სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი, ლაშა მენთეშაშვილი, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს” აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია (1, 2) ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც რიგში მყოფი ხალხი ჩანს. ვიდეო შემდეგი აღწერა ახლავს თან: „ცხვრები დგანან მაიმუნის ყვავილის PCR-ს რიგში“. სინამდვილეში, ვიდეოში ადამიანები არა „მაიმუნის ყვავილის“ ტესტირების რიგში, არამედ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან, მინესოტას შტატის გუბერნატორთან, ტიმ უოლცთან შეხვედრის რიგში დგანან (არქივირებული ბმული).

აღნიშნული ინფორმაცია Reuters-ის ფაქტების გადამმოწმებელმა სამსახურმაც გადაამოწმა.

ვიდეოში ჩანს რიგში მყოფი ხალხი თეატრ Astro-ს წინ, ქალაქ ოჰამაში, ნებრასკას შტატში. სწორედ აქ შეხვდა მხარდამჭერებს დემოკრატიული პარტიის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი, ტიმ უოლცი, კამპანიის ფარგლებში ვიზიტის დროს, 2024 წლის 17 აგვისტოს. აღნიშნული ვიდეო ამ შეხვედრაზე დასწრების მსურველთა რიგს ასახავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი პირველი, ვინც მსგავსი ვიდეო გაავრცელა, X-ის (წარსულში Twitter) მომხმარებელი იყო, რომელიც შეხვედრას თავადაც ესწრებოდა. ამავე მომხმარებელმა მოგვიანებით მეორე ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც თეატრ Astro-ს გვერდით მდებარე შენობის La Vista City Centre-ის ირგვლივ არსებული ხალხის რიგი ჩანს. მსგავსი ფოტო თავად Reuters-მაც გამოაქვეყნა. ფოტოს აღწერაში მითითებულია, რომ მასზე ტიმ უოლცთან შეხვედრისთვის მისული მხარდამჭერების რიგია აღბეჭდილი.

შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება ყალბია.

ცნობისთვის, 2024 წლის 6 აგვისტოს კამალა ჰარისმა ტიმ უოლცი დემოკრატიული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა.

2024 წლის 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, რასაც მრავალი დეზინფორმაციული მტკიცების გავრცელება მოჰყვა (ამ საკითხის შესახებ დეტალურად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: 1; 2; 3).

-------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.