სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „მაია თვალთვაძე“, რომლის გავრცელებული ყალბი ამბები „ფაქტ-მეტრს“ არაერთხელ გადაუმოწმებია (ბმული 1, 2, 3), პოსტს ავრცელებს (დაარქივებული ბმული), რომელშიც ანგარიში წერს, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID-19-ის გვერდით ეფექტს წარმოადგენს. „პრეტენზიები მაიმუნის ჩუტყვავილასთან დაკავშირებით არის მორიგი თაღლითობა და დაავადება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, რეალურად არის იმუნური სისტემის დაშლის შედეგი - გამოწვეული Covid-ის ვაქცინაციებით“, -წერია ვიდეოს აღწერაში. რეალურად, მედიცინის ექსპერტების მიხედვით, COVID-19-ის ვაქცინებსა და „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) ვირუსს შორის კავშირი არ არსებობს. თანაც, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID 19-ის ვაქცინებამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა.

მტკიცება, რომ „მაიმუნის ყვავილი“ დამოუკიდებელი სახით არც არსებობს, არამედ COVID 19-ის ვაქცინირებით გამოწვეულ გვერდით მოვლენას წარმოადგენს, მსოფლიო მასშტაბით ფართოდ გავრცელდა, რასაც არა ერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის AFP, Full Fact და Reuters, გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. „მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. „მაიმუნის ყვავილი“ ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც კლინიკურად „ადამიანის ყვავილის“ მსგავსია, თუმცა ნაკლებად მძიმეა.

ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებით ვრცელდება. ასევე, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ინფექცია თბურად ბოლომდე დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას გადაცემულა. ორსული ქალიდან ვირუსი ნაყოფზე შესაძლოა პლაცენტის მეშვეობითაც გადავიდეს.

მაიმუნის ყვავილის მქონე ადამიანი გადამდები სიმპტომების დაწყებიდან მანამდეა, სანამ გამონაყარი სრულად შეხორცდება და კანის ახალი ფენა წარმოიქმნება. დაავადება ჩვეულებრივ 2-4 კვირა გრძელდება. შეშფოთება გამოიწვია ვირუსის ახალმა შტამმა, რადგან, როგორც ჩანს, ის სწრაფად ვრცელდება და მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი გადადის სქესობრივი კონტაქტით, ისევე, როგორც სხვა ახლო კონტაქტით, მაგალითად, ვირუსი კონგოს დევნილთა ბანაკებში მყოფ ბავშვთა შორის გავრცელდა. ახალი შტამი აღმოსავლეთ კონგოდან რუანდაში, უგანდაში, ბურუნდსა და კენიაში გადავიდა.

„მაიმუნის ყვავილი“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 2022 წელს მოექცა, როდესაც ვირუსი ენდემურ ზონას, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკას გასცდა და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო გავრცელება. „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. მაშინაც, 2022 წლის ივლისში, ჯანმომ MPox-ის არაენდემურ ქვეყნებში გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 2023 წლის მაისში დასრულდა, მას შემდეგ, რაც გლობალური შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ჯანმომ ე.წ. „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა რამდენიმე დღის წინ, 13 სექტემბერს დაამტკიცა. „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა MVA-BN დანიურმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Bavarian Nordic-მა შექმნა.

ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანოს (MHRA) თანახმად, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მაიმუნის ყვავილის ვირუსი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გვერდითი ეფექტითაა გამოწვეული. COVID-19 ვაქცინას არ შეუძლია მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამოწვევა, რადგან არცერთი ვაქცინა არ შეიცავს „მაიმუნის ყვავილის ვირუსს“.

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „Pfizer“-მა Reuters-თან განაცხადა, რომ COVID-19-ის ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და არის მთლიანად სინთეზური. გარდა ამისა, ის არ ავრცელებს ვირუსს, რომელიც გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

აღსანიშნავია, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსისთვის დამახასიათებელია გამონაყარი სხეულზე. სხვადასხვა ტიპის ვაქცინები კი (მათ შორის COVID-19-ის ვაქცინები) ჩვეულებრივ არ იწვევენ კანის დაზიანებებს. მედიცინის ექსპერტები AFP-სთან აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის შემდეგ აუტოიმუნური ბუშტუკოვანი დაავადების გაჩენა 1) ძალიან იშვიათი, 2) სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არ არის დაკავშირებული ვაქცინაციასთან (მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს), და 3) არ არის დაკავშირებული „მაიმუნის ყვავილთან“.

აქვე აღსანიშნავია, რომ „მაიმუნის ყვავილი“ უკვე დიდი ხანია, ჯერ კიდევ COVID-19-მდე არსებობს. ვირუსი პირველად დანიაში 1958 წელს აღმოაჩინეს. ადამიანებში Mpox-ის პირველი შემთხვევა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1970 წელს დაფიქსირდა.

ამდენად, COVID-19-ის ვაქცინას „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გამოწვევა არ შეუძლია, რადგან არცერთი ვაქცინა „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს არ შეიცავს. აღსანიშნავია ისიც, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი COVID-19-ის ვაქცინებამდე დიდი ხნით ადრეც არსებობდა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, სოციალურ ქსელში ვირუსთან დაკავშირებით არა ერთი დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა (იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3).

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.