სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 41.8 ათასით (1.1%-ით) შემცირდა და 3 694.6 ათასი შეადგინა.
მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). 2023 წელს მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ორივე ფაქტორმა, უმეტესწილად კი ემიგრაციის მაღალმა მაჩვენებელმა, განაპირობა.
2023 წელს უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა, გარდაცვლილთა რაოდენობამ ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას 2 542 ერთეულით გადააჭარბა.
გასულ წელს უარყოფითი მიგრაციული სალდო რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა, ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ -39,207 შეადგინა. მიგრაციული სალდოს კოეფიციენტი კი, 1000 მოსახლეზე გადაანგარიშებით, -10.6-ია. 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 95%-ით გაიზარდა და 245 064 შეადგინა, ამავე პერიოდში იმიგრანტების რაოდენობა 205 857-ია, რაც წინა წელთან შედარებით 14.5%-ით მეტია. 2002-2023 წლების მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში უარყოფითი მიგრაციული სალდოს ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ემიგრანტი შეიძლება იყოს როგორც საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქე. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს თუ განვიხილავთ, სურათი კიდევ უფრო მძიმეა. 2023 წელს 163,480 საქართველოს მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქე იმიგრანტების რაოდენობამ 91,896 შეადგინა. ანუ მხოლოდ 2023 წელს 71,584 ათასით მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა ქვეყანა, ვიდრე დაბრუნდა.
ცხრილი 1: იმიგრანტებისა და ემიგრანტების რიცხოვნობა 2023 წელს, მოქალაქეობის მიხედვით
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
საქსტატმა მოქალაქეობის მიხედვით ემიგრანტების და იმიგრანტების სტატისტიკის წარმოება 2012 წლიდან დაიწყო. 2012-2023 წლებში საქართველოს მოქალაქე ემიგრანტებს და იმიგრანტებს შორის სხვაობამ ჯამში -316,550 შეადგინა. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში, მიგრაციის ისედაც უარყოფითი მაჩვენებელი 2021-2023 წლებში კიდევ უფრო გაუარესდა. გასულ წელს კი უარყოფითი მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გრაფიკი 1: 2012-2023 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე ემიგრანტების და იმიგრანტების რაოდენობა, მიგრაციული სალდო
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური