჩვენებლის ცვლილების ტენდენციას თუ შევხედავთ, შესამჩნევია, რომ 2017 წელს დაფიქსირებული მაჩვენებელი არსებითად არ არის განსხვავებული 2003-2004 წლების მონაცემისაგან.
ვალი
2003-2012 წლებში სახელმწიფო ვალის[1] აბსოლუტური მაჩვენებელი, გამოსახული ლარში, გაიზარდა 69%-ით, სამთავრობო ვალის მაჩვენებელი 78%-ით. „ქართული ოცნების“ პერიოდში, სახელმწიფო ვალის ზრდამ შეადგინა 86%, სამთავრობო ვალის ზრდამ – 96%.
ვალის ტვირთის სრულფასოვნად შესაფასებლად მიღებულია მისი მთლიანი მოცულობის მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობის მაჩვენებელი.
გრაფიკი 12: სახელმწიფო და მთავრობის ვალის ფარდობითი მაჩვენებელი მშპ-სთან
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
2003 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი 63.3%-ს შეადგენდა. 2012 წლისთვის აღნიშნული მონაცემი 45%-ით (28.5 პუნქტი) 34.83%-მდე შემცირდა. ამავე პერიოდში, 43%-ით (24 პუნქტი) შემცირდა სამთავრობო ვალის ფარდობა მშპ-სთან. „ქართული ოცნების“ პირობებში, სახელმწიფო ვალის ფარდობითი მაჩვენებელი გაიზარდა 28%-ით (9.8 პუნქტი), სამთავრობო ვალი კი – 35%-ით (11.4 პუნქტით). რაც, შესაბამისად, ვალის 1.28 და 1.35-ჯერ ზრდას ნიშნავს და ამ კუთხით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს. ვრცლად ამ თემაზე იხილეთ ფაქტ-მეტრის სტატია.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
გრაფიკი 13: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (მლნ დოლარი)
წყარო: საქსტატი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (პუი) აბსოლუტური მოცულობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გაიზარდა[1]683 მლნ დოლარით (200%). „ქართული ოცნების“ პერიოდში, 2012-2017 წლებში, 862 მლნ დოლარით (85%). პუი-ს ფარდობა მშპ-სთან, საშუალოდ 10%-ს ფარგლებში მერყეობს, თუმცა სტაბილური მაჩვენებელი ამ წლებში არ დაფიქსირებულა და დინამიკა, ორივე ხელისუფლების დროს ცვალებადია. 2006-2007 წლებში, დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (მშპ-სთან ფარდობის თვალსაზრისით) რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ განხორციელებულ რადიკალურ რეფორმებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამ პერიოდის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იკლო. 2004-2012 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარდობა მშპ-სთან, საშუალოდ, 9.8%-ს შეადგენდა. ანალოგიური მონაცემი 2013-2017 წლებისათვის 10.5%-ს უტოლდება.
საგარეო ვაჭრობა
საქართველოში, ისტორიულად, იმპორტი ჭარბობს ექსპორტს. საგარეო ვაჭრობის შემთხვევაში, რელევანტურია ექსპორტ-იმპორტის აბსოლუტური მაჩვენებლების, ფარდობითი მაჩვენებლის მშპ-სთან და ექსპორტ-იმპორტის პროცენტული ფარდობის განხილვა.
გრაფიკი 14: საგარეო ვაჭრობა
წყარო: საქსტატი
ექსპორტის მშპ-სთან ფარდობის საშუალო მაჩვენებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო 13% ხოლო იმპორტის - 45.3%. „ქართული ოცნების“ პერიოდში იგივე მაჩვენებელი ექსპორტის შემთხევაში იყო 16.8%, იმპორტის შემთხვევაში - 51.5%. ექსპორტისა და იმპორტის ფარდობის პროცენტული მაჩვენებელი „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში იყო, საშუალოდ, 30%, „ქართული ოცნების“ პერიოდში, საშუალოდ - 32%. დადებით ტენდენციად ჩაითვლებოდა ექსპორტისა და იმპორტის ფარდობით მაჩვენებლებს შორის სხვაობის შემცირება. თუმცა, მოცემული მიმართულებით არათუ 2-ჯერ არ გაუმჯობესებულა ვითარება, პრაქტიკულად ცვლილება არ ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი უჭირავს რეექსპორტს. აღნიშნულ საკითხზე შეგიძლიათ იხილოთ ფაქტ-მეტრის სტატია.
სამომხმარებლო ფასების დონე - ინფლაცია
ინფლაციაარის ეკონომიკაშიფასთა საერთო დონის ზრდა საბაზო პერიოდის დონესთან შედარებით. ინფლაცია ასევე მოიაზრება, როგორცფულის მსყიდველობითი უნარისკლება.
გრაფიკი 15: ინფლაციის დინამიკა საქართველოში, 2003-2017 წლებში
წყარო: საქსტატი
საშუალო წლიური ინფლაცია „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში იყო 6.4%, ხოლო „ქართული ოცნების“ პერიოდში 2.3%. გრძელვადიან პერიოდში ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი არასასურველი მოვლენაა. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი ინფლაცია როგორც წესი, მაღალ ეკონომიკურ ზრდას ახლავს და „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, ეკონომიკა უფრო სწრაფი ტემპებით იზრდებოდა.
ბიუჯეტი
2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 11 618.6 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 30.5%-ს შეადგენს. 2012 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 8 004.0 მლნ ლარი იყო, რაც მშპ-ს 30.6%-ია. 2012-2017 წლებში ბიუჯეტის შემოსულობები 3 614.6 მლნ ლარითაა გაზრდილი, აღნიშნული კი, ამავე პერიოდში, ბიუჯეტის შემოსულობების 45.2%-ით ზრდას ნიშნავს. აქვე უნდა ითქვას, რომ 2012-2017 წლებში საგადასახადო კუთხით განხორციელებულმა ცვლილებებმა ერთმანეთი დააბალანსა და ჯამში გადასახადების განაკვეთი არ შეცვლილა. ამრიგად, 2012-2017 წლებში ბიუჯეტის მოცულობის ზრდაში სრული კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდას გააჩნია, თუმცა ბიუჯეტი ორჯერ არ გაზრდილა.
გრაფიკი 16: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები (მლნ ლარი, %)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გრაფიკი 17: სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება (%)
წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სოფლის მეურნეობა
2013-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯამური დაფინანსება 1 437 მლნ ლარი იყო. მიმდინარე წელს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი 275 მლნ ლარია. აქედან, სოფლის მეურნეობისთვის 188 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც მთლიანი ბიუჯეტის 1.5%-ს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის დაფინანსების ზრდა 2012 წლიდან დაიწყო და 2013-2017 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების წილი მთლიან ბიუჯეტში, საშუალოდ, 3.64% იყო.
აგრარულ სექტორში პროგრესის სანახავად, აღნიშნულ დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს უნდა შევადაროთ. ამ მეთოდით შედარება ფასების მატებით (ინფლაციით) გამოწვეული ღირებულების ზრდას გამორიცხავს. სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა (წარმოების ოდენობის ცვლილება წინა წელთან მიმართებაში) გვიჩვენებს თუ როგორ იცვლებოდა სექტორის გამოშვება ფასების ცვლილების ეფექტის გარეშე.
სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის მაჩვენებელი 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, უარყოფითია. გამოშვება 2.7%-ით შემცირდა. 2016 წელს ზრდა მხოლოდ 0.3 % იყო.
რადგან ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ მახასიათებლებს წინა ხელისუფლების შედეგებთან კავშირში ახსენებს, ჩვენ 2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი, 2013-2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარეთ.
ცხრილი 1: სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა, მშპ-ში წილი და ბიუჯეტში წილი (%)
წელი | რეალური ზრდა | სექტორის წილი მშპ-ში | ბიუჯეტში წილი |
2004 | -7,70 | 17,90 | 1,60 |
2005 | 11,70 | 16,70 | 1,50 |
2006 | -11,70 | 12,80 | 1,00 |
2007 | 3,10 | 10,70 | 2,50 |
2008 | -4,40 | 9,40 | 1,10 |
2009 | -6,50 | 9,40 | 1,20 |
2010 | -4,20 | 8,40 | 0,60 |
2011 | 8,50 | 8,80 | 1,40 |
2012 | -3,80 | 8,60 | 3,40 |
2013 | 11,30 | 9,40 | 3,40 |
2014 | 1,60 | 9,30 | 3,60 |
2015 | 1,50 | 9,10 | 3,80 |
2016 | 0,30 | 9,00 | 3,80 |
2017 | -2,70 | 8,20 | 3,60 |
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2004-2012 წლებში სოფლის მეურნეობის წილი ბიუჯეტში საშუალოდ 1.59%-ია, პერიოდზე რეალური წლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი, ძირითადად უარყოფითია.
რაც შეეხება, 2013-2017 წლებს, სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი ბიუჯეტში, საშუალოდ, 3.6%-ია (2.6-ჯერ მეტი), სოფლის მეურნეობის რეალური ზრდა კი, საშუალოდ, 1.8%-ს უტოლდება. თუმცა, ბოლო წლებში კლების ტენდენციაა გამოკვეთილი და 2017 წელს უკვე უარყოფითი შედეგი მივიღეთ - სოფლის მეურნეობის გამოშვება 2.7%-ით შემცირდა. კლების ტენდენცია 2018 წლის II კვარტალშიც შენარჩუნებულია.
შედარების თვალსაზრისით, 2004-2012 წლებში სექტორის წილი მშპ-ში საშუალოდ 11.32% იყო, 2013-2017 წლებისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 9%-მდეა შემცირებული, თანაც გაზრდილი საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში. 2013 წლიდან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი ყოველწლიურად მცირდება. ე.ი. სხვა სექტორში უფრო მეტი დამატებითი ღირებულება იქმნება, ვიდრე სოფლის მეურნეობაში. დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ გაზრდილი დაფინანსების პარალელურად, სოფლის მეურნეობის სექტორში საერთო სურათი არსებითად არ გაუმჯობესებულა.
ტურიზმი
ტურისტულ სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულება ქართული ეკონომიკის არსებითი მდგენელია, ბოლო წლებისმონაცემებისთანახმად, მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი, საშუალოდ, 6.5%-ს შეადგენს და ზრდის ტენდენციით ხასიათდება. როგორც უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინების წყარო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ზრდის დინამიკის შენარჩუნება.
გრაფიკი 18: ტურიზმიდან შემოსავლების ცვლილების ტენდენცია (მლნ აშშ დოლარი)
წყარო: მსოფლიო ბანკი; საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, აბსოლუტური მაჩვენებლები აღრიცხვის განსხვავებული მეთოდოლოგიის გათვალისწინებით განსხვავებულია, თუმცა ცვლილების დინამიკა იდენტურია. კერძოდ, აბსოლუტური მაჩვენებლები მზარდია ყველა პერიოდისათვის, თავისთავად ზრდის ტემპი კი 2005 წლის არსებითი ზრდის შემდგომ კლებადია და ზრდის ტენდენციას 2010-2012 წლებისათვის უბრუნდება. 2013-2014 წლების შემცირების შემდგომ კი ისე განაგრძობს ზრდას. საერთო ჯამში, ტურიზმიდან შემოსავლების ზრდის ტემპის საშუალო მაჩვენებელი 2004-2012 წლებში ეროვნული ბანკის მონაცემებით 64%-ს, მსოფლიო ბანკის მიხედით - 28.5%-ს შეადგენს. ანალოგიური მონაცემები 2013-2017 წლებისათვის ეროვნული ბანკის მონაცემებით 14.7%-ს შეადგენს. მსოფლიო ბანკის შემთხვევაში მხოლოდ 2013-2016 წლების მონაცემია ხელმისაწვდომი, წლიური ზრდის საშუალო კი, 11.2%-ს შეადგენს (იხ.ბმული 1).
აბსოლუტური ნომინალური მაჩვენებლების დროში ცვლილების ტენდენცია სრულყოფილ სურათს არ იძლევა. შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსავლების შესაბამისი პერიოდის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებლის გამოყენება უფრო მართებულია.
გრაფიკი 19: ტურიზმიდან შემოსავლების ფარდობა შესაბამისი პერიოდის მშპ-სთან
წყარო: მსოფლიო ბანკი; საქართველოს ეროვნული ბანკი
როგორც გრაფიკიდან ჩანს, აღნიშნული მაჩვენებელი ძირითადად ზრდის ტენდენციით ხასიათდება. 2004-2012 წლებში საშუალო მაჩვენებელი ეროვნული და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, შესაბამისად, 2.96 და 5.56%-ს შეადგენს. 2013-2017 წლებში ეროვნული ბანკის შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 11.12%-ს, მსოფლიო ბანკის შემთხვევაში კი 2013-2016 წლებისათვის 13.86%-ს უტოლდება.
რაც შეეხება უშუალოდ უცხოელ ვიზიტორთა ოდენობის ცვლილების ტენდენციას, აღნიშნული მაჩვენებელი ვიზიტორების შემთხვევაში მუდმივად მზარდია, იზრდება საერთაშორისო ტურისტების[4] ოდენობაც 2010 წლიდან[5] მოყოლებული.
გრაფიკი 20: საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკა (ათასი)
წყარო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; მსოფლიო ბანკი
ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ ტურისტების ოდენობის წლიური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2011-2012 წლებში 29.6%-ს შეადგენს. ანალოგიური მონაცემი 2013-2017 წლებისათვის კი, 14.6%-ს უტოლდება. ტურიზმის შემთხვევაში, როგორც ტურისტთა ნაკადის, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების თვალსაზრისით, მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებაზე განცხადება რეალობას შეესაბამება.
[1]გასათვალისწინებელია საბაზო ეფექტის გავლენა
[2]რეალური შემოსავლების შეფასებისათვის გამოყენებულია 2010 წლის სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რაც გულისხმობს, საანგარიშო პერიოდში, შემოსავლების ზრდაში ინფლაციის კონტრიბუციის გამორიცხვას.
[3]გასათვალისწინებელია საბაზო ეფექტის გავლენა
[4]ვიზიტორები, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში
[5]2010 წლამდე მონაცემები ტურისტების ოდენობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის
ავტორები:
ვალერი კვარაცხელია
თეონა აბსანძე
ეგნატე შამუგია
ვერიკო სუხიაშვილი
ვახტანგ დემურია