სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ფოტო-ანაბეჭდს ავრცელებს, რომელიც თბილისში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების შესახებ იტყობინება. ინფორმაციის გამავრცელებლის მტკიცებით, „"ორი გვამის" ავტორები ტერორისტული აქტებით იმუქრებიან, თან რუსულ ენაზე“. რეალურად, სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ცრუა, ხოლო მუქარის შემცველი წერილები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაშიც ვრცელდება.

2024 წლის 21 აპრილს ტელეგრამარხმა „საშინელება თბილისი“, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის შესახებ რუსულ ენაზე მუქარის წერილი გამოაქვეყნა. „ჩვენ 20 კაცი ვართ, არ გვეშინია, პოლიცია ვერ დაგვიჭერს. ჩვენ დაგხვრეტთ, ყელს გამოგჭრით, საკუთარ სკოლებში გაგანადგურებთ“, - ნათქვამია წერილში. მუქარას თან ახლდა ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოები და იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც ინფორმაციის გამავრცელებელთა მტკიცებით, ტერორისტული თავდასხმები მოხდებოდა.

გავრცელებულ მუქარის წერილებს მომდევნო დღეს, 2024 წლის 22 აპრილს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. სუს-ის განცხადებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

„ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროც გამოეხმაურა. სამინისტროში ონლაინ-მაუწყებლობა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდებოდა და სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ შეწყვეტილა.

მუქარის შემცველი ანონიმური წერილები მხოლოდ თბილისში მდებარე სკოლებისა და სავაჭრო ცენტრების შესახებ არ გავრცელებულა. მას წინ უძღოდა 2024 წლის 26 მარტს გავრცელებული შეტყობინება ქობულეთის 5 სკოლაში მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. სკოლებში ევაკუაცია მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სოციალური ქსელით წერილი მიიღეს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი იდენტური იყო ხუთივე სკოლაში - მუქარის შინაარსის წერილის მიღება.

მსგავსი შინაარსის ინფორმაცია სამი თვის წინ, 2024 წლის 20 იანვარს ბათუმშიც გავრცელდა.

„პირველი პოსტი 20 იანვარს, ანუ გუშინ დაიწერა. ეს შეიძლება იყოს ტროლ არხი, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. არხს ჰქვია "კავკასიის ვილაიეთი", ეს იყო აისისის ერთ-ერთი განშტოება ჩრდილოეთ კავკასიაში. ძირითადად მოქმედებდნენ დაღესტანი-ჩეჩნეთის ტერიტორიაზე. ამიტომ ეს მართლა არ უნდა გატარდეს ასე მარტივად და აუცილებლად ყურადღება მიაქციონ შესაბამისმა სამსახურებმა“, - წერდა სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი.

2024 წლის 21 იანვარს, აჭარის ადგილობრივმა მედიამ განაცხადა, რომ სამართალდამცველები, კინოლოგების ჩართვით, ამოწმებდნენ ბათუმის ყველა დიდ სავაჭრო ცენტრს: „ბათუმი პლაზას“, „ბათუმი მოლს“, „გრანდ მოლს“, „მეტრო სითის“ და „აგროჰაბს“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, შეტყობინებები ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსების შესახებ განხორციელდა ქვეყნის ფარგლებს გარედან, სადაც მიზანმიმართულად მითითებულ იქნა საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე. განცხადების თანახმად, მიმდინარე ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში, შეტყობინებების ინიციატორის იდენტიფიცირების მიზნით, დახმარებისათვის ეცნობათ პარტნიორი ქვეყნების უწყებებსაც.

სუს-ის 2024 წლის 22 იანვრის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2023 წლის 30 დეკემბერს და მიმდინარე წლის 17 იანვარს ცრუ შეტყობინებები „გალერეა თბილისში“ ტერორისტული თავდასხმის შესახებ ასევე მიღებულ იქნა საზღვარგარეთიდან და უკავშირდებოდა საერთაშორისო ქსელურ თამაშებს, რომელშიც ჩართული არიან არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე მოსალოდნელი თავდასხმის წერილები ასევე გავრცელდა 2024 წლის იანვარში ყაზახეთში, თებერვალში - რუსეთში, მარტში - ბელარუსსა და უკრაინაში, ხოლო აპრილში - სომხეთში. თითოეულ შემთხვევაში, ინტერნეტსივრცეში შეტყობინებები ანონიმური არხების მეშვეობით ვრცელდებოდა, თუმცა შესაბამისი სამსახურების მიერ მომხდარზე გამოძიებით დგინდებოდა, რომ გავრცელებული წერილები მხოლოდ მუქარა იყო. არც ერთ შემთხვევაში თავდასხმა რეალურად არ განხორციელებულა. მიუხედავად მიმდინარე გამოძიებებისა, აღნიშნულ ოპერაციებში ჩართული პირები ჯერ აღმოჩენილი არ არიან.

ამრიგად, სოციალურ ქსელში სკოლებზე თავდასხმის შესახებ ანონიმური წერილები არამხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით ვრცელდება. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ქვეყანაში ცრუ შეტყობინებები საქართველოს ფარგლებს გარედან გავრცელდა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.