რეზიუმე: 2016-2017 წლებშიქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა[1] შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, 2015 წელს 1 733.8 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, 2016 წელს -1 717.3 ათასი, ხოლო 2017 წელს - 1 706.6 ათასი. ასევე, 2016-2017 წლებში შრომისუნარიან მოსახლეობაში დასაქმებულთა წილი 57.4%-დან 56.7%-მდე შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ხსენებულ წლებში ქვეყანაში უმუშევრობის დონეც (პროცენტულ მაჩვენებლებში) მცირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დასაქმების კუთხით მდგომარეობა უმჯობესდება, რადგან უმუშევრობის დონის[2] შემცირება გამოწვეულია არა სამუშაო ადგილების მატებით, არამედ სამუშაო ძალის (მუშაობის სურვილისა და უნარის მქონე პირების) რაოდენობის შემცირებით. სამუშაო ძალის[3], ანუ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირება კი უარყოფითი მოვლენაა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროცენტებში გამოხატული უმუშევრობის დონე რეალურ მდგომარეობას ნაკლებად ასახავს (უფრო ზუსტი ინდიკატორი დასაქმებულთა რაოდენობაა), ივანე მაჭავარიანის განცხადება - „უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა“, ამ მაჩვენებლებითაც კი არაზუსტია, ვინაიდან უმუშევრობის დონე 1998-2004 წლებში დღეს არსებულ 13.9%-ზე ნაკლები იყო.
ანალიზი
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, საქათველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განცხადა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა.
უმუშევრობის დონე სამუშაო ძალაში უმუშევართა წილია, ხოლო სამუშაო ძალას დასაქმებული და ის უმუშევარი პირები წარმოადგენენ, რომლებსაც მუშაობის სურვილი და უნარი აქვთ. პირი უმუშევრად ითვლება თუ ის არ იყო დასაქმებული საქსტატის მიერ წარმოებული გამოკითხვის მომენტიდან წინა 7 დღის განმავლობაში (თუნდაც 1 საათით) და ბოლო 4 კვირის განმავლობაში ეძებდა სამუშაოს და მომავალი 2 კვირის მანძილზე მზად იყო დასაქმებისთვის. შესაბამისად, სხვა შრომისუნარიანი პირები სტატისტიკური მაჩვენებლების (სამუშაო ძალა) მიღმა რჩებიან, თუ საქსტატის მიერ წარმოებული გამოკითხვის წინა 4 კვირის მანძილზე თუ არ ეძებდნენ სამუშაოს. თავის მხრივ, შრომისუნარიანი მოსახლეობის სამუშაო ძალის მიღმა ყოფნა შეიძლება ე.წ. „იმედდაკარგული მუშახელის“ (discouraged worker) ზრდას უკავშირდებოდეს. აღნიშნული ტერმინი ასახავს მდგომარეობას, როცა შრომისუნარიანი პირი სამუშაოს დიდი ხნის განმავლობაში ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს და ძებნას თავს ანებებს.ამრიგად, ქვეყნაში არსებულ უმუშევრობა/დასაქმების კუთხით არსებულ მდგომარეობას უფრო უკეთ დასაქმების დონე ასახავს, რომელიც გვიჩვენებს შრომისუნარიანი მოსახლეობის რა ნაწილია დასაქმებული.
2017 წელის მდგომარეობით, შრომისუნარიანი მოსახლეობის 56.7% იყო დასაქმებული. 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 0.4 პროცენტული პუნქტით მეტი, 57.1% იყო. 2015 წელს კი, ეს მონაცემი 57.4% უდრიდა. ამდენად, ბოლო წლებში სახეზეა დასაქმებულთა წილის კლება. ამავე პერიოდში შრომისუნარიან მოსახლეობაში სამუშაო ძალის წილიც შემცირდა. 2015 წელს თუ სამუშაო ძალა შრომისუნარიანი მოსახლეობის 66.8%-ს შეადგენდა, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 65.8% -მდეა შემცირებული.
გრაფიკი 1:მოსახლეობის რაოდენობა, სამუშაო ძალა და დასაქმების დონე (ათასი კაცი, %)
წყარო: საქსტატი
მიუხედავად იმისა, რომ 2016-2017 წლებში ქვეყანაში უმუშევრობის დონე, ანუ უმუშევართა პროცენტული წილი შემცირდა, აღნიშნული დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე არ მიუთითებს. პირიქით, ამ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ხოლო, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება სამუშაო ძალის (ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა), ანუ მუშაობის სურვილისა და უნარის მქონე ადამინების რაოდენობის შემცირებითაა გამოწვეული.
2016 წელს (უმუშევრობის დონე 14.0%) დასაქმებულთა რაოდენობა 1 717.3 ათასი იყო, ხოლო 2017 წელს (უმუშევრობის დონე 13.9%) 10.6 ათასით ნაკლები,1 706.6 ათასი პირია დასაქმებული.
გრაფიკი 2:შრომისუნარიანი მოსახლეობა, დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონე (ათასი კაცი, %)
წყარო: საქსტატი
გრაფიკი 2-დან ჩანს, რომ 2008 წლიდან 2015 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა იზრდებოდა, მაგრამ 2016-2017 წლებში შემცირდა. 2016-2017 წლებში უმუშევრობის დონეც 14.1% -დან 13.9% -მდე შემცირდა, მაგრამ ეს მეტი პირის დასაქმებით არ არის გამოწვეული. უმუშევრობის დონის შემცირება შრომისუნარიან მოსახლეობაში ეკონომიკურად აქტიური პირების წილის შემცირებითაა განპირობებული. თავად ეკონომიკურად აქტიური პირების რაოდენობის შემცირება კი უმუშევართა ნაწილის სამუშაო ძალიდან გასვლითაა განპირობებული.
მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროცენტულ მაჩვენებლებში უმუშევრობის დონე ნაკლებად ასახავს რეალურ მდგომარეობას და არ მიუთითებს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე, მინისტრის განცხადება, რომ „უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა“ ამ მაჩვენებლითაც მცდარია, ვინაიდან ბოლო 20 წლის მანძილზე უმუშევრობის ყველაზე დაბალი ნიშნული 2000 წელს, 10.3% იყო.
[1] დაქირავებული ან თვითდასაქმებული პირი (15 წლის და უფროსი ასაკის), რომელიც გამოკითხვის მომენტის წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, უსასყიდლოდ ეხმარებოდა შინამეურნეობის წევრებს. მათ შორის, ის პირებიც რომლებიც სამუშაოზე არ იმყოფებიან, მაგრამ ფორმალურად ირიცხებიან მომუშავედ
[2] სამუშაო ძალაში უმუშევართა წილი, პროცენტული მაჩვენებელი
[3] 15 წლის და უფროსი ასაკის პირები, რომლებიც მუშაობენ, ან მზად არიან სამუშაოდ და ეძებენ სამუშაოს