ტელეკომპანია POSTV Facebook-გვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებიდან ციტატა გამოაქვეყნა. პოსტის აღწერაში ტელეკომპანია უთითებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი თბილისის ქუჩებში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ძალადობას გმობს. რეალურად, ლაიენის განცხადებაში მართლაც ვკითხულობთ, რომ ის თბილისის ქუჩებში ძალადობას გმობს, თუმცა განცხადებაში კონკრეტული მხარე არ სახელდება. თავის მხრივ, განცხადების მეორე ნაწილში ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გაითვალისწინოს იმ მოქალაქეების გზავნილები, რომლებიც დემოკრატიისკენ ძლიერ ერთგულებას ავლენენ.

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტმა 1 მაისს განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში ვკითხულობთ: „ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში. საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს. ევროკავშირმა ასევე მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. „საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს“.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო გზაგასაყარზეა და ის უნდა დარჩეს ევროპისკენ მიმავალ გზაზე. მისი თქმით, ევროპულმა საბჭომ საქართველოს მისწრაფებები აღიარა და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს მთავრობისგან კი მოელიან დაუყოვნებლივ მოქმედებებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ.

განცხადების ნაწილი ევროკომისიის პრეზიდენტმა X პლატფორმაზეც გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ 1-ელ მაისს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ასევე მკაცრად დაგმო მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა: "მკაცრად ვგმობ ძალადობას საქართველოში მომიტინგეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავდნენ უცხო ქვეყნის გავლენების შესახებ კანონის წინააღმდეგ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მოვუწოდებ მის ხელისუფლებას, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრების უფლება. მის დასათრგუნად ძალის გამოყენება მიუღებელია".

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განხილვასა და მიღებას, საქართველოს პარლამენტის შენობის გარშემო მოქალაქეთა მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა. 1-2 მაისის ღამით აქციიდან 15 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5448 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი