სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში „Gvan Ca“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2, 3), წერს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ ჰომოსექსუალების ვირუსს წარმოადგენს (1, 2) (დაარქივებული ბმული). „ასე რომ ისევ არ მიაქციოს არავინ ყურადღება და არც არაფერი გამოუვათ და თან გახსოვდეთ რომ ამათი ვირუსია და ჩვენ არაფერ შუაში ვართ“,-ვკითხულობთ ერთ-ერთი პოსტის აღწერაში. რეალურად, ადამიანიდან ადამიანზე „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის გავრცელება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით ხდება, მათ შორის - სქესობრივი გზითაც. ვირუსისთვის მნიშვნელობა არ აქვს, სქესობრივი კონტაქტი როგორ და რომელი ორიენტაციის ადამიანებს შორის მოხდება. შესაბამისად, მცდარია მტკიცება, რომ „მაიმუნის ყვავილი“ მხოლოდ ჰომოსექსუალების ვირუსია.
14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკის კონტინენტზე „მაიმუნის ყვავილის“ მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად გამოაცხადა. ევროპაში ვირუსის პირველი შემთხვევა შვედეთში, 15 აგვისტოს დაფიქსირდა.
„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. „მაიმუნის ყვავილი“ ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც კლინიკურად „ადამიანის ყვავილის“ მსგავსია, თუმცა ნაკლებად მძიმეა. ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შედეგად ვრცელდება. ასევე, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ინფექცია თბურად ბოლომდე დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას გადაცემულა. ორსული ქალიდან ვირუსი ნაყოფზე შესაძლოა პლაცენტის მეშვეობითაც გადავიდეს. მაიმუნის ყვავილის მქონე ადამიანი გადამდები სიმპტომების დაწყებიდან მანამდეა, სანამ გამონაყარი სრულად შეხორცდება და კანის ახალი ფენა წარმოიქმნება. დაავადება ჩვეულებრივ 2-4 კვირა გრძელდება.
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა იყო პირველი ქვეყანა, სადაც „მაიმუნის ყვავილი“ ადამიანში პირველად დაფიქსირდა. დღესდღეობით, ვირუსის ორი ძირითადი შტამია გავრცელებული - დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. როგორც ცნობილი გახდა, ორ ძირითად შტამს უკვე ახალიც დაემატა.
შეშფოთებას სწორედ ახალი შტამი იწვევს, რადგან, როგორც ჩანს, ის სწრაფად ვრცელდება და მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი გადადის სქესობრივი კონტაქტით, ისევე როგორც სხვა ახლო კონტაქტით, მაგალითად, ვირუსი გავრცელდა კონგოს დევნილთა ბანაკებში მყოფ ბავშვებს შორის. ახალი შტამი აღმოსავლეთ კონგოდან რუანდაში, უგანდაში, ბურუნდსა და კენიაში გადავიდა.
აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად 2022 წელსაც გამოაცხადა. 2022 წლის მაისში არაენდემურ ქვეყნებში, ძირითადად ევროპის კონტინენტზე, „მაიმუნის ყვავილის“ მრავალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გლობალური ჯანდაცვის ყურადღების ცენტრში მოექცა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დროული და სწრაფი ქმედების შემთხვევაში, არაენდემურ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების შეკავება სავსებით შესაძლებელია. დღესდღეობით, ვირუსის გავრცელების არეალი და გამოვლენის სიხშირე გაზრდილია, რის გამომწვევ მნიშვნელოვან ფაქტორად ტყეების გაჩეხა და გარემოზე მიყენებული რიგი ზიანი შეიძლება ჩაითვალოს, შესაბამისად, მაიმუნის ყვავილი ფასდება როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხე.
ცნობისთვის, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა 2022 წელს დაფიქსირდა. ქვეყანაში დეზინფორმაციული მტკიცების გავრცელება, რომ „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი „ჰომოსექსუალების ვირუსს“ წარმოადგენს, ასევე 2022 წელს დაიწყო. მტკიცება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროპაში შემთხვევების უმეტესობა ჰომოსექსუალ მამაკაცებში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ „ვირუსი არ არის მიმაგრებული რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე“. „მაიმუნის ყვავილი“ შეიძლება ნებისმიერ ადამიანზე გავრცელდეს.
„ყველას შეუძლია დაავადდეს „მაიმუნის ყვავილით“ მიუხედავად მათი ასაკისა, სქესის, დაბადებისას მიკუთვნებული სქესის, სექსუალური ორიენტაციისა თუ რასისა“, - განუცხადა USA TODAY-ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მედიცინის ასისტენტმა პროფესორმა მეთიუ ჰემილმა. ჰემილმა ისიც აღნიშნა, რომ ზოგადად „მაიმუნის ყვავილი“ არ არის კლასიფიცირებული, როგორც სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია. მას შეუძლია გავრცელდეს სექსუალური კონტაქტით, თუმცა ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა.
ამდენად, მტკიცება, რომ „მაიმუნის ყვავილი“ კონკრეტული ჯგუფის ადამიანების დაავადებაა, სიმართლეს არ შეესაბამება.
--------------------------------------------------------------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.