Facebook-ანგარიში ავრცელებს მტკიცებას, რომ „მსოფლიო ჯანმო მოწოდებით გამოდის, მოემზადონ ქვეყნები მეგა ლოკდაუნისთვის და იზოლაციის მძიმე ფორმისთვის“ (დაარქივებული ბმული). რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია მცდარია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) მსგავსი განცხადება არ გაუვრცელებია. თანაც, აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ჯანდაცვის ორგანიზაციები „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის იმგვარ აფეთქებას, რომ პანდემია გამოიწვიოს, არ ელოდებიან.

მას შემდეგ რაც 14 აგვისტოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) აფრიკაში „მაიმუნის ყვავილის“ (Mpox) მორიგი აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა, სოციალურ ქსელში ვირუსთან დაკავშირებით არა ერთი დეზინფორმაციული მტკიცება გავრცელდა (იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები 1,2,3).

„მაიმუნის ყვავილი“ ზოონოზური ვირუსული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად, ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში გვხვდება. „მაიმუნის ყვავილი“ ყვავილის ვირუსთა ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც კლინიკურად „ადამიანის ყვავილის“ მსგავსია, თუმცა ნაკლებად მძიმეა. ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხების შედეგად ვრცელდება. ასევე, დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა ინფექცია თბურად ბოლომდე დაუმუშავებელი ხორც-პროდუქტების მიღებისას გადაცემულა. ორსული ქალიდან ვირუსი ნაყოფზე შესაძლოა პლაცენტის მეშვეობითაც გადავიდეს. მაიმუნის ყვავილის მქონე ადამიანი გადამდები სიმპტომების დაწყებიდან მანამდეა, სანამ გამონაყარი სრულად შეხორცდება და კანის ახალი ფენა წარმოიქმნება. დაავადება ჩვეულებრივ 2-4 კვირა გრძელდება. შეშფოთება გამოიწვია ვირუსის ახალმა შტამმა, რადგან, როგორც ჩანს, ის სწრაფად ვრცელდება და მის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი გადადის სქესობრივი კონტაქტით, ისევე როგორც სხვა ახლო კონტაქტით, მაგალითად, ვირუსი გავრცელდა კონგოს დევნილთა ბანაკებში მყოფ ბავშვებს შორის. ახალი შტამი აღმოსავლეთ კონგოდან რუანდაში, უგანდაში, ბურუნდსა და კენიაში გადავიდა.

„მაიმუნის ყვავილი“ საერთაშორისო ყურადღების ცენტრში პირველად 2022 წელს მოექცა, როდესაც ვირუსი ენდემურ ზონას, დასავლეთ და ცენტრალურ აფრიკას გასცდა და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო გავრცელება. „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა. მაშინაც, 2022 წლის ივლისში, ჯანმომ MPox-ის არაენდემურ ქვეყნებში გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა 2023 წლის მაისში დასრულდა, მას შემდეგ, რაც გლობალური შემთხვევების მდგრადი შემცირება დაფიქსირდა.

წელს, გლობალური ჯანდაცვის წარმომადგენლების შეშფოთების საგანს MPox-ის ახალი შტამის (MPXV clade Ib) გაჩენა და მისი სწრაფი გავრცელება წარმოადგენს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემოღებული საგანგებო მდგომარეობა ტიპი I-ს უკავშირდება, რომელმაც მუტაცია განიცადა. MPXV clade Ib არის clade I monkeypox ვირუსის ახალი შტამი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შტამი 2024 წელს აღმოაჩინეს, ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 2023 წლის სექტემბერში გაჩნდა. გარდა იმისა, რომ clade Ib „მაიმუნის ყვავილის“ უფრო საშიშ ტიპს მიეკუთვნება, ის უფრო სწრაფადაც ვრცელდება.

შესაძლებელია, რომ მოგზაურობის შედეგად ვირუსი გლობალურად გავრცელდეს, თუმცა ამ დროისთვის ჯანდაცვის ორგანიზაციები ვირუსის იმგვარ აფეთქებას, რომ პანდემია გამოიწვიოს, არ ელოდებიან. პანდემიის გამომწვევი ვირუსები, როგორც წესი უფრო ადვილად ვრცელდება, ვიდრე „მაიმუნის ყვავილი“. კორონავირუსისგან (COVID-19) განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი“ ჰაერწვეთოვანი გზით არ ვრცელდება, რაც გლობალურად ვირუსის სწრაფ გავრცელებას აფერხებს. ამასთან ვირუსისთვის დამახასიათებელია ხილული გამონაყარი, რაც აიოლებს, ვირუსით ინფიცირებისგან თავის დაცვას.

ამ ეტაპზე ვაქცინა არსებობს, თუმცა ის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ეპიდაფეთქებაა, დეფიციტურია. გლობალური ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მიზნად ვაქცინების საჭირო მარაგების აფრიკის მარალი რისკის ქვეყნებისთვის მიწოდებას ისახავს, ასევე გაძლიერდება სხვა თავდაცვითი ზომები, რაც „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდაფეთქების ჩახშობისთვის. ასევე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება გლობალური გავრცელების პრევენციისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

ექსპერტები ამბობენ, რომ „ლოქდაუნის“ პოტენციალი ამ ეტაპზე საერთოდ არ არსებობს. თანაც, ვირუსის გავრცელება 2022 წელს მარტივად შეაჩერეს, რადგან COVID-ისგან განსხვავებით, „მაიმუნის ყვავილი“ შესწავლილი ჰქონდათ და ვაქცინებიც არსებობდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ X-ზეც დაწერა, რომ მიუხედავად იმისა ვირუსის პირველი შტამი ვრცელდება, თუ მეორე, „მაიმუნის ყვავილი“ ახალ კოვიდს არ წარმოადგენს.

მართალია, ამ ეტაპზე მკაცრი რეგულაციების საჭიროება არ არსებობს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება და მისი მეთვალყურეობა მნიშვნელოვანია.

ამდენად, Facebook-ანგარიშის მტკიცება, რომ WHO ქვეყნებს „ლოქდაუნისთვის“ მომზადებისკენ მოუწოდებს, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.